"თუ ცხოვრებას გაუღიმებ, არ მოწამლავ, საპასუხოდ ისიც უდიდეს სითბოს გჩუქნის" - კვირის პალიტრა

"თუ ცხოვრებას გაუღიმებ, არ მოწამლავ, საპასუხოდ ისიც უდიდეს სითბოს გჩუქნის"

"ბასტი ბუბუს სტუდიის" დამაარსებელი და მისი ხელმძღვანელი თამარ სხვიტარიძე პანდემიის გამოცხადების შემდეგ მეუღლესთან, პაატა ამონაშვილთან ერთად კახეთში, თავის კარ-მიდამოში ჩავიდა და დღემდე იქ არის. წლევანდელ საგაზაფხულო სამუშაოებში ოჯახი აქტიურად ჩაერთო, ახლა უკვე მოსავალს აბინავებენ.

თამარ სხვიტარიძე: - მე და ჩემმა მეუღლემ ერთად შევქმენით "ბასტი ბუბუს სტუდია", თუმცა პაატამ მერე სოციოლოგიაში გადაინაცვლა, პედაგოგიკაში აქტიურად ჩაერთო, მამას, შალვა ამონაშვილს დაუდგა გვერდით და ჰუმანური პედაგოგიკის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი გახდა. ამას მოჰყვა მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობა, შეხვედრები. უამრავ ოჯახს, მშობელს, ბავშვს შალვა და პაატა სემინარებს უტარებდნენ ბავშვის აღზრდის შესახებ, მაგრამ ამის პარალელურად კახეთში, თელავის რაიონის სოფელ ბუშეტში, ჩვენს კარ-მიდამოში წამითაც არ შეგვიჩერებია საქმიანობა. იქ რამდენიმე ჰექტარი გვაქვს. უამრავი სტუმარი ჩამოდიოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და აქაც უსმენდნენ სემინარებს აღზრდის საკითხებზე. წლეულს მარტში ამ საქმეებში მეც აქტიურად ჩავერთე. სემინარები გვქონდა ბევრ ქართველ პედაგოგთან, გაკვეთილები ჩავატარეთ სხვადასხვა კლასის ბავშვებთან, მაგრამ კორონავირუსმა ყველას ხელი შეგვიშალა...


ბუშეტში 1000-ზე მეტი მოსახლე ცხოვრობს. შეიძლება ითქვას, ღარიბი სოფელია. წარმოიდგინეთ, აქ ხალხს წყალიც კი არ ჰქონდა. მერე პაატამ ნიადაგი ღრმად დააბურღვინა, წყალი ამოიყვანა და მოსახლეობასაც გავუყვანეთ. არადა, რომ ბურღავდნენ, სოფლის მოსახლეობას ეჭვი ეპარებოდა, არ ეგონათ, რომ წყალი ამოვიდოდა. ამის გარდა, სოფლის მოსახლეობა ჩვენთან დასაქმებულიც არის, მუშაობენ მზარეულებად, დამლაგებლებად, პედაგოგებად, ვისაც რა შეუძლია...

- მამულში სამუშაო ადგილებიც შეგიქმნიათ... - დიახ, ასეა. პაატამ 15 წლის წინ დაიწყო ეკოლოგიური სოფლის მეურნეობა. დილის 5 საათიდან ნაკვეთში იყო, ხეხილს რგავდა, ბოსტნეულს თესავდა. დარწმუნებული იყო, რომ ყველაფერი შხამქიმიკატების გარეშე გაიხარებდა და ხარისხიან მოსავალს მივიღებდით. სოფლის მოსახლეობა ურჩევდა, ნათესების, ნარგავების ნახევარი მაინც მოეწამლა, მაგრამ მათ ეუბნებოდა, რა მნიშვნელობა აქვს, შხამი მიწაში ხომ ჩადისო... დიდხანს ვერავინ იჯერებდა, რომ შედეგს მივიღებდით, მაგრამ ყველაფერს მაინც ჯიუტად, თავისი ხელით აკეთებდა და ბოლოს თავისი გაიტანა. ახლა ჩვენი ღვინოც გვაქვს, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტიც და სტუმრები ჩვენს ეზო-კარმიდამოში მოყვანილ სუფთა პროდუქტს მიირთმევენ.

- ყველანაირი ბოსტნეული მოგყავთ? - დიახ, წლეულს ამ მიმართულებით მეც გავაქტიურდი, რაკი გაზაფხულიდან აქ ვარ. ლამაზი ბოსტანი გავაკეთე. ჩემთვის ესთეტიკური მხარე მნიშვნელოვანია... ჩითილები ზურა შევარდნაძისგან ჩამოვიტანე, მათ შორის - ხარისგულა პომიდვრის, სხვადასხვა მცენარის ქართული ჯიშების. თან ყველას ვეხვეწებოდი, ხარისხიანი და არაგენმოდიფიცირებული თესლი ეწილადათ... მოკლედ, კარგი ბოსტანი გავაკეთე თავისი საფრთხობელებით, სადაც ამ ზაფხულს მოვიდა კიტრი, პომიდორი, ყველანაირი მწვანილი, ბადრიჯანი, წიწაკა, სტაფილო, ჭარხალი, ლობიო. ქვედა სატრაპეზო მოსავლის შესანახავად გადავაქციეთ, გარდა იმისა, რომ სარდაფიც გვაქვს.


კვების რაციონში შაქარს არ ვიყენებთ, ამიტომ მურაბებს არ ვაკეთებთ, სამაგიეროდ, ხილს ვყინავთ, ვჩირავთ. არც ხორცს მივირთმევთ. კახეთში ეს აოცებთ, ვერც სტუმრები გვიგებენ და ამიტომ მათთვის ხორციანი კერძები მზადდება. ყველას უნდა საქართველოში ჩამოსვლისას ხინკლისა და ხორცისგან დამზადებული კერძების გასინჯვა. მოგეხსენებათ, სამზარეულო მათთვის მნიშვნელოვანია.

როდესაც ქართული ჯგუფები გვყავს, მათ სამი დღე ვეგეტარიანული კვება არ უჭირთ - კარგიც არის განსატვირთავად. ჯანსაღი კვება ხელს უწყობს ჯანსაღად აზროვნებას. "ხორციჭამია" ადამიანები აგრესიული ხდებიან (იღიმის)...

- თქვენთვის ეს ყველაფერი რას ნიშნავს? - ძალიან მიკვირს ჩემი თავის, მაგრამ ვგრძნობ, რომ ახლა ვარ ზუსტად იქ, სადაც უნდა ვიყო. სრულ ჰარმონიას ვგრძნობ საკუთარ თავთან, ბუნებასთან. გარემოც მომწონს, ადამიანებიც, ინტერნეტი კი საშუალებას მაძლევს, ცივილიზაციას არ მოვშორდე და თბილისის საქმეებს აქედან ვაგვარებ. ცოტა ეგოისტიც ვარ, ცუდ ხასიათზე ყოფნა არ მიყვარს. სოფლის მცხოვრებლები რომ მოდიან, ყველას ვეუბნები, თუ ცუდ ხასიათზე იქნება, ვერ იმუშავებს.

აქ არავინ ეწევა სიგარეტს, სულ კეთილგანწყობა და კეთილხმიანობაა. ადამიანი ბუნების ნაწილია. ბატონი შალვაც, როცა აქ არის, ხეებს ესაუბრება. ყველას ჰარმონიული ურთიერთობა გვაქვს ბუნებასთან. გარემოც ამ სიყვარულზე სითბოთი გვპასუხობს. რამდენიმე დღით ჩამოვდივარ თბილისში, მაგრამ უკვე ძალიან მიჭირს იქ გაძლება... რომ არა კორონავირუსი, ასე სრულყოფილად ამ ჰარმონიას ვერ მივაღწევდი. ძალაუნებურად აქ აღმოვჩნდი და უკმაყოფილო არ ვარ.


- ეზოში მშვენიერი მცენარეები გქონიათ. - აქ ყველაფერი ჩემი გემოვნებით არის მოწყობილი. სხვადასხვა კუთხეს ისე ვაწყობ, რომ ოთხივე სეზონზე ყვავის. დეკორატიული კუთხეები წარწერებით და ქვებით არის გაფორმებული. დეკორატორი მომყავს ხოლმე, მაგრამ საქმეში საბოლოოდ მაინც თვითონ ვერთვები. სხვისი გაკეთებული ისეთი არ არის, როგორიც მინდა იყოს, ამიტომ ყველაფრის გათვალისწინება მიწევს. ქვიანი ადგილია და მიწის ყიდვაც კი მოგვიხდა დასაყრელად. წყლის ნაკლებობის გამო ხეებთან წვეთოვანი სისტემაა გაყვანილი. სამი წლის წინ ნაძვები დავრგეთ და უკვე წამოიზარდნენ. ასეთ უდაბნო ადგილას ლამის კლიმატი შევცვალეთ.

- სხვებს რას ურჩევდით? - იყო დრო, ქოთნის ყვავილებს ვერ ვახარებდი, მაგრამ როდესაც ადამიანი ღმერთთან კავშირს ეძებს, აუცილებლად ბუნებასთან მიდის. ბუნება თავად არის ღმერთი და როცა გრძნობ, რომ შენთან თავს იყრიან ფრინველები, ცხოველები, მცენარეები, უნდა მიხვდე, რომ მათი სახით ღმერთი გიახლოვდება...

მოკლედ, გარემოს კარგად გავუგე. ახლა როცა მცენარე დაჭკნება, ვგრძნობ, რომ რაღაც მოვაკელი - სითბო, წყალი...

გვყავს მკურნალი და მისი დახმარებით ჩვენი ყვავილებისგან წამლებსაც ვამზადებთ. ადრეულ წლებში მეც და ჩემს ქმარსაც ბევრი რამ გვაწუხებდა, მაგრამ ბუნებასთან კავშირმა, ამ ჰარმონიულობამ იქამდე მიგვიყვანა, რომ ხორცსაც აღარ ვჭამთ. იმიტომ კი არა, რომ დიეტაზე ვართ, უბრალოდ, ყველაფერს გააზრებულად ვუდგებით... რჩევებს არ ვემხრობი. თუ თვითონ ადამიანი არ მკითხავს, ამას როგორ მიაღწიეო, მე არაფერს ვუყვები, ხოლო როგორ გააკეთებს ამას, მისი საქმეა. ზოგადად კი ყველას ვეტყვი, რომ იყვნენ ჰარმონიულად საკუთარ თავთან. ბებიაჩემი ამბობდა, ცხოვრება სარკეა, გაუღიმებ - გაგიღიმებს, თუ დაეჯღანები - დაგეჯღანებაო. დიახ, თუ ცხოვრებას გაუღიმებ, არ მოწამლავ, საპასუხოდ ისიც უდიდეს სითბოს გჩუქნის.