ლენინი და სტალინი ერთად ერთ მავზოლეუმში? - რას უპირებენ საბჭოთა ბელადის გვამს და რა კავშირშია ამ ყველაფერთან აშშ-ში მოღვაწე ქართველი მხატვარი - კვირის პალიტრა

ლენინი და სტალინი ერთად ერთ მავზოლეუმში? - რას უპირებენ საბჭოთა ბელადის გვამს და რა კავშირშია ამ ყველაფერთან აშშ-ში მოღვაწე ქართველი მხატვარი

მოსკოვის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა ისეთი სწრაფი კონკურსი, რომელიც რუსეთის არქიტექტორთა კავშირმა გამოაცხადა და ერთ დღეში დასრულდა: 12 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია "სრულიად რუსეთის სახალხო კონკურსის" თაობაზე, რომელიც წითელ მოედანზე, კრემლთან მდებარე ვლადიმერ ლენინის მავზოლეუმის ახლებურად გამოყენებას ეხებოდა. რუსეთის საზოგადოების ბევრმა წარმომადგენელმა კონკურსში მავზოლეუმიდან ვლადიმერ ლენინის ნეშტის გატანა და თვითონ მავზოლეუმის გაუქმების მცდელობა დაინახა. მასმედიაში არქიტექტორთა კავშირის მიმართ იმდენად ნეგატიური მასალები დაგროვდა, რომ ინიციატორები იძულებულები გახდნენ ნაჩქარევად გამოცხადებული კონკურსის ჩატარებაზე უარი ეთქვათ. სხვათა შორის, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეტანილი ობიექტის - ლენინის მავზოლეუმის შესახებ, კონკურსის ჩატარების გეგმებზე ინფორმაცია რუსეთის კულტურის მინისტრმა ოლღა ლუბიმოვამაც ტელევიზიიდან გაიგო.

მოკლედ რომ ვთქვათ, შემოქმედებითი ღონისძიება საჯარო სკანდალში გადაიზარდა. თავისი აზრი გამოთქვეს პოლიტიკოსებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა - მწერლებმა, ჟურნალისტებმა... ჩატარდა გამოკითხვები მოსახლეობაში - რუსეთის მოქალაქეთა 40% თანახმაა, რომ ლენინი მავზოლეუმიდან გამოიტანონ და სასაფლაოზე პატივის მიგებით დაკრძალონ, 22% კი წინააღმდეგია.

საერთოდ, ვლადიმერ ლენინის მავზოლეუმის არსებობა მოსკოვის ცენტრში, უკვე 30 წელზე მეტია რუსულ საზოგადოებაში დავას იწვევს.

ცოტა რამ ახლო წარსულიდან: "დასაფლავება" ადამიანურად

მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის ნეშტის მიწისათვის მიბარების იდეა პირველად 1989 წელს, საბჭოთა კავშირის დეპუტატთა პირველ ყრილობაზე გაჟღერდა იური კარიაკინის მიერ, რომლის თქმით, ვლადიმერ ლენინს თურმე ბოლო ანდერძად დედის გვერდით დასაფლავება სურდაო, მაგრამ ბელადის ძმისშვილმა (უმცროსი ძმის - დიმიტრი ულიანოვის შვილმა), ღრმად მოხუცებულმა ოლღა ულიანოვამ მსგავსი დანაბარების არსებობა უარყო და განაცხადა, რომ არანაირი დოკუმენტი არქივში არ არსებობს. 1991 წელს, მიხეილ გორბაჩოვის თანხმობით, იგივე წინადადებით გამოვიდა დეპუტატი ანატოლი სობჩაკი, მაგრამ ინიციატივა უშედეგო აღმოჩნდა. 1997 წელს პრეზიდენტი ბორის ელცინიც არ იყო წინააღმდეგი ვლადიმერ ლენინის გვამის გადატანა-დამარხვისა, მაგრამ მის განზრახვასც განხორციელება არ ეწერა.

2010 წელს პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "ვალდაის კლუბის" წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ვლადიმერ ლენინის დასაფლავების საკითხს რუსი ხალხი თავის დროზე გადაწყვეტს - "ისტორია ისეთი რაღაცაა, რომელიც აჩქარებას ვერ იტანს".

კრემატორიუმის ალტერნატივა: მავზოლეუმში სტალინთან ერთად?

ბოლო დღეების მოვლენების ფონზე კი რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, სათათბიროს წევრმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ხელისუფლებას ვლადიმერ ლენინის ცხედრის კრემაცია შესთავაზა: "ჩვენ ეს გვამი არ გვჭირდება. გთხოვთ, ნუ გავყიდით, მოდით კრემატორიუმში დავწვათ ცხედარი და სიმბირსკში მისი მამის საფლავთან ან პეტერბურგში, დედის საფლავის გვერდით დავკრძალოთ" (წყარო). მართალია, მან ორიოდე დღის შემდეგ აზრი შეიცვალა, თუმცა ამაზე ქვემოთ.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის, კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის (ცეკას) თავმჯდომარის გენადი ზიუგანოვის თქმით, "ის, რაც ლენინთან და მავზოლეუმთან არის დაკავშირებული, საბჭოთა ეპოქასთან განუყოფელია. ლენინი იმ დროისთვის არსებული ყველა ტრადიციით დაიკრძალა, მათ შორის მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციითაც. ასე რომ, ვლადიმერ ილიჩის ცხედრის მავზოლეუმიდან გატანის მოწოდება პროვოკაციულია" (წყარო) ლენინი მავზოლეუმში

ცნობილი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის მაქსიმ შევჩენკოს აზრით, "მავზოლეუმთან დაკავშირებულ მითქმა-მოთქმას და "ცეკვა-თამაშს" პოლიტტექნოლოგიური თვალსაზრისით უნდა შევხედოთ. მალე სათათბიროს არჩევნები მოდის და ეს თემა უფრო მეტად კომუნისტებს აწყობთ - შეიძლება მისი ექსპლუატაციით ხმების დამატებითი რაოდენობა მიიღონ. საერთოდ კი ვთვლი, რომ ამ თემის სერიოზულად განხილვა არ ღირს: ისედაც გასაგებია, რომ მავზოლეუმს ხელს არავინ ახლებს" (წყარო)

მწერალ ალექსანდრე პროხანოვის თქმით, "მე რუსეთის მთავრობას და საზოგადოებას მავზოლეუმიდან ლენინის გამოტანას კი არ შევთავაზებდი, არამედ იქ იოსებ სტალინის ნეშტის შეტანას".

თვითონ არქიტექტორთა კავშირის პრეზიდენტი ნიკოლაი შუმაკოვი კი ამბობს: "ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება. ლენინს 100 ან 150 წლის შემდეგ მაინც გამოიტანენ. რაღაც გონივრული, ცივილიზებული გადაწყვეტილება მანამდე უნდა მივიღოთ, სანამ მავზოლეუმის დანგრევის საფრთხე არ შეიქმნება" (წყარო).

დეივიდ დათუნა: "ვიყიდი ლენინს... მილიარდ დოლარად"

რამდენიმე დღის წინ რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ში მოღვაწე მხატვარმა დეივიდ დათუნამ ლენინის ცხედრის შესყიდვისა და აშშ-ში გადატანის სურვილი გამოთქვა. მისი თქმით, ამერიკა კომუნიზმისა და სოციალისტური იდეებისკენ მიემართება და ახლა მავზოლეუმის ატრიბუტები და ლენინი აშშ-ს უფრო სჭირდება, ვიდრე რუსეთს. დეივიდ დათუნას მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის ცხედრიდან არტ-ობიექტის შექმნა აქვს განზრახული, მის საყიდლად 50 მილიონი უკვე შეგროვებული აქვს. ასევე მზადაა, თუ საჭირო გახდება, მილიარდი დოლარი დახარჯოს.

ცნობისათვის: დეივიდ დათუნა წარმოშობით ქართველია, თბილისელი, 1974 წელს დაბადებული. დათუნა 1999 წლიდან აშშ-ში, ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად ცნობილია "მილიონების ხედვის" სერიები (Viewpoints of Millions), რომლებიც სხვადასხვა უნიკალური ხედვიდან იკვლევენ კულტურული იდენტობის წყაროებსა და მნიშვნელობებს. დეივიდ დათუნა

დეივიდ დათუნა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და ძვირადღირებული მხატვარია. მისი ნამუშევრები მრავალი ქვეყნის პირველი პირის, ცნობილ კერძო და საბანკო კოლექციებსა და მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში მოიპოვება. მხატვრის ნამუშევრებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დროშებს. თავად ხელოვანის თქმით, დროშები მისთვის არა მხოლოდ ქვეყნის სიმბოლო, არამედ ერთგვარი განცალკევებული ორგანიზმია. ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარი "საქართველო - მილიონთა იმედი" მან 2014 წელს საქართველოს მიუძღვნა, ამ მიზნით მხატვარი თბილისშიც იყო ჩამოსული.

ასეა თუ ისე, დეივიდ დათუნას სურვილი, რუსმა კომუნისტებმა შეურაცხყოფად მიიღეს. როგორც ორიოდე დღის წინათ რუსული ტელევიზიის НТВ-ეს ეთერში რუსი კომუნისტების წარმომადგენელმა სერგეი მალინკოვიჩმა განაცხადა, "თუ ლენინის ყიდვაზე ამერიკელი ამბობს, ჩათვალეთ რომ ის გაიძვერა და აფერისტია".(წყარო).

ლენინი 58 ათას ევროდ, სტალინი - 150 ათასად!

როგორც რუსული პრესა იუწყება, ვლადიმერ ლენინით ვაჭრობა ახალი არ არის, თუმცა ადრე, დღევანდელისაგან განსხვავებით, ბელადის ძეგლები იყიდებოდა. მაგალითად, 2017 წელს გერმანიაში, პოტსდამში მოწყობილ აუქციონზე ლენინის 12-მეტრიანი და სტალინის ძეგლები გაიყიდა. ლენინის ძეგლი სოციალისტური გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ქალაქ დრეზდენის ცენტრში იდგა, სტალინის ძეგლი კი ჩეხეთიდან ჩაიტანეს. აღსანიშნავია, რომ ორივე ჩინელებმა იყიდეს - ლენინი 58 ათას ევროდ, სტალინი 150 ათასად!

იმავე წელს უკრაინის დასავლეთ ნაწილში მდებარე საზღვრისპირა ქალაქ ჩოპში ლენინის ოთხტონიანი ბრინჯაოს ძეგლი 9400 დოლარად ადგილობრივმა ბიზნესმენმა შეიძინა.

ხშირად ხდება, რომ ერთ სახელმწიფოში გაყიდული ლენინი მეორე სახელმწიფოში ჰპოვებს ხოლმე თავშესაფარს. ასე, მაგალითად, ლენინის ერთ-ერთი ძეგლი, რომელიც სლოვაკეთის ქალაქ ბრატისლავაში იდგა, ამერიკელმა ბიზნესმენმა შეისყიდა და აშშ-ში, სიეტლში დადგა. ძეგლი დღეს ქალაქის ტურისტულ ღირსშესანიშნაობად ითვლება (წყარო)

მოსკოვი: რა სარგებლობა მოაქვს... ლენინს?

რუსეთის ტელეარხის "მირ-24"-ის კორესპონდენტის კითხვაზე, თუ რატომ იწვევს ვლადიმერ ლენინის სხეული მისი სიკვდილიდან 100 წლის შემდეგ ამდენ მითქმა მოთქმას და აზრთა სხვადასხვაობას, რუსი ისტორიკოსი და პედაგოგი, ისტორიის სახელმძღვანელოს ავტორი, პროფესორი ევგენი სპიცინი ასე პასუხობს: "ვლადიმერ ლენინი კაცობრიობის მონაპოვარს წარმოადგენს. მან შექმნა პირველი სახელმწიფო, სადაც უფასო განათლება და ჯანდაცვა იყო. ეს ადამიანებს ახსოვთ და ამას აფასებენ".

ისტორიკოს ბორის იულინის აზრით, ლენინის მავზოლეუმის შენახვის ხარჯები სახელმწიფოს ყოველწლიურად 17 მილიონი რუბლი უჯდება, ეს თანხა კი არაფერია იმ მოგებასთან შედარებით, რაც მას მოსკოვისათვის მოაქვს: ქალაქში უამრავი ტურისტი კრემლის, წითელი მოედნისა და მავზოლეუმის სანახავად მოდის, სურათებს იღებენ მის ფონზე... ეკატერინბურგში არსებული ელცინ-ცენტრის შენახვა კი წელიწადში 300-ჯერ მეტი ჯდება და წამგებიანია... მოკლედ, მოსკოვში ლენინის მავზოლეუმი ყველაზე პოპულარულ ნაგებობას წარმოადგენს" (წყარო).

---------------

რუსეთში დღეს მიმდინარე აჟიოტაჟის ფონზე ალბათ, საინტერესო იქნება გავიხსენოთ ვლადიმერ ლენინის ცხედრის მავზოლეუმში შეტანისა და "დასვენების" ისტორია, რომელიც, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ საკმაოდ საინტერესო ფაქტებს და მოვლენებს უკავშირდება.

ლენინი მავზოლეუმში: "როგორ მოხვდი მანდა?"

ტერმინ "მავზოლეუმს" ბერძნული წარმომავლობა აქვს და ნიშნავს მონუმენტურ სამარხ ნაგებობას. სახელწოდება მიიღო ქალაქ ჰალიკარნასში (თურქეთის ქალაქ ბოდრუმთან ახლოს) აგებული კარიის მეფის მავსოლეს აკლდამისაგან, რომელიც მისმა მწუხარე ცოლმა არტემისიამ ააგო ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში (ნაგებობის დღევანდელი ნანგრევები შეტანილია მსოფლიოს შვიდი საოცრების სიაში). მოგვიანებით მავზოლეუმი გავრცელდა ძველ რომსა და შუა საუკუნეების აღმოსავლეთში.

1924 წლის 24 იანვარს, ვლადიმერ ლენინის გარდაცვალებიდან მესამე დღეს, ცნობილმა რუსმა არქიტექტორმა ალექსეი შუსევმა საბჭოთა მთავრობისაგან სპეციალური დავალება მიიღო - სასწრაფოდ, სამ დღეში უნდა დაეპროექტებინა და აეშენებინა დროებითი მავზოლეული ვლადიმერ ლენინისათვის. იმავდროულად შენობა მონუმენტური უნდა ყოფილიყო და კრემლის მოედნის არქიტექტურაში უნდა ჩაწერილიყო. ალექსეი შუსევმა მთელი ღამე იმუშავა და დილისთვის პროექტი უკვე მზად იყო, რომელიც მთავრობამ დაუყოვნებლივ დაამტკიცა. დროებითი მავზოლეუმი ხის მასალისგან უნდა აშენებულიყო, რისთვისაც ფიცრები, ბოძები და სხვა ნაწილები სოკოლნიკის სატყეო საწყობში დახერხეს. სამუშაოები სწრაფი ტემპით გაჩაღდა, საღამოსთვის მშენბლობაზე რამდენიმე ასეული ადამიანი მუშაობდა. ძნელი იყო საძირკვლის გათხრა, რადგან მიწა ძალიან იყო გაყინული, მაგრამ ორი დღის  შემდეგ, მავზოლეუმი უკვე მზად იყო, რომელსაც მუქი ნაცრისფერი კუბის ფორმა ჰქონდა და ბოლოვდებოდა სამსაფეხურიანი პირამიდით, ფასადზე წარწერით "ლენინი". ალექსეი შუსევი

27 იანვარს დილის 8 საათზე ვლადიმერ ლენინის ბალზამირებულ ცხედართან საპატიო ყარაულში ჩადგნენ იოსებ სტალინი, მიხეილ კალინინი და პეტროგრადელი მუშები. 9 საათსა და 20 წუთზე სამგლოვიარო მუსიკით ბელადის კუბო კავშირების სასახლიდან გამოასვენეს, წითელი მოედანზე წაიღეს და მავზოლეუმში შეიტანეს, 16 საათზე კი შაშხანების ზალპითა და ქარხანა-ფაბრიკების საყვირის ფონზე სარკოფაგში ჩაუშვეს. 1924 წლის 26 თებერვალს შეიქმნა სპეციალური კომისია და ლაბორატორია, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევდა ბელადის გვამის მდგომარეობას და მას პერიოდულად ისევ ბალზამირებას გაუკეთებდა.

1925 წლის იანვარში საბჭოთა მთავრობამ მიიღო დადგენილება ვლადიმერ ლენინისათვის გრანიტის მავზოლეუმის მშენებლობის თაობაზე. გამოცხადდა კონკურსი, რომლის შედეგად ისევ ალექსეი შუსევის პროექტი მოიწონეს. მავზოლეუმი შავი ლაბრადორის გრანიტით უნდა აგებულიყო, წარწერა "ლენინი" კი წითელი მარმარილოს დიდი ფილებით გაუკეთდებოდა. გრანიტის ფილები შესაბამისი ზომებით უკრაინის ჟიტომირის ოლქის კარიერში ნახეს და ტრაქტორებით 8 დღის განმავლობაში უახლოეს რკინიგზის სადგურამდე მიჰქონდათ, იქ კი სპეციალურ პლატფორმაზე გადაიტანეს... მოკლედ, ახალ გრანიტის მავზოლეუმის მშენებლობაც საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა: დაწყებიდან - 1929 წლის ივნისიდან 16 თვის მუშაობის შემდეგ, 1920 წლის ოქტომბრისათვის შენობა უკვე მზად იყო. მალე ბელადის ცხედარმა ბინა ახალ შენობაში, გრანიტის სარკოფაგში დაიდო.

ბელადის "გაციმბირება"

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ იყო მომენტი, როცა ბელადის ცხედარი მავზოლეუმიდან გამოიტანეს და... "გააციმბირეს". ეს მოხდა 1941 წლის 3 ივლისს, საბჭოთა კავშირ-გერმანიის ომის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ: იოსებ სტალინის პირადი საიდუმლო ბრძანებით, ქალაქ ტიუმენში ცხედრის ევაკუაცია მოხდა. საქმე იმაშია, რომ საბჭოთა დაზვერვის მონაცემების თანახმად, ადოლფ ჰიტლერს დივერსიული ქვედანაყოფი შეუქმნია კრემლისა და მავზოლეუმის ასაფეთქებლად, ამიტომ ვლადიმერ ლენინი უბედურებას აარიდეს: რკინიგზის სპეციალური ამორტიზატორებიანი ვაგონით, მიკროკლიმატის შენარჩუნებით, ზურგის შორეულ ქალაქ ტიუმენში გადაიტანეს და სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის შენობაში განათავსეს (ცხადია, გარკვეული წესების დაცვით). ბელადის ცხედრის ტიუმენში არსებობა ზესაიდუმლო რეჟიმის დაცვით ხდებოდა. 1944 წელს მოსკოვიდან ტიუმენში სპეციალური კომისია ჩავიდა, რომელმაც ცხედრის მდგომარეობა შეამოწმა. დიაგნოზი: გვამი კარგად არის შენახული. ვლადიმერ ილიჩი ისეთივეა, როგორსაც მას საბჭოთა ადამიანები იცნობდნენ.

ვლადიმერ ულიანოვ-ლენინი "გაციმბირებული" იყო 1945 წლამდე - 26 მარტს ბელადი ისევ მოსკოვის მავზოლეუმში დააბრუნეს.

სტალინი ლენინთან: "კუდიანი ჯადოქრის სიზმარი"

იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ გადაწყდა, რომ მისი სხეულის ბალაზმირებაც მომხდარიყო და გენერალისიმუსის ცხედარიც მავზოლუმში, ვლადიმერ ლენინის გვერდით დაესვენებინათ, მეორე სარკოფაგში. 1953 წლის 6 მარტს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოსა და კომპარტიის ცეკას მიერ მიღებული იქნა დადგენილება იოსებ სტალინისთვის პანთეონის მშენებლობის თაობაზე, მაგრამ, გასაგები მიზეზების გამო, დადგენილება არ რეალიზებულა.

რადგან მავზოლეუმის ფასადის მონოლითური გრანიტის შეცვლა ორი წარწერით ("ლენინი" და "სტალინი") დროულად ვერ მოხერხდა, "ლენინს" ჯერ ვარდისფერი ფისი წაუსვეს, შემდეგ შავი საღებავით გადაღებეს და ნამდვილი ლაბრადორის გრანიტის იმიტაცია შექმნეს, ბოლოს კი ორი წარწერა გაუკეთეს ჟოლოსფერი საღებავით. ვინაიდან ზამთრობით საღებავიანი წარწერები მაინც სკდებოდა, 1960 წელს მავზოლუმის ფასადი ახალი მონოლითით შეცვალეს კვლავ ორი წარწერით.

სანამ იოსებ სტალინი მავზოლეუმში იწვა, გარეთ ხმაურიანი მოვლენები ხდებოდა: 1956 წელს, ნიკიტა ხრუშჩოვის თაოსნობით, კომპარტიის მე-20 ყრილობაზე მისი საქმიანობა და დამსახურება "პიროვნების კულტად" იქნა შეფასებული. ნელ-ნელა დაიწყეს ანტისტალინური ღონისძიებების განხორციელება. 1960 წლისათვის კი "შეაპარეს" წინადადება იოსებ სტალინის ყოფნა ვლადიმერ ლენინის გვერდით დაუშვებელიაო. 1961 წლის შემოდგომაზე კომპარტიის ცეკას პრეზიდიუმმა, ლენინგრადის საოლქო კომიტეტის I მდივნის ივანე სპირიდონოვის ინიციატივის თანახმად, მიიღო დადგენილება ყოფილი გენერალური მდივნის, მინისტრთა საბჭოს ექს-თავმჯდომარისა და გენერალისიმუს იოსებ სტალინის ცხედრის მავზოლეუმიდან გამოტანისა და კრემლის კედელთან მისი დაკრძალვის თაობაზე. ნიკიტა ხრუშჩოვი და მისი თანამოაზრენი ახლა უკვე მომენტს ელოდებოდნენ, ეს დროც დადგა: 1961 წლის 30 ოქტომბერს კომპარტიის 22-ე ყრილობის ტრიბუნაზე ავიდა ძველი რევოლუციონერი დორა ლაზურკინა, რომელმაც ყრილობის დღის წესრიგში დააყენა საკითხი იოსებ სტალინის გამოსვენების თაობაზე: "მე ილიჩი დამესიზმრა და მითხრა, რომ იოსებ სტალინის გვერდით ვერ ვისვენებ, მომაშორეთ, რადგან პარტიას დიდი უბედურება მოუტანაო". რასაკვირველია, მას მხარი ერთხმად დაუჭირეს. თუმცა, როგორც ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა მოგვიანებით, "დორა ლაზურკინა კუდიანი ჯადოქარივით გამოვიდა და თქვა, რომ თურმე ძილში ხედავს, თუ როგორ ლანძღავს ლენინი სტალინსო".

ლაზურკინას განცხადებიდან მეორე დღეს, 1961 წლის 31 ოქტომბრის საღამოს, წითელ მოედანზე შესვლა აიკრძალა, სტალინის საფლავის ადგილზე ფანერებით შეღობეს და პროჟექტორების შუქზე მიწის თხრა დაიწყეს, შემდეგ ახალი სარკოფაგი გააკეთეს. ზუსტად 21 საათზე კომისიის წევრები მავზოლეუმში შევიდნენ, მათთან ერთად კი ის სპეციალისტები, რომლებმაც თავის დროზე სტალინის სარკოფაგი დაამზადეს. მათ ახლა თავიანთივე ხელით აგებული სარკოფაგი დაშალეს, ცხედარი კუბოში გადაიტანეს, მუნდირიდან სოციალისტური შრომის გმირის ოქროს მედალი მოხსნეს, სახე ვუალით დაუფარეს და სახურავი დაახურეს. 22 საათსა და 10 წუთზე საბჭოთა არმიის რვა ოფიცერმა კუბო საფლავთან მიიტანეს, თოკებით ჩაუშვეს სარკოფაგში და გრანიტის ფილა დაადეს.

ამრიგად, იოსებ სტალინი აღმოჩნდა ერთადერთი მოღვაწე, საბჭოთა ქვეყნის მეთაური, რომელიც გამოსამშვიდობებებლი სიტყვებისა და სალუტის გარეშე იქნა დაკრძალული... იმავე ღამეს გრანიტის მონოლითური ფილა წარწერით "ლენინი"/"სტალინი" ძველი ფილით შეცვალეს. ასეთი სახე შემორჩა დღემდე მავზოლეუმს.

ათა-თურქიდან მაო ძედუნამდე: მავზოლეუმები

დღევანდელ მსოფლიოში ჯერ კიდევ შემორჩენილია მოქმედი მავზოლეუმები, რომლებშიც ყოფილი ლიდერები არიან დაკრძალული. ერთ-ერთი - ესპანეთის ექს-დიქტატორი, კაუდილიო ფრანსისკო ფრანკო გასულ 2019 წლის ოქტომბერში მიაბარეს მუნიციპალური სასაფლაოს მიწას, მანამდე კი, 1975 წლიდან, გარდაცვალების დროიდან, მისი ცხედარი მადრიდთან მდებარე "დაღუპულთა ველზე", მავზოლეუმში იყო მოთავსებული.

ბალზამირებულ ბელადებს მავზოლეუმი "უკანასკნელ ნავსაყუდლად" რამდენიმე ქვეყანაში აქვთ: თურქეთში - მუსტაფა ქემალ ათა-თურქს, სახელწოდებით "ანტკაბირი", ჩრდილოეთ კორეაში - კიმ ირ სენს და კიმ ჩენ ირს, ვიეტნამში - ხო შიმინს, ჩინეთში - მაო ძედუნს (წყარო). სხვათა შორის, ამ სტრიქონების ავტორს პეკინში, ტიანანმენის მოედანზე მდებარე მაო ძედუნის მავზოლეუმთან ფოტოსურათიც აქვს გადაღებული..

დასკვნის მაგიერ და კვლავ ვლადიმერ ლენინის მავზოლეუმის შესახებ:

თუ რუსეთის მასმედიის პათოსს გავითვალისწინებთ, საბოლოო ჯამში, უნდა ვივარაუდოთ, რომ მავზოლეუმიდან ვლადიმერ ლენინის ცხედრის გატანა არ მოხდება და პროლეტარიატის ბელადი თავისი გარდაცვალების 100 წლისთავს - 2024 წლის 21 იანვარს - იქ შეხვდება, სადაც აქამდე ხვდებოდა.

იხილეთ ასევე: ვინ არის ქართველი ხელოვანი, რომელმაც ნიუ იორკში გამოფენაზე 120 000 დოლარიანი ბანანი შეჭამა?

მოამზადა სიმონ კილაძემ