Stratfor: А321-ის ავიაკატასტროფა ბორტზე ატანილმა ასაფეთქებელმა ნივთიერებამ გამოიწვია?! - კვირის პალიტრა

Stratfor: А321-ის ავიაკატასტროფა ბორტზე ატანილმა ასაფეთქებელმა ნივთიერებამ გამოიწვია?!

ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის რამდენიმე ვერსია უკვე გავრცელდა, მათ შორისაა თვითმფრინავის ტექნიკური გაუმართაობა და ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების თავდასხმა, თუმცა ეს უკანასკნელი ეგვიპტის პრეზიდენტმა კატეგორიულად გამორიცხა.

ამერიკული სადაზვერვო და ანალიტიკური სააგენტო stratfor-ი ეგვიპტეში რუსული ლაინერის A321-ის ჩამოვარდნის ყველაზე დამაჯერებელ მიზეზად ბორტზე დამონტაჟებულ ასაფეთქებელ მოწყობილობას ასახელებს. ამ ვერსიის მიხედვით, შესაძლოა მგზავრებს შორის თვითმკვლელი ტერორისტი იმყოფებოდა, ან ასაფეთქებელი მოწყობილობა საბარგულში იყო დამალული.

სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, სინაის ნახევარკუნძულზე ლაინერის ჩამოვარდნის სხვა ვერსიებიც არ არის გამორიცხული ჯერჯერობით, თუმცა ისინი ნაკლებად დამაჯერებელია. "იქიდან გამომდინარე, რომ ალტერნატიული სცენარები ნაკლებად დამაჯერებელია, თვითმფრინავის ვარდნის ყველაზე დამაჯერებელი ახსნა ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობაა", - ასკვნიან stratfor-ის სპეციალისტები.

(იხილეთ ასევე: მფრინავმა კაიროს აეროპორტში დაშვება ითხოვა და... რადარების ეკრანებზე გამოსახულება გაქრა)

stratfor-ის ანალიტიკოსების მონაცემებით, აეროპორტი შარმ-ელ-შეიხი, საიდანაც რუსული ლაინერი აფრინდა, არ ფლობს უსაფრთხოების საიმედო სისტემას, შესაბამისად, ბოროტმოქმედებს დიდი შრომა არ დასჭირდებოდათ იქ ასაფეთქებელი მოწყობილობის შესატანად. თვითმფრინავის ჩამოვარდნის სტილიც, ავტორთა აზრით, ამყარებს აღნიშნულ ვერსიას ბორტზე აფეთქების შესახებ: თვითმფრინავმა სწრაფად დაიწყო სიმაღლიდან ვარდნა და ნაწილებად დაიშალა. თუმცა, ანგარიშის ავტორები აღიარებენ, რომ ამ დრომდე არ არსებობს არანაირი შეტყობინება იმაზე, რომ A321-ის ნამსხვრევებს შორის ასაფეთქებელი ნივთიერების კვალი აღმოჩნდა.

stratfor-ის ანალიტიკოსები საკუთარ დასკვნებს ჯიჰადისტების მიერ თვითმფრინავის ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანის სხვა მცდელობებზე დაყრდნობით აკეთებენ.

პირველ რიგში, ტერორისტები ავიალაინერებს სამიზნედ მისი დაუცველობის გამო არჩევენ - ასაფეთქებლის შედარებით მცირე რაოდენობაა საჭირო ფართო მასშტაბიანი დესტრუქციის მოსაწყობად. გარდა ამისა, მედიის განსაკუთრებული ყურადღება საშუალებას იძლევა ტერაქტის ფართო მასებში ილუსტრირებისთვის.

შავი ყუთების გაშიფვრა უკვე დაწყებულია

stratfor-ის თანამშრომლები იხსენებენ ჩეჩენი თვითმკვლელი ტერორისტების მიერ რუსეთში თვითმფრინავების აფეთქებებს, ასევე ალ-ქაიდას მებრძოლების მცდელობებს ბორტზე ასაფეთქებლის შეტანისა - 2001 წელს გადაჭრილი ფეხსაცმელების, 2006 წელს ბოთლში არსებული ხსნარის, ხოლო 2009 წელს ქვედა საცვლის საშუალებით.

ბოლო თვეების განმავლობაში ეგვიპტეში ჯიჰადისტები საკმაოდ რთულ და დახვეწილ ასაფეთქებელ მოწყობილობებს იყენებდნენ, შესაბამისად, მცირე ზომის და ეფექტური ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის შექმნა ნამდვილად შეეძლოთ ეგვიპტის ტერიტორიებზე მოქმედ ალ-ქაიდას და "ისლამური სახელმწიფოს" ჯგუფებს - აცხადებენ stratfor-ის ექსპერტები.

მათი ინფორმაციით, ეგვიპტის აეროპორტებში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ხშირად მგზავრებს შემოწმების გარეშე ატარებენ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ტვირთების შემოწმების მხრივ კი ამერიკასა და ევროპაში არსებულ უსაფრთხოების დონესთან შედარებით დიდი სხვაობაა. დამატებით დათვალიერებას და შემოწმებებს არ ახდენენ არც რუსული ავიახაზები.

დღევანდელ რეალობაში ბოროტმოქმედებს შეუძლიათ ასაფეთქებელი მოწყობილობა ნებისმიერი კონტროლის სისტემის გავლით შეიტანონ. ასაფეთქებელი მექანიზმების მომდევნო თაობა შესაძლოა უკეთესი იყოს, ვიდრე ფეხსაცმლის ქუსლებში ან ქვედა საცვალში დამალული ფეთქებადი ნივთიერებები - თუმცა, ამ და ბევრ სხვა შემთხვევაშიც ტერაქტები სასწაულებრივად იქნა არიდებული.

რუსულ თვითმფრინავში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის დადასტურების შემთხვევაში, მგზავრები არ უნდა ჩავარდნენ უკიდურესობებში - არც ზეადამიანური შესაძლებლობები მიაწერონ ჯიჰადისტებს და არც ისეთი უსაფრთხოების ზომები მოითხოვონ ავიახაზებისგან რაც პრაქტიკულად არ არსებობს. თვითმფრინავის აფრენის წინ საფუძვლიანი შემოწმების შემთხვევაშიც კი, მგზავრებს ვერავინ მისცემს 100%-იან უსაფრთხოების გარანტიას - აჯამებენ საკუთარ არგუმენტებს stratfor-ის წარმომადგენლები.

პ.ს. სპეციალისტებმა უკვე დაიწყეს შავი ყუთების გაშიფვრა, ასე, რომ უახლოეს დღებში უკვე ზუსტად დადგინდება ავტოკატასტროფის მიზეზი.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ნატო მუჯირიშვილმა

წყარო