"მარტოხელა მგლების" ტერორი" და სიკვდილის მანქანები ევროპაში - კვირის პალიტრა

"მარტოხელა მგლების" ტერორი" და სიკვდილის მანქანები ევროპაში

"ევროპას დააჩოქებს ხალიფატის "მარტოხელა მგლების" ტერორი"

ხალიფატის ვიდეომიმართვიდან, 28 ნოემბერი, 2016 წ

"ჩვენ ვფიქრობთ დაღუპულებსა და მათ ოჯახებზე, ვუსამძიმრებთ მათ"

შვედეთის მეფე კარლ XVI გუსტავი

ბოლო რამდენიმე თვეა ევროპის სხვადასხვა ქალაქში განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტებმა სახე იცვალა. მოწმენი ვართ შემთხვევებისა, როდესაც ტერორისტები მარტო მოქმედებენ უშუალოდ ტერორისტული თავდასხმისას, თუმცა მათ მომზადებას ამისთვის, სავარაუდოდ, ტერორისტული ორგანიზაციები უზრუნველყოფენ.

სტოკჰოლმი

ბოლო შემთხვევა 7 აპრილს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში მოხდა. არსებული მონაცემებით, 4 ადამიანი დაიღუპა და 10-ზე მეტი დაშავდა თავდასხმის დროს, რომელიც შვედეთის ხელისუფლებამ უკვე შეაფასა ტერაქტად.

დიდი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა, რომელიც მძღოლმა თავდასხმისთვის გამოიყენა, ჯერ ფეხით მოსიარულეებს შეეჯახა, მერე კი სავაჭრო ცენტრის ვიტრინაში შევარდა. შემთხვევა ადგილობრივი დროით 15:00 საათზე მოხდა. სატვირთო ადგილობრივ ლუდსახარშ კომპანიას ეკუთვნოდა. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ტერაქტმადე 3 საათით ადრე მძღოლმა მანქანა იმ დროს დაკარგა, როდესაც საქონელი რესტორანში გადაჰქონდა.

მანქანის გამტაცებელმა გაიარა ექვსი კვარტალი, გადავიდა სტოკჰოლმის მთავარ ქუჩაზე - დროტნინგეტენზე და ტროტუარზე ხალხის გატანა დაიწყო.

შვედეთის პოლიციამ მომხდარის შემდეგ ორი პირი დააკავა. ერთ-ერთი მათგანი გუშინ საღამოს მას შემდეგ დააკავეს, როდესაც პოლიციამ სათვალთვალო კამერით გადაღებული ეჭვმიტანილის სავარაუდო კადრები გაავრცელა. სამართალდამცველთა ცნობით, დაკავებული მამაკაცი ტერორისტულ თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.

მეორე ეჭვმიტანილი პოლიციამ სტოკჰოლმის ჩრდილო-დასავლეთით დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ის მთავარ ეჭვმიტანილთან კავშირშია.

სტოკჰოლმის შემთხვევა პირველი არ არის, როდესაც ტერორისტები სიკვდილის იარაღად სატვირთოს ირჩევენ.

ლონდონი

22 მარტის დილიდან, ლონდონის ცენტრში, ვესტმინსტერის ხიდზე ხალხმრავლობა იყო. იქვე, პარლამენტის შენობასთან, თავს იყრიდნენ ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლები - საზოგადოება პარლამენტიდან "ცხელ ამბებს" ელოდა. შუადღისას, დაახლოებით 14.40 საათზე, ხიდზე ავტომობილი გამოჩნდა და რამდენიმე წამში სისხლიანი კალოც დატრიალდა. სწრაფად მოძრავი მძღოლი ფეხით მოსიარულეებს ჭყლეტდა... ხიდი გადაირა, პარლამენტის შენობისკენ გაემართა, მერე მანქანა გააჩერა და დანით თავს დაესხა პოლიციელს, რომელიც მის შეჩერებას ლამობდა. დამნაშავე პარლამენტის შენობასთან მოკლეს...

დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. ის ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის დაცვის წევრი აღმოჩნდა (თავად მინისტრი, პრემიერთან ერთად, პარლამენტში იმყოფებოდა). ვესტმინსტერის ტერაქტს 5 კაცი ემსხვერპლა, 40 - მძიმედ დაშავდა,

აქედან 6-ის მდგომარეობა კრიტიკულია. მაშველებმა მოახერხეს ერთ-ერთი დაშავებული ქალბატონის მდინარე ტემზიდან ამოყვანა, რომელიც ტრაგედიის დროს ხიდიდან გადახტა.

ნიცა

ტერაქტებში სატრანსპორტო საშუალება პირველად 2016 წლის 14 ივლისს ნიცაში გამოიყენეს. იმ დღეს ინგლისის სანაპიროზე თავი მოეყარა ათასობით ადამიანს, რომლებიც ბასტილიის აღების დღეს ზეიმობდნენ... მოულოდნელად, 19-ტონიანი სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა და ჭლეტა დაიწყო. ნიცის ტერაქტის დროს დაიღუპა 85 კაცი და დაშავდა 308. მას შემდეგ ავტომობილმა ე.წ. ევროპულ ტერაქტებში შაჰიდის ქამარი ჩაანაცვლა.

სანამ "ისლამური სახელმწიფო" ცდილობს "მარტოხელა მგლების" საშუალებით ევროპას თავი შეახსენოს, ამერიკული კოალიცია სირიაში "ხალიფატის" დედაქალაქ რაკკას ასაღებად ემზადება. სირიის ფრონტებზე ყველა მოთამაშემ კარგად იცის, რომ ვინც რაკკას აიღებს, ის დაეპატრონება სირიას. თუმცა "ისლამურმა სახელმწიფომაც" იცის, რომ ტერიტორიების გარეშე ის ჩვეულებრივი ტერორისტული ორგანიზაცია გახდება; ამიტომ "ხალიფატი" დანებებას არ აპირებს და რაკკაში გამაგრებული 4000-მდე მებრძოლი ქალაქის დაცვას სისხლის უკანასკნელ წვეთამდე აპირებს. ჩვენთვის უცნობია, იმყოფებიან თუ არა რაკკაში სირიაში საბრძოლველად წასული საქართველოს მოქალაქეები, რომელთა რაოდენობა, ბოლო მონაცემებით, 23 უნდა იყოს... (იხილეთ სრულად)