სავარაუდოდ, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული სათლი აფეთქდა - ტერაქტი ლონდონის მეტროში - კვირის პალიტრა

სავარაუდოდ, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული სათლი აფეთქდა - ტერაქტი ლონდონის მეტროში

რამდენიმე საათის წინ, ლონდონის მეტროსადგურ "პარსონს-გრინზე" აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული სათლი აფეთქდა. აღნიშნულის ამსახველ ფოტოს გაზეთი Sun-ი ავრცელებს. ფოტო შემთხვევის თვითმხილველმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა. ფოტოზე გამოსახულია პოლიეთილენის პარკი, რომელშიც თეთრი სათლი დევს.

Sky News-ის ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად საავადმყოფოებში 18 ადამიანია გადაყვანილი.

"შეტყობინება 08:20 საათზე შემოვიდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების პირველი ბრიგადა ადგილზე ხუთ წუთში მივიდა. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მეტროპოლიტენის პოლიციასთან, ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციასთან და ლონდონის სახანძრო სამსახურთან და ვცდილობთ დაშავებულებს დახმარება მაქსიმალურად სწრაფად აღმოვუჩინოთ. ამ საგანგებო სიტუაციის გათვალისწინებით, მოსახლეობას ვთხოვთ მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების დროს მოგვმართოს", - განუცხადა გამოცემას ლონდონის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა.

ლონდონის პოლიციამ მეტროში მომხდარ შემთხვევას ტერორისტული აქტი უწოდა. თავდაპირველად შემთხვევის ადგილზე ლონდონის სანტრანსპორტო პოლიცია მუშაობდა, ახლა კი საქმეში კონტრტერორისტული პოლიციის თანამშრომლები ჩაერთვნენ.

აფეთქებას გამოეხმაურა ლონდონის მერი, სადიქ ხანი.

"ლონდონმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ არ შეუშინდება ტერორს. მე მჭიდრო კავშირში ვიმყოფები მეტროპოლიტენის პოლიციასთან, ლონდონის სატრანსპორტო სამსახურთან, მთავრობასთან და სხვა სამსახურებთან, რომლებიც ადგილზე მუშაობენ და შემთხვევას იძიებენ. მე დავესწრები "კობრას" საგანგებო სხდომას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გამართავს. მსურს მადლობა გადავუხადო ჩვენს მამაც სპეციალისტებს ლონდონის სატრანსპორტო სამსახურიდან, რომლებიც ადგილზე პირველები იყვნენ.

მოვუწოდებ ყველა ლონდონელს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ინფორმაციის მისაღებად ლონდონის სატრანსპორტო სამსახურის საიტს მიმართონ" , - ნათქვამია სადიქ ხანის მიმართვაში.

იხილეთ ასევე: დაავალა ინტერნეტში გაცნობოდა, თუ როგორ კეთდებოდა ასაფეთქებელი ხელსაწყოები - როგორ წვრთნის "ისლამური სახელმწიფო" ტერორისტებს

"ინტერპრესნიუსი"