ვინ არის სკანდალური განცხადებებით ცნობილი მილიარდერი ტრამპი, რომელიც სააკაშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა - კვირის პალიტრა

ვინ არის სკანდალური განცხადებებით ცნობილი მილიარდერი ტრამპი, რომელიც სააკაშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, გამარჯვება დონალდ ტრამპმა მოიპოვა. "რესპუბლიკელების" ლიდერი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს. მან უკვე მიმართა თავის მხარდამჭერებს და მადლობა გადაუხადა.

სანამ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ტრამპის გამარჯვებას ზეიმობს, ნაწილი კი კლინტონის დამარცხებით არის დამწუხრებული, თვალი გადავავლოთ საოცრად ექსცენტრიული პოლიტიკოსის, დონალდ ტრამპის ბიოგრაფიას.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა ქუინსში, ნიუ-იორკთან ახლოს. ოჯახში სულ ხუთი დედ-მამიშვილი იყო. მამის მხრიდან ტრამპს გერმანული ფესვები აქვს, დედის მხრიდან კი შოტლანდიური.

იმის გამო, რომ ტრამპი არც ისე კარგი მოსწავლე იყო, 13 წლის ასაკში სკოლა მიატოვა და ნიუ-იორკის სამხედრო აკადემიაში ჩაირიცხა, სადაც დაასრულა საშუალო სკოლა. მოგვიანებით, უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ტრამპი საოჯახო ბიზნესში ჩაერთო და მამამისის კომპანიაში დაიწყო მუშაობა. სწავლის პერიოდში, ტრამპის ერთ-ერთი პირველი პროექტი იყო Swifton Village-ის საცხოვრებელი კომპლექსის აღორძინება ოჰაიოში, რომელიც მამაისმა 5,7 მილიონ ამერიკულ დოლარად შეიძინა. მოგვაინებით ეს კომპლექსი ტრამპმა 6,7 მილიონ დოლარად გაყიდა.

კომპანიას სათავეში ტრამპი 25 წლის ასაკში ჩაუდგა და "ტრამპის ორგანიზაცია" უწოდა. 1971 წელს დონალდ ტრამპი მანჰეტენზე გადავიდა, სადაც მონაწილეობა მიიღო დიდ არქიტექტურულ პროექტშო და ხალხში სახელიც გაითქვა.

1983 წელს ტრამპმა დაასრულა "ტრამპ თაუერის" მშენებლობა. ეს არის 58 სართულიანი ცათამბჯენი შუა მანჰეტენზე. "ტრამპ თაუერი" მოიცავს მაღაზიებს, კაფეებს, ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებს.

სასტუმროებისა და კაზინოების გარდა, მილიარდერი ტარმპი როგორც ჩანს, გოლფის მოყვარულია. "ტრამპის ორგანიზაცია" როგორც აშშ-ისე, ისე სხვა ქვეყნებში გოლფის მოედნებს ფლობს.

ამერიკელი ბიზნეს-მაგნატი, ინვესტორი და აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, "ფორბსის" მილიარდერთა სიაში 72-ე ადგილს იკავებს. მისი ქონება 4,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. 70 წლის ბიზნესმენი, რომელიც უძრავი ქონებისა და ტელევიზიის სფეროში წლებია მოღვაწეობს, დროის უმეტეს ნაწილს მეხუთე ავენიუზე მდებარე "ტრამპ თაუერში" ატარებს - სადაც მუშაობს და ცხოვრობს კიდეც.

დონალდ ტრამპს ჰყავს 5 შვილი სამი ქორწინებიდან. მას ასევე ჰყავს რვა შვილიშვილი. მისი პირველი ორი ქორწინება განქორწინებით დასრულდა, რაც ამერიკული მედიის ხშირად განხილვადი თემა იყო.

ტრამპის მესამე ცოლი სლოვენიელი მოდელი, მელანია კნაუსია, რომელთანაც ტრამპს ერთი ვაჟი ჰყავს.

დონალდ ტრამპის მეუღლით მსოფლიო მედია განსაკუთრებით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც მისმა მულტიმილიონერმა მეუღლემ ამერიკის პრეზიდენტობაზე გამოთქვა პრეტენზია. საპრეზიდენტო კანდიდატის ცოლობამდე, მელანია დაკავებული იყო შვილის აღზრდით, თავის მოვლითა და მეუღლის გვერდით ოფიციალურ მიღებებზე გამოჩენით.

ამჟამად სამაგალითო დედასა და მეუღლეს ძალიან ბობოქარი წარსული ჰქონდა - გრძელფეხება მელანიას წლების მანძილზე კარგად იცნობდნენ სამოდელო ბიზნესში, სლოვენიაში დაბადებული მელანია კნაუსი წლების მანძილზე პოზირებდა ცნობილი გამოცემებისთვის, მათ შორის მამაკაცების ჟურნალისთვის MAXIM და სხვა. სწორედ წინასაარჩევნო პერიოდში გავრცელდა მელანიას შიშველი ფოტოები, თუმცა როგორც ჩანს, ამას ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე გავლენა არ მოუხდენია.

საოცრად ექსცენტრიული და პოლიტიკაში გამოუცდელი მილიარდერი ტრამპი ხშირად აკეთებს სკანდალურ განცხადებებს. ის რამდენიმე ქალბატონი სექსუალურ ძალადობაშიც ადანაშაულებს. შოვინისტური განცხადებებით გამორჩეული მილიარდერი დონალდ ტრამპი ჯერ "რესპუბლიკური პარტიის" მთავარი კანდიდატი გახდა, ახლა კი აშშ-ის პრეზიდენტობას ზეიმობს.

2012 წელს დონალდ ტრამპი ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა. მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ის ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

მიხეილ სააკაშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ ამ ორდენით ის უცხოელებს იშვიათად აჯილდოვებს. მისი თქმით, ტრამპისთვის ბრწყინვალების ორდენის გადაცემა დიდი პატივია, რადგან იგი არასდროს უშინდებოდა დაბრკოლებებს და რისკზე მიდიოდა.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: How celebrities react to Donald Trump becoming US President

იხილეთ ფოტოგალერეა: დონალდ ტრამპის ფეშენებელური ვილები

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)