"კისერში ხელი მომკიდა და თავი იატაკისკენ დამახრევინა: "ამიერიდან გეცოდინებათ, ვის უნდა მისცეთ ხმაო" - რას ჰყვებიან ბელარუსში აქციაზე დაკავებული ახალგაზრდები? - კვირის პალიტრა

"კისერში ხელი მომკიდა და თავი იატაკისკენ დამახრევინა: "ამიერიდან გეცოდინებათ, ვის უნდა მისცეთ ხმაო" - რას ჰყვებიან ბელარუსში აქციაზე დაკავებული ახალგაზრდები?

ბელარუსში საპროტესტო აქციის შემდეგ, რომელიც პრეზიდენტის არჩევნების დასრულებისას დაიწყო, ათასობით ადამიანი დააკავეს... ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის "ბი-ბი-სი"-ს რუსული სამსახურის ჟურნალისტები ელისაბედ ფოხტი, ანა პუშკარსკაია და ოქსანა ჩიჟი რამდენიმე ადამიანს ესაუბრნენ, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ბელარუსის მილიციის, იზოლატორების, წინასწარი დაკავების საკნებისა და საპყრობილეთა საშინელებები.

ალინა ბერესნევა, 20 წლის: "9 აგვისტოს საღამოს მეგობრებთან ერთად ვბრუნდებოდი მინსკის ცენტრიდან და ამ დროს "ომონ"-ის რკალში აღმოვჩნდით. ჩვენ საპროტესტო აქციაში არ ვმონაწილეობდით, მაგრამ მაინც მიწაზე წაგვაქციეს და შემდეგ ავტობუსში ჩაგვსხეს. მიგვიყვანეს მინსკის მილიციის საიზოლაციო ცენტრში. "ოჰ, თქვე ძუკნებო, სწრაფად იარეთ"!, - დაგვიყვირა იქ მყოფმა. ჩემს კითხვაზე, თუ რატომ მოგვმართავდენ ასე უხეშად, მან კისერში ხელი მომკიდა და თავი იატაკისკენ დამახრევინა: "ამის შემდეგ გეცოდინებათ, თქვე სად უნდა ისეირნოთ და სად უნდა იაროთ".

13 გოგონა, ოთხადგილიან საკანში ჩაგვსვეს. თხოვნაზე სატელეფონო ზარისა და ადვოკატის თაობაზე, იგი გვპასუხობდა: "რაო, ამერიკული ფილმები გაქვთ ნანახი? აქ თქვენ ამერიკა ხომ არ გგონიათ? არაფრის უფლება არ გაქვთ". როცა დილით მოგვშივდა და საჭმელი ვითხოვეთ, თუნდაც ფასის გადახდით, გვპასუხობდა: "არა, ამიერიდან გეცოდინებათ, ვის უნდა მისცეთ ხმა". საღამოს საკნის კარის ჭუჭრუტანიდან შევნიშნეთ, რომ სხვა საკნებიდან ადამიანები მიჰყავდათ და რაღაცაზე იძულებით ხელს აწერინებდნენ. მალე ამ პროცედურამ ჩვენთანაც მოაღწია. წინასწარ მოვილაპარაკეთ, რომ უარს ვიტყოდით. როცა ვთხოვე - "მომეცით, წავიკითხო, ხომ უნდა ვიცოდე, ხელს რაზე მაწერინებთ-მეთქი", დამიყვირა: "ხელი მოაწერე, თორემ აქვე ... [გაგაუპატიურებ] და კიდევ 20 დღე-ღამეს დაგიმატებ". ხელმოწერის შემდეგ გვეგონა, მალე გაგვათავისუფლებდნენ, მაგრამ ჩვენი კამერიდან სხვა კამერაში გადაგვიყვანეს, სადაც უკვე 20 გოგონა იყო, ასე რომ, უკვ 33 ვიყავით. შიმშილისგან ცუდად გავხდით, თავბრუ გვეხვეოდა და როცა წამალი მოვითხოვეთ, ვალიდოლის ტაბლეტები მოგვცეს.

დაღამდა და გადავწყვიტეთ, რომ თუ საჭმელს არ მოგვიტანდნენ, ხმამაღლა დაგვეწყო ყვირილი, იქნებ როგორმე ვინმე დაგვხმარებოდა. დილით პატიმრების გადამყვანი კიდევ რამდენიმე ავტომობილი ("ავტოზაკი") მოვიდა, იქიდან ბიჭები გადმოიყვანეს, მუხლებზე დააჩოქეს, თავები მიწაზე დაახრევინეს და თუ ვინმე გაინძრეოდა, მას უკანალზე ჯოხს ურტყამდნენ.

საკნის ფანჯრები ქუჩაში გადიოდა, იქიდან გვესმოდა შეძახილები - გაათავისუფლეთ ჩვენი შვილები". მეზობელ საკანში მჯდარ მამამკაცს ფეხი სტკიოდა და სამი დღე "სასწრაფო დახმარება" არ გამოიძახეს. იგი იძულებული გახდა ფანჯრიდან ქუჩის გასაგონად ეყვირა. ამ დროს მილიციის თანამშრომელი მასთან შევიდა და ცემა დაუწყო: "შენი ასე და ისე.., თუ არ გაჩერდები, ორივე ფეხს მოგამტვრევ და ტუალეტში ჩაგტენი". მილიციელების დასჯის შესაძლებლობა რომ მქონოდა, ამას სიამოვნებით გავაკეთებდი. ამ საშინელმა დღეებმა ჩემი ცხოვრება ორად გაჰყვეს - მანამდე და მის შემდეგ. ადრე მინდოდა, რომ მილიციის თანამშრომელი ვყოფილიყავი, იქ მემუშავა, მსურდა დამეცვა ადამიანთა უფლებები... ახლა კი მე ამ ქვეყნიდან გაქცევა მინდა, ჩემს ახლოებლებთან და ნათესავებთან ერთად, რომ აქ არავინ დარჩეს".

სერგეი (სახელი შეცვლილია), 25 წლის:

"11 აგვისტოს დამაკავეს, თანაც არა "ომონ"-მა, არამედ სპეცრაზმ "ალმასის" თანამშრომლებმა, რომელიც ელიტარულ ანტიტერორისტულ ქვედანაყოფს წარმოადგენს. როცა დავინახე, რომ ჩვენკენ სპეცტექნიკის კოლონა მოდიოდა, დამალვა მოვასწარი, მაგრამ უნებლიედ იმის მოწმე გავხდი, თუ როგორ უსწორდებოდნენ "სპეცრაზმელები" სავაჭრო ცენტრის წინ არსებულ მოედანზე. მათ შემამჩნიეს და ვიფიქრე, უკვე (...) მორჩა, დავიღუპე-მეთქი.

მტაცეს ხელი და ცემა-ცემით გამიყვანეს მოედანზე. თან ზურგჩანთა მქონდა, რესპირატორებით და პირბადეებით. ერთ-ერთმა ოფიცერმა ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ მითხრა - "აი, შენ თურმე ორგანიზატორიც ყოფილხარო". გადავწყვიტე, არაფერი მეღიარებინა, თუმცა ვიცოდი, რომ დამატებით მირტყამდნენ. ვთქვი, რომ ზურგჩანთა ჩემი არ იყო. მაშინ სამმა "სპეცრაზმელმა" კუთხეში მიმიყვანა, მაჩვენეს საბრძოლო ხელყუმბარა, რომელიც მიტინგების დაშლის დროს გამოყენებული ხელყუმბარისგან განსხვავდებოდა და მითხრეს, რომ ტრუსებში ჩაგიდებთ და როცა აფეთქდება, ჩვენ ვიტყვით, რომ ხელში თვითნაკეთი ბომბი გქონდა, ამას ვერავინ გამოიძიებსო. რამდენიმე წუთის შემდეგ შემაგდეს პატიმრებისათვის განკუთვნილ მილიციის დიდ ავტომობილში (ავტოზაკში"), რომელიც უკვე სავსე იყო 20-მდე ადამიანით. პირქვე დაგვაწვინეს და ჩვენს სხეულებზე მილიციელები დადიოდნენ. ერთ-ერთი ასთმიანი კინაღამ გაიგუდა. მივიდა "ომონელი", ყელზე ფეხი დაადგა და უთხრა: "იცოდე, გაგგუდავთ, ჩვენთვის სულ ერთია, რაც მოგივა".

საკნებში მიყვანისას კიდევ ერთხელ ისე მცემეს, რომ რამდენჯერმე გონება დავკარგე. ვიღაცის ხმა მომესმა: "ეყოფა, ეს უკვე გამზადებულია". გული მერეოდა და ფეხზე ვერ ვდგებოდი. როცა ექიმები მოვიდნენ, მითხრეს - "თავი გაგიტეხეს და ტვინის შერყევა გაქვსო". "სპეცრაზმელები" იდგნენ და ვარაუდობდნენ - მოვკვდებოდი თუ არა.

"სასწრაფო დახმარების" მანქანები არ ჰყოფნიდათ, რომ სასტიკად ნაცემი ადამიანები საავადმყოფოებში გადაეყვანათ... როგორც იქნა, ჩემამდეც მოვიდნენ. ვთხოვე, სახლში წამიყვანეთ-მეთქი, მაგრამ მითხრეს, საავადმყოფოში ჭრილობები უნდა გაგიკეროთო. ექიმები ხედავდნენ, თუ როგორ უსწორდებოდნენ და აწამებდნენ დაკავებულებს, ამიტომ ცდილობდნენ, რაც შეიძლება სწრაფად წაეყვანათ აქედან ადამიანები. 12 ნაკერი დამადეს... ბოლოს კი მეგობრებმა როგორღაც მომძებნეს და წამიყვანეს. რადგანაც თან არც პასპორტი და არც მობილუირი ტელეფონი არ მქონდა, ჩემი ვინაობა ვერ დაადგინეს.

სამწუხაროდ, ასეთ ძალადობას არ ველოდი. ახლა სერიოზულად ვფიქრობ ემიგრაციაზე. თუ არაფერი შეიცვლება, ძნელი იქნება ისეთ ქვეყანაში იცხოვრო, სადაც ყოველ მომენტში შეუძლიათ შენი მოკვლა, დასჯით კი არავის დასჯიან".

მარილია, 31 წლის 12 აგვისტოს, გვიან საღამოს, 11 საათზე მეგობრებთან და მეუღლესთან ერთად ავტომანქანით სახლში ვბრუნდებოდი. ქუჩები ცარიელი იყო. ქალაქის ცენტრში "გაიშნიკ"-მა (სახელმწიფო ავტოინსპექციის თანამშრომელმა) გაგვაჩერა და გვითხრა, გვერდით გადაგვეხვია. ინსპექციის მანქანის გარდა იქ რამდენიმე მიკროავტობუსიც იდგა. მოვიდნენ შავფორმიანი მამაკაცები და გვითხრეს, რომ ავტომანქანიდან გადმოვსულიყავით. ვინ იყვნენ, არ უთქვამთ. მოგვთხოვეს, ტელეფონები გამორთეთო. მე ცალკე გამიყვანეს, ბიჭები კი მანქანებთან დააყენეს. შავფორმიანები იგინებოდნენ და გვიყვიროდნენ: "გარდაქმნები და ცვლილებები გინდოდათ? ახლა გაჩვენებთ ცვლილებებს". შემდეგ ყველა მიკროავტობუსებში ჩაგვსხეს და მილიციის განყოფილებაში წაგვიყვანეს. ბიჭები კედელთან მიაყენეს და ცემა დაუწყეს. მივხვდი, რომ ჩემს ქმარსაც ურტყამდნენ და გაიძახოდნენ - "რატომ გაქვს ხელზე თეთრი სამაჯურიო" (სვეტლანა ტიხანოვსკაიას მხარდასაჭერად).

ჩვენს თვალწინ მოიყვანეს მიკროავტობუსით კიდევ რამდენიმე დაკავებული, გადმოსხეს და ცემა დაუწყეს, თან დედას აგინებდნენ... შემდეგ გვითხრეს, რომ ოქმის შეუდგენლად გაგვიშვებდნენ. სახლში ღამის ორ საათზე დავბრუნდით, ბიჭებს ცემისაგან სხეული და სახე ჩალურჯებული ჰქონდათ. მაგრამ ჩვენ არ გავჩერდებით. მათი მიზანია შეგვაშინონ, მაგრამ თვითონ ეშინიათ და მტრებად გვთვლიან".

ნიკიტა ტელიჟენკო, ჟურნალისტი, 29 წლის:

"მაღაზიაში ტანსაცმლის საყიდლად წავედი, რადგან რაც მქონდა, წინა აქციის დროს დაიხა. გამოვედი მაღაზიიდან და ვხედავ, ავტობუსი გაჩერდა, მილიციელებს ახალგაზრდა ბიჭები გადმოჰყავთ და "ავტოზეკ"-ში სვამენ. ამ ყველაფრის აღწერა და გადაღება დავიწყე რედაქციისათვის. უცებ მოვარდნენ ფორმიანები და ხელები გამიკავეს, ტელეფონი წამართვეს. როგორც ჩანს, რადგანაც რაღაცას ვწერ და ინტერნეტი მაქვს ჩართული, იფიქრეს, რომ კოორდინატორი ვარ. ტელეფონში მათ წინა აქციაზე გადაღებული ფოტოები ნახეს და მეტიც აღარ იყო საჭირო - ასე მოვხვდი "ავტოზაკ"-ში. შევეცადე მათთვის ამეხსნა, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ ჩემი განმარტება ყურად არ იღეს. მიგვიყვანეს მილიციაში. ვხედავ, მეორე "ავტოზაკ"-იდან ბიჭები გადმოჰყავთ და ურტყამენ. პირველ სართულზე უამრავი ხალხია იატაკზე დაწოლილი, სახეები დალილავებული აქვთ, ირგვლივ სისხლითაა მოსვრილი ყველაფერი...

მილიციელები ნაცემ-დაკავებულებს ლოცვების წაკითხვას აძალებდნენ. ვუსმენდი, თუ როგორ გაჭირვებით კითხულობდა ჩამტვრეული კბილებით ერთი ბიჭი ლოცვას: "მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა...". ყველაზე საშინელი ის იყო, რომ ვხედავდი, თუ როგორ იცინოდნენ მილიციელები, ხუმრობდნენ, გვერდით კი ამდენი ადამიანი იატაკზე ეყარა.... ჩაგვსვეს საკნებში 20-30 ადამიანი ერთად. ვენტილაცია არ არის, წაქცევა თუ არ გინდა, კედელთან უნდა იყო, რომ მიეყუდო. უჰაერობის გამო შუა ხნის ადამიანები ცუდად ხდებოდნენ, ზოგი წაიქცა კიდეც... გესტაპოს შესახებ ბევრი რამ მქონდა წაკითხული, მაგრამ როგორ წარმოვიდგენდი, რომ რეალურ ცხოვრებაში ამას ვნახავდი... "ბარემ დაგვხვრიტეთ, ასე რატომ გვაწამებთ"? ამ სიტყვებზე გვპასუხობდნენ, რომ მალე ციხეში წაგიყვანთ და იქ წამოაყენეთ პრეტენზიებიო.

ამდენ უსამართლობას და წამებას ვეღარ გავუძელი და ავყვირდი: "რუსი ჟურნალისტი ვარ, რა გავაკეთე ისეთი, რომ დამაკავეთ?". ეს ვთქვი და წამოვიდა თავში ხელკეტები... კისერში, ზურგშიც მირტყამდნენ. შემდეგ ჟოდინოს საპყრობილეში მიგვიყვანეს. ჩვენდა გასაკვირად, საპყრობილეში შედარებით ნორმალურად გვეპყრობოდნენ. იქ სამი-ოთხი საათი ვიყავი, შემდეგ მოვიდა ერთი პოლკოვნიკი და ციხიდან გამიყვანა, გარეთ [რუსეთის] საკონსულოს წარმომადგენელი დამხვდა... მოკლედ, ბელარუსის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გამაძევა, 5-წლიანი აკრძალვით და სმოლენსკში წამიყვანეს. (წყარო)

იხილეთ ასევე: "ღარიბი" პრეზიდენტი მილიონიანი მანქანა-აგარაკებით - რა ქონებას ფლობს ალექსანდრ ლუკაშენკო?

მოამზადა სიმონ კილაძემ