"ბავშვობაში ძალიან მინდოდა თამარ მეფის საფლავი ჩვენს ეზოში აღმომეჩინა" - გზა ნაომარი სოხუმიდან მსოფლიო მოდის სამყარომდე - კვირის პალიტრა

"ბავშვობაში ძალიან მინდოდა თამარ მეფის საფლავი ჩვენს ეზოში აღმომეჩინა" - გზა ნაომარი სოხუმიდან მსოფლიო მოდის სამყარომდე

"არ ვამბობ, სად და როგორ უნდა ეცვას ქალს ჩემი შექმნილი სამოსი, ჩემთვის მთავარი სამოსის შექმნაა"

"ამ ცხოვრებაში მატერიალური არაფერია მუდმივი"

ფოტოგალერეა

ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მსოფლიო მოდის კრიტიკოსებსა თუ ამ სამყაროში მოღვაწე დიზაინერებს ყოველი ახალი ჩვენებით აკვირვებს. მისი კოლექციები მუდმივად უმაღლეს შეფასებებს იმსახურებს.

The Fashion Awards 2016-ის ცერემონიალზე, რომელიც ლონდონში, Royal Albert Hall-ში გაიმართა დემნა ძმასთან, გურამ გვასალიასთან ერთად, დააჯილდოვეს.

წლის საერთაშორისო დიზაინერად სწორედ ის - Balenciaga - ს კრეატიული დირექტორი და Vetements- ის კოლექციის შემქმნელი, დემნა გვასალია დასახელდა.

დიზაინერი სცენაზე ძმასთან ერთად მსოფლიო ვარსკვლავმა, მომღერალმა მერლინ მენსონმა მიიწვია.

დემნა გვასალიას სათხილამურო ქურთუკი, მოდის გამოცემამ Elle 2016-17 წლის ზამთრის ყველაზე ტრენდულ სამოსად დაასახელა.

ქართველი დიზაინერით ინტერესდებიან მსოფლიოს უდიდესი გამოცემები, მათ შორის The New York Times, რომელმაც ახლახან დემნასთან ინტერვიუ გამოაქვეყნა.

“ჩემი კოლექციის მთლიანად გაგება არ არის ადვილი, საქმეში ძალიან ტექნიკური ვარ და ჩემი მიდგომა ხშირად საკმაოდ კომერციულია... მკაცრად ვმუშაობ სამოსის კონსტრუქციაზე. არ ვამბობ, სად და როგორ უნდა ეცვას ქალს ჩემი შექმნილი სამოსი, ჩემთვის მთავარი სამოსის შექმნაა. სამოსის სხვადასხვა ნაწილი და ტექნიკა უფრო მაინტერესებს, ვიდრე სილუეტები და სტილი.“

დემნა გვასალიას წარმატება, დაუღალავ შრომას უკავშირდება, ის რვა წლის განმავლობაში სცენის მიღმა Margiela-ში მუშაობდა, სტუდენტობისას მას ლუი ვიტონის მოდის სახლთანაც მოუწია ურთიერთობა. აგნეს ბარეტი, რომელიც Margiela-სთვის ტალანტების მოძიებაზე მუშაობდა, გვასალიას მარჯელას ”სულიერ შვილს” უწოდებდა, შემდეგ კი ქართველი ვუნდერკინდი დიზაინერი ”ბალენსიაგას” კრეატიულ დირექტორად დაინიშნა.

"დემნა გვასალიას, როგორც ჩანს, სულ არ აშინებს, როგორ მიიღებს ხალხი ტანზე შემოხვეულ "აბაზანის ხალიჩას", - წერენ მოდის კრიტიკოსები დემნას ორიგინალური და უცნაური კოლექციის შესახებ, თუმცა მისმა შემოდგომა-ზამთრის კოლექციამ გულგრილი არავინ დატოვა. ფერადი ქუდები, შარფი-ხალიჩები და ბოტფორტები, რომლებზეც გაგიკვირდებათ და სახლის ფეხსაცმელია ამოცმული, ნამდვილად ახდენს შთაბეჭდილებას. ერთი სიტყვით, ახალი კოლექციის ნახვისას დარწმუნდებით, რომ "მოდა - საშიში ძალაა".

საინტერესოა როგორი იყო უკვე წარმატებული ქართველის გზა სოხუმიდან მსოფლიო მოდის სამყარომდე:

“გავიზარდე დიდ სახლში მშობლებთან, ძმასთან, ბებიასთან და ჩემს ბიძაშვილებთან ერთად. ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ვცდილობდი დამეჭირა თევზი მდინარეში, რომელიც სახლთან ახლოს მიედინებოდა; ძალიან მინდოდა ჩვენს ეზოში აღმომეჩინა თამარ მეფის საფლავი და საგანძური; ჩემს ბიძაშვილთან ერთად ბებიასთვის ვაწყობდი მუსიკალურ იმიტირებულ კონცერტებს; ეზოში ვიპარავდი საკუთარ მარწყვს... დღემდე მახსოვს იმ მაგნოლიების სუნი, რომელიც სკოლის გზაზე მხვდებოდა. ეს არის ულამაზესი ადგილი, სადაც აუცილებლად უნდა მეცხოვრა”, - ამბობს დემნა ერთ-ერთ ინტერვიუში და იქვე აგრძელებს:

“ომის შემდგომი პერიოდი ჩვენი ოჯახისთვის ძალიან რთული იყო - საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, ახალი ენების სწავლა, ახალ კულტურასთან ადაპტაცია, ორი დასასრულის ერთმანეთთან დაკავშირება... მიუხედავად ამისა, ამ ყველაფერმა მოგვცა იმის საშუალება, შევხვედროდი არაჩვეულებრივ ხალხს, აღმომეჩინა, გავცნობოდი საინტერესო ადგილებს, ცხოვრების საშუალებებს და გამეცნობიერებინა ერთი მნიშვნელოვანი რამ: ამ ცხოვრებაში მატერიალური არაფერია მუდმივი. და ეს გეხმარება იმაში, რომ კიდევ უფრო მეტად დააფასო ოჯახისა და მეგობრების სიყვარული..."

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა გადახაბაძე