შედგება თუ არა ამერიკელი პროლეტარიატის "ამბოხი"? - ტრამპი თუ კლინტონი?! - კვირის პალიტრა

შედგება თუ არა ამერიკელი პროლეტარიატის "ამბოხი"? - ტრამპი თუ კლინტონი?!

"მოწოდებებში, რომ დაიცვან ფერადკანიანების თუ უმცირესობების ინტერესები, დაავიწყდათ, რომ მილიონობითაა თეთრკანიანი, გაუნათლებელი ადამიანი, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან"

ფოტოგალერეა

მთელი მსოფლიოს ყურადღება აშშ-სკენაა მიმართული, სადაც საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო. ნიუ ჰემფშირის შტატის სამ დასახლებულ პუნქტში: დისქვილ ნოტჩში, ჰართს-ლოკშეინსა და მილსფილდში, სადაც მოსახლეობა რამდენიმე ათეულს არ აღემატება ხმის მიცემის პროცედურა უკვე მიმდინარეობს.

აღნიშნულ სოფლებში 1960 წლიდან არსებობს ტრადიცია, რომლის მიხედვით სოფლის მცხოვრებლებს ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 00:00-ზე შეუძლიათ.

დონალდ ტრამპი თუ ჰილარი კლინტონი? - ვის აირჩევს ამერიკის მოსახლეობა?

წინასაარჩევნო კამპანია იმდენად დაძაბული და შეიძლება ითქვას, არაპროგნოზირებადი იყო, რომ მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ჩატარებულ გამოკითხვებში კლინტონი ლიდერობდა, ვერავინ ამბობს დაბეჯითებით, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს.

და საერთოდაც როგორ მოხდა ის, რომ საოცრად ექსცენტრიული, პოლიტიკურად გამოუცდელი და ლამის შოვინისტური განცხადებებით გამორჩეული მილიარდერი დონალდ ტრამპი გახდა რესპუბლიკური პარტიის მთავარი კანდიდატი და არჩევნების ფინალამდე ასეთი მაღალი შანსის შენარჩუნება მოახერხა?

ლადო პაპავა, პროფესორი:

"ტრამპმა ამას მიაღწია იმ პროტესტით, რომელიც მიმართულია გლობალიზაციის წინააღმდეგ. ამ პროტესტს აქამდე ვხედავდით განვითარებად ქვეყნებში, ახლა ეს გამოჩნდა განვითარებულ ქვეყნებშიც. ამის კარგი მაგალითია "ბრექსიტი", რომელსაც არავინ ელოდა. ეს არის პროტესტი ხელოვნურად დავარცხნილი მსოფლიოსა თუ ამერიკის წინააღმდეგ. მოწოდებებში, რომ დაიცვან ფერადკანიანების თუ სხვადასხვა უმცირესობის ინტერესები, დაავიწყდათ, რომ მილიონობითაა თეთრკანიანი, გაუნათლებელი ადამიანი, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში არიან. ეს მათი პროტესტია, ისინი ამით ითხოვენ ყურადღებას.

აშშ-ში ყოფნისას აღმოვაჩინე, რომ ამერიკელებიც ვერ აკეთებენ პროგნოზს, რა შეიძლება მოხდეს. საქართველოსთვის უკეთესი იქნება, რომ კლინტონი გახდეს პრეზიდენტი. მას უკეთესად ესმის საქართველოსი და იცის რუსული პოლიტიკაც, თუმცა დაბეჯითებით თქმა, რომ ის გაიმარჯვებს, შეუძლებელია. ძნელია განსაზღვრა, ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს. პოლიტიკურ ასპარეზზე რომ გამოჩნდა და რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი გახდა, ესეც სრულიად მოულოდნელი იყო. მან რომც წააგოს, ეს იქნება ამერიკისთვის არშემდგარი "ბრექსიტი..."

მართლაც რა აღარ ვიხილეთ ამ სამკვდრო-სასიცოცხლოდ ქცეული დაპირისპირებისას, უკიდურესად მწვავე ურთიერთბრალდებები, სექსუალური სკანდალებისა და გადასახადების დამალვის ფაქტების გასაჯაროება, კლინტონის მიმოწერა და ბრალდება, რომ ის ამ მიმოწერით სახელმწიფო უსაფრთხოებას ეჭვქვეშ აყენებდა...

ტრამპი, რომლიც აშშ-ს კედლების აშენებას და რუსეთთან ურთიერთობის დათბობას პირდება, აშკარად ანგრევს დღეს პოლიტკორექტულობაზე აგებულ მსოფლიოს წესრიგს, შესაბამისად, მისი გამარჯვების შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს, სრულიად არაპროგნოზირებადია...

და ჰილარი კლინტონი, რომელიც არსებითი და მნიშვნელოვანი ნეგატიური ცვლილებებით ვერ ემუქრება მსოფლიოს, თუმცა მისი არჩევის შემთხვევაში რაიმე პოზიტიური ნაბიჯების პერსპექტივაც არ ჩანს. მოკლედ, კლინტონი ვერაფერს გააფუჭებს, თუმცა, სავარაუდოდ, ბევრს ვერც ვერაფერს გააკეთებს...

ფაქტი ერთია, თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციას არჩევის წუთიდან მოყოლებული, უმძიმესი საგარეო საკითხების მოგვარებაზე ფიქრი მოუწევს. აშკარაა, რომ გამოწვევები ისეთი რთულია, სჯობს ქვეყნის პრეზიდენტი პროგნოზირებადი პოლიტიკოსი იყოს, ვიდრე მილიარდერი არცთუ პატიოსანი წარსულით და სრულიად გაუგებარი მომავლით...

ასევე ვნახეთ, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულია შოუბიზნესისა და ჰოლივუდის ვარსკვლავები, ასევე მთელი პოლიტიკური ელიტა. როგორც საზოგადოების ცნობილი ადამიანები ამბობენ, ამ არჩევნებზე ამერიკელი საზოგადოების ბედი წყდება: ისინი იქნებიან „თავისუფალი ქვეყნის“ სტატუსის მატარებლები, თუ ერთი ახირებული ბიზნესმენის სურვილებს შეეწირებიან.

როგორც ჩანს, კლინტონის შტაბმა უამრავი კომპრომატი გაასაჯაროა იმისთვის, რომ აშშ-ში პრეზიდენტად ტრამპი არ აირჩიონ, ვნახოთ, ეს უშველის თუ არა ექსპირველლედის.

რაც ყველაზე საინტერესოა, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შიშით ლამის ობიექტურობაზე უარი თქვან წამყვანმა ამერიკულმა გამოცემებმა და ერთმნიშვნელოვნად დაუჭირონ კლინტონს მხარი...

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჩანდეს, მილიარდერ ტრამპს, რომლის თვალისმომჭრელ ვილებსა და ძვირადღირებულ მანქანებს თვლა არ აქვს, მხარს უჭერს ე.წ. პროლეტარიატი - აშშ-ს მოსახლეობის თეთრკანიანი, ნაკლებადგანთლებული და ღარიბი მოსახლეობა...

ორი პოლიტიკური ფლანგის შესაძლებლობების განხილვის შემდეგ, ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ფლორიდის შტატში გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში, რომელიც „მებრძოლ“ შტატადაა ცნობილი, ჰილარის დიდი უპირატესობა ენიჭება. ამ შტატში გათვლა ესპანური წარმომავლობის ამომრჩეველზე კეთდება.

ყველაზე რთულ ბრძოლას კი "დემოკრატები" ნიუ-ჰემპშირის შტატში ელოდებიან, ასევე ცნობილია, რომ „რესპუბლიკელები“ ფსონს ჩრდილოეთ კაროლინაზე დებენ.

თუ ვინ გაიმარჯვებს 8 ნოემბერს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში, არა მხოლოდ აშშ-სთვის, არამედ მსოფლიოსთვისაა მნიშვნელოვანი, მით უფრო საქართველოსთვის, რომლის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად აშშ რჩება.

 

იხილეთ ფოტოგალერეა: დონალდ ტრამპის ფეშენებელური ვილები

 

ეკა გადახაბაძე (სპეციალურად საიტისთვის)