"ეს ის სიყვარულია, რომელსაც ფულით ვერ იყიდი"
"ცუდი ძაღლი არ არსებობს, არიან ცუდი პატრონები"
ცხოველები მშობლებმა შეაყვარეს, ისიც თავიდანვე გულმოდგინედ უვლიდა თავის დობერმანს. შეიძლება ითქვას, ძაღლზე ზრუნვის გარეშე თითქმის არ უცხოვრია, გამოცდილებას კი, მეუღლესთან ერთად, უკვე სხვებსაც უზიარებს. მთავარი ის არის, ძაღლს მათ სახლში ოჯახის წევრის სტატუსი აქვს. ჩვენი სტუმარია "პალიტრანიუსისა" და "რადიოპალიტრის" დირექტორი ინგა დადიანი:
- ჩვენს ოჯახში ძაღლი სრულუფლებიანი წევრია და ჩვენი ცხოვრების წესს განსაზღვრავს. ჩემი შვილი გათხოვილია და ქმართან ცხოვრობს, შინ მე, ჩემი მეუღლე და მეტისი ლილუ ვართ. ლილუ ჩვენთვის ძაღლზე და საერთოდ, ცხოველზე მეტია.
ბავშვობაში მშობლებმა ძაღლი მომიყვანეს და ამიხსნეს, რომ მე უნდა მეზრუნა მასზე. ასე გაჩნდა ჩემში ცხოველის სიყვარული. ყველა ჯიშის ძაღლი მიყვარს, მაგრამ დობერმანი ჩემი რჩეულია. პირველიც, მიკა, დობერმანი იყო. სხვებიც მყოლია, მაგრამ უპირატესობას ყოველთვის დობერმანს ვანიჭებდი. პირველი ერთობლივი ძაღლი, რომელიც მე და ჩემს მეუღლეს გვყავდა, დობერმანი დერბი, "გოგო" იყო. პარალელურად მალე ოჯახში გერმანული ნაგაზი გოშა გაჩნდა - მეზობელს ლეკვი ჰყავდა, ერთ დღეს ეზოდან გამოვარდა და მანქანამ დაარტყა. პატრონმა მასზე უარი თქვა, ჩემმა ქმარმა კი წამოიყვანა და ოპერაცია გავუკეთეთ... ასე გვყავდა ორი ძაღლი ერთად. როდესაც დერბი 6 წლის ასაკში დავკარგეთ, მალე დობერმანი ჯესი გვაჩუქეს. გოშამ 12 წელიწადს იცხოვრა ჩვენთან, ჯესიმ კი 13 წელი...
ჯესის შემდეგ სახლი დაცარიელდა და საოცარი განცდა იყო, მაგრამ ზუსტად 2 დღეში "ინტერპრესნიუსის" ჟურნალისტმა ნათია ინაურმა ერთი თვის მეტისი ლილუ მაჩუქა. ასეთი ძაღლი პირველად მყავს. ნაგაზისა და, ალბათ, ჰასკის ნაჯვარია. 2 ოქტომბერს 1 წლის ხდება. მოკლედ, წარმოუდგენელია, ჩვენთან ძაღლი არ დარბოდეს. ძალიან მძიმედ მახსენდება ის დღეები, როცა ძაღლი არ გვყავდა და მისი ხმა არ გვესმოდა. რთულია განშორება და სხვათა შორის, მას მერე ვფიქრობდით, რომ აღარ მოგვეყვანა, თუმცა... ძაღლის მოყვანით შეგიძლია ოთხფეხა მეგობარიც გააბედნიერო - მასაც ხომ უხარია, როცა ადამიანთან აქვს ურთიერთობა. ეს სიყვარულია, რომელსაც ფულით ვერ იყიდი.
ადამიანისგან განსხვავებით, ძაღლს ყოველთვის ეყვარები, თან თვითონ არაფერს გთხოვს, მთავარია, შენგან იგრძნოს სითბო, შენ კი ამ ყველაფრისგან დადებითად იმუხტები, ანტიდეპრესანტია.
- ლილუ როგორი "გოგოა"?
- ხულიგანი... თან უცებ გაიზარდა.
მნიშვნელოვანია, იცოდე მისი ხასიათი, რას ინახავს ჯიში გენეტიკურ კოდში, რაც მის ქცევას განსაზღვრავს. ჩვენს დობერმანს საოცარი გენეალოგია ჰქონდა, მისთვის სპეციალურად მწვრთნელი ავიყვანეთ. ეს ჯიში გულდასმით გაწვრთნასა და ყურადღებას საჭიროებს. თუმცა ვერც ერთ ძაღლზე ვერ ვიტყვი, რომ არ გვიჯერებდა ან რამე არაპროგნოზირებადი გაუკეთებია. არ არსებობს ცუდი ძაღლი, არც ტყუილად არავის უკბენს, თუ რამე არ აწუხებს ან დაავადება არა აქვს, ან პატრონმა ცუდად არ აღზარდა.
თუ ძაღლი არ გიყვარს, არ უნდა აიყვანო, მისი მოვლა უდიდესი პასუხისმგებლობაა და ეს უნდა გააცნობიერო. შენ გარეშე ძაღლი უსუსური და საბრალოა...
- როგორ უვლით ლილუს? - მას მომსახურებისა და მოვლის სრული პაკეტი აქვს - გასეირნება, ჭამა, ექიმი სახლში აკითხავს, აცრები უკეთდება, ძალიან მოწესრიგებული ვართ.
შესაძლოა ჩვენ არ გაგვახსენდეს სავალდებულო კვლევები, ექიმთან ვიზიტი და ლილუსთვის ეს შეუძლებელია გამოგვრჩეს. მას საკვები არასოდეს აქვს მოსაპოვებელი. იცის, რომ მის ჯამში სულ არის რაღაც.
- მოკლედ, გაუმართლა...
- ლილუს საოცარი თვალები აქვს, სულ ველაპარაკებით, რადგანაც ძაღლს ურთიერთობა, კონტაქტი მუდმივად სჭირდება. თუ ქუჩიდან აიყვან, არასასურველ თვისებებსაც უნდა გადააჩვიო, მოკლედ, გაწვრთნა.
- ძაღლის ასეთი გამოცდილი პატრონის რჩევები ურიგო არ იქნებოდა...
- ისევ გავიმეორებ, რომ ძალიან სერიოზული მიდგომაა საჭირო. ჯერ უნდა გათვალო, სახლი რამხელა გაქვს, მერე რა ზომისაა თავად ძაღლი, გაქვს თუ არა მისი მოვლის პირობები, რადგან დიდ ძაღლს სივრცე სჭირდება. თუ ლეკვია, უნდა დაფიქრდე, მზად ხარ თუ არა, რომ მისი ლეკვობის რთულ პერიოდში გვერდიდან არ მოსცილდე, რომ არაფერი გამოგეპაროს. თამაში უყვარს და უნდა აჰყვე. მერე ფეხსაცმლისა და ნივთების დამალვის პერიოდი დგება. ხანდახან ვერც მოიფიქრებ, რა ნივთი უნდა მოარიდო, რადგან რას ამოარჩევს, რომ კბილები ჩაავლოს, არ იცი. ძაღლს თავდაცვის ინსტინქტი თანდათან უმუშავდება. თვითდაზიანებას არ მიიყენებს - რაც არ შეიძლება, არ შეჭამს, მაგრამ სანამ ლეკვია, სულ ყურადღება სჭირდება. თავდაპირველად ეს რთული პროცესია, დიდი ნებისყოფა და ნერვები გჭირდება, რომ არ გაუჯავრდე.
თუ ძაღლის მოყვანა ბავშვს უნდა, ამისთვის მშობლებიც მზად უნდა იყვნენ. ძაღლიც შეიძლება რაიმე დაავადებამ ისევე შეაწუხოს, როგორც ადამიანი. ღალატს, უყურადღებობას ვერ ეგუებიან, გაბუტვაც ახასიათებთ. ჩვენ ვეტერინარები არა ვართ, მაგრამ არანაირი დაავადება არ გამოგვეპარება და ჩვენი გამოცდილებით სხვა ძაღლების პატრონებსაც ვეხმარებით. ჩემი მეუღლე ამ საქმეში უფრო აქტიურია და ხშირად ურეკავენ რჩევებისთვის. ჩვენთან უცხო ძაღლებიც მოუყვანიათ და მიგვიხედავს, მერე კი სხვისთვის გვიჩუქებია.
- მოკლედ, მოვლა რთულია, მაგრამ რასაც აკეთებთ, ალბათ, გსიამოვნებთ... - რა თქმა უნდა, ჩემს ქმარს განსაკუთრებით ეცოდება მიტოვებული ძაღლები. მართალია, მე ჯიშიანი ძაღლები მიყვარს, მაგრამ რაც ლილუ გვყავს, რომელიც ნახევრად ჯიშიანია, სხვა თვალით ვუყურებ ქუჩის ძაღლებსაც.
ცუდი ძაღლი არ არსებობს, არიან ცუდი პატრონები, რომლებსაც ან ნებისყოფა არ ჰყოფნით, ან შესაძლოა ძაღლი უყვარდეთ, მაგრამ არასწორი დამოკიდებულებით ისეთი თვისებები ჩამოუყალიბონ, რომლებიც გენეტიკაში არ ჰქონდეს.
ოთხფეხა მეგობრებზე უნდა ვიზრუნოთ, მზად ვიყოთ იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელიც ავიღეთ. თუ ასე არ არის, ჯობია, ძაღლი არ ავიყვანოთ.
მაიორი და დისნეი
"დეილი მეილის" ინფორმაციით, გერმანული დოგი მაიორი, გინესის მიხედვით მსოფლიოში ყველაზე მაღალი ძაღლი, უელსში თავისი პატრონის ბრაიან უილიამსის ეზოში ბრიტანეთის ყველაზე პატარა ძაღლს, ჩიჰუაჰუა დისნეის შეხვდა. 72 კგ-იანი მაიორის პატრონის განცხადებით, მისი ძაღლი ძალიან კარგი ხასიათით გამოირჩევა და არავის აწყენინებს. 0,8 კგ-იანი დისნეის პატრონი კი ვერ იჯერებს, რომ ძაღლები ასე კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს. დოგი დღეში 2 კგ ხორცს, 6 ცალ კვერცხს და 1,4 ლ რძეს მიირთმევს.
ლალი ფაცია