"სულთანი ერდოღანი მეფე პუტინს იწვევს..." - რას წერს ფრანგული გამოცემა?
ფრანგული ჟურნალის "ლე პუან"-ის ("Le Point") ახალ ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "სულთანი ერდოღანი მეფე პუტინს იწვევს...", რომელშიც თურქეთ-რუსეთის მიმდინარე და სამომავლო-სავარაუდო დაპირისპირების სურათია გადმოცემული (ავტორი - ლიუკ დე ბაროშე).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
"მთიანი ყარაბაღის ირგვლივ მიმდინარე ძალისმიერ მოქმედებათა აფეთქების უკან ორი დესპოტის ურთიერთდაპირისპირება იმალება. ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი ახალ თავს წერენ რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიის საუკუნო მტრობაში. ივანე მეოთხე მრისხანის დროიდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე რუს მეფე-იმპერატორებს და თურქ სულთნებს ერთმანეთთან თითქმის დუჟინი ომი ჰქონდათ. სექტემბრის ბოლოს კი რეჯეფ ერდოღანმა კვლავ "შეუბერა სული" დაპირისპირების ცეცხლს და აზერბაიჯანელ მოკავშირეს სომხეთის მთიანი ანკლავის წინააღმდეგ შეტევისაკენ უბიძგა.
დაპირისპირების პირველი აქტი თურქეთის ლიდერის სასარგებლოდ დამთავრდა - მან პირველად მოახდინა იმის დემონსტრაცია, რომ რუსეთის უშუალო საზღვართან პრობლემების შექმნა შეუძლია. ეს ვლადიმერ პუტინისათვის საგანგაშო სიტუაციას ნიშნავს. გავიხსენოთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური კატასტროფა უწოდა და მან მიზნად პოსტსაბჭოთა სივრცის გაკონტროლება დაისახა, რაც, თავის მხრივ, მისი პოლიტიკური ძალის შემადგენელი ნაწილი გახდა.
დღეს კი ვლადიმერ პუტინის გეგმები საფრთხეშია. შუა აზიიდან ევროპამდე არსებული სივრცე - ე.წ. "ახლო საზღვარგარეთი" რუსეთის დომინირებისაგან თავისუფლდება. ყირგიზეთში პრორუსუსლი ძალების მდგომარეობა ოპოზიციის მიერ მოწყობილი ქუჩის საპროტესტო აქციებით შერყეულია, არჩევნების გაყალბების გამო. ბელარუსში ზაფხულიდან მოყოლებული ქუჩის აქციები გრძელდება, დიქტატორ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიმართული. უკრაინაში რუსეთის ლიდერმა მოსახლეობის დიდი ნაწილი თავის წინააღმდეგ განაწყო - დონბასში გაგრძელებული კონფლიქტის გამო. თვითონ რუსეთშიც კი უკვე არაერთი კვირაა გრძელდება მღელვარება ხაბაროვსკის მხარეში... და ბოლოს, ოპოზიციონერ ალექსი ნავალნის მიერ დაგეგმილი დაბრუნება, რომელიც, გერმანელი ექიმების ძალისხმევით, ქიმიური იარაღით მოწამვლით სიკვდილს გადაურჩა, კრემლისათვის თავის ტკივილის კიდევ ერთი წყარო ხდება.
მოსკოვისათვის ყველაზე მტკივნეული ამ პრობლემებიდან თურქეთის ჩარევა ხდება იმდენად, რამდენადაც ანკარა ეხება რუსეთის ყველაზე მგრძნობიარე ფლანგს - კავკასიას. რეჯეფ ერდოღანმა თავისი მოქმედებით უკვე ორი წითელი ხაზი გადაკვეთა: პირველი - აზერბაიჯანი მან თავისი დამპყრობლური ისლამისტური პოლიტიკის ახალ ინსტრუმენტად გადააქცია და მეორე - [მთიანი ყარაბაღის] ფრონტზე სირიელი დაქირავებულები გაგზავნა. თურქეთის პრეზიდენტმა ისევ გააქტიურა ისლამისტური საფრთხე იქ, სადაც ადრეც არსებობდა და აჩვენა, რომ რუსეთი ერთადერთი სახელმწიფო არ არის, რომელსაც კავკასიაში სამხედრო ოპერაციების ჩატარება შეუძლია. მოსკოვი სერიოზულად არის შეშფოთებული ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმანური რესპუბლიკების, კერძოდ, ჩეჩნეთის სავარუდო დესტაბილიზებით, სადაც უკვე ბობოქრობდა ომი 1990-იან წლებში.
პოსტსაბჭოთა სივრცე ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი არასტაბილურობით, მაგრამ ვლადიმერ პუტინი ბოლო დრომდე ამ არასტაბილურობას თავის სასარგებლოდ იყენებდა, მაგალითად, 2014 წელს, როცა მან, კიევში მიმდინარე უწესრიგობების ფონზე, ყირიმს "ხელი ჩასჭიდა და თავისკენ მისწია". სიტუაციის სიახლე იმაშია, რომ ვლადიმერ პუტინს უკვე უძნელდება თამაში, ანუ იგი საკუთარ განზრახვას სხვას თავს ვეღარ ახვევს. რეჯეფ ერდოღანმა კი კავკასიური ლანდშაფტი თავის სასარგებლოდ შეცვალა - ისე, როგორც ეს ლიბიაში გააკეთა მიმდინარე წლის დასაწყისში (მას სირიაშიც იგივე სურდა, მაგრამ წარუმატებლად). ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში თურქეთის ლიდერი უყოყმანოდ მოქმედებდა რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ.
ამასთან, ლიბიაში და სირიაში ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ ერდოღანმა ისიც აჩვენეს, რომ ისინი ერთმანეთის ინტერესებს ითვალისწინებენ და მზად არიან დაპირისპირება არ გააღრმავონ. რუსეთის ლიდერი თურქ კოლეგას უთმობდა ხოლმე, რადგან რეჯეფ ერდოღანი მის სასარგებლოდ მოქმედებდა - იგი ხომ ის პიროვნებაა, რომელსაც ნატოში დესტაბილიზების შეტანა შეუძლია (ვთქვათ, რუსული სარაკეტო კომპლექსის C-400-ის შესყიდვით ან ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთ ნაწილში კრიზისის შექმნით). თურქი ლიდერი თვით აშშ-ის მიმართაც კი შეუპოვარია, რითაც ხაზს უსვამს ამერიკის უუნარობას - იყოს მსოფლიო ლიდერი. მაგრამ შესაძლოა სულთანი მაინც ძალიან ღრმად შევიდა რუსეთის წინააღმდეგ?
ხშირად ამბობენ, რომ აშშ-ის უკან დახევა ხალხთა თვითგამორკვევას ხელს უწყობსო. ამის მიუხედავად, ევროპისა და აზიის საზღვარზე ხალხთა თვითგამორკვევა კი არა, იმპერიების დაბრუნების სიმპტომები შეინიშნება - რუსეთის იმპერიისა, რომლის შენარჩუნება ვლადიმერ პუტინს სულ უფრო უძნელდება და ოსმალეთის იმპერიისა, რომლის აღორძინებასაც რეჯეფ ერდოღანი ესწრაფვის, შიდა პრობლემებისაგან ყურადღების გადასატანად. მოკლედ, ჩვენ ვხედავთ კრიზისული ქვეყნების ორ ტირანს, რომელთა ბრძოლის ახალი ველი (სირიის, ლიბიისა და კავკასიის შემდეგ) შეიძლება ევროპა გახდეს, კერძოდ კი - ბალკანები. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ