არ იცოდნენ, რა საფრთხის ქვეშ იდგნენ და რეაქტორის ნარჩენები შიშველი ხელებით გაჰქონდათ - ჩერნობილი 30 წლის შემდეგ - კვირის პალიტრა

არ იცოდნენ, რა საფრთხის ქვეშ იდგნენ და რეაქტორის ნარჩენები შიშველი ხელებით გაჰქონდათ - ჩერნობილი 30 წლის შემდეგ

ფოტოგალერეა

ზუსტად 30 წლის წინ, 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ რეაქტორზე დატრიალებულმა ტრაგედიამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

1986 წლის 25 აპრილს გადაწყდა, ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკი სარემონტოდ გაეჩერებინათ და ეს დრო რამდენიმე ცდის ჩასატარებლად გამოეყენებინათ.

26 აპრილს, ღამით, 1.23 საათზე დაიწყო ერთ-ერთი ექსპერიმენტი, რომელიც ენერგოკვების გამორთვის დროს რეაქტორის უსაფრთხოების გაზრდას ითვალისწინებდა. ამ დროს  საგანგაშო სიგნალი არ იყო, რაც ნიშნავდა, რომ ყველაფერი გამართულად მუშაობდა. 40 წამის შემდეგ ოპერატორმა ხელი დააჭირა ავარიული დაცვის ღილაკს. არავინ იცის, რატომ მოიქცა ასე (შესაძლოა, ამ დროს სითბურმა ენერგიამ მატება დაიწყო და ოპერატორმა ეს ავტომატურად გააკეთა). რამდენიმე წამში რეაქტორში ენერგიის მატება უმაღლეს ნიშნულს ასცდა. გაისმა ორი  აფეთქება რამდენიმეწამიანი ინტერვალით.

რეაქტორი დაინგრა. 2 კაცი მაშინვე დაიღუპა, მესამე - დილით. რეაქტორის შენობის სახურავზე გაჩნდა ხანძარი...  რეაქტორი ორი კვირის მანძილზე განაგრძობდა დიდი რაოდენობით რადიაციული ნივთიერების ატმოსფეროში ამოფრქვევას. სამი დიდი ლაქა გაჩნდა ბელორუსიაში, უკრაინასა და რუსეთის დასავლეთ ოლქებში, რადიაციამ 30000 კვკმ მოიცვა. რეაქტორიდან ამოფრქვევის შესაჩერებლად და ბირთვული აფეთქების თავიდან ასაცილებლად რეაქტორს 5000 ტ სხვადასხვა მასალა დააყარეს, მიწის ქვეშ გვირაბიც გაიყვანეს, რათა რეაქტორის გაციება შესაძლებელი ყოფილიყო, იქ მყოფმა მეხანძრეებმა და სადგურის პერსონალმა (დაახლოებით 400 კაცი) ძლიერი დასხივება მიიღეს, მოგვიანებით 28 კაცი გარდაიცვალა.

საბჭოთა ხელიუფლებამ მომხდარის დამალვა გადაწყვიტა...

ბავშვები  ჩვეულებრივად ეზოში თამაშობდნენ, ხალხი საპირველმაისოდ ემზადებოდა და მთელი ქალაქი ქუჩაში იყო.

26 აპრილს, დილით ბირთვული ღრუბელი უკვე ქალაქს ადგა თავს. თუმცა ეს არავინ იცოდა. 27 აპრილს ქალაქში სამხედროები გამოჩნდნენ რესპირატორებით. რადიაციაზე კვლავ არავინ ლაპარაკობდა. დილით გამოაცხადეს, - შესაძლოა 3-5 დღით ქალაქის ევაკუაცია მოხდეს. მხოლოდ თბილი ტანსაცმელი წაიღეთ. ტყეში კარვებში იცხოვრებთო. ყველას უხაროდა 1-ელ მაისს ბუნებაში შევხვდებითო. სამწვადეს ამზადებდნენ, მაგნიტოფონები და გიტარები მოჰქონდათ. საღამოს 5 საათისთვის 1100-ავტობუსიანი კოლონა, რომელშიც ქალაქის 50000 მცხოვრები იჯდა, ტრასაზე 20 კმ-ზე გაიჭიმა.

ევაკუაცია დაგვიანებული გამოდგა. ორი დღის განმავლობაში ხალხმა მაქსიმალური რაოდენობის რადიაციული დასხივება მიიღო. სიკვდილიანობა მეორე წელს დაიწყო და რამდენიმე წელიწადში ათეულ ათასს მიაღწია...

29 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ხანძრის ჩასაქრობად, რომელიც ათი დღე გრძელდებოდა, სამხედრო ნაწილები მიიყვანეს (ძირითადად ახალწვეულები - 18- 19 წლის ბიჭები). მათ არ იცოდნენ, რა საფრთხის ქვეშ იდგნენ და რეაქტორის ნარჩენები შიშველი ხელებით გაჰქონდათ. ავარიის სპეციალისტი ლიკვიდატორები კი იხსენებდნენ, ელექტროსადგურში რადიაციის დონე ისეთი მაღალი იყო, რომ დღეში მხოლოდ 20-25 წამს ვმუშაობდითო!

"ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის გამომწვევ მიზეზებს სპეციალური კომისია სწავლობდა და “დაადგინა, რომ  მეოთხე ენერგობლოკის აფეთქება პერსონალის არაკომპეტენტურობისა და რეაქტორის გაუმართავი მუშაობის გამო მოხდა,  თუმცა იყო სხვა ვერსიებიც.

ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს აკადემიკოსი ვალერი ლეგასოვი ხელმძღვანელობდა. 1988 წელს მან თავის სამუშაო კაბინეტში თავი ჩამოიხრჩო. ითქვა, აკადემიკოსი ავარიის შედეგებით ძალიან დათრგუნვილი და გადაღლილი იყოო, თუმცა თვითმკვლელობის ვერსია თავიდანვე საჭოჭმანო გახდა.

აკადემიკოსი ლეგასოვი (მას  მოგვიანებით ბევრი ექსპერტი დაეთანხმა) ვარაუდობდა, რომ ავარია პერსონალის არაპროფესიონალიზმმა კი არ გამოიწვია, არამედ სეისმურმა ბიძგებმა, რომელიც ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკის ქვეშ მოხდა".

მომხდარი კატასტროფიდან ამდენი წლის შემდეგაც ჩერნობილი და მიმდებარე ტერიტორია მოჩვენებების სამეფოდ არის ქცეული. ეს დედამიწის ის ნაწილია, რომელიც სამი ათეული წლის წინ გაქრა და ვეღარ აღდგება. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, ამ ტეროტორიაზე განსაკუთრებული სისწრაფით იზრდება ველური ბუნების მასშტაბი. იქ ის მტაცებელი ცხოველებიც კი გამოჩნდა, რომელიც ადრე ამ მხარეში არასდროს ყოფილა.

თუმცა არიან ადამიანები, ვინც მთლად კატასტროფის ეპიცენტრში არა, მაგრამ მისგან რამდენიმე კილომეტრიან რადიუსში გაბედეს დაბრუნება და დღემდე აგრძელებენ ცხოვრებას.

მაგალითად, აფეთქების ეპიცენტრიდან 20 კილომეტრში მდებარე დასახლებაში დღესაც ცხოვრობს მოხუცი ცოლ-ქმარი მარია და ივან სემენიუკები. ისინი კატასტროფიდან 2 წლის შემდეგ დაბრუნდნენ მშობლიურ სოფელში...

ფოტოგრაფმა ეჟი ვერჟბიცკიმ კატასტროფის 30 წლის თავზე იმოგზაურა სიკვდილის ზონაში და ფოტორეპორტჟი მომაზადა ბი-ბი-სისთვის, რომელსაც გთავაზობთ.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ: რა მოხდა ჩერნობილში და რატომ მოიკლა თავი აკადემიკოსმა ლეგასოვმა?!

მოამზადა ეკა გადახაბაძემ

წყარო