ვატიკანის მუზეუმები - ადგილი, რომელიც წარსულის საიდუმლოებებს ინახავს - კვირის პალიტრა

ვატიკანის მუზეუმები - ადგილი, რომელიც წარსულის საიდუმლოებებს ინახავს

დღეს ვატიკანის მუზეუმს სიქსტეს კაპელის დასათვალიერებლად მილიონობით ტურისტი სტუმრობს და ბევრი დღესაც გაოცებულია, როგორ შეძლო მხატვარმა ვატიკანის მუზეუმის კედლებზე გამოსახული შედევრების შექმნა

1508 წელს რომის პაპმა იულიუს II-მ მიქელანჯელოს სიქსტეს კაპელის ჭერის მოხატვა დაუკვეთა, თუმცა აღიარებული მოქანდაკე ვერ წყვეტდა, დათანხმებულიყო თუ არა სამუშაოს, რომლის შესახებაც ამბობდა, ფერწერა ჩემი ხელობა არ არის, თანაც ასეთი დიდი შეკვეთის შესრულებას რომ დავთანხმდე, ჩემს საყვარელ საქმეზე - ქანდაკებაზე უარის თქმა მომიწევსო. თუმცა პაპის დაჟინებული თხოვნით სიქსტეს კაპელის მოხატვის ოფიციალურ დაკვეთაზე თანხმობა განაცხადა. ასე რომ, 1508 წლის 10 მაისს 33 წლის მიქელანჯელომ გასამრჯელოს ნაწილი აიღო და მუშაობას შეუდგა.

იმ დროს კაპელის ჭერი ვარსკვლავიან ცას წარმოადგენდა, ავტორი მხატვარი პიერმატეო დ,ემილია იყო. მიქელანჯელომ გადაწყვიტა ცის გამოსახულება შეეცვალა და ახლებური სივრცითი და ესთეტიკური კონცეფცია განეხორციელებინა. ამ კონცეფციის ხორცშესხმა ხელოვნების ისტორიაში გამყოფ ხაზად იქცა, რომელმაც დაარღვია და უგულებელყო ყველაფერი, რაც მანამდე იყო შექმნილი. ხანმოკლე პერიოდებს თუ არ ჩავთვლით, ოთხი წლის განმავლობაში მიქელანჯელო თავაწეული, ფეხზე მდგომი ან მწოლიარე მუშაობდა. ეს პოზა იმდენად მოუხერხებელი და დამქანცველი აღმოჩნდა, რომ სამუშაოს დასრულებიდან მომდევნო თვეების განმავლობაში იძულებული იყო, ყველაფერი, რაც უნდა წაეკითხა ან ყურადღებით დაეთვალიერებინა, თავზევით დაეჭირა. ასეთ პოზაში მდგარი საკუთარი თავი მიქელანჯელომ ერთ-ერთი სონეტის ფურცლის კიდეზე გამოსახა, რომელიც ამჟამად ბუონაროტის არქივშია დაცული.

კაპელის ჭერის მოხატულობა დასრულების შემდეგ კრიტიკის საგანი გახდა - ფრესკაზე "უკანასკნელი სამსჯავრო" ნათლად ჩანს, რომ მიქელანჯელო უარს ამბობს ილუზიონიზმის ნებისმიერ ფორმაზე: არსად ჩანს კაპელის თაღოვანი ფორმები და მკვეთრი ლაჟვარდისფერი ფონი, რომელიც პერსპექტივის შესაქმნელად კვატროჩენტოსთვის იყო დამახასიათებელი. ამ უზარმაზარ ფრესკაზე დაკუნთული ფიგურები თითქოს სივრცეში ლივლივებენ, ისინი წრეზე შეუჩერებლად, თუმცა უფრთოდ და შესაბამისად, მდოვრედ მოძრაობენ. ფრესკაზე ფრთები ანგელოზებსაც კი არა აქვთ, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია. ფრესკას განადგურებაც კი დაემუქრა, თუმცა მიქელანჯელოს სახელისა და რეპუტაციის წყალობით ზარალი სიშიშვლის დაფარვითა და რამდენიმე ფიგურის გადაკეთებით შემოიფარგლა. ეს სამუშაო შეასრულა მიქელანჯელოს მოწაფემ და ახლო მეგობარმა დანიელე და ვოლტერამ, რომელმაც მსოფლიო შედევრის გადარჩენაში გააზრებული წვლილი შეიტანა.

დღეს ვატიკანის მუზეუმს სიქსტეს კაპელის დასათვალიერებლად მილიონობით ტურისტი სტუმრობს და ბევრი დღესაც გაოცებულია, როგორ შეძლო მხატვარმა ვატიკანის მუზეუმის კედლებზე გამოსახული შედევრების შექმნა. თუმცა მიქელანჯელოს სრულყოფილი ფრესკები მხოლოდ მცირე ნაწილია იმ სიმდიდრისა, რომელიც ვატიკანის მუზეუმმა კაცობრიობას შემოუნახა, მათ შორის, უძვირფასესი ბიბლიოთეკა და უძველესი ხელნაწერები, სულ 800 ათასი წიგნი, თაროების საერთო სიგრძე კი, სადაც საიდუმლო არქივია, 50 კმ-ს შეადგენს.

ეს მხოლოდ მცირე ინფორმაციაა "პალიტრა L"-ის უნიკალური პროექტის, "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების" სერიიდან, რომლის მორიგ ტომში ვატიკანის მუზეუმის შესახებ საინტერესო ბიოგრაფიულ და ისტორიულ მონაცემებს ამოიკითხავთ. წიგნზე მთარგმნელმა მაია დონაძემ იმუშავა.

მაია დონაძე, მთარგმნელი: - "ვატიკანის მუზეუმები" - ასე ვუწოდეთ სერიის მორიგ ტომს, რადგან ამ შემთხვევაში მკითხველს მხოლოდ ერთ მუზეუმს არ გავაცნობთ, რადგან ვატიკანში რამდენიმე მნიშვნელოვანი მუზეუმია თავმოყრილი. მკითხველი გაეცნობა მუზეუმების დაარსების საინტერესო ისტორიას. როგორც წესი, მუზეუმების დაარსება სამეფო კართან ან საგვარეულო დინასტიასთან არის დაკავშირებული, თუმცა ვატიკანის მუზეუმები იმითაც გამოირჩევა, რომ მის შექმნაში რომის პაპები მონაწილეობდნენ და ისინი ვატიკანის განვითარებასთან ერთად იზრდებოდნენ, მაგალითად, თითოეული პაპი ამატებდა მისი სახელობის კაპელას. მსოფლიოში ცნობილი სიქსტუსის კაპელის შესახებ ბევრი რამ გვსმენია, თუმცა ვატიკანის მუზეუმში თავმოყრილია არანაკლებ დიდი მასშტაბის შედევრები, მათ შორის, რაფაელოს მიერ შექმნილი. ასევე ვატიკანის ცენტრალურ ნაწილში მოწყობილია ე.წ. ქანდაკებების ეზო, სადაც მსოფლიოში შედევრებად აღიარებული სკულპტურებია განლაგებული. გარდა მუზეუმების შექმნის ისტორიისა, წიგნი მოგვითხრობს ბიოგრაფიებსა და იმ დამოკიდებულებას ერთმანეთის მიმართ, რაც პაპებსა თუ მხატვრებს ჰქონდათ ერთმანეთთან. ხშირ შემთხვევაში მათი ურთიერთობა პაექრობაშიც კი გადაიზრდებოდა ხოლმე. ასე რომ, ვფიქრობ, წიგნი არა მხოლოდ ვატიკანის მუზეუმებს გაგვაცნობს, მოგვიყვება იმ ისტორიულ ფაქტებსაც, რამაც გავლენა მოახდინა ვატიკანის მუზეუმების განვითარებაზე. ვატიკანის მუზეუმები მეგზურობას გაგიწევთ როგორც ხელოვნების მოყვარულებს, ასევე მათ, ვინც მსოფლიოში სახელგანთქმული მუზეუმების კომპლექსის დათვალიერებას გეგმავთ.

რუსუდან შელია