"ჩემს ქვევრს თავისი თანატოლი საქართველოში კი არა, მსოფლიოში არ ჰყავს და არც მის ტევადობას აქვს ანალოგი"
"მექვევრეები ბევრნი აღარ არიან. მძიმე სამუშაოა და ნაკლებად ინტერესდებიან. სკოლა-ლიცეუმის გახსნა მინდოდა, მაგრამ ჯერ ვერ ხერხდება. სკოლა იმისთვის მინდა, რომ აქაურმაც და ჩამოსულმა ტურისტმაც თვალი შეავლოს და თუ დაინტერესდებიან, ისწავლონ ქვევრის დამზადების წესი..."
ქვევრს, როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან დღემდე გავრცელებულ ღვინის დასაყენებელ და შესანახ თიხის უნიკალურ ჭურჭელს, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ქვევრის თიხა მეტ-ნაკლებად ყველა კუთხეში მოიპოვება, თუმცა ამ მხრივ გამორჩეული მაინც კახეთია. აქ ქვევრის დამზადებას ქვევრის მოჭრას ეძახიან, მისი ოსტატი კი მექვევრეა. ინჟინერ-მკვლევარი ზურაბ ყარაულაშვილი თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში ცხოვრობს. ამბობს, რომ ეს მექვევრეების ყველაზე ცნობილი სოფელია. ამასთან, ბატონი ზურაბი საქართველოში ყველაზე დიდი ტევადობის ქვევრის (8 ტონა ყურძენი იწურებოდა) პატრონია, რომელიც გასულ საუკუნეში, 1967 წელს არის დამზადებული არჩილ ყარაულაშვილის მიერ.
ზურაბ ყარაულაშვილი 1967 წელს დამზადებულ, ყველაზე დიდი ტევადობის ქვევრსა და ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე გვესაუბრება:
- ქვევრის თიხა სხვა თიხისგან გამოირჩევა, თან უფრო ძვირიც არის. ქვევრი ნახევრად ბნელ ადგილას მზადდება თითქმის ორი თვის განმავლობაში. გამოწვას 1000 გრადუსი სჭირდება, ზედმეტი ტემპერატურის დროს კი მისი კედლები დნობას იწყებს. თუ ეს მოხდა, ნამზადი უნდა განადგურდეს. ვარდისუბანში თითქმის ყველანაირი თიხა მოიპოვება, მაგრამ ქვევრის თიხა განსხვავებული სისუფთავისა და სიმტკიცისაა, ანტისეპტიკური თვისებებიც აქვს და ძალიან რთულად დასამუშავებელია.
ქვევრის დამზადება საქართველოს ყველა კუთხეში შეიძლება, მაგრამ ვითარება მეტ-ნაკლებად რთულდება მაშინ, როცა ქვევრის წარმოებას თიხასთან ერთად კლიმატი ან წყალი არ შეესაბამება. არ შეიძლება მინერალური წყლის გამოყენება. ქვევრის თიხა მთის მტკნარ წყალში იზილება, თუმცა გუბის და მღვრიე წყალიც დასაშვებია, რადგან გამოწვისას გუბის გემოც გაქრება და ბალახისაც, მინერალი კი დაკრისტალდება და ღვინოს გააფუჭებს.
- როგორც შევიტყვეთ, საქართველოში ყველაზე ტევადი ქვევრი გაქვთ, რომელიც 1967 წელს არის დამზადებული... - ეს ქვევრი ერთ-ერთი ქარხნის შეკვეთა იყო. შეკეთება სჭირდებოდა და შიგნიდან კალმატრონით (გამჟღენთი ჰიდროიზოლატორი, შეიცავს პორტლანდცემენტს, სილას, აქტიურ რეაგენტებს. - ლ.ფ.) გავამაგრე, გარედან ჩვეულებრივი ქვევრის ფერი დავუტოვე, მაგრამ ვინც მისი რესტავრაცია შემიკვეთა, ის კაცი გარდაიცვალა და ქვევრი ჩემთან დარჩა... ამ ქვევრს თავისი თანატოლი საქართველოში კი არა, მსოფლიოში არ ჰყავს და არც მის ტევადობას აქვს ანალოგი.
თელავის აეროპორტის ქვემოთ საქვევრე საამქროები იყო. იქ გასულ საუკუნეში, 1967 წელს, შეკვეთა იყალთოს ღვინის ქარხნიდან მიიღეს, რომ მაქსიმალურად დიდი ქვევრი დაემზადებინათ და ის არჩილ ყარაულაშვილს დაუმზადებია. იყალთოს ღვინის ქარხანაში იყო უძველესი ქვევრებიც, მაგრამ მათი ასაკი, სამწუხაროდ, ვერ დავადგინე.
- რას გულისხმობთ? - იყალთოს აკადემიის მიმდებარედ, სადაც ის უძველესი ქვევრები იყო, საბჭოთა პერიოდში ზედ იყალთოს ღვინის ქარხანა აშენდა... ის ქვევრებიც და ესეც, რომლის დამზადებაც არჩილ ყარაულაშვილს შეუკვეთეს, 90-იან წლებამდე ექსპლუატაციაში იყო. ვწუხვარ, რომ ძველი ქვევრები ჩემს ხელში ვერ მოხვდა. მათგან მხოლოდ ძირებიღაა დარჩენილი, რადგანაც ამოღებისას ყელები მოამტვრიეს - სიდიდის გამო ვერ ამოიღეს. იმ ქარხნის ყოფილმა მთავარმა ბუღალტერმა, 90 წლის ქალბატონმა მიამბო, თითოში 15 ტონამდე ყურძენს ვწურავდით, შვიდი ძარა ჩადიოდაო.
მოკლედ, ამ ქვევრზე დიდი საქართველოში არ არის. ალბათ, გინესის წიგნშია შესატანი. მის დამზადებაში უკვე ტექნიკაა ჩარეული, მაგრამ იმ 15-20-ტონიანებს როგორ აკეთებდნენ, ჩემთვის ამოუხსნელია. ფაქტია, რომ ძალიან საინტერესო ისტორიული ამბავია დაკარგული.
- ეს დიდი ქვევრი როგორ აღადგინეთ? - შიგნით გავამაგრეთ - ამოღებისას პატარა ამოტეხილი და ბზარები ჰქონდა და მისი გადაადგილებაც ჭირდა. როგორც გითხარით, შიგნიდან კალმატრონით არის დამუშავებული და შეიძლება ღვინის ჩასხმა, მაგრამ ამ ქვევრში ღვინო რომ ჩაასხა და მიწაში ჩადო, მის ღირსებას ვერავინ დაინახავს, ამიტომ კარგია, ექსპონატად დაიდოს ღვინის ქარხნის წინ, ან მუზეუმში.
- თქვენთვის ეს ხელობა რა არის? - გზების ინჟინერი ვარ. მექვევრეობა მამაპაპეული, ტრადიციული ხელობაა. წინა საუკუნის 60-იან წლებში ქვევრზე ისეთი მოთხოვნა იყო, სოფელ ვარდისუბნის მოსახლეობის 90%, ქალიც და კაციც, ამ საქმეს მისდევდა, თუმცა მაშინდელი კანონით ეს საქმიანობა კერძო მრეწველობად ითვლებოდა. ჩვენს სოფელში იყვნენ ინჟინრები, ექიმები, პედაგოგები, მძღოლები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც სამსახურიდან ბრუნდებოდნენ თუ არა, მაშინვე სარდაფებში, მალულად იწყებდნენ ქვევრებზე მუშაობას.
ადრე 20 კაცი თასმებით, თოკებით დამაგრებულ ქვევრს ხელით ეწეოდა და ერთ კილომეტრზეც კი მიჰქონდათ, რომ ქურაში შეედგათ და გამოწვის შემდეგ უკან წამოეღოთ. 90-იან წლებში მე ქვევრის გადასატანი ურიკა გავაკეთე.
ქვევრის ღვინოსა და მის ისტორიას დღეს დიდი ყურადღება ექცევა, მე კი ახლანდელი მექვევრეების კონსულტანტი და ინსტრუქტორი ვარ. ბევრნი აღარ არიან, რადგან მძიმე სამუშაოა და ნაკლებად ინტერესდებიან. სკოლა-ლიცეუმის გახსნა მინდოდა, მაგრამ ჯერ ვერ ხერხდება. სკოლა იმისთვის მინდა, რომ აქაურმაც და ჩამოსულმა ტურისტმაც თვალი შეავლოს და თუ დაინტერესდებიან, ისწავლონ ქვევრის დამზადების წესი.
მექვევრეებთან, მეღვინეებთან უნივერსიტეტებშიც მიწევს საუბარი და ზოგჯერ კამათიც კი, მაგრამ არ მახსოვს, ვინმეს საქართველოში ამ საკითხთან დაკავშირებით მეცნიერული კითხვა დაესვას.
არადა, ძალიან წარმატებული დარგია მექვევრეობა და მინდა, ვინმე გამომეხმაუროს, დაინტერესდეს და სრულფასოვნად აღდგეს ეს დარგი. გააკეთონ ქვევრები როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში.
დასავლეთისა და აღმოსავლეთის მექვევრეებს ერთმანეთთან ყოველთვის კამათი აქვთ. კახეთში დასავლეთის ქვევრს ნაკლებად იყენებენ, ერიდებიან. ნამდვილი ქვევრი თავისი ტექნოლოგიური პროცესით ისე მზადდება, რომ ბუნებრივი ანტისეპტიკია. ტემპერატურას ისე ინარჩუნებს, მართლაც კახური ღვინის ჭურჭელია. მოკლედ, მინდა ჩვენი ქვევრით დაინტერესდნენ.
- გარდა ღვინისა, ქვევრში კიდევ რის შენახვა შეიძლება? ვიცი, რომ სპეციალური ქვევრები არსებობს ყველის შესანახად... - ქვევრი უმეტესად ღვინისთვის არის. მას რამდენიმე ქვეყანაში აწარმოებენ, მაგალითად, აფრიკის ექვს ქვეყანაში, ჩინეთში, ბულგარეთში, რუმინეთში, მაგრამ ჩინელების თიხა ცოტა სხვანაირია... მაგალითად, ფაიფურის ჭურჭელში რაც უნდა კარგი ღვინო ჩაასხა, ფუჭდება. მოკლედ, ცდილობენ, მაგრამ არ გამოსდით. ქვევრები ტონამდე და ტონა-ნახევრამდე აქვთ. ასევეა კუბაშიც. იტალიაში ქვევრებში მაღალი ხარისხის ზეთს ინახავენ. ღვინისთვის მას მხოლოდ საქართველოში იყენებენ.
რაც შეეხება ქვევრში ყველის შენახვას, ეს არა ქვევრი, არამედ უკვე ყველის ჭურჭელია. მას სპეციალური ქილების ფორმას აძლევენ. კახეთში ხუთნაირი თიხაა: აგურის, თონის, კრამიტის, ქვევრის და ჭურჭლის. სხვა თიხისგან ქვევრი არ გამოდის, ქვევრს აშმორებს და ხარისხს უკარგავს. მაქვს ორი საუკუნის ქვევრებიც, რომლის თიხაც სხვადასხვა ადგილას არის აღებული, მაგრამ ვერ ვპოულობ იმ საბადოებს, მხოლოდ მიახლოებით ვხვდები. ჯერჯერობით დადგენილია, რომ საუკეთესო მაინც ცივ-გომბორის ზონაა - შუამთის მონასტერთან კარიერია და ქვევრის თიხა იქ არის ყველაზე კარგი.
- ქვევრის შეძენისას რას უნდა მიექცეს ყურადღება? - მნიშვნელოვანია გამოწვის ხარისხი; სუფთად უნდა იყოს დამუშავებული; ორმოები და ჩაღრმავება არ უნდა ჰქონდეს, შიგნიდან სპეციალური საშუალებით კარგად უნდა იყოს გარეცხილი. ისე, მისი შიგნიდან გასუფთავება შრომატევადი საქმეა.
- ხმის მიხედვით გასინჯვა შეიძლება? - დაკაკუნებაზე ზარივით რეკავს, მაგრამ თუ სველია, არ დარეკავს, ასევე თუ `დაფეხვილია~, ექოს არ გამოსცემს.
ყველაზე რთული ქვევრის დაკერებაა. ქვევრი მუდმივ ვიბრაციაშია, მასზე ჰაერის მოძრაობაც კი მოქმედებს - თავის ხმას, გუგუნს გამოსცემს. ჰიდროიზოლატორის `შეხორცების~ ვადა 29 დღეა.
პირველ-მეორე დღეს თუ ქვევრი გუგუნებს, ბეწვივით ბზარი გაჩნდება და აქსიომაა, რომ იმ `ბეწვის~ დაკერება არ შეიძლება - ქვევრი უნდა დადნეს და სხვა ჩამოისხას. ისე, ბზარი რთული შესამჩნევია, თუ კარგი ოსტატი არ ხარ, ვერც დაინახავ. თუ, ვთქვათ, 30 მეტრში რამე გახმაურდა, ქვევრი ექოს მისცემს და გაიბზარება. რისკი დიდია, სიფრთხილე უნდა, რომ ვიბრაციისგან დავიცვათ, ამიტომ, როცა ქვევრს ვყიდულობთ, სპეციალისტთან კონსულტაცია აუცილებელია.