"ერთი ამბავი ატყდა - ბიჭებო, მოდით, ვლადიმერ ულიანოვი დავიჭირეთო..."
"ახლა ბაღში და მიწაზე სამუშაოდ შესანიშნავი პერიოდია, თან ადრე თენდება, ჩიტები სტვენენ, სუფთა ჰაერზე გამოსვლას რა სჯობია და მით უფრო, მუშაობას? არ ვიღლები, პირიქით, დილიდან დადებითი ენერგიით ვიმუხტები. მერე მთელი დღე კარგად ვგრძნობ თავს"
მისი წინაპრები საქართველოში დაახლოებით ორი საუკუნის წინ ჩამოვიდნენ და მანგლისში დასახლდნენ. ამბობს, რომ პაპა მანგლისშია დაკრძალული, იქვე იპოვეს მამის დიდი პაპის საფლავიც. "ვფიქრობ, ჩემი წინაპრების საქართველოში დასახლება ორ საუკუნეს ითვლის. მათი ამ ქვეყანაში გადმოსვლა, სავარაუდოდ, გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება. მოკლედ, ისინი მანგლისში დაფუძნდნენ. მამაჩემი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. ომის შემდეგ ჩვენი ოჯახი თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე გადმოვიდა, სადაც ორი სახლი ააშენეს, მაგრამ მერე იმ ადგილების განაშენიანება დაიწყო, გარანტიით გავცვალეთ და საცხოვრებლად თემქაზე, ზღვის უბანში გადმოვედით. კმაყოფილი ვართ ამ რაიონით", - ამბობს ვლადიმერ ულიანოვი.
როგორც ამბობს, სახელისა და გვარის გამო არაერთი კურიოზი და უცნაური შემთხვევაც ჰქონია. კლასში მეტსახელად ამის გამო "ილიჩს" ეძახდნენ. "მამას ლეონიდი ერქვა, მაგრამ შტაბის უფროსს ჯარში ვლადიმერი დაურქმევია და პასპორტიც ასე ააღებინეს. ულიანოვი ხარ და ბარემ ვლადიმერი იყავიო".
- ერთხელ ჩემი "მოსკვიჩით" გაუფორმებელი მასალა გადამქონდა და ინსპექციამ გამაჩერა, სახელი და გვარი რომ გაიგეს, ერთი ამბავი ატყდა, ბიჭებო, ბიჭებო, მოდით, ულიანოვი დავიჭირეთო... მერე სიცილ-სიცილით დამემშვიდობნენ საბჭოთა მილიციონერები. ჩემმა გვარმა და სახელმა მიშველა.
- საოცარი მეურნე ყოფილხართ, მიუხედავად იმისა, რომ შრომა არ გაკლიათ, დურგალი ბრძანდებით, ავეჯს ამზადებთ, რაც ხელს არ გიშლით, იყოთ მოყვარული მებაღე, მევენახე, მებოსტნე, მეფრინველე და ა.შ. - კი, მიყვარს მეურნეობა. მთავარი ის არის, რომ ბუნება მიყვარს ძალიან. მყავს თუთიყუშები, თევზები, მტრედები, ორი ძაღლი, ახლა ქათმები მაჩუქეს. უკვე კვერცხებს მიდებენ. ძაღლებიცა და ქათმებიც ჩემი საცხოვრებელი კორპუსის უკან მყავს შემოღობილ ტერიტორიაზე.
თავიდან ძაღლები ჩხუბობდნენ, ვერ რიგდებოდნენ, ახლა შეუყვარდათ ერთმანეთი. კანე კორსო ადრე ბათუმიდან ჩამოვიყვანე, იტალიური ჯიშია, მოგვიანებით კი შავი გერმანული ნაგაზიც მოვიყვანე.
- მებაღეობა-მებოსტნეობაზე რას გვეტყვით?
- შარშან კორონა რომ გაჩნდა და ლოკდაუნი გამოცხადდა, ჩემი კარგი მეზობლები მეხმარებოდნენ ბაღის მოვლაში. პირველი ტალღა ასე მუშაობით გადავიტანეთ.
ადრე ამ ბაღში მამა მუშაობდა, მისი გარდაცვალების მერე თითქმის არაფერი გაგვიკეთებია, დურგალი ვარ და დრო არა მაქვს. "ინტურისტში" ვმუშაობდი, თბილისში მაღალჩინოსნების კაბინეტებისთვის ავეჯი იქმნებოდა. მაღალ ხარისხს ითხოვდნენ და სუფთა და ხარისხიანი მუშაობა მას შემდეგ მიყვარს. ეს ყველაფერი დიდ დროს მოითხოვს, თუმცა ამ ჩემს უდროობაში მაინც მოვახერხე და ბაღში ახალი ხეხილი ჩავყარე, მაგრამ კარგი იქნება იქაურობა ხეხილით მეტად თუ გაახალგაზრდავება.
- რა ხეხილი გაქვთ? - ბალი (თეთრი, წითელი), ალუბალი, სომხური გარგარი, თუთა (თეთრი, შავი), როგორც თაფლი, ისეთია. შავი თუთა ამერიკული ჯიშია, კარგად გაიხარა და წლეულს უკვე მოსავალსაც მომცემს. ბაღი სახლის ახლოსაა, გზას გადახვალ თუ არა, იქვეა. სხვათა შორის, ვენახიც გავაშენე - საფერავი, ალადასტური, თავკვერი, საქიშმიშე ყურძენი. ღვინოსაც ვაყენებ. ასევე ძალიან მიყვარს ყვავილები, ამიტომ ეზოში უამრავი ყვავილი მაქვს, ჩემი ვარდები მაისში საოცრებას ახდენენ. სახლშიც ბევრი ქოთნის მცენარე მაქვს. ჩვენი ოთახები ბოტანიკურ ბაღს ჰყავს.
- ბაღის ფართობი რამდენია?
- 800 კვადრატული მეტრი. ჯერ ჰყოფნის ჩემს მეურნეობას, მაგრამ თუ მეტის გაკეთებას მოვინდომებ, აღარ ეყოფა. კორპუსის უკან მიუხედავი, ნაგვით სავსე ადგილი იყო, საიდანაც ორი "კამაზი" ნაგავი გავიტანე და იქაც ყვავილები დავრგე, კაკლის, მსხლის ნერგები. მაგიდები გავაკეთე, ბუხარი ავაშენე. სასიამოვნო სანახავია, იქ ვინახავ ძაღლებსა და ქათმებს. ბევრი უკვე მიეჩვია, რომ ფანჯრიდან სიგარეტის ნამწვი არ გადმოაგდოს, თუმცა მაინც ხდება და დილაობით მიწევს იმ ადგილის დასუფთავება.
რაც შეეხება ჩემს ბარს გზის გადაღმა, იმ ფართობის დასამტკიცებლად მერიაში დოკუმენტაცია განხილვაზეა. იქ კაპიტალური სახლის ჩადგმას ითხოვენ. არადა, იდგა იქ სახლი, მაგრამ 90-იან წლებში ვიღაცებმა სხვების ქონებასთან ერთად, ჩემიც დაწვეს. ახლა იქ ფანჩატური გავაკეთე. ჩემს სამ შვილსა და ხუთ შვილიშვილს, ძალიან უყვართ იქ თავშეყრა. შაბათობით ჩემთან იკრიბებიან, მეხმარებიან, შემდეგ მწვადსაც ვწვავთ და ვილხენთ. ჩვენი ღვინო გვაქვს - თეთრი, წითელი. გასულ შაბათს "სეზონი გავხსენით".
ყოველდღე დილის 6 საათზე ვიღვიძებ, ბაღში ჩავდივარ, ვბარავ, ვთოხნი, ვრწყავ, ვასუფთავებ. ხანდახან მეუღლეც მუშაობს ჩემთან ერთად. ამ ყველაფრისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ. მერე ამ სილამაზეს რომ ვუყურებ, ვტკბები. დილას ბაღში მუშაობით დაღლილი, შემდეგ სამსახურში მივდივარ.
- შვილიშვილებიც ხომ გეხმარებიან? - რა თქმა უნდა. შაბათს რომ მოდიან, უფროსი 10 წლისაა, უყვარს გვერდში დგომა. მეუბნება, დაგვასაქმე, აბა, რა გავაკეთოთო? აქ როგორც სოფელში, ისე გრძნობენ თავს. მეც ვასწავლი, ვაჩვევ შრომას, მათაც მოსწონთ.
ახლა ბაღში და მიწაზე სამუშაოდ შესანიშნავი პერიოდია, თან ადრე თენდება, ჩიტები სტვენენ, სუფთა ჰაერზე გამოსვლას რა სჯობია და მით უფრო, მუშაობას? არ ვიღლები, პირიქით, დილიდან დადებითი ენერგიით ვიმუხტები. მერე მთელი დღე კარგად ვგრძნობ თავს.
რა შემიძლია ვუთხრა თქვენს მკითხველებს - დაუახლოვდნენ ბუნებას. დილით ადრევე უნდა შეუდგნენ საქმეს და შედეგსაც მიიღებენ.
- ბატონო ვლადიმერ, ეროვნებით რუსისთვის რას ნიშნავს ეს ქვეყანა, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ? - ეს ჩემი სამშობლოა, რომელიც ძალიან მიყვარს. მისი ყველა კუთხე ვიცი. თბილისის 52-ე სკოლაში, პავლოვზე ვსწავლობდი, ამ ქალაქში ვმუშაობ, აქ გაიარა მთელმა ცხოვრებამ. საქართველოშია ჩემი წინაპრების საფლავები. მე ჩემი სამშობლო მიყვარს და როდესაც აქ რაიმე კარგი კეთდება, პატარა ბავშვივით გულით მიხარია.