"კოლია არასდროს იქნება ჩემი მემკვიდრე. არ მინდა, არავითარ შემთხვევაში" - ვინ არიან და რას საქმიანობენ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილები
დემოკრატიულ სამყაროში მაშინ, როცა ყველა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიის დამყარებაზე იბრძვიან, ყველას ყურადღებას ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო იქცევს.
ალექსანდრე ლუკაშენკო 1954 წელს, 30 აგვისტოს, ბელარუსში დაიბადა. მომავალ პრეზიდენტს დედა - ეკატერინა ტროფიმოვა მარტო ზრდიდა. ის ფერმაში მუშაობდა.
ლუკაშენკოს მშობლები ერთად არ ცხოვრობდნენ და მამის შესახებ ინფორმაცია თთქმის არ მოიპოვება. ცნობილია, რომ ის მეტყევე იყო. მომავალი პრეზიდენტი სოფელში იზრდებოდა და საშუალო სკოლაშიც, იქ სწავლობდა.
როგორც ცნობილია, ის პატარაობიდან ეხმარებოდა დედას ყველა საქმის შესრულებაში, მათ შორის - საოჯახო საქმეებში, პარალელურად კი, მუსიკალური სკოლაც დაამთავრა და ლექსებსაც წერდა.
სკოლის დამთავრების შემდეგ ლუკაშენკომ პედაგოგიურ ინსტიტუტში, ისტორიის ფაკულტეტზე ჩააბარა. სწავლის დასრულების შემდეგ სკოლაშიც იმუშავა, ხოლო რამდენიმე თვეში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოსახდელად წავიდა და КГБ-ს სასაზღვრო ჯარში მსახურობდა. მან სამხედრო სამსახური ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით დაასრულა. საბოლოოდ, ის პოლიტიკურ სარბიელს შეუერთდა და ქვეყნის პრეზიდენტიც გახდა. ლუკაშენკო ბელარუსის პირველი და ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც ქვეყანას უკვე ორი ათეული წელია, მართავს. როგორც ამბობენ, ის ერთადერთი დიქტატორია, რომელიც ევროპის ქვეყანას მართავს.
პრეზიდენტის ვაჟები
პრეზიდენტს საკმაოდ დიდი ოჯახი ჰყავს. თუმცა, როგორც ამბობენ, მისი პირადი ცხოვრება არ არის ისეთივე სტაბილური, როგორც პოლიტიკური კარიერაა. პირველი ქორწინებიდან მას ორი ვაჟი ჰყავს: ვიქტორი და დიმიტრი.
ისინი მაღალ თანამდებობებსაც იკავებენ - ვიქტორ ლუკაშენკო ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტში, ქვეყნის პირველი პირის მრჩეველია, ხოლო დიმიტრი, საპრეზიდენტო სპორტული კლუბის ცენტრალური კომიტეტის ხელმძღვანელია.
პრეზიდენტის მეუღლის, გალინა ლუკაშენკოს თქმით, "ვიტიას ყველა ინფექციური დაავადება აქვს გადატანილი, რაც შეიძლება ბავშვს აწუხებდეს". როგორც ცნობილია, სწორედ ბავშვის ავადმყოფობის გამო ოჯახი იძულებული გახდა, სოფელში გადასულიყო საცხოვრებლად.
დიმიტრი ვიქტორზე 5 წლით უმცროსია
"მას რბილი ხასიათი აქვს, ისეთივე, როგორც დედამისს", - ერთხელ თქვა ალექსანდრე ლუკაშენკომ შვილზე.
ოფიციალური ინფორმაციით, 2004 წელს პრეზიდენტს ვაჟი - ნიკოლაი შეეძინა, როგორც ამბობენ, ლუკაშენკოს ვაჟი ოჯახის ყოფილ ექიმთან - ირინა აბელსკაიასთან შეეძინა.
2004 წელს ნიკოლაი მაშინ გაჩნდა, როცა ლუკაშენკო 50 წლის იუბილეს აღნიშნავდა. მას ხშირად "ტახტის მემკვიდრესაც" ეძახიან და პრინც უილიამსაც ადარებენ.
თავდაპირველად არავინ საუბრობდა ბავშვის შესახებ, მათ შორის - არც ირინა აბელსკაია, თუმცა საზოგადოების წინაშე კოლია 3 წლის ასაკში გამოჩნდა. ლუკაშენკომ დაადასტურა, რომ "პატარა პრინცი" მისი ვაჟი იყო.
ნიკოლაი ხშირად ესწრება მამისა და სხვა პირველი პირების შეხვედრებს. ის წარუდგინეს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ორ რომის პაპს, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს ბარაკ ობამას, ესწრებოდა ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესთან შეხვედრასაც.
მსგავსი შემთხვევების გამო, საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ პრეზიდენტი ვაჟს საპრეზიდენტოდ ამზადებს.
ჟურნალისტებმა ლუკაშენკოს რამდენჯერმე დაუსვეს კითხვა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა როგორც ის ამბობს, შვილს "პრეზიდენტის ბედის" გაზიარებას არ უსურვებს.
როგორც ლუკაშენკომ თქვა, ნიკოლაი მამის გარეშე არ ჩერდება - არც ჭამს და არც სძინავს, სწორედ ამიტომ ის შვილს ყველგან თან ატარებს.
ერთხელ ბელარუსის ლიდერმა თქვა, თუ ოფიციალურ შეხვედრებზე პრეზიდენტის ძაღლის დასწრებაა დასაშვები, რატომ არ შეიძლება პრეზიდენტს თან შვილი ახლდესო.
ჰოკეით, მუსიკითა და კომპიუტერული თამაშებით გატაცებულმა "პრინცმა" 2019 წელს ქიმიაში ოლიმპიადაც მოიგო, ხოლო ოლქის მასშტაბით 2020 წელს - მესამე ხარისხის დიპლომის მფლობელიც გახდა.
2020 წელს ლუკაშენკო სამივე ვაჟთან ერთად მოსკოვში, აღლუმზე დასასწრებად ჩავიდა, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო 9 მაისის ნაცვლად 24 ივნისს ჩაატარეს. ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარს ვაჟი ნიკოლაი უმშვენებდა და მთელი საზოგადოება ახალგაზრდა "პრინცზე" საუბრობდა, ამ დროს კი, პირველი პირების მისალმებისას ვლადიმერ პუტინმა ბიჭს ხელი არ ჩამოართვა და არ მიესალმა. როგორც ამბობენ, ამ ჟესტით პუტინმა ახალგაზრდა ყმაწვილს ადგილი მიუჩინა და მიუთითა, რომ მისი ამბიციები ვერ გაუთანაბრდება პუტინის პოლიტიკურ წონას.
ტელეწამყვან დიმიტრი გორდონთან ბელარუსის პრეზიდენტმა კოლიაზე ისაუბრა:
"მამებისა და შვილების პრობლემა ყველასთვის ცნობილია. ჩემი შვილი კოლია ოპოზიციურადაა განწყობილი. ის სხვა ცხოვრებასაც ხედავს. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა, ყველაფერში ერკვევა. ვერაფერს მოატყუებ, ხან მაკრიტიკებს კიდეც.
კოლია განსაკუთრებული ბავშვია, ღმერთმა ის ნორმალური ტვინით დააჯილდოვა. სპორტსმენია და ფორტეპიანოზეც შესანიშნავად უკრავს. უკვე 5 სანტიმეტრითაა ჩემზე მაღალი. მას არ აქვს განდიდების მანია. ყველაფერში მოგეხმარება. ეშინია, ისე არ მოიქცეს, რომ მამაზე ცუდი თქვან", - ამბობს გორდონთან ლუკაშენკო.
"კოლია არასდროს იქნება ჩემი მემკვიდრე. არ მინდა. ხან ვსაუბრობთ ამ საკითხზე, ის ხშირად დამყვებოდა შეხვედრებზე, წინასაარჩევნო კამპანიისას ჩემ გვერდით იყო და სხვანაირ ბავშვად იქცა. უფრო გაიზარდა, მთელი სამზარეულო შიგნიდან დაინახა. ეს სიბინძურე... არა, არავითარ შემთხვევაში", - თქვა პრეზიდენტმა შვილზე.
"კოლიამ უცხო ენა სოფლის სკოლაში ისწავლა. ჩინეთში პაკისტანის ახალ პრეზიდენტთან შეხვედრისას ის ყველაფერს მითარგმნიდა, არადა, პაკისტანელთა ინგლისური საშინელია. საგარეო საქმეთა მინისტრის თარჯიმანი მომიახლოვდა, გაოცებული იყო, მითხრა, რომ მასაც კი არ ესმოდა საუბარი, კოლიამ კი ყველაფერი თარგმნა.
შეუძლია მოვიდეს, მუხლებში ჩამიჯდეს, ის ყველაზე ახლობელია, ვინც მყავს. ჰო, მას პუტინიც ძალიან კარგად ექცევა, ის ხომ მის თვალწინ გაიზარდა", - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.