"ისლამურმა სახელმწიფომ" იმ დღეს პირველად იგემა რას ნიშნავს შაჰიდების თავდასხმა" - ქალები, რომლებიც სირიის ომმა გმირებად აქცია
"ქალებმა საოცარი თავგანწირვა ქალაქ კობანის დაცვისას გამოავლინეს"
"თურქეთმა საბრძოლო რაზმ "პიშმერგასაც" კობანში შესვლის უფლება მისცა. "პიშმერგა" სიკვდილისკენ მიმავალს ნიშნავს - მასში ქალთა რამდენიმე ბატალიონი ერთიანდება"
ყველა ომს თავისი გმირები ჰყავს, მაგრამ, ალბათ, ორმაგად დასაფასებელნი არიან ქალბატონები, რომლებიც სასტიკ და უთანასწორო ბრძოლაში ბევრი მამაკაცისთვის შესაშურ ნებისყოფასა და სიმამაცეს ავლენენ - დღეს, როდესაც მსოფლიო სირიის ომზეა კონცენტრირებული და "ისლამური სახელმწიფოს" გასანადგურებლად ზესახელმწიფოები ერთ კოალიციაში ერთიანდებიან, ყურადღების მიღმა რჩებიან ქალბატონები, რომლებმაც "ისლამური სახელმწიფოს" უძლეველობაზე მითი პირველებმა დაამსხვრიეს... გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე იმ ქალბატონებზე გვიამბობს, რომლებიც თანამედროვეობაში თავგანწირვის თვალსაჩინო მაგალითებად იქცნენ:
- სირიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებზე საუბრისას აქცენტი ყოველთვის "ისლამური სახელმწიფოს" მოჯაჰედებსა და მათ მიერ ჩადენილ საშინელებებზე კეთდება, არადა, სირიის ომის რეალურ გმირებს შორის, ხუთი ქალბატონია, რომლებზეც საზოგადოების დიდმა ნაწილმა, ფაქტობრივად, არაფერი იცის. საერთოდ, სირიის ომი იმითაც გამოირჩევა, რომ სამხედრო მოქმედებებში უამრავი ქალი მონაწილეობს.
- რა არის ამის მიზეზი?
მარიამ ალ მანსორი - ქალბატონები ომში განსაკუთრებული სიმამაცით გამოირჩევიან. მარიამ ალ მანსორი სამხედრო პილოტია, რომელიც ამერიკულ ავიაციასთან ერთად სირიის ტერიტორიაზე "ისლამური სახელმწიფოს" მეომრები პოზიციებს ინტენსიურად ბომბავდა. ის წარმოშობით გაერთიანებული საემიროებიდანაა და უამრავი სამხედრო ჯილდო აქვს მიღებული. სხვათა შორის, თავდაპირველად, "ისლამისტებს" არც კი სჯეროდათ, რომ მათ წინააღმდეგ წერტილოვან დარტყმებს ქალბატონი ახორციელებდა. ამაში მხოლოდ მას შემდეგ დარწმუნდნენ, რაც რადიოტალღაზე მართლაც ქალის ხმა გაისმა - ის ამერიკელ კოლეგებს კოორდინატებს აწვდიდა. მარიამ მანსორი, ამერიკულ ავიაციასთან შეთანხმებით ავიადარტყმებს დღემდე ახორციელებს.
ქალებმა საოცარი თავგანწირვა ქალაქ კობანის დაცვისას გამოავლინეს.
შეგახსენებთ, 2014 წლის ივნისში, ექსტრემისტულმა ორგანიზაცია "ისლამურმა სახელმწიფომ" ხალიფატი გამოაცხადა და სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სასტიკი ბრძოლა, ე.წ. ძლევამოსილი მარში დაიწყო. მათ რამდენიმე ქალაქი აიღეს, 2014 წლის სექტემბერში კი, მდინარე ევფრატი გადალახეს და თურქეთის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში, ქურთისტანის ცენტრალურ ოლქს მიადგნენ. 10 სექტემბერს 15-მდე ქურთული დასახლება ისე აიღეს, რომ მათთვის წინააღმდეგობა არავის გაუწევია. სექტემბრის მიწურულს "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერებს ქურთისტანის ცენტრალური ოლქის 75% უკვე დაპყრობილი ჰქონდათ - მხოლოდ ქალაქ კობანის აღებაღა რჩებოდა.
მოგეხსენებათ, ქალაქი კობანი თურქეთის საზღვრიდან ერთ კილომეტრში მდებარეობს და მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი ქურთია.
საბედნიეროდ, კობანის წინააღმდეგ დაწყებულ სამხედრო იერიშში ამერიკული ავიაციაც ჩაერთო, რამაც "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერებს შესაძლებლობა არ მისცა, ქალაქი პირველივე შეტევაზე აეღოთ. ვიდრე ამერიკული ავიაცია მათ შეჩერებას ცდილობდა, კობანელებმა ქალაქის დამცველთა რაზმების ჩამოყალიბება დაიწყეს - მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა, ექიმებმა თუ ექთნებმა ერთკვირიანი სამხედრო კურსი გაიარეს და ქალაქის დასაცავად გაემზადნენ. პირველი იერიშის დაწყებიდან რამდენიმე დღეში "ისლამურმა სახელმწიფომ" კობანის რამდენიმე უბნის დაპყრობა მაინც მოახერხა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილს მოადგა. პარალელურად, თურქეთის საზღვართან თურქეთში მცხოვრები მოხალისე ქურთები გამოჩნდნენ, რომლებსაც ქალაქის დამცველებისთვის დახმარების გაწევა სურდათ. თურქეთმა მათ საზღვრის დატოვების უფლება არ მისცა - მოხალისე ქურთები შორიდან უყურებდნენ როგორ იბრძოდა 3000 ქურთი 10-ათასიანი მოჯაჰედების არმიის წინააღმდეგ, რომლებსაც არტილერია და ტანკებიც ბლომად ჰყავდათ. კობანელები კი, მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღებით იყვნენ აღჭურვილები. მართალია, ქალაქის დამცველებს ამერიკელები ტყვია-წამალსა და სხვადასხვა ჰუმანიტარულ დახმარებას აწვდიდნენ, მაგრამ ხშირად ტრაექტორიის განსაზღვრა არასწორად ხდებოდა, რის გამოც დახმარება ადრესატის ნაცვლად "ისლამური სახელმწიფოს" ხელშიც ხვდებოდა.
თურქეთის საზღვართან ქურთ მოხალისეებს შორის ქალბატონი ქადრე ოთოქაიაც იყო, რომელიც თურქი მესაზღვრეების ბრძანებას არ დაემორჩილა და კობანელების დასახმარებლად საზღვრის გადაკვეთა სცადა. მან კარგად იცოდა, რომ კობანში არავინ გადაუშვებდა და მესაზღვრეები მოკლავდნენ, მაგრამ უკან ერთი ნაბიჯითაც არ დაუხევი. ასეც მოხდა - ის მესაზღვრეებმა მოკლეს.
- კობანში "ისლამური სახელმწიფო" დამარცხდა. როგორ მოახერხა კობანის მცირერიცხოვანმა რაზმმა "ისლამისტების" ურდოს დამარცხება?
- წინააღნდეგობის მიუხედავად კობანში ქალაქის დამცველების დასახმარებლად 500 ქურთი მაინც შევიდა, საბოლოოდ, თურქეთმა საბრძოლო რაზმ "პიშმერგასაც" კობანში შესვლის უფლება მისცა. "პიშმერგა" სიკვდილისკენ მიმავალს ნიშნავს - მასში ქალთა რამდენიმე ბატალიონი ერთიანდება. კობანის ბრძოლის დროს, რომელიც ოთხი თვე გრძელდებოდა, ორმა ქურთმა ქალბატონმა, არმინს მუკერმა და დილარ გენშემიზმმა მოწინააღმდეგის ბანაკში შესვლა შეძლეს და "ისლამისტებთან" ერთად თავი აიფეთქეს - "ისლამურმა სახელმწიფომ" მაშინ პირველად იგემა რას ნიშნავს შაჰიდების თავდასხმა.
მეისა აბდო სირიის ომში განსაკუთრებით აღსანიშნავია ალეპოელი იურისტი ქალბატონის, აბდოს თავგანწირული ბრძოლა - კობანის "ისლამისტებისგან" დაცვას ოთხი თვის განმავლობაში სწორედ მეისა აბდო ხელმძღვანელობდა. ის ირანელი პოეტის, ნარინ ნეფრინის სახელით იბრძოდა. მისი მეთაურობით კობანელებმა 2015 წლის იანვარში, "ისლამისტები" ქალაქიდან საბოლოოდ განდევნეს - მიუხედავად იმისა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, კობანის რამდენიმე უბანში შავი დროშა ფრიალებდა, ქალაქი "სილამური სახელწმიფოსგან" დღესაც თავისუფალია. გმირად შეირაცხა მებრძოლი ქალბატონი რიანაც, რომელიც ქალაქის აქტიური დამცველი იყო. მას "კობანის ანგელოზი სეარქვეს". ორთაბრძოლისას ის "ისლამისტებმა" ტყვედ ჩაიგდეს, თავი მოკვეთეს და ფოტოები ინტერენტში განათავსეს, იმის ნიშნად, რომ ყველა "დამცველს" იგივე ბედი ეწეოდა.
კობანთან ოთხი თვის განმავლობაში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა მიმდინარეობდა, რის გამოც სამხედრო შეტაკებას ქურთებმა "კობანის სტალინგრადი" უწოდეს. 28 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით, კობანის მისადგომებთან 450 ქურთი და 600 ჯიჰადისტი დაიღუპა.
- "ისლამისტების" რწმენით, ქალისგან მოკლული სამოთხეში ვერ მოხვდება. ალბათ, ქურთი ქალბატონების თავგანწირვა ისლამისტების მოტივაციაზეც აისახა...
- რა თქმა უნდა, როდესაც "ისლამისტებმა" გაიგეს, რომ მათ ქალბატონი მარიამ მანსური ბომბავდა, მოტივაცია იმდენად გაქრა, რომ მათ გასამხნევებლად კობანთან ბათირაშვილიც კი მივიდა. კობანის გამარჯვებამ დაამსხვრია "ისლამური სახელმწიფოს" დაუმარცხებელობის მითი.
რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)