"ძლიერი დარტყმის ხმა გავიგონე, რომელიც ბომბის აფეთქებას ან მანქანების შეჯახებას ჰგავდა" - თავდასხმა ლონდონის ცენტრში - კვირის პალიტრა

"ძლიერი დარტყმის ხმა გავიგონე, რომელიც ბომბის აფეთქებას ან მანქანების შეჯახებას ჰგავდა" - თავდასხმა ლონდონის ცენტრში

ლონდონის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან დანით შეიარაღებული პირი თავს დაესხა პოლიციელს, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა ცეცხლი გახსნეს. მაშინ, როდესაც თავდამსხმელი დანის ქნევით გაიქცა ვესტმინსტერის სასახლის კარისკენ, სასახლის დაცვამ მისი მიმართულებით სამჯერ გაისროლა, რის შედეგადაც ის ადგილზე დაიღუპა.

ცოტა ხნით ადრე ვესტმინსტერის ხიდთან ავტომანქანა მიზანმიმართულად შევარდა ტროტუარზე და ფეხით მოსიარულე მოქალაქეებსა და პოლიციის იფიცრებს დაეჯახა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 12-მდე ადამიანი. მათგან ერთი ქალბატონი გარდაიცვალა. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ ორივე თავდასხმა ერთი და იგივე პირმა ჩაიდინა.

ბრიტანეთის სამართალდამცავმა უწყებამ მომხდარს უკვე მიანიჭა ტერაქტის კვალიფიკაცია. სკოტლანდ-იარდის განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე ინციდენტს მიუდგებიან, როგორც ტერორისტულ აქტს მანამ, ვიდრე არ დამტკიცდება საპირისპირო.

BBC-ის ინფორმაციით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის პარლამენტის შენობიდან ევაკუაცია განხორციელდა. ქვეყნის პრემიერი  უსაფრთხო ადგილზე იმყოფება.

ამჟამად შენობა ბლოკირებულია და შიგნით არავის უშვებენ. უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებიდან გამომდინარე, გადაკეტილია დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩები, ასევე დაიკეტა მეტროს სადგური Westminster.

მომხდარის შემდეგ ლონდონის პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა. დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასა და პარალელურ ქუჩებზე მოძრაობა აკრძალულია.

სამართალდამცავები მოსახლეობას მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას სთხოვენ. BBC-ის ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცავებმა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი უკვე შეამოწმეს.

კრისტფერ ჰოუპი, გაზეთ Daily Telegraph-ის პოლიტიკური მიმომხილველი:

"ჩემი სამუშაო ადგილი რედაქციის შენობის ფანჯარასთანაა. დაახლოებით დღის 2 საათსა და 40 წუთზე, ძლიერი დარტყმის ხმა გავიგონე, რომელიც ბომბის აფეთქებას ან მანქანების შეჯახებას ჰგავდა. ამის შემდეგ დავინახე ასობით გამვლელი და ტურისტი როგორც ცდილობდა გაქცევას პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან. გარბოდნენ ვესტმნისტერის სააბატოსკენ. მომხდარიდან მალევე გაისმა სროლის ხმა, რის მერეც დავინახე მიწაზე დაცემული ორი ადამიანი. პოლიციელები მათკენ გარბოდნენ, ცდილობდნენ დაზარალებულებისთვის  პირველი დახმარება აღმოეჩინათ".  (წყარო)

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელი, რომელიც თავდამსხმელმა დაჭრა, გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე: BBC დაჭრილი თავდამსხმელის ფოტოს ავრცელებს

მოამზადა ანა გიორგაძემ