რა სარგებლობა მოაქვს მუსიკას ძროხა "მაიასა" და ხბო "როსტომასთვის"
"45 ხბო მყავს, სამი თვის მერე თავისი დედის რძეს აღარ ვასმევ, სხვა საკვებზე გადამყავს. რომ დავუძახებ, იცით, როგორ მორბიან? იორმუღანლოელი აზერბაიჯანელი მომვლელი მოვიყვანე. ერთხელ ბოჩოლას დავუძახე - რატი, მოდი, მოდი-მეთქი და გამოიქცა. ის ქალი გაგიჟდა, რა ვნახე, ეს ქალი საქონელს ალაპარაკებსო. ძალიან გონიერია ძროხაცა და ბოჩოლაც. თუ გაუბრაზდი, ახლოს აღარ მიგიკარებს. მოფერება უყვართ... ძალიან სიამოვნებთ მუსიკის მოსმენაც"
ნათელა ბიჩელაშვილი თიანეთის რაიონის სოფელ საყდრიონში ცხოვრობს. უყვარს შრომა და ბავშვობიდან თავდაუზოგავად მუშაობს. ჰექტარობით მიწას ამუშავებს, მოჰყავს მოსავალი, უვლის ფერმას და ეს დიდ სიამოვნებას ანიჭებს. წუხს, რომ სოფლიდან ახალგაზრდები მიდიან, რადგან იქ სამუშაოს ვერ შოულობენ, არადა, ადრეულ წლებში საყდრიონში სიცოცხლე დუღდა და იქიდან წასვლაზე არავინ ფიქრობდაო.
- აქაური ვარ, აქ დავიბადე და მიყვარს ჩვენი სოფელი. მშრომელ ოჯახში გავიზარდე. ოთხ დედმამიშვილს (ორი ბიჭი და ორი გოგო) ბავშვობიდან ჩვენ-ჩვენი საქმე გვქონდა. სოფელში მეურნეობას ყველა უძღვებოდა და ჩვენი ოჯახიც სულ შრომაში იყო, ვუვლიდით საქონელს, ფრინველს, ბაღს, ბოსტანს. სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი დავამთავრე, პროფესიით აგრონომი ვარ. მეურნეობაში მეთესლე აგრონომად ვმუშაობდი. მერე, იჯარით მიწის გაცემა რომ დაიწყო, მეურნეობის დირექტორს რაიონის ხელმძღვანელისგან დაევალა, სოფელში ბოსტნის დამუშავება დაგვეწყო. მეურნეობის დირექტორმა რატომღაც მე მითხრა, ყოჩაღი ხარ, ხალხი აიყვანე და მუშაობა დაიწყეთო. 5 ჰა გავიპიროვნეთ. 3 ჰა-ზე კომბოსტო მომყავდა, 1 ჰა-ზე - პომიდორი, სტაფილო და სხვა ბოსტნეული. 100 ტონა კომბოსტო მოვიწიეთ და მაშინ ასეთი მოსავლიანობა ჩვენს რაიონში წარმოუდგენელი იყო. ეს საქმიანობა 1992 წელამდე გაგრძელდა.
- რადგან 90-იანების გამო ცხოვრება აირია? - დიახ და პროფესიის შეცვლაც მომიხდა - ჩავაბარე მაშინდელ პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში და დამთავრების შემდეგ ისევ ჩვენს სოფელში დავიწყე მუშაობა. მერე დაწყებითი სკოლის დირექტორი გავხდი. კუპონი რომ შემოვიდა, ხელფასი 54 კუპონი მქონდა. სკოლაში 2001 წლამდე ვმუშაობდი, მერე ოჯახს მეტი დასჭირდა. ფერმა უკვე მქონდა, მაგრამ მცირე ხელფასით პრობლემებს ვეღარ ვწვდებოდი. შვილებს მოსამზადებლად თანხა სჭირდებოდათ, ამიტომ ორი წლით სამუშაოდ ისრაელში წავედი, მაგრამ იქ 8 წელიწადს დავყავი. ჩემმა შვილებმა განათლება მიიღეს, ბიჭი იურისტია, გოგო - ექიმი და დღეს თავ-თავიანთი საქმე აქვთ.
- ისრაელში რომ წახვედით, ფერმა ვის ჩააბარეთ? - 94 სული საქონელი მოსავლელად ჩემს ქმარს დავუტოვე. ის უვლიდა, მე კი სულ ტელეფონზე ვიყავი ჩამოკიდებული, მაგრამ რომ ჩამოვედი, ფერმაში მხოლოდ 27 სული საქონელი დამხვდა... მერე მეუღლე ბუღამ დააშავა და თირკმლის სიმსივნე განუვითარდა. ოპერაციაც გავუკეთეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
Aმის შემდეგ ის 27 სული 200 სულად ვაქციე... ყოველ დილას სახლიდან ხუთის ნახევარზე გავდივარ და 10 საათზე ვბრუნდები, მერე საღამოს ისევ მიწევს გასვლა, რომ საქონელი დავაბინავო, მოვწველო. ყოველდღე უთენია სიბნელეში ფერმამდე კილომეტრ-ნახევარს ფეხით გავდიოდი. მეზობლებს უკვირდათ, მგლების არ გეშინია, მაგ მინდორზე ფეხით რომ დადიხარო?! ეზოში ჩემი მეუღლის "ნივა" გვედგა და მანქანის მართვა ვისწავლე. მერე ის მანქანა გავყიდე და სხვა ვიყიდე. ახლა ფერმაში იმით დავდივარ.
- თქვენი ფერმა რა სამეურნეო ამოცანას ასრულებს? - შპს შევქმენი, 70 ძროხას ვწველი და რძეს ვაბარებ. ადრე ყველი ამომყავდა, ბაზარშიც ჩამქონდა და ვყიდდი. დავტვირთავდი პარასკევს მანქანას პროდუქტით და გლდანის ბაზარში მივდიოდი. მანქანაში მიწევდა გათენება, რადგან ღამით უნდა ჩავსულიყავი, რომ დილისთვის იქ ადგილი შემენახა. ეს ყველაფერი ცოტა რთული იყო და გადავწყვიტე, მხოლოდ რძე ჩამებარებინა. ხანდახან საქონელსაც ვყიდი. 25 სული მოზვერი მყავს, შარშან უნდა გამეყიდა - შემოდგომით ვყიდი ხოლმე, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი გააჩერა და კლიენტიც აღარ გამოჩნდა.
- საქონლის ფერმის გარდა კიდევ რას უვლით?
- 70 ქათამი მყავს - ეს ისე, ჩვენთვის, სახლში. ვამუშავებ მიწას. შარშან 2,5 ჰექტარზე სიმინდი მქონდა დათესილი და 40 ტონამდე მოვიყვანე. ასევე კარტოფილი, ლობიო - ყველა სათოხნი კულტურა მომყავს. კარტოფილი კარგად რომ მოვიდეს, ხელით ორჯერ მაინც უნდა გათოხნო. აქ ტრაქტორს გაატარებენ ხოლმე, მე კი ტრაქტორი არ შემყავს, რადგან კარტოფილს თავებს აწყვეტს. ბალახი სანამ პატარაა, არა უშავს, ადვილად ერევი, თორემ თუ მოძლიერდა, ვერაფერი უშველის. ჩვენს სოფელში ბოსტნეულიდან ყველაფერი მოდის, ბარაქიანი მიწაა. ერთი ეგ არის, წყალი არ გვაქვს, მაგრამ თიანეთი ისეთი რაიონია, არ ცხელა. მოკლედ, ყველანაირი პროდუქტი მოვა, თუ ადამიანი მოინდომებს.
- ყველა ხბოს თავისი დედის რძეს აწვდით. ამას როგორ ახერხებთ, არ გერევათ? - ახალდაბადებულ ხბოს რომ შევხედავ, უკვე ვიცი, რომლის შვილია. 45 ხბო მყავს, სამი თვის მერე თავისი დედის რძეს აღარ ვასმევ, სხვა საკვებზე გადამყავს, მაგალითად, ქატოზე. არის სპეციალური საკვებიც, თან უკვე ბალახობენ კიდეც. ფერმაში შემოღობილია ტერიტორია და იქ ძოვენ.
ვიღაცას "ფეისბუკში" დაუწერია, ძროხას მაია რატომ დაარქვა, როგორ შეიძლებაო? ადამიანების სახელებს ვარქმევ. ვითომ რატომ არ შეიძლება? "როსტომა" დავარქვი ხბოს, რადგან როსტომასგან (მეზობელი) ვიყიდე. ეგ ამბავი ასე გამჟღავნდა - მისი შვილი სოფლის ნახირში წასულა, "როსტომა" რომ დაუნახავს, ჩემი მწყემსისთვის უთქვამს, ჩვენს ძროხას როგორ ჰგავსო. რომელი, როსტომაო? - მწყემსს უკითხავს. მოკვდა სიცილით, ნათელას ძროხისთვის მამაჩემის სახელი დაურქმევიაო... ის კი არა, ძროხებს შვილებისა და შვილიშვილების სახელებს ვარქმევ. მერე, თუ ვინმეს მივამსგავსებ, იმის სახელსაც დავარქმევ...
- საქონელი რეაგირებს სახელზე? - რომ დავუძახებ, იცით, როგორ მორბიან? იორმუღანლოელი აზერბაიჯანელი მომვლელი მოვიყვანე. ერთხელ ბოჩოლას დავუძახე - რატი, მოდი, მოდი-მეთქი და გამოიქცა. ის ქალი გაგიჟდა, რა ვნახე, ეს ქალი საქონელს ალაპარაკებსო. ძალიან გონიერია ძროხაცა და ბოჩოლაც. თუ გაუბრაზდი, ახლოს აღარ მიგიკარებს. მოფერება უყვართ. ვინც წველაში მეხმარება, ის ქალები ტელეფონებში მუსიკას ჩართავენ ხოლმე და მუსიკის ფონზე ვწველით. ძალიან სიამოვნებთ მუსიკის მოსმენაც...
- საინტერესოა... მოკლედ, სულ შრომაში ხართ და ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია...
- ჩემი შვილები მეხვეწებიან, შეამცირე ცოტა საქმე და საქონელი, ასაკი გემატება და ცოდო ხარო, მაგრამ სადაც ხუთი ძროხა, იქაც ათი. ახლა 62 სულს ვწველი, ზოგიერთი მოსაგები მყავს... თითო 4-5 ლიტრამდე იწველის. ადგილობრივი კარგი ჯიში მყავს, ცხიმიანი და გემრიელი რძე აქვთ, ნატურალური პროდუქტი. ამას ისიც სულ აღნიშნავს, ვისაც ვაბარებ. რძე ფასეული პროდუქტია და ამასთან, მალფუჭებადიც, ამიტომ დროულად უნდა მიხედვა.
- თქვენი შრომითი და სამეურნეო გამოცდილებით რა შეგიძლიათ სხვებს ურჩიოთ? - როცა შევატყობ, რომ ამ ყველაფერს ვეღარ ვაკეთებ, შვილებს არც გავაგებინებ, საქონელს ისე გავყიდი. მათ თავიანთი საქმეები აქვთ და სოფლისთვის ვერ იცლიან. ეს კარგია - ყველას თავისი პროფესია უნდა უყვარდეს. თუ საქმე, რასაც აკეთებ, არ გიყვარს, არ გსიამოვნებს, მის კეთებას აზრი არ აქვს. ფერმის მოწყობა და მერე ამ ყველაფრის გაძღოლა ძნელია. 63 წლის ვარ, მეუღლე რვა წელია, გარდამეცვალა. მის მიმართ მოვალეობის გრძნობა მაქვს და სახლი აღარ დავტოვე, თორემ საზღვარგარეთ ისევ წავიდოდი. რასაც აქ ვშრომობ და ვწვალობ, იქ ამის ნახევარიც რომ გავაკეთო, მეტი ანაზღაურება მექნება, მაგრამ რაც არის, არის, არც ამით ვარ უკმაყოფილო!