ცნობილი "ცხენები"
მამუკა ხაზარაძე: "მიყვარს დინჯი ცხენები, მხედარს რომ გრძნობენ"
ჟანრი ლოლაშვილი: "როდესაც პაპა თავის ცხენს ეტყოდა, მიესალმე ხალხსო, თავს დაგიქნევდა და თვალს ჩაგიკრავდა. ეს პირველად რომ დავინახე, შემეშინდა და გავიქეცი..."
ასტროლოგების განმარტებით, ცხენის წელს ბარაქა და სიკეთე მოაქვს. ის ყველანაირ წინააღმდეგობას გადალახავს, თუმცა, ზოგჯერ უმართავია - ნებისმიერ დროს შეუძლია მიწაზე დაანარცხოს სუსტი მხედარი. მხედრებად ვივარგებთ თუ არა ქართველები, ჩვენს მარიფათზეა დამოკიდებული.
მიუხედავად იმისა, რომ ცხენოსნობა მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოს ისტორიასთან, გასული საუკუნის დასაწყისში კი გურულმა მხედრებმა მსოფლიო გააოცეს, დღეს ქართული ცხენოსნობა, როგორც სპორტული მიმდინარეობა, არასახარბიელო მდგომარეობაშია, რაც თურმე ძალიან აწუხებს "ცეცხლოვან ცხენს", 1966 წელს დაბადებულ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც მუხრანში უძველესი საჯინიბო აღადგინა და პატარა მხედრების უსასყიდლოდ აღზრდა გადაწყვიტა.
ცნობილი "ცხენები" აღმოჩნდნენ მსახიობი ჟანრი ლოლაშვილი და 1978 წელს დაბადებული ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, რომელიც ჟურნალისტთა უმრავლესობას ისე გაურბის, როგორც ველური მუსტანგი კოვბოის ლასოს. მან სხვა ენაწყლიანი "ცხენებისგან" განსხვავებით, ჩვენთან ლაპარაკი არ ისურვა...
მამუკა ხაზარაძე: - ცხენი ბაბუაჩემმა, კავალერისტმა ჟაკო ხუნდაძემ შემაყვარა. ათი წლის ვიქნებოდი, როდესაც პირველად წამიყვანა იპოდრომზე და ცხენზე დამსვა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გადმოვუგდივარ, მხედრობა იმდენად შემიყვარდა, რომ დღემდე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ასეთმა დამოკიდებულებამ განაპირობა მუხრან-ბატონის საჯინიბოს აღდგენაც. ახლა იქ 10 წმინდა სისხლის ცხენი გვყავს, ორი არაბული, დანარჩენები - ინგლისური. მოვიწვიეთ ამ დარგის პროფესიონალები, შევკრიბეთ მუხრანელი ბავშვები და უსასყიდლოდ ვწვრთნით სპორტსმენებად. უკვე ჩავატარეთ პირველი, საცდელი შეჯიბრება. გვინდა მომავალ წელს მუხრანში მოვაწყოთ საერთაშორისო კონკურსი, ყველა სტანდარტის დაცვით, ფულადი პრიზებით. იმედია, საცხენოსნო ფედერაცია ხელს შეგვიწყობს. ცხენოსნობა, როგორც ინდუსტრია, უნდა აღდგეს, რადგან ქართველებს ამ არაჩვეულებრივ ცხოველთან უდიდესი ისტორია გვაკავშირებს...
- ცხენთან ხასიათით საერთოს პოულობთ?
- ცხენთან ურთიერთობა, ისევე, როგორც ჩოხის ჩაცმა, ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენაა. ჩოხას ხელს გავუყრი თუ არა, ვღელავ და სხვანაირი ვხდები. ალბათ, ეს არის ჩოხის დანიშნულებაც, დიდი მოწიწება გეუფლება ყველასა და ყველაფრის მიმართ. ყოველდღიურობაში ის რიტუალის შეგრძნებას დაკარგავდა... ჩოხა ისე უნდა ჩაიცვა, როგორც წინათ ეცვათ. ჩოხაზე რომ საათს გაიკეთებ, ულაზათოა, ქამარი მოჭერილი რომ არა გაქვს და ხანჯალი აქეთ-იქით ქანაობს, არ შეიძლება...
რაც შეეხება ცხენს, კონტაქტი რომ მოხდეს, ისიც ემზადება და შენც. ახლა ერთი ცხენი მყავს, 4 წლისაა, გამიმართლა, წინა ცხენივით დინჯია. მიყვარს დინჯი ცხენები, მხედარს რომ გრძნობენ. აღმოვაჩინე, 20 წუთი რომ ვიჯდე ცხენზე, საკმარისია იმისთვის, რომ მუხრანიდან თბილისამდე გზაში ტელეფონით 20-30 კაცს მოვესიყვარულო. ცხენი ადამიანურობას გმატებს, საქმესაც მეტი ენთუზიაზმითა და ხალისით ვაკეთებ. ალბათ, ეს იმის შედეგია, რომ ცხენოსნობა ცუდ ენერგიას გაცლის. იღლები, მაგრამ თითქოს ახალი, სულიერი ენერგია გემატება. ერთადერთი სპორტია, სადაც სხვა შრომობს და შენ იღლები.
- ახალ წელს როგორ ხვდებით?
- ოჯახში, შვილებსა და მშობლებთან. ტრადიციული საჩუქრებითა და მილოცვებით... მერე ვუყურებთ ტელევიზორს და ვწუწუნებთ, რომ არც ერთ ახალ წელს კარგი გადაცემები არ არის(!).
ჟანრი ლოლაშვილი მიიჩნევს, რომ ძნელად მოსათვინიერებელი "ცხენია".
- ცხენივით ერთგული ვარ - უამრავი მიპატიჟება მქონია სხვადასხვა თეატრში, მაგრამ რუსთაველის თეატრიდან ფეხი არ გამიდგამს. არც რობერტ სტურუასთვის მიღალატია. ჩემი გახედვნა ძნელია, ხასიათი მაქვს კახური და სხვის ჭკუაზე სიარული არ მიყვარს, ეს სიჯიუტეს არ ნიშნავს, საკუთარი თავის ერთგულების ნიშანია. თუმცა ამ ასაკში უკვე თვითონ ვემორჩილები ყველას და ყველაფერს, სიტყვას ვემორჩილები, გულიდან წამოსულ სიტყვას... პაპაჩემს ჰყავდა ეზოს ცხენი, ნაფერები, დეკორატიული დანიშნულებით, არაფრით ტვირთავდნენ, არ რჯიდნენ, რატომღაც მორისი ერქვა, ძალიან ლამაზი და საოცარი ცხენი იყო. როდესაც პაპა ეტყოდა, მიესალმე ხალხსო, თავს დაგიქნევდა და თვალს ჩაგიკრავდა. ეს პირველად რომ დავინახე, შემეშინდა და გავიქეცი, ასეთ სიურრეალიზმს არ ველოდი, დიახ, პირველი სიურრეალისტური გაკვეთილი პაპაჩემის ეზოში მივიღე, კახეთში.
- 22 აპრილს დაბადებულხართ, თქვენსავით ცხენის წელში დაბადებული ლენინივით.
- რაღა ლენინის, იმანუელ კანტის დღეს ვარ დაბადებული. ლენინი ჩვენი დამაქცევარი იყო, ამაზრზენი მოვლენა.
- ახალ წელს როგორ ხვდებით?
- შინაურებთან, ოჯახში, მერე მოდიან მეგობრები და ვილხენთ, ვეფერებით ერთმანეთს. ერთი უბედურება გვჭირს - ჩვენს ასაკში ყოველწლიურად გვაკლდება ვიღაც. რაღაცნაირები ვხდებით, სევდიანები, ფიქრიანები, ამნეზიურებიც, მეტად კეთილები. ხალხს ვუსურვებ, რომ ერთმანეთის დაფასება და პატივისცემა ისწავლოს, რადგან ბოლო წლების გაკვეთილებმა ბევრი რამ გვაჩვენა, რანი უნდა ვიყოთ და რანი ვართ. სურვილი უნდა გვქონდეს იმისა, რომ სხვასაც მივეხმაროთ და მხოლოდ თავო და თავო არ გვანაღვლებდეს. ადამიანს დიდი ზრახვები უნდა ჰქონდეს, სხვაზე უნდა ფიქრობდეს, სხვისი სიყვარულით იყოს გაჯერებული და ყოველ დღეს დღესასწაულივით ატარებდეს. ადამიანს სხვაზე ფიქრი ალამაზებს.
ყველაზე ძვირად ღირებული ცხენები
მიმდინარე წლის ოქტომბერში ყველაზე ძვირად გაიყიდა ერთი წლის ცხენი. კატარის სამეფო ოჯახის კუთვნილმა, შეიხ იოაანის საჯინიბომ საგანგებო აუქციონზე 5 მილიონ 25 ათასი ბრიტანული გირვანქა სტერლინგი გადაიხადა ულამაზეს ფაშატში, ჯერ კიდევ უსახელო კვიცში, რომელიც სახელგანთქმული ულაყის გალილეოს ქალიშვილი და 2012 წლის ჩემპიონის, ოაქსის ღვიძლი დაა.
2013 წელს ცხენი ყველაზე ძვირად ღირებული სათამაშოების ნუსხაშიც მოხვდა. საქანელა ცხენის ღირებულება 1.28 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. იაპონიაში პრინც აკისინოს ოჯახში ვაჟიშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, იუველირმა ინზა თანაკამ საგანგებოდ პრინცისთვის შექმნა ძვირფასი საქანელა-ცხენი, რომლის დასამზადებლად 30 კგ ოქრო დასჭირდა.
მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული ულაყი Shareef Dancer-ია, რომელიც 1983 წელს არაბმა შეიხმა რაშიდ ალ მაქთუმმა 40 მილიონ დოლარად შეიძინა თავისი ბრიტანული საჯინიბოსათვის. ამერიკული წარმოშობის შარიფმაც პატრონს იმედები არ გაუცრუა და იმ წელს ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც კი შეიძლებოდა. კარიერის დამთავრების შემდეგ, შარიფი სასელექციო საკითხებშიც ჩემპიონი” აღმოჩნდა - მრავალი რეკორდის დამამხობელი ლეგენდარული ულაყი "დუბაი მილენიუმი" სწორედ შარიფის შთამომავალი გახლავთ.