"ეკამ მითხრა, - უტა დაგვიბრუნდა თვითიზოლაციიდან და ვზეიმობთო" - რას ჰყვება ეკა ჭიჭინაძე ივანიშვილების ოჯახზე?
მხატვარი ნიკუშა შენგელაიას ოჯახი კარანტინისას - ბოლო ორი თვის განმავლობაში წყნეთში იმყოფებოდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ოჯახს მათთან განსაკუთრებული სიახლოვე აქვს. თუ როგორ გაატარა ამ ორმა ოჯახმა თვითიზოლაცია, ამის თაობაზე ნიკუშა შენგელაიას მეუღლეს - ეკა ჭიჭინაძეს გავესაუბრეთ...
- ორი თვეა სახლიდან არ გავსულვარ... წყნეთში ვართ და აქ შედარებით ადვილია იზოლაციის ატანა, ეზოში მაინც გავდივართ. მართალი გითხრათ, ძალიან მომეწონა, ბევრი დრო მქონდა ჩემი თავისთვის, ვარჯიშიც კი დავიწყე, სულ მეზარებოდა და რაც მთავარია გამიმართლა, რომ ჩემი ვაჟი - გიორგი საახალწლოდ არდადეგებზე ჩამოვიდა ბოსტონიდან და დარჩა. მომენატრა სტუმრები, ანუ ის ადამიანები, ვინც მიყვარს. ყოველთვის ვიცოდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებთან ურთიერთობა, ნახვა და არა მესიჯები და ონლაინურთიერთობები… მოკლედ, ამ იზოლაციას დადებითი მხარეც ჰქონდა და უარყოფითიც. რთული არ ყოფილა, პირიქით ვიყავით მშვიდად და მინდა, სრულიად ობიექტურად გითხრათ, რომ ასე დაცულად თავი არასდროს მიგრძვნია!
დავინახე ჩემზე მზრუნველი ხელისუფლება, პროფესიონალები, ექიმები, ექთნები, პოლიციელები. საოცრად იმუშავეს და შედეგიც დავინახეთ. ასე მარტო მე არ ვფიქრობ! ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი ხედავს ამას და ის რაღაცნაირი ოპოზიცია საერთოდ არ მაინტერესებს, ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან!
მინდა გამოვიყენო ეს საშუალება და მადლობა გადავუხადო ეკას და ბიძინას იმ სიკეთეებისთვის, რასაც ისინი ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებენ! ამაყი ვარ, რომ ისინი ჩემი მეგობრები არიან და დადგება დრო როდესაც თაობები დააფასებენ ამ ოჯახის ღვაწლს. უსაქმურების კრიტიკა არავის აინტერესებს. მალე ყველაფერი კარგად იქნება!
- ამ რთულ პერიოდში თუ გქონდათ ერთმანეთთან კონტაქტი, როგორ გაატარეს ბოლო ორი თვე?
- უტა იზოლაციაში იყო, ახლა უკვე შინ არის... მშვიდად არიან და თავს იცავენ, როგორც ჩვენ ყველა. დაბადების დღე მქონდა 2 მაისს და განსაკუთრებული სითბოთი მომილოცეს...
- გვანცა ივანიშვილიც საქართველოშია? უტას საქართველოში დაბრუნებას დიდი გამოხმარერბა მოჰყვა, ამბობდნენ, რატომ არ გადაიყვანეს კარანტინშიო? საინტერესოა, სად იმყოფებოდა თვითიზოლაციისას?
- გვანცა ამერიკაშია... არ ვიცი, უტა სად იყო იზოლაციაში, ეკამ მითხრა ტელეფონით საუბარში, - დღეს უტა დაგვიბრუნდა იზოლაციიდან და ვზეიმობთო... მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან შეკრული ოჯახი, სადაც თითოეული მათგანი ერთმანეთს უდიდეს პატივს სცემს, ერთმანეთს ძალიან უფრთხილდებიან!