"აქ არ არის დამოუკიდებელი სასამართლო და პრესა, ბიზნესი კონტროლდება..." - რითი დასრულდება "სასუნელი შერეკილების" ბუნტი სომხეთში?! - კვირის პალიტრა

"აქ არ არის დამოუკიდებელი სასამართლო და პრესა, ბიზნესი კონტროლდება..." - რითი დასრულდება "სასუნელი შერეკილების" ბუნტი სომხეთში?!

17 ივლისს ერებუნში (რაიონი ერევანში)  დიდი სიჩქარით მიმავალმა სატვირთო მანქანამ საპატრულო პოლიციის ჭიშკარი შეამტვრია და 30მდე შეიარაღებულმა პირმა შენობა დაიკავა. პოლიციამ წინააღმდეგობის გაწევა ამაოდ სცადა... დაიღუპა განყოფილების უფროსი, დანარჩენები კი მძევლად აიყვანეს, მათ შორის სომხეთის პოლიციის ხელმძღვანელისა და ერევნის პოლიციის უფროსის მოადგილეები.

შენობაში გამაგრების შემდეგ დამნაშავეებმა განაცხადეს, რომ ისინი "სასუნელი შერეკილების" წევრები არიან (სომხური ეპოსის მიხედვით, გოლიათი სასუნი არაბ დამპყრობლებს ებრძოდა).

ამბოხებულების მთავარი მოთხოვნა ოპოზიციონერ ჟირაირა სეფილიანის გათავისუფლება იყო. ის იარაღის უკანონოდ შენახვის ფაქტზე დააკავეს  თითქოს კავშირგაბმულობის შენობების, მათ შორის, ერევნის ტელეანძის დაკავება ჰქონდა განზრახული. (იხილეთ სტატია სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში", ან გახდით საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "სასუნელი შერეკილების" ბუნტი)

მძევლების გათავისუფლების მიუხედავად, ერევანში კვლავ დაძაბულობაა. "დამფუძნებელი პარლამენტის" წარმომადგენლები დანებებასა და იარაღის დაყრას არ აპირებენ. ისინი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვენ და შუამავლის კანდიდატურას თავად შესთავაზებენ.

უკვე რამდენიმე დღეა, საპატრულო პოლიციის შენობის წინ 24საათიანი აქციებია. ბარიკადებთან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც გამოჩნდნენ  საზოგადო მოღვაწეები, რეჟისორები, მსახიობები...

20 ივლისს მორიგი მიტინგი არეულობაში გადაიზარდა, აქციის მონაწილეებმა ქვები დაუშინეს პოლიციას, მათ კი პასუხად ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. შეტაკებაში დაიჭრა 45 კაცი, ძირითადად, პოლიციელები, დაშავდა ორი ჟურნალისტიც. სამართალდამცავებმა 140 კაცი დააკავეს.

მეამბოხეების განცხადებით, ვითარება არ მოგვარდება, ვიდრე მთავრობა იარაღის უკანონო ტარებისთვის დაკავებულ ჟირაირ სეფილიანს არ გაათავისუფლებს. მძევლების გათავისუფლების მიუხედავად, სიტუაცია ისევ დაძაბული რჩება.

ადგილობრივი ექსპერტების თქმით, ხელისუფლებამ ვითარების დასამშვიდებლად რაიმე ქმედითი ღონისძიებები უნდა განახორციელოს. სხვა შემთხვევაში, დაპირისპირება გარდაუვალი იქნება. როგორც ჩანს, დაძაბულობამ სომხეთის ხელისუფლება მართლაც დააფიქრა, - მძევლების გათავისუფლების შემდეგ, პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა, რომ ის მზად არის ჟირაირ სეფილიანს შეხვდეს და მისი პოზიცია მოისმინოს. თუმცა შეხვედრის კონკრეტული თარიღი ჯერ არ გახმაურებულა.

ოპოზიციური ჯგუფის, "დამფუძნებელი პარლამენტის" წევრები აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება სეფილიანთან შეხვდრის თაობაზე, მხოლოდ დროის გასაყვანი ფანდია. თუნდაც იმიტომ, რომ, პრეზიდენტს ოპოზციის ლიდერთან არ დაუკონკრეტებია მისი პოზიცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ყარაბაღის კონფლიქტი.

"მიუხედავად იმისა, რომ სარგსიანი ჩვენს მომხრეებს ფარულად უსწორდება და ყველანაირად ავიწროებს, ყველაფერს გავაკეთებთ სარგსიანის ხელისუფლების შესაცვლელად. ვითარება არ დამშვიდდება, ვიდრე შედეგი არ იქნება, შედეგი კი, არის პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა", - აცხადებენ "დამფუძნებელი პარლამენტის" წარმოადგენლები.

ერევნში, ანტისამთავრობო აქციებზე მოქალაქეთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს.

ვალერი აბრამიანი, ერევნელი სომეხი:

- სეფილიანს აქ ნამდვილ პატრიოტად მიიჩნევენ და ხალხი მის გვერდით დგას. რაც უნდა თავი იტყუოს ხელისუფლებამ, რომ მალე ყველაფერი დაწყნარდება, ეს ასე არ მოხდება... პრეზიდენტმა იცის, თუ რამხელა მხარდაჭერ აქვს სეფილიანს და რაც უფრო მეტ ხანს გაგრძელდება მისი პატიმრობა, სარგსიანს მეტი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება, რაც სეფლიანის წისქვილზე ასხამს წყალს... აქ არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, თავისუფალი პრესა, ბიზნესი კონტროლდება, პრეზიდენტს არ აინტერესებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენთვის მიუღებელია მისი პოლიტიკა ყარაბაღთან დაკავშირებით, რომელსაც 90იანი წლების ომის დროსაც და ახლაც, ბოლო მოვლენებისას, ძალიან ბევრი ახალგაზრდი სიცოცხლე შეეწირა... სეფილიანი ყარაბაღის ომის გმირია და მან კარგად იცის ომისა და სიცოცხლის ფასი. ამიტომაც აფასებს ხალხი მას ასე. შეიძლება სარგსიანის ხელისუფლება სეფილიიანის ამბავმა გადაიყოლოს, თუ დათმობაზე არ წავა. ხალხი მას გმირად მიიჩნევს მაშინ, როდესაც სარგსიანის მართვის სტილი კატეგორულად არ მოსწონს, მან ხომ ქვეყანაში კორუფცია ააყვავა.

პ.ს. აქამდე სეფილიანი უკვე ორჯერ იყო დაპატიმრებული  ჯერ 2006 წელს, მთავრობის დამხობისაკენ მოწოდების ბრალდებით. ის 2008 წელს გამოუშვეს. 2015 წელს კი ისევ დააკავეს რამდენიმე მხარდამჭერთან ერთად. მაშინ სეფილიანი გადატრილების მზადებაში იყო ეჭვმიტანილი, თუმცა მალევე გაათავისუფლეს.

იხილეთ ასევე: "სამოქალაქო ომი სომხეთს კატასტროფამდე მიიყვანს"

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)