"ვუყურებდი, როგორ ეცემოდნენ გასისხლიანებული ადამიანები ჩემს წინ, ეს კოშმარი იყო..." - ბარსელონას ტერაქტის სისხლიანი ქრონიკა - კვირის პალიტრა

"ვუყურებდი, როგორ ეცემოდნენ გასისხლიანებული ადამიანები ჩემს წინ, ეს კოშმარი იყო..." - ბარსელონას ტერაქტის სისხლიანი ქრონიკა

მინიმუმ 13 ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა ბარსელონას ტურისტულ ცენტრში 17 აგვისტოს მომხდარი თავდასხმისას. ხელისუფლებამ მომხდარი უკვე შეაფასა ტერაქტად, რომელზეც პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახომ მომხდარს "ჯიჰადისტური ტერორიზმი" უწოდა, რომელსაც მისი თქმით, გლობალური პასუხი სჭირდება.

იხილეთ ფოტოგალერეა

ესპანეთის პოლიციის ცნობით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.

მომხდარ ტერაქტებში ორი ეჭვმიტანილი გუშინ დააკავეს, დღეს კი, ესპანური გამოცემა El Pais-ის ცნობით, კატალონიის პოლიციამ დღეს დილით, ქალაქ ბარსელონასა და კამბრილასში მომხდარი ტერაქტების მესამე ეჭვმიტანილი დააკავა, თუმცა მათგან სიკვდილის მანქანის მძღოლი არცერთია. ბარსელონასთან ახლოს, ქალაქ კამბრილასში გუშინ სამართალდამცველებმა კიდევ ერთი თავდასხმა აღკვეთეს. მათ 4 ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაჭრილია 1 ეჭვმიტანილი. მათ შაჰიდის ქამრები ეკეთათ.

2004 წლის მარტში, მადრიდის მეტროში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ბარსელონაში გუშინ მომხდარი თავდასხმა ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა. ტერაქტის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

რა მოხდა?

ხალხზე თავდასხმა ადგილობრივი დროით 16:50- წუთზე მოხდა. მიკროავტობუსი რამბლას მოედანზე, ფეხით მოსიარულეთა სავალ ნაწილზე 80 კმ/სთ სიჩქარით შევარდა და ხალხის მასაში თითქმის 500 მ. ზიგზაგირებულად გაიარა. რამბლა ქალაქის ცენტრალური მოედანია. ის ტურისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მოედანზე განლაგებულია მრავალრიცხოვანი კაფეები, ბარები და რესტორნები. პირი, რომელიც სიკვდილის მანქანას მართავდა, გაიქცა. მას ამ დრომდე ეძებენ.

დაღუპულები და დაშავებულები

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 13 ადამიანი. დაშავებულთა რაოდენობა ასამდე აღწვეს, აქედან 15-ის მდგომარეობა მძიმეა.

ესპანეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაღუპულები და დაშავეულები 18 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან.

ამ ქვეყნებს შორის არის: საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, არგენტინა, ვენესუელა, ბელგია, ავსტრალია, უნგრეთი, პერუ, რუმინეთი, ირლანდია, საბერძნეთი, კუბა, მაკედონია, ჩინეთი, იტალია და ალჟირი. გერმანული მედიის ცნობით გარდაცვლილებს შორის 3 გერმანელია. ავსტრალიური მედია კი თავისი მოქალაქეების დაშავების შესახებ იტყობინება.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, როგორც "ინტერპრესნიუსს" ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედ ცხელ ხაზზე განუცხადეს, დაღუპულებს და დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. "ისინი გვიკავშირებოდნენ გამომდინარე იქიდან, რომ გადაადგილება უჭირდათ. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ღამე ჩვენთან საკონსულოში იმყოფებოდნენ და მოვახდინეთ მათი ტრანსპორტირება სასტუმროებში".

გუშინ მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +34687661274. ასევე, 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: +995 32 294 50 50.

ვინ არიან შემსრულებლები?

ესპანეთის პოლიციამ მომხდარიდან რამდენიმე საათში ტერაქტში მონაწილე 2 ეჭვმიტანილი დააკავა  - მაროკოს მოქალაქე და მელილის მკვიდრი (ესპანეთის ანკლავი მაროკოს სანაფიროზე აფრიკაში). თავდაპირველად, პოლიციამ გამოაქვეყნა მაგრები დრის უკაბირის ფოტო, რომელიც, მათი თქმით, თეთრი "ფიატის" მძღოლი იყო. მოგვიანებით ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაგრები დრის უკაბირი, როცა გაიგო, რომ მასზე ძებნა გამოცხადდა, პოლიციაში მივიდა და განაცხადა, რომ მას დოკუმენტები მოპარეს.

შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, აფეთქება მოხდა ქალაქ ალკანარის საცხოვრებელ კორპუსში - ბარსელონასთან მდებარე ქალაქში. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა, სახლი კი მთლიანად განადგურდა. პოლიცია ამ აფეთქებას ბარსელონას ტერაქტთან აკავშირებს. გაზეთ El Pais-ის ცნობით, აფეთქების ადგილას პროპანისა და ბუტანის ბალონები იპოვეს.

თვითმხილველების მონაყოლი

ტომ გუელერი, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ ცხოვრობს: "ყვირილი და ოდნავ დაჯახების ხმა გავიგე, დავინახე დანაწევრებული ხალხის ბრბო, იქვე მიმავალი მიკროავტობუსი და მივხვდი, რომ ეს იყო ტერაქტი ან რაიმე მსგავსი. გავიქეცი, იქვე ვცხოვრობ და ვიფიქრე სახლში ავსულიყავი და მომხდარისთვის ჩემი აივნიდან მიმედევნებინა თვალი...  მძღოლი არც კი ფიქრობდა სიჩქარის შენელებას, ის რამბლას მოედანზე ადამიანების მასაში პირდაპირ მიდიოდა".

62 წლის ხუან მარგალეფი მომხდარს იხსენებს: "უცბად გაისმა ხმაური, სკამიდან ავდექი და იმ დროს ჩემს წინ თეთრმა მიკროავტუბუსმა დიდი სიჩქარით ჩამიარა, ვუყურებდი, როგორ ეცემოდნენ გასისხლიანებული ადამიანები ჩემს წინ, ეს კოშმარი იყო..."

რებეკა, რომელიც იქვე მდებარე სასტუმროში მუშაობს, აცხადებს: "მდგომარეობა ტრაგიკულია. ვხედავდი მიწაზე მწოლიარეებს, თუ როგორ ცდილობდნენ გაქცევას".

Hotel Royal de la Rambla-ს თანამშრომელი: "კლიენტებს ვემსახურებოდი, რომლებიც იმ დროს მოვიდნენ სასტუმროში. უცებ გავიგეთ ხმა, ფანჯრის მიღმა დავინახე, წყნარად მყოფმა ხალხმა უცებ როგორ დაიწყო კივილი და გაქცევა". წყარო

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "უცებ ატყდა ჩოჩქოლი..." - რას ჰყვება ქართველი ფეხბურთელის მეუღლე, რომელიც ბარსელონას ტერაქტს შეესწრო

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა