ფესტივალი ღვინის სამშობლოში, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ - კვირის პალიტრა

ფესტივალი ღვინის სამშობლოში, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ

უხსოვარ დროს, როდესაც ღმერთი დედამიწაზე ცხოვრობდა, გადაწყვიტა, საიქიოდან გამოძევებული და შრომისაგან დაქანცული ადამიანების ცხოვრება უფრო საინტერესო გაეხადა. ბოლოს გადაწყვიტა, ისეთი სასმელი შეექმნა, რომელიც კაცს მცირე ხნით, მაგრამ მაინც დააბრუნებდა სამოთხეში. თანამედროვე ენაზე რომ ვთქვათ, ღმერთმა ღვინო სამოთხის რამდენიმესაათიანი ილუზიის შესაქმნელად გააკეთა. გააკეთა და ღვინის გასასინჯად ყველა ანგელოზი და ეშმაკიც მიიწვია. ღვინო ყველას მოეწონა. მათ შორის ეშმაკსაც. მაგრამ ეშმაკი რისი ეშმაკი იქნებოდა, ღმერთს რომ არ გაჯიბრებოდა. ბევრი იფიქრა და რაკი სხვა ვერაფერი მოიფიქრა, ადგა და ღმერთის მიერ გაკეთებული ღვინის ნარჩენებით, ანუ ჭაჭით, სხვა, უფრო მათრობელა და ძლიერი სასმელი - არაყი გამოხადა.

საერთოდ, ქართული ღვინო რომ ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში, დღეს უკვე არავინ დავობს - გორში, შულავერის გათხრებისას, რომელიც თბილისის სამხრეთით მდებარეობს და სამხრეთ კავკასიაში ადამიანებით დასახლებულ ერთ-ერთ უძველეს ტერიტორიად მიიჩნევა, არქეოლოგიური სამუშაოების დროს თიხის ნაკეთობათა ნამტვრევები აღმოჩნდა, რომელთაც წითელი ფერის ნალექი ჰქონდა, სავარაუდოდ, ღვინის კვალი - ტერიტორიაზე აღმოჩენილ ნასახლარებს რვა ათასი წლის ისტორიას მიაწერენ. სწორედ აქაა ნაპოვნი ვაზის ორგანული ნარჩენებიც, რომლებიც კავკასიის ამ ნაწილში უხვად იზრდება. აქვე მიაგნეს უძველესი ვაზის წიპწებსაც (6 ცალი), რომლებიც მოშინაურებული ვაზისას ჰგავს. ისინი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კოლექციაში ინახება. თბილისში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცულია ამავე დასახლების თიხის ნაკეთობათა დეტალები. კომპიუტერულმა რეკონსტრუქციამ აჩვენა, რომ ეს იყო ბრტყელი ფსკერისა და ვიწრო ყელის მქონე ჭურჭელი, რომელიც 5 ლიტრამდე სითხეს იტევს - სწორედ ეს გარემოებები ქართველებს გვაძლევს ამბიციის საფუძველს საქართველოს ღვინის სამშობლოდ წარმოვაჩინოთ. რაც მთავარია, ამ მოსაზრებას ცალსახად ემხრობიან ევროპის წამყვანი სპეციალისტებიც. წარსულს რომ თავი დავანებოთ, დღემდე ტურისტები თუ უბარლოდ დეგუსტატორები, ქართული ღვინის მიმართ აღფრთოვანებას ვერ მალავენ - სწორედ ესაა მიზეზი იმისა, თუ რატომ ჩამოდის რეკორდული რაოდენობის ტურისტი ღვინის ფესტივალებზე.

ვისაც ქართული ღვინისა და მისი ისტორიის უკეთ გაცნობის სურვილი აქვს, ღვინის ონლაინმაღაზია allwine.ge-სა და "მეიდან ჯგუფის“ ორგანიზებით, ქართული ღვინის მწარმოებლები 15 ოქტომბერს გრანდიოზულ ღონისძიებას - "ქართული ღვინის ფესტივალს“ გამართავენ.

"ქართული ღვინის ფესტივალი“ შარდენის მოედანზე, 12:00-დან 19:00 საათამდე გაიმართება, სადაც მცირე, საშუალო და დიდი მეღვინეები ფესტივალის სტუმრებს საკუთარ ღვინოებს წარუდგენენ და ერთმანეთს საუკეთესო მეღვინის ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.

გამოფენაზე 40-მდე სახეობის ღვინის დეგუსტაცია და გამოფენა - გაყიდვა იგეგმება. ფესტივალი დატვირთული იქნება სხვადასხვა სახის აქტივობებით.

უნიკალური ჯიშის ყველი, საუკეთესო ჩურჩხელა და ჩირი, ქართული პური, მრავალფეროვანი მუსიკა - ეს მხოლოდ მცირედია იმ ჩამონათვალიდან, რაც ფესტივალზე დაგხვდებათ და რომელშიც მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ.