თხილმა წლეულს მოსავალს ბარაქა დააყარა
"ვინც თხილის პლანტაცია აჩეხა, დღეს უკვე ნანობს, სიმინდი არ იძლევა თხილისოდენა შემოსავალს"
საქართველოში თხილი მრავალი წლის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო კულტურად და გლეხის შემოსავლის წყაროდ ითვლებოდა, მაგრამ რამდენიმე წელია ხარისხიც დაუქვეითდა და, ბუნებრივია, გაიაფდა კიდეც. ამის გამო ზოგიერთმა მეურნემ მას ზურგი აქცია. გურიასა და სამეგრელოში ბევრმა პლანტაციები გაჩეხა, მაგრამ არა ყველამ - ისინი მოთმინებით ელოდებოდნენ, როდის ეშველებოდა რამე ქართულ თხილს. თუმცა თხილს რომ ისევე სჭირდება მოვლა, როგორც სხვა კულტურებს, უმრავლესობას აზრადაც არ მოსდიოდა. ეს განსაკუთრებით ითქმის დასავლეთ საქართველოზე, სადაც თხილი მოსავალს ყოველგვარი დამუშავების გარეშეც იძლეოდა. ახლა კი დაკარგულმა შემოსავალმა სახელმწიფოც და გლეხიც გამოაფხიზლა - დარწმუნდნენ, რომ თუ თხილს არ მოუვლი, არაფერს მოგცემს. სამეგრელოშიც ასე მოხდა.
გია დანელია, თხილის პლანტაციის მფლობელი: - თხილის დაცვის ღონისძიებები იმ წელიწადსვე უნდა შემუშავებულიყო, როცა ექსპორტმა ჩავარდნა დაიწყო, და არა წლების შემდგომ. სახელმწიფომ დაგვიანებით ატეხა განგაში და ისიც არასრულყოფილად. თითოეულ სოფელს, სადაც თხილი მოდიოდა, ახსნა სჭირდებოდა, როგორ გადაერჩინათ თხილი, და არა გაკრიტიკება, დასავლეთ საქართველოში გლეხს მოვლის კულტურა არა აქვსო. როცა თხილი ისედაც გვაძლევდა კარგ მოსავალს, რა დამატებითი ღონისძიებები უნდა მიგვეღო?!
თხილის დაავადებები სინამდვილეში მისმა ქაოსურად გაშენებამ გამოიწვია. ეს იმთავითვე უნდა აკრძალულიყო. თუმცა როგორც კი მივხვდით, რომ თხილის დაავადება ნიადაგის ბრალი იყო, მაშინვე დავიწყეთ ფიქრი, როგორ გვეშველა პლანტაციებისთვის.
გურია-სამეგრელოს თხილის პლანტაციების ნაწილი გრუნტის წყლებზეა გაშენებული - მიწის ზედაპირიდან მეტრის სიღრმეზე თხილს ფესვები წყალში აქვს. ამიტომაც დრენაჟები გავაკეთეთ - მიწაში მილები ჩავაწყვეთ, რომ წყალი გაწოვილიყო, ან სფეროსებრი ნაკვეთები გავაკეთეთ, რამაც პლანტაციებიდან წყლის გადინება გააიოლა. ამან დიდი ხარჯი მოითხოვა, სამაგიეროდ, თხილმა ამოისუნთქა.
- თუმცა არ შეიძლება თხილის პლანტაცია არ გაისხლას, როგორც ამას ბევრი არ აკეთებდა. - არ აკეთებდა, იმიტომ, რომ თხილი მაინც იძლეოდა მოსავალს, მაგრამ ყველაფერი იცვლება და ახლა ყველამ იცის, რომ თუ არ მოუვლის, არც მოსავალი ექნება.
მე პლანტაციის მოვლას შემოდგომიდანვე ვიწყებ, როდესაც ფოთლების გატანაა საჭირო. სხვათა შორის, ამისთვის შედარებით მარტივი გზა გამოვნახე, რომელსაც ყველას ვურჩევ, ვისაც პლანტაცია ფერდობზე აქვს - ფერდობს რუებისთვის კალაპოტი დავაყოლე. მას მერე წვიმის წყალს თხილის ფოთოლი მიაქვს, რაც რჩება, მე გამაქვს. შემოდგომაზევე ვიწყებ გასხვლასაც. შეწამვლით შარშან ხუთჯერ შევწამლე, მაგრამ რაკი აგროვადა დავარღვიე, ხეირიანი მოსავალი არ მომცა, წლეულს კი მოვლის ყველა ვადა დავიცავი და მოსავალიც მაქვს - დაახლოებით 1 ტონა 0,5 ჰექტარზე. ეს მაშინ, როცა მძიმე გასხვლა ნახევარ პლანტაციაში ჩავატარე და თხილს მოსავლის მომცემი ძველი ტოტები აღარ ჰქონდა. ახლა ბევრი ჩემსავით უვლის პლანტაციას. თუმცა ჩვენში ბევრი მეურნეა, რომლებმაც დაავადებული თხილის მოვლით თავი არ შეიწუხეს და პლანტაციები გაჩეხეს.
- ნაცვლად რა დათესეს? - სიმინდი, მაგრამ ის თხილისოდენა მოსავალს მაინც ვერ მოგვცემს, ამიტომ ახლა ნანობენ, რატომ ავჩეხეთო. ჯანსაღი და მოვლილი პლანტაცია რომ ნახეს, ბევრმა მოინდომა ახლის გაშენება. მე უკვე ისეთი ხარისხის თხილი მაქვს, 10 ცალი შეიძლება ისე გატეხო, უვარგისგულიანი ერთიც არ შეგხვდეს.
ჩვენს მხარეში ამხელა შემოსავლის მომცემი კულტურა არ არის. მარტვილში ტონობით თხილის რეალიზაციას ჯერ კიდევ მაშინ ვახერხებდით, როდესაც მოსავლის გატანა უცხოეთში შეუძლებელი იყო. დღეს ჩვენი თხილი ევროკავშირის ბაზარზე გადის და როგორ არ უნდა მიხედო. დღეს თხილს უკვე 5 ლარად ვყიდით.
- როგორც ვიცი, სახელმწიფო მეთხილეებს სემინარებითაც ეხმარება.
- თხილის შესაწამლავი საშუალებების შესახებ სემინარებზე გავიგეთ. იქნებ სემინარებზე ესეც აგვიხსნან: თხილის ფასი შარშანაც იმდენივე იყო, რამდენიც წლეულს, როდესაც დოლარმა კატასტროფული ინფლაცია განიცადა. როცა თხილი უცხოურ ბაზარზე დოლარის ეკვივალენტში იყიდება, ჩვენ რატომ არ გვიხდიან ამ ეკვივალენტის შესაბამისად? საჯარო მოხელეები ხომ სწორედ ამის მიხედვით იზრდიან ხელფასებს.
"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა ერთ-ერთი თხილის კომპანიას, რომლის გენერალური მენეჯერის, თეა ყენიას თქმით, თხილის ფასი მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, თურქეთზეა დამოკიდებული. ის მსოფლიოს თხილის ძირითად მოცულობას აწვდის და შესაბამისად, ჩვენი თხილის ფასზეც ახდენს გავლენას. თავის მხრივ, ფასი იმის მიხედვით მერყეობს, როგორი მოთხოვნილებაა მსოფლიოში თხილზე. ბუნებრივია, გლობალური ეკონომიკური ცვლილებებიც ახდენს გავლენას იმ საწარმოებზე, რომლებიც თხილის პროდუქციას ამზადებენ. იცვლება დოლარის მსყიდველუნარიანობაც, რაც ასევე აისახება თხილის ფასზე.