ცნობილი გურულის დღიურებს ახლა "საკმიელა" შეავსებს
"ჯიშს "საკმიელა" ჰქვია. ოზურგეთში, ჩემს ეზოში დავრგე და ვნახოთ, რას იზამს. თეთრი, მაგრამ ერთ-ერთია იმ იშვიათ ქართულ ჯიშთაგან, რომლებიც ინგლისშიც ხარობს. იქ მაღალი ტენიანობა და ნისლია და ბრიტანელმა მეცნიერებმა აქედან წაიღეს..."
გურიის როგორი პატრიოტია ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე, ყველამ კარგად იცით, რომ არაფერი ვთქვათ მის ბესტსელერზე "გურული დღიურები", რომელიც გურიასა და იქაურ ყოფას მიუძღვნა. ბოლო დროს გიორგიმ, ბევრ სხვა საქმესთან ერთად, გადაწყვიტა, მეურნე გახდეს და გურიაში, თავის მამულში, ვაზის გაშენება დაიწყო.
- წლეულს ჯერ ნერგები ჩავყარე. ეს არის ანდრო ვაშალომიძის დამუშავებული ვაზის ძველი ქართული ჯიში. მიიჩნევენ, რომ ძირითადად სწორედ გურიაში იყო გავრცელებული, სანამ ადესა ან იზაბელა შემოვიდოდა. ტენიანობას უძლებს, არის არომატული, გემრიელი ნაყოფი აქვს. ბატონი ანდრო ვაზის ბევრ ჯიშს ამუშავებს, ხშირად ეს მივიწყებას მიცემული ჯიშებია, ან თუ არის ცნობილი, მხოლოდ ნაწილობრივ. როგორც გურიის პატრიოტმა, მეც ბატონ ანდროს მივმართე. ჯიშს "საკმიელა" ჰქვია. მოკლედ, ოზურგეთში, ჩემს ეზოში დავრგე და ვნახოთ, რას იზამს.
- "საკმიელა" თეთრი ჯიშია? - თეთრია, მაგრამ ის ერთ-ერთია იმ იშვიათ ქართულ ჯიშთაგან, რომლებიც ინგლისშიც ხარობს. იქ მაღალი ტენიანობა და ნისლია და ბრიტანელმა მეცნიე-რებმა აქედან წაიღეს... საერთოდ, კარგად ხარობს ოზურგეთის რაიონში და მიმდებარე ტერიტორიაზე. თვე-ნახევარი იქნება, რაც დავრგე. თავიდან პატარა კონტეინერებში იყო, მერე კი გრუნტში გადავიტანე.
- როგორც ვატყობ, უკვე გახარებულია ნერგები... - კი, თუმცა კომპლექსური მიხედვა უნდა, მკურნალობაც სჭირდება. ზოგჯერ სხვადასხვა ტიპის დაავადება ჩნდება, ამიტომ ყოველდღიური მოვლა უნდა, რაც ჩემთვის რთულია, რადგან სულ იქ არ ვარ და ამიტომ დედაჩემი გვეხმარება.
- რეგიონში ხართ გაზრდილი და სამეურნეო გამოცდილება გაქვთ?
- ბავშვობიდან ვიცი სიმინდის მოყვანა - მთელი პროცესი თავისი ეტაპებით. ეს ნამდვილი რიტუალია - ხალხის მისვლა ერთმანეთთან, მიხმარება, პირველი გამარგვლა, მეორე გამარგვლა, მოსავლის აღება, მისი გარჩევა, რომელიც ასევე რიტუალური იყო. ძირითადად, ღამით არჩევდნენ და ხალხისთვის, ეს ერთგვარად, შეკრების ადგილიც იყო.
ჩვენი კუთხისთვის ასევე ნიშანდობლივია თხილი, რომელიც გურიის ერთ-ერთი მთავარი გადამრჩენი იყო ყოველთვის. ამის შესახებ სცენარიც დავწერეთ და მე და ლევან კოღუაშვილი ფილმის გადაღებს ვაპირებთ. ფილმის სათაურიც "თხილია". სწორედ თხილია ამ სივრცის ეკონომიკური მამოძრავებელი, რომლის ირგვლივაც ურთიერთობები ვითარდება.
- თქვენს ოჯახს თხილიც აქვს? - კი, გვაქვს და ამ მიმართულებითაც მეტ მუშაობას ვაპირებ, განსაკუთრებით - სურებში.
- თუმცა ბოლო დროს თხილისთვის დიდ პრობლემად იქცა ფაროსანა. - ამბობენ, რომ წლეულს ნაკლებია და ეს კულტურა უფრო გადარჩენილია, თუმცა, თხილსაც ისეთივე მოვლა სჭირდება, როგორიც სხვა კულტურებს. მას ყურადღება უნდა, დარგვის დროსაც შესაბამისი წყობაა დასაცავი. ჩვენი ნაკვეთი 1 ჰექტარზე მეტია და მის პატრონობას მამაჩემის შემდეგ მე ვცდილობ ჩემს მეზობლებთან ერთად.
- ციტრუსიც ხომ გაქვთ? - დედულეთში მანდარინისა და ფორთოხლის ბაღი გვაქვს. ცოტა ჰიბრიდულიც არის, მაგალითად, ვაშინგტონი და სხვ. ლიმონი ნაკლებად არის. სამწუხაროდ, ჩაი არ შემოგვრჩა, არადა, როგორც ამბობენ, ცუდი ჩაი არ მოდის არც გურიაში, არც სამეგრელოსა და აჭარაში. დავკარგეთ ეს კულტურა, მაგრამ ამ მიმართულებით ძვრები მაინც შეიმჩნევა. ერთი დიდი კომპანიაა და რამდენიმე მცირე, მათ შორის - საოჯახო ტიპის საწარმოები, რომლებიც ჩაის აწარმოებენ.
- ბევრი ადამიანი გაურბის მიწაზე შრომას. ზოგი ფიქრობს, რომ ამას შედეგი მაინც არ მოჰყვება. ასეთ დროს ასეთი საქმიანი და დაკავებული ადამიანი ცდილობ, საკუთარი ფერმერული უნარები აამოქმედო და ამ სფეროშიც გააქტიურდე. რას ეტყვით სხვებს? - ბევრი მინახავს, რომ შრომობს, მაგრამ შედეგი მაინცდამაინც არა აქვს. ეს იმის ბრალია, რომ შრომა სწორად არა აქვს დაგეგმილი. სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ამ სფეროში, როგორც სხვა სფეროებში, საჭიროა განათლება. უამისოდ შრომა შედეგის მომტანი ვერ იქნება. მთავარია, რომ იმ ხალხმა, ვისაც ამაზე დროის ხარჯვა ზედმეტად მიაჩნია, წიგნი აიღოს ხელში, შეიძლება ინტერნეტიც გამოიყენოს და შედეგს მიაღწიოს, მოსავლითაც და ფინანსურადაც.