ვისზე "გაცვალა" ზაური დარინამ? - როგორ გამოიყურება ახლა გოგონა ფილმიდან "რაჭა, ჩემო სიყვარულო" - კვირის პალიტრა

ვისზე "გაცვალა" ზაური დარინამ? - როგორ გამოიყურება ახლა გოგონა ფილმიდან "რაჭა, ჩემო სიყვარულო"

"მომწონდა, ან რა გასაკვირია, ძალიან ლამაზი იყო"

ფოტოგალერეა

ფილმი "რაჭა, ჩემო სიყვარულო", რომლის გმირები დღემდე ახლობელი არიან ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ფრაზები კი ზეპირად იცის მაყურებელმა, 1977 წელს გამოვიდა ეკრანებზე.

მთავარი გმირის, ზაურის როლის შემსრულებელი მსახიობი ბადრი კაკაბაძე ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ არაერთი როლი აქვს განსახიერებული, მისი სახელი მაყურებლისთვის უპირველესად ზაურის როლთან ასოცირდება:

- ამ ფილმით გამიცნო მაყურებელმა. თუმცა მანამდეც მქონდა პატარა-პატარა როლები ნათამაშები. მაშინ 21 წლის ვიყავი, ისეთ არტისტებთან მომიწია მუშაობამ, კაცი უკეთესს ვერ ინატრებს - დოდო აბაშიძე, იპოლიტე ხვიჩია, რამაზ ჩხიკვაძე... დღეს აღარავინ არის ცოცხალი, ყველაზე ბოლოს ლორთქია - გურამ ლორთქიფანიძე გარდაიცვალა, ახლა მგონი, ჩემი ჯერი დადგა. ზაურს მხიარულებითა და ენამოსწრებულობით ვგავარ. სხვა რითი უნდა ვგავდე - ხომ გახსოვთ, როგორ ახასიათებენ: "რა კაცი ხარ, კაცო: ქარაფშუტა შენა ხარ, ქარიხვეტია და ვინ იცის, კიდევ რა..."

გახსოვთ სცენა, ბესომ რომ გამარტყა? ვიცოდი, რომ უნდა დაერტყა და მომზადებული ვხვდებოდი, ინსტინქტურად თავს ვწევდი. ფილმის რეჟისორს, თემურ ფალავანდიშვილს გაუფრთხილებია: მაგი დარტყმას მარჯვენა ყბაში ელოდება და მარცხენაში უთავაზეო. მომიქნია და რა მომიქნია, იმ ცხონებულმა ბესო ხიდაშელმა ზომა-წონა არაფერში იცოდა, მართლა რაჭული დათვი იყო. გვარიანად შემაჟრიალა, როგორც რეჟისორს სურდა, ზუსტად იმგვარად. ისე ბუნებრივად გამოვიდა, რომ მეტი დუბლი აღარც გადაუღიათ.

- თქვენს პარტნიორზე, დარინას როლის შემსრულებელზე, რას გაიხსენებთ?

- იმ დროს ჩეხოსლოვაკიელების უპირველესი მსახიობი იყო, ჩემზე ორიოდ წლით უფროსი...

- ამბობდნენ, ბადრის შეუყვარდაო...

- ძალიან მომწონდა, ან რა გასაკვირია, ძალიან ლამაზი იყო, თანაც იმ დროს ცოლს გავცილდი. თუმცა ფილმის გამოსვლის შემდეგ აღარც მინახავს. (იხილეთ ინტერვიუ)

მოგეხსენებათ, ფილმში შეყვარებული დარინა ზაურთან, რაჭაში რჩება, თუმცა ცხოვრებაში ყველაფერი სხვანაირად მოხდა და გადაღების დასრულებიდან რამდენიმე დღეში ანდრეა თურმე სხვაზე გათხოვდა... მისი რჩეული როკ-მუსიკოსი, ჯგუფ "ოლიმპიკის" გიტარისტი ლადისლავ კლეინი იყო. ჰყავს ერთი შვილი - ჩოგბურთელი სანდრა კლეინი.

ფილმის გადაღებისას, ანდრეა ჩუნდერლიკოვა ჩეხეთში უკვე ცნობილი მსახიობი იყო. როგორც ჩეხური მედიისგან ვიგებთ, 1964 წელს, გადასაღებ მოედანზე შემთხვევით მოხვდა - ფილმისთვის "მაღალი კედელი" მთავარი როლის შემსრულებელს ეძებდნენ, რეჟისორის ასისტენტებმა ერთ-ერთ სკოლაში 12 წლის ულამაზესი გოგონა შეამჩნიეს, ზუსტად ის ტიპაჟი, ვინც სჭირდებოდათ...

15 წლისა უკვე ხუთ ფილმში იყო გადაღებული, 1967-დან 1977 წლამდე პერიოდი მსახიობისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა.

სამშობლოში განსაკუთრებული პოპულარობა 1977 წელს გადაღებულმა სერიალმა "ქალაქის განაპირას მდებარე საავადმყოფომ" მოუტანა.

თუმცა ანდეამ კინოკარიერა მალევე შეწყვიტა, მენეჯერის პროფესიას დაეუფლა და სულ სხვა სფეროში განაგრძო საქმიანობა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ერთი ქალიშვილი სანდრა კლეინი ჰყავს, რომელიც საკმაოდ ცნობილი ჩოგბურთელია. მან აქტიურ სპოტს 2007 წელს დაანება თავი. 2008 წელს ანდრეა ბებიაც გახდა. ამჟამად პრაღაში ცხოვრობს. ამ რამდენიმე წლის წინ მასთან ქართული გადამღები ჯგუფი ჩავიდა, თურმე ძალიან გაუხარდა. გაკვირვებულს უთქვამს, მიხარია საქართველოში თუ კიდევ ვახსოვარ ხალხსო.

იხილეთ ფოტოგალერეა