რა შესთავაზა პუტინმა ობამას და რატომ თქვა ვაშინგტონმა უარი მდევედევის თაოსნობით დელეგაციის მიღებაზე? - კვირის პალიტრა

რა შესთავაზა პუტინმა ობამას და რატომ თქვა ვაშინგტონმა უარი მდევედევის თაოსნობით დელეგაციის მიღებაზე?

დასავლურ და რუსულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონმა უარი განაცხადა რუსეთის სამხედრო დელეგაციის მიღებაზე, რომელსაც პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი ხელმძღვანელობდა. შეხვედრის, რომლის მთავარი საკითხი სირიის კრიზისი უნდა ყოფილიყო, ინიციატორი ვლადიმირ პუტინი იყო.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს ოფიციალურად შეატყობინა, რომ ვაშინგტონი არც რუსული დელეგაციის მიღებას აპირებს და არც საკუთარი დელეგაციის მოსკოვში გაგზავნას. მისივე თქმით, შეთავაზება მოსკოვის მხრიდან სექტემბრის ბოლოს, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრისას გაკეთდა. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე კი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა საჯაროდ ისაუბრა დაგეგმილ ვიზიტზე ამერიკაში, თუმცა ვაშიგნტონისგან უარი მოვიდა.

რუსული მხარის განცხადებით, შეხვედრაზე უარის თქმა ნიშნავს, რომ ვაშინგტონს არ სურს დიალოგი და კრიზისის მოგვარება. პუტინის თქმით, მას არ ესმის რატომ აკრიტიკებს ვაშინგტონი რუსეთის ქმედებებს მაშინ, როდესაც თავად უარს ამბობს დიალოგზე. პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი "კარს ღიას ტოვებს" ყველასთვის, ვინც სირიაში კრიზისის მოგვარებით არის დაინტერესებული.

ვაშინგტონი უარს იმით ხსნის, რომ პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ რუსეთმა სირიაში საჰაერო იერიშები დაიწყო და მის სამიზნეებს შორის ამერიკის მხარდაჭერილი ოპოზიციური ძალებიც მოხვდნენ. ორი ქვეყნის ინტერესები სირიაში ერთმანეთს უპირისპირდება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა აშშ-ს თავდაცვის მინისტრ ეშტონ კარტერთან საუბარზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან მოლაპარაკებას მხოლოდ ამერიკის კოალიციასა და რუსეთის შესაძლო საჰაერო კონფლიქტების თავიდან აცილების თაობაზე აწარმოებს.

ვაშიგნტონი მზადაა რუსეთთან მოლაპარაკება მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე აწარმოოს. თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი არ არის დაინტერესებული მოლაპარაკებებით, ვიდრე რუსეთი უარს ამბობს "ისლამური სახელმწიფოს" საწინააღმდეგო მოქმედებებში მონაწილეობაზე. მანამდე ვაშინგტონი მოსკოვის შეთავაზებულ ანტიტერორისტულ გეგმებს უპასუხოდ ტოვებს.

თარგმნა ნატო მუჯირიშვილმა

წყარო