ახალი "რკინის ლედი" და გერმანელთა "მუთი" - ახალგაზრდა ანგელა მერკელს ღამის გათევა მცხეთის მილიციაში მოუწია?
"ჩემი ახლიდან სტუმარი მშიერი არასდროს წასულა"
2017 წლის სექტემბერში გერმანიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ანგელა მერკელის პარტიის გამარჯვების შედეგად, 63 წლის მერკელი, 12 - წლიანი მმართველობის შემდეგ, გერმანიის კანცლერი უკვე მეოთხე ვადით გახდა.
ანგელა დოროთეა მერკელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი პოლიტიკოსია. მისი ბიოგრაფია ჰამბურგიდან იწყება, სადაც მომავალი პოლიტიკოსი 1954 წლის 17 ივლისს მასწავლებლისა და ბერლინ-ბრანდერბურგის ლუთერანულის ეკლესიის მღვდლის ოჯახში დაიბადა.
ცოტა ხანში მერკელის ოჯახი ჯერ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში, შემდეგ კი, ქალაქ ტემპლინში გადავიდა. მალევე ანგელას და ირენე და ძმა მარკუსი ეყოლა.
ძალიან კარგი მოსწავლე ბავშვობიდან გამოირჩეოდა განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობებით. ანგელას თქმით, სკოლაში ყველაზე კარგად რუსულსა და მათემატიკას სწავლობდა, სწორედ ამ მიმართულებით ჩააბარა წარმატებით გამოცდები 1973 წელს.
ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში მერკელმა გადაწყვიტა სწავლა ლაიფციგის კარლ მარქის სახელობის უნივერსიტეტეში გაეგრძელებინა, სადაც ფიზიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. ამ პერიოდიდან გოგონა აქტიურად ერთვება ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში.
პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში
ანგელა მერკელი პირველი გერმანელი ქალია, რომელმაც წარმატებით დაიკავა კანცლერის პოსტი. მედიაში წერენ იმასაც, რომ მერკელი იმ დროს ყველაზე ახლგარზდა კანცლერი იყო.
პოლიტიკური კარიერა 1989 წელს "დემოკრატიულ პარტიაში" მუშაობით დაიწყო. ერთი წლის შემდეგ მერკელი ვოლფგანგ შნურის პარტიაში რეფერენტად იწყებს მუშაობას, ცოტა ხანში კი პარტიის პრესპიკერი ხდება.
1990 წლის ბოლო ის ბუნდესტაგის დეპუტატი გახდა. ერთი წლის შემდეგ კი, თავისი კარიერა "ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს" დაუკავშირა. 2005 წელს ის გერმანიის პირველი ქალი კანცლერი გახდა.
ჟურნალ "ფორბსმა" მერკელი რამდენჯერმე დაასახელა მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ქალ პოლიტიკოსად. მას ახალ "რკინის ლედად" მოიხსენიებენ.
არაპოლიტიკოსი მერკელი
გერმანიის კანცლერს უყვარს ბაღში მუშაობა, კერძების მომზადება. სიამოვნებით აცხობს ღვეზელს და ამბობს, რომ მისი სახლიდან არცერთი სტუმარი მშიერი არასდროს წასულა. მისი მომზადებული კერძებიდან მოწონებას ხშირად იმსახურებს კარტოფილის სუპი და ქლიავის ტორტი. როგორც ერთხელ მერკელმა ნიგერიის ყოფილ პრეზიდნეტს უთხრა, ყოველ დილით მეუღლისთვის საუზმეს თავად ამზადებს.
რაც შეეხება ანგელა მერკელის პირად ცხოვრებას, პირველი ქმარი ულრიხ მერკელი მესამე კურსზე გაიცნო, ყმაწვილიც ფიზიკას სწავლობდა. ერთი წლის შემდეგ დაქორწინდნენ და ანგელა ქმრის გვარზე გადავიდა. 1981 წელს წყვილი დაშორდა, ერთი წლის შემდეგ კი ქორწინება ოფიციალურად შეწყდა. მოგვიანებით მერკელმა ყოფილ ქმართან ურთიერთობა ასე დაახასიათა: "ჩვენ დავქორწინდით იმიტომ, რომ ყველა ქორწინდებოდა. დღეს ეს ცოტა სულელურად ჟღერს, მაგრამ ქორწინებას არასერიოზულად მოვეკიდე, როგორც ჩანს, შევცდი".
მეორე ქმარი - იოაკიმ ზაუერი ქიმიკოსია. მასთან შეხვედრები ანგელამ 1984 წლიდან დაიწყო, 1998 წლის დეკემბრის თვეში ისინი დაქორწინდნენ. პროფესორი ზაუერი ცოლის ინაუგურაციას არ დაესწრო, რადგანაც არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. წყვილს უყვარს ოპერაში და ლაშქრობაში სიარული. იოაკიმ ზაუერს ოპერის განსაკუთრებული სიყვარულის გამო, გერმანულმა მედიამ "ოპერის მოჩვენება" შეარქვა.
ანგელა მერკელს შვილები არ ჰყავს. "არ გამოვრიცხავდი ასეთ შესაძლებლობას, მაგრამ ასე არ მოხდა. როდესაც პოლიტიკაში აქტიურად ჩავები 35 წლის ვიყავი, იმ დროს ჩემს თავს აღარ დავუსვი შვილის ყოლის თაობაზე შეკითხვა".
გერმანელი მხარდამჭერები მას "მუთის" ეძახიან, რაც დედას აღნიშნავს.
საყოველთაოდაა ცნობილი გერმანიის კანცლერის სიყვარული ფეხბურთის მიმართ. ის ხშირად სტუმროს გერმანიის ნაკრებს გამარჯვების შემდეგ გამოსაცვლელ ოთახში და ფეხბურთელებს პირადად ულოცავს გამარჯვებას.
ფრაუ მერკელის შიში და პუტინის "ხუმრობა"
ანგელა მერკელისა და ვლადიმირ პუტინის ურთიერთობა წლებს ითვლის. პუტინი კე-გე-ბეს აგენტი იყო აღმოსავლეთ გერმანიაში, როდესაც ბერლინის კედელი დაეცა და ამ მოვლენით პუტინი არც ისე ბედნიერი იყო. პუტინის "ხუმრობის" მსხვერპლი მერკელიც გახდა. როდესაც ის პუტინს კანცლერის რანგში ესტუმრა, ამ უკანასკნელმა ქალს სათამაშო ძაღლი აჩუქა.
მერკელს ძაღლების ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ეშინია, როდესაც ის ძაღლმა დაკბინა. თუმცა რუსეთის პრეზიდენტი სათამაშო ძაღლით არ დაკმაყოფილებულა, მომდევნო შეხვედრაზე შავის ზღვის სანაპიროზე, სადაც მერკელს თავის საზაფხულო რეზიდენციაში უმასპინძლა, შეხვედრაზე შავი ლაბრადორი შეიყვანა. ფოტოგრაფებს არ გამორჩენიათ ერთ ადგილს მიყინული, შეშინებული მერკელისა და ირონიულად მომღიმარი პუტინის ფირზე ასახვა.
მერკელი და საქართველო
კანცლერის სტატუსით ანგელა მერკელი საქართველოს პირველად 2008 წელს, აგვისტოში რუსეთთან საომარი მოქმედებების დასრულებიდან რამდენიმე დღეში ესტუმრა. მეორედ კი ამ ომიდან 10 წლის შემდეგ.
არაოფიციალური ინფორმაციით, ის საქართველოს პირველად 1970-იან წლებში, ყმაწვილქალობისას, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს სტუმრობდა. ამ რამდენიმე წლის წინ ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანგელა მერკელი მცხეთაშიც იყო ჩასული, სადაც სამართლადამცავებს გერმანელი გოგონას ვიზიტი საეჭვოდ მოეჩვენათ, შედეგად მას ერთი ღამის გათენება ადგილობრივ მილიციაში მოუწია. თუმცა ეს მხოლოდ დაუდასტურებული ინფორმაციაა, რომელიც მცხეთელებში ლეგენდასავით არის გავრცელებული.
(სპეციალურად საიტისთვის)