ბუნიათიშვილი, კანდელაკი, გოდუაძე და სხვანი - ვინ არიან უცხოეთში მოღვაწე ყველაზე წარმატებული ქართველი ქალბატონები - კვირის პალიტრა

ბუნიათიშვილი, კანდელაკი, გოდუაძე და სხვანი - ვინ არიან უცხოეთში მოღვაწე ყველაზე წარმატებული ქართველი ქალბატონები

ეს მშვენიერი ქალბატონები წლებია ქვეყნის გარეთ მოღვაწეობენ და საქართველოს სახლი ბევრჯერ ასახელეს. ზოგიერთ მათგან პატარაობიდანვე მოუწია ქვეყნის დატოვება, ზოგიც მერე წავიდა, თუმცა სამშობლოშიც ბრუნდებიან და თავიანთი შემოქმედება ხალხს აცნობენ. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს...

ფოტოგალერეა

ქართველ პიანისტს ხატია ბუნიათიშვილს არაერთი კონცერტი გაუმართავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ის რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მსმენელი მოჯადოებულია არა მარტო მისი ნიჭიერებითა და პროფესიონალიზმით, ასევე სილამაზითაც. მისი კონცერტები იმართება ისეთ ცნობილ დარბაზებში, როგორიცაა, პარიზის შანზ-ელიზეს თეატრი, ლუვრის აუდიტორიუმი, ვენის კონცერტჰაუსი, მონაკოს ოპერა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და სხვა.

წარმოშობით ქართველი მომღერალი ქეთი მელუა ქუთაისში დაიბადა. თბილისსა და ბათუმში ცხოვრების შემდეგ მისი ოჯახი ჯერ ირლანდიაში, შემდეგ კი ინგლისში დასახლდა. მას არაერთი პრიზი და მილიონობით გაყიდული ალბომი აქვს. 2006 წელს ქეთი მელუა შეიყვანეს "გინესის რეკორდების წიგნში" ზღვის დონიდან ყველაზე ღრმად კონცერტის ჩატარებისთვის. მელუამ და მისმა მუსიკალურმა ბენდმა ჩრდილოეთის ზღვაში მდგარ გაზის ჭაბურღილზე, 303 მეტრით ზღვის ქვეშ მდებარე შახტაში, არაჩვეულებრივი კონცერტი ჩაატარეს. თაკო ნაცვლიშვილი თაკო ნაცვლიშვილი ბოლო დროის ყველაზე ტიტულოვანი ქართველი მოდელია. გამოდიოდა ისეთი მაღალი კლასის მოდის სახლების ჩვენებებზე, როგორებიცაა: "ვერსაჩე", "არმანი", "დოლჩე&გაბანა", "ელი სააბი", "რალფ&რუსო", "დიორი"... თაკო "არმანის" 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის სახე გახდა. თაკომ ორჯერ მიიღო მონაწილეობა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდის "ვიქტორია სეკრეტის" "ქასთინგში", სამწუხაროდ, არ გაუმართლა, თუმცა მოდელი დანებებას არ აპირებს და ჩვენც წარმატებას ვუსურვებთ ქართველ ლამაზმანს.

ქართველი საოპერო მომღერალი ანიტა რაჭველიშვილს 2009 წელს დიდი წარმატება მოუტანა ლა სკალას სეზონის გახსნაზე სპექტაკლ "კარმენში" შესრულებულმა მთვარმა როლმა. მას შემდეგ მან კარმენის პარტია შეასრულა მსოფლიოს უდიდეს სცენებზე, როგორიცაა მეტროპოლიტენის ოპერის თეატრი, ბერლინის, ბავარიის, სიეტლის და სხვა ქალაქების ოპერები. ანიტა რაჭველიშვილს 2014 წლიდან ჰყავს ჯაზ-ბენდი, რომელსაც მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი ხელმძღვანელობს.

ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე წლებია საბერძნეთში წარმატებით მოღვაწეობს. ბოლო ხანს თამთა საქართველოშიც იმყოფებოდა და პროექტ "X ფაქტორის" ჟიურის წევრიც გახლდათ.

რუსეთში მოღვაწე მომღერალი ქეთა თოფურია ჯგუფ "ა-სტუდიოს" ვოკალისტია. ის წლებია რუსეთში წარმატებით მოღვაწეობს. მუსიკალურ კარიერასთან ერთად, დიზაინერობასაც ითავსებს და ტანსაცმლის საკუთარი ხაზიც აქვს.

ქართველი მეცოსოპრანო ნინო სურგულაძე უკვე წლებია უცხოეთში მოღვაწეობს და ევროპის არაერთ სცენაზე იპყრობს მსმენელის გულს. მას შესრულებული აქვს წამყვანი პარტიები ვერდის, შტრაუსის, შოსტაკოვიჩის, ოფენბახის, მოცარტის, ბეთჰოვენის, ჩაიკოვსკის და სხვათა ოპერებში. თინა კანდელაკი

ქართველი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი თინა კანდელაკი წლებია რუსეთში მოღვაწეობს. ის დაახლოებულია რუსეთის როგორც პოლიტიკურ, ისე სახელოვნებო წრეებთან. როგორც ამბობენ, საკმაო გავლენაც აქვს.

თამარ პაზიაშვილს ამერიკაში თამარ პაზის სახელით იცნობენ, მან უმაღლესი განათლება პარიზის მარი და პიერ კიურის სახელობის უნივერსიტეტში მიიღო, 2007 წელს კი მეუღლესთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც სტენფორდის უნივერსიტეტში პოსტდოქტორანტის პოზიცია დაიკავა. ნიჭმა და დაუღალავმა შრომამ ნაყოფი მალე გამოიღო - 33 წლის ასაკში თამარ პაზიაშვილი სან-ფრანცისკოსა და სტენფორდის უნივერსიტეტების ასისტენტ-პროფესორი გახდა და ლაბორატორიის გახსნა შესთავაზა გლადსტოუნის ინსტიტუტმა.

ქართველ მეცნიერს თამარ პაზიაშვილი ეპილეფსიის კვლევის საკითხებში შეტანილი წვლილისთვის პრესტიჟული Michael Prize-ით დააჯილდოეს - Michael Prize ნობელის პრემიის შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ჯილდოდ ითვლება მსოფლიოში. 34 წლის მეცნიერებათა დოქტორს ჯილდო გადაეცა აღმოჩენისთვის, რომლის საშუალებითაც მღრღნელებს ოპტოგენეტიკის დახმარებით ეპილეფსიური კრუნჩხვები დაწყებისთანავე უწყდებათ. ეს ხერხი მეცნიერებს საშუალებას აძლევს, ტვინის გარკვეული უჯრედები სინათლის საშუალებით გაააქტიურონ ან "გამორთონ." ასევე ქართველ მეცნიერს ეკუთვნის ნეირონების წრედის აღმოჩენა, რომელსაც კრუნჩხვების შეჩერება შეუძლია.

დალი უბილავა-დე გრააფი ევროპის კოსმოსური სააგენტოს, ESA/ESTEC-ის ერთადერთი ქართველი თანამშრომელია. მას მსოფლიოს წამყვანი კოსმოსური სააგენტოებიდან ერთ-ერთში, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ვიზიტორთა ცენტრში (Space Expo), თანამედროვე კოსმოსური პროგრამების კურსი მიჰყავს.

იხილეთ ფოტოგალერეა