თვითნასწავლი მებაღის მარადმწვანე ედემი
გურჯაანი, ჭავჭავაძის 35 - ამ მისამართზე იზა გაბიტაშვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობს. მან 10 წელიწადია, კარ-მიდამო ბაღნარად აქცია, თვალი უკეთესს ვერაფერს ნახავს. გასაოცარი ეზო აქვს. უყურებ და გიკვირს, მარტო ქალმა ამდენი როგორ შეძლო!
იზა გაბიტაშვილი მთელ დროს ეზოში ატარებს, თავს დასტრიალებს მცენარეებს, რომლებიც მისი დაუღალავი შრომის წყალობით ხარობენ და პატრონსაც ახარებენ. ჩვენს რესპონდენტს შრომა დაუფასეს და 2019 წელს კონკურსში "სუფთა რეგიონი" ნომინაციაში "ლამაზი ეზო" გაიმარჯვა და სიგელითაც დააჯილდოეს.
როცა ბაღის გაშენებას იწყებდა, ყველაფერი ძალიან რთულად ეჩვენებოდა. ეშინოდა, რომ ვერ შეძლებდა, თუმცა ყვავილების სიყვარულმა თავისი გაიტანა.
- პროფესიით ბუღალტერი ვარ, მაგრამ არ ვმუშაობ. 10 წელია ეზოს გალამაზებას ვცდილობ, დიდი შრომა გავწიე. გარდა ამისა, ბაღის გაშენებას სახსრებიც სჭირდება, რაშიც ჩემი შვილი მეხმარება, უცხოეთშია და იქიდან მაფინანსებს. ყვავილებს ვყიდულობ და ვამრავლებ. ვაგროვებ ქვებს, რომლებიც საშენ მასალად გამოვიყენე და ყვავილების ჩასარგავად კალათებიც შევქმენი. ლამაზ ბაღზე ბავშვობიდან ვოცნებობდი და ეს ოცნება ავიხდინე. აქ ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია.
ბაღის გაშენება მარტივი არ არის. ზოგს შეიძლება ასეც ჰგონია, თუმცა სისტემატურად სჭირდება ხელის შევლება. ვასუფთავებ, მიწას ვუფხვიერებ, გამხმარ ფოთლებს ვაცლი, ვსხლავ, ვკრეჭ, ვრწყავ - ეს არ მღლის, პირიქით, მსიამოვნებს.
- ისეთ ბაღზე ოცნებობდით, როგორიც ახლა გაქვთ? - დიახ. ამისთვის ბევრი რამის სწავლა დამჭირდა, გამოცდილება შრომაში მოვიდა. ახლა რომელ ყვავილს რა პირობები უნდა შევუქმნა, რომელს ჩრდილი უხდება, რომელს მზე, არ მეშლება.
- თქვენს ბაღს არ ეტყობა, რომ თვითნასწავლი მებაღის გაშენებულია. აქ თითქოს ლანდშაფტის დიზაინერმა იმუშავა. - თურმე მაქვს ამის უნარი, ალბათ, ნიჭიც. კლასიკური ბაღის გაშენების სურვილიც იმდენად დიდი მქონდა, რომ მართლაც გამომივიდა. მნახველები ამბობენ, ეს ხელოვნებააო. დამთვალიერებელთა შორის უმეტესად ისინი არიან, ვისაც მცენარეები უყვართ, მათი მოვლა სიამოვნებთ. რჩევებსაც მეკითხებიან, მეც ჩემს გამოცდილებას ვუზიარებ.
ერთი თვისება ბავშვობიდან მქონდა - სადაც მივიდოდი, ეზოებში ყვავილებს ვაკვირდებოდი, სად როგორ იყო დარგული და ეს ძალიან გამომადგა. თუ მცენარეს არ მოსწონს მზე, ვხვდები, რომ ადგილის შენაცვლება უნდა და ჩრდილში გადამაქვს. ვისგანაც მცენარეს ვყიდულობ, აუცილებლად გამოვკითხავ მოვლის წესებს.
- ეზოში ყვავილებისა და მშვენიერი ქვის კალათების გარდა, არაერთი ლამაზი კომპოზიცია გაქვთ. - ესეც თვითნასწავლობის შედეგია, ყველაფერი საკუთარი ხელით მაქვს გაკეთებული. ვაგროვებდი ლამაზ-ლამაზ ქვებს და ჯერ კალათები ავაწყვე, მერე წყაროც ავაშენე ეზოში...
თუკი რამის შეძენა ბაღისთვის მინდა, სხვა რამეზე ფულს ვზოგავ და ვყიდულობ.
ჩემს ბაღში ბევრი მარადმწვანე მცენარე ხარობს. ნაძვებს წელიწადში ორჯერ მაინც ვკრეჭ, ლამაზ ფორმას ვაძლევ. აქ ნაძვის 40-მდე სახეობაა. არის უკვე დიდი ნაძვებიც, პატარებიც, მათ ვაჩითილებ და ვამრავლებ. საერთოდ, მარადმწვანე მცენარეებს ვარჩევ. ყვავილიც ბევრი მაქვს, მაგრამ ისინი გამორჩეულად მიყვარს. ის რად ღირს, რომ ზამთარშიც მწვანედ ხასხასებენ. ყველა მეუბნება, შენს ბაღს ზამთარი არ ეტყობაო.
200 ძირი სხვადასხვა ფერი ვარდი მაქვს. განსაკუთრებით ჭრელი ვარდები მიყვარს. შემოდგომაზე დაკალმებული 40-50 ძირი ვარდი გავახარე.
- ნიადაგს რით ანოყიერებთ? - მარადმწვანეებს სასუქს არ ვაწვდი, არ ვიცი, შეიძლება ნიადაგი მოსწონთ და იმიტომ, სხვა მცენარეებისთვის კი ერთადერთი სასუქი დამწვარი ნაკელია. ვარდებს კი ვწამლავ, წლეულს უკვე მეხუთედ შევწამლე. ადრე გაზაფხულზე მიწაში ნაკელი შევიტანე. ვარდებს ძალიან უყვარს დამწვარი ნაკელი და ნაცარი. მაქვს უამრავი ქოთნის ყვავილიც. გაზაფხულია, ჰაერი მათაც უყვართ და ისინიც გარეთ არიან.
- თქვენი ეზო დასავლეთში, გურიასა და სამეგრელოში რომ მინახავს, ისეთია, იმ კუთხეებში ეზოს მოვლის კულტურა ტრადიციულად მაღალ დონეზეა. აღმოსავლეთში ნაკლებად გვხვდება ასეთი მოვლილი ეზოები. კახეთში სიცხე იცის, მზე ყველაფერს წვავს ხოლმე. როგორ იცავთ მზისგან მცენარეებს? - დილით ადრე ვიღვიძებ, მზეს ვასწრებ ამოსვლას და მორწყვას ვიწყებ. მარადმწვანეები უკვე დიდი ნერგებია და მორწყვა დიდად არ სჭირდებათ. პატარებს, მოყვავილეებს კი ხელს ვუწყობ, რომ მზეში არ მოიწყინონ. სიცხეს რომ დაიჭერს ივლის-აგვისტოში, ვცდილობ მცენარეები არ გამიფუჭდეს, ამიტომ ვეფერები და ველოლიავები. ეზოს მოვლაზე მკითხეთ და, გურჯაანში ბევრს აქვს კარგი ეზო.
თქვენს მკითხველს, ვისაც ბაღის გაშენება სურს, ვურჩევ - მოჰკიდონ ამ საქმეს ხელი და უდიდეს სიამოვნებას მიიღებენ, მთავარი მონდომებაა. ყველას შრომა გამოიღებს ნაყოფს. ჩემთვის კარგა ხანია, ყოველი დილა ბაღით იწყება. მებაღეობა არ არის რთული, მთავარი სიყვარულია. გაალამაზონ თავიანთი საცხოვრებელი, კარ-მიდამო. ამაზე კარგი რა არის?!