"მათი მსხვერპლები ძირითადად ქალები ხდებიან" - რას წარმოადგენს ჩეჩნური დაჯგუფება "მორალის გუშაგები", რომლის წევრებიც ავსტრიაში დააკავეს - კვირის პალიტრა

"მათი მსხვერპლები ძირითადად ქალები ხდებიან" - რას წარმოადგენს ჩეჩნური დაჯგუფება "მორალის გუშაგები", რომლის წევრებიც ავსტრიაში დააკავეს

14 აგვისტოს, ავსტრიის პოლიციამ ჩეჩნური დაჯგუფების "მორალის გუშაგები"-ს 6 წევრი დააკავა. სპეცოპერაცია ანტიტერორისტულმა ქვედანაყოფმა, "Cobra"-მ ჩაატარა. დაკავებულებს შორის 5 მამაკაცი და ერთი ქალია, მათი ასაკი 19-დან 37 წლამდეა.

ჩხრეკის დროს ამოღებულია მობილური ტელეფონები, გაზის (აირის) პისტოლეტი, 5 ათასი ევრო. დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან სისხლის სამართლის დანაშაულში - სხეულის მრავლობითი დაზიანების მიყენებასა და დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნაში. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ დაჯგუფებაში, დაკავებულების გარდა სხვა წევრებიცაა და მათი ძებნა გრძელდება.

"მორალის გუშაგები"

პოლიციის მონაცემების მიხედვით, დაჯგუფება "მორალის გუშაგები" ("Стражи морали") 2020 წლის დასაწყისში გაჩნდა. ავსტრიის ორ ქალაქში, ვენასა და ლინცში მათ სახელს, ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლების მიმართ სულ მცირე 10 დაშინებისა და ცემის ფაქტი უკავშირდება.

დაჯგუფების მსხვერპლები ძირითადად ქალები ხდებიან, იშვიათად მათი პარტნიორები და ოჯახები. "მორალის გუშაგები - ქალებს "ამორალურ" და "ზედმეტად დასავლურ" ქცევაში სდებენ ბრალს. "გუშაგები" უთვალთვალებდნენ ჩეჩნური დიასპორის წევრ ქალებს, თვალს ადევნებდნენ მათ პუბლიკაციებს სოციალურ ქსელებში, ფოტოებს, ვიდეოებს წვეულებებიდან და პლაჟიდან, რომლებშიც ისინი საცურაო კოსტიუმებში არიან, შემდეგ კი მათ მუქარის წერილებს უგზავნიდნენ.

"კართაგენი"

"მორალის გუშაგები" ერთადერთი დაჯგუფება არაა, რომელიც "მორალის" სახელით სხვადასხვა დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევა. რამდენიმე წლის წინ დაღესტანსა და ჩეჩნეთში აქტივისტების ონლაინ-საზოგადოებები გაჩნდა, რომლებიც, მოქმედებენ, როგორც "ზნეობის, მორალის მცველები".

ასეთი მცველებისგან შექმნილი ონლაინ-საზოგადოების ყველაზე ცნობილი მაგალითი "კართაგენი"-ა ("Карфаген").

"კართაგენის" საზოგადოება სოციალურ ქსელებში, ჩეჩენი გოგონებისა და ქალების "ინსტაგრამიდან" აღებულ ფოტოებს აქვეყნებდნენ, შემდეგ კი გოგონების ნათესავებს შესაბამისი რეაქციის გამოხატვისკენ მოუწოდებდნენ. რეაქციისკენ მოწოდება კი ძირითადად ფიზიკურად გასწორებას გულისხმობდა. ფოტოებში ტანისამოსით დაუფარავ ადგილებს თავად "აფერადებდნენ", გოგონების სახელებს არ შლიდნენ, რითაც გოგონები,"კართაგენის" ონლაინ-საზოგადოების კრიტიკის მსხვერპლები ხდებოდნენ. ონლაინ-საზოგადოებამ დაახლოებით ნახევარი წელი იარსება, მოგვიანებით ინტერნეტისა და კომუნიკაციების მარეგულირებელმა სახელმწიფო ორგანომ "როსკომნადზორმა" "კართაგენი" აკრძალული რესურსების რეესტრში შეიტანა, მას შემდეგ, რაც გენერალურმა პროკურატურამ მასში ექსტრემისტული მასალები აღმოაჩინა.

"ზნეობის მებრძოლები"

დაღესტანში "ზნეობის მებრძოლები" განსაკუთრებული აქტიურობით 2018 წელს გამოჩნდა, როდესაც მათ, ანიმაციური ფესტივალის, მუსიკოსების კონცერტებისა და კინოჩვენებების აკრძალვა მოახერხეს. დაჯგუფების წევრები თავს დაესხნენ ღამის კლუბებსაც. სოციალურ ქსელებში მუქარითა და აგრესიული რიტორიკით "ზნეობის მებრძოლებმა", დაღესტნის კულტურულ ცხოვრებაში ცვლილებები შეიტანეს.

დაღესტანში ერთ-ერთი აქტივისტის თქმით, გოგონებს "თამამი" ფოტოების გამო ატერორებენ, ემუქრებიან ფიზიკური გასწორებითა და სიკვდილითაც კი. სთხოვენ ფულს და სხვადასხვა გზებით აშანტაჟებენ.

ჩეჩნეთში, არასტანდარტული ტანისამოსი, რეპით გატაცება, ათეისტური შეხედულებები, საზოგადოების მიერ დაგმობილია, ხოლო ძალოვანების მხრიდან კი შეიძლება დაკავების საფუძველი გახდეს.

ჩეჩნეთში ჯერ კიდევ 2000-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა, თვითორგანიზებული ჯგუფები, რომლებმაც მოირგეს "ზნეობის პოლიციის" როლი. მაშინ ახალგაზრდები ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ და ე.წ ფეინთბოლის იარაღებით, გოგონებს საღებავის ბურთულებს ესროდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ქუჩებში თავსაბურავის გარეშე დადიოდნენ.

ამ შემთხვევების კომენტირებისას რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ამ აქციების ორგანიზატორებს მადლობასაც კი გადაუხდიდა.

წყარო

(სპეციალურად საიტისთვის)