"დაბნეული ვიყავი, თვითონ დამასწრო და მითხრა, მოდი, სურათი გადავიღოთო" - მოულოდნელი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან აბასთუმნის ტყეში
არქივი, ფოტო გადაღებულია 2018 წელს
რამდენიმე დღის წინ, ელენე ჭანტურიძის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულმა ფოტომ დიდი ინტერესი გამოიწვია. ფოტოზე ელენე შვილებთან და არც მეტი, არც ნაკლები, ბიძინა ივანიშვილთან ერთად იყო აღბეჭდილი. "ყოჩაღ, ელენე! სად შეხვდი?"; "ნამდვილია თუ ორეული?"; "რაო, რა თქვა ბიძომ, გამოსწორდება ეს ქვეყანაო?"; "ბიძინაც წაიყვანეთ დასასვენებლად?" - წერენ კომენტარებში.
ელენე 34 წლისაა, პროფესიით ექთანი და მეუღლესთან, თამაზ კამლაძესთან ერთად ზესტაფონში ცხოვრობს. 2 შვილი ჰყავს: 9 წლის ავთო და 4 წლის გიორგი.
- ერთი კვირაც არ არის, რაც აბასთუმანში დასასვენებლად ჩამოვედი, შვილებთან ერთად. ორშაბათ დილას ბავშვები ტყეში გავასეირნე და უცებ ავთომ იყვირა: - დედა, ეს ბიძინა ივანიშვილი არ არისო? თავიდან მეგონა, ხუმრობდა ან ვიღაცა მიამსგავსა და მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე... ისეთი მოულოდნელი იყო იქ ივანიშვილის დანახვა, რომ ბავშვებმა ემოცია ვერ დაფარეს. არ ვიცი, შეამჩნია თუ არა ეს ბატონმა ბიძინამ, მაგრამ ჩვენკენ წამოვიდა. თან, რა თქმა უნდა, დაცვა ახლდა. მოვიდა, მოგვესალმა, გვკითხა, საიდან ვიყავით, როგორ ვისვენებდით. ვუთხარი, - ძალიან მოულოდნელი იყო თქვენთან შეხვედრა და ძალიან დავიბენი-მეთქი.
- ფოტოს გადაღება თვითონ სთხოვეთ? - რა თქმა უნდა, არა (იცინის). იმდენად დაბნეული ვიყავი, ალბათ ვერც მოვიფიქრებდი. უფრო სწორად, ვერ გავუბედავდი თქმას, თვითონ რომ არ გამოეთქვა სურვილი. ცოტა გონზე რომ მოვედი, კი გავიფიქრე, კარგი იქნებოდა, ფოტო რომ გადაგვეღო-მეთქი, მაგრამ თვითონ დამასწრო და მითხრა, მოდი, სურათი გადავიღოთო. ჯერ მისმა თანმხლებმა ფოტოგრაფმა გადაგვიღო, მერე ჩემი ტელეფონითაც გადაიღეს. ასე აღმოვჩნდით კადრში ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ავტვირთე თუ არა ფოტო, უამრავი გამოხმაურება ჰქონდა...
- ალბათ ბავშვები ძალიან გახარებულები არიან, არა?
- მითხრა, ძალიან ლამაზი და საყვარელი შვილები გყავსო. ორივეს ჰკითხა, რა გქვიათ, სად ცხოვრობთ, რამდენი წლისები ხართო? ავთოც და გიორგიც ისეთი გახარებულები იყვნენ, იმ დღეს ყველას უყვებოდნენ ჩვენი შეხვედრის ამბავს. თბილად მოეფერა ორივეს, ბოლოს ბედნიერი დასვენება გვისურვა და დაგვემშვიდობა.
სასტუმრო "აბასთუმნის" ხელმძღვანელი, გენადი ენდელაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი აბასთუმნელებს ინფრასტრუქტურული პროექტების დროულად განხორციელებას დაჰპირდა:
- შემოვიდა კულტურულად, ადამიანურად. გადახედა, სიტუაციას. ხალხს შეხვდა და უთხრა, რომ დასახმარებლად იყო ჩამოსული. ჩამოიარა წყლის სანაპიროები... ყველა ობიექტს ნახულობს, ვის რა დახმარება სჭირდება, მეც მკითხა. თვითონ ნახა ყველაფერი. - არ ვიცოდი, აბასთუმანი ასე ძალიან თუ იყო ჩამორჩენილი და აუცილებლად უნდა ვუშველოთო. გამგებელთან ერთად ყველაფერს წერენ და გეგმავენ. სპეციალურად ჩამოვიდა, რომ აქაურობას თავისი ხელი დაატყოს. ტელეფონში უთხრა ვიღაცას, სასწრაფოდ გაამზადეთ პროექტიო, მაგრამ ვის ესაუბრა, არ ვიცი.
ნინო ჯავახიშვილი