"ნარკოკარტელის მეფის" ცოლი უმკაცრესი სასჯელის მოლოდინში - "ნარკობიზნესის დედოფლის" ცხოვრება მაღალი მოდიდან სამარტოო საკნამდე
მექსიკური "ნარკოკარტელის მეფის", კრიმინალურ სამყაროში ყველასთვის ცნობილი ხოაკინ გუსმანის, იმავე "ელ ჩაპოს" მეუღლე, ემა აისპურო, რომელსაც "ნარკობიზნესის დედოფალიც" შეარქვეს, მაღალი მოდიდან სამარტოო კამერაში აღმოჩნდა.
როგორც ცნობილია, მექსიკური კლანის ბოსის მეუღლე დაკავებამდე ნიუ-იორკში, უდარდელად ცხოვრობდა. ცნობილია ისიც, რომ დაკავებამდე ის საკუთარი ბრენდის სამოსის - "ელ ჩაპო გუსმანის" დაარსებასაც გეგმავდა, თუმცა ახლა "ნარკობიზნესის დედოფალი" სამარტოო სააკანშია და ადვოკატის, მარიელა მიროს ცნობით, სასიყვარულო რომანების კითხვით გაჰყავს დრო.
2021 წლის თებერვალში სამართალდამცავებმა ვაშინგტონის აეროპორტში დააკავეს 31 წლის "ნარკობიზნესის დედოფალი". მას მეუღლესთან ერთად მექსიკური ნარკოკარტელის - "სინალოას" მართვას ედავებიან.
ამერიკის ფედერალური ბიუროს მტკიცებით, აისპურო მექსიკიდან აშშ-ში კოკაინის კონტრაბანდული გზით შეტანას ხელმძღვანელობდა, 2015 წელს "ელ პაჩოს" ციხიდან გაქცევაც მისი ორგანიზებით მოხდა.
სასამართლოს თარიღი ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ემა აისპუროს უმკაცრეს სასჯელს - უვადო პატიმრობას შეუფარდებენ.
აისპუროს მეუღლე, ნარკოკარტელის ხელმძღვანელი, 64 წლის ხოაკინ გუსმანი ამჟამად კოლორადოს შტატში, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის სასჯელს. მას უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.
31 წლის აისპუროს გავლენისა და ქმედებების შესახებ საუბრობენ არა მარტო სამართალდამცავები. როგორც ამბობენ, მისი ცხოვრება სავსეა ღალატითა და ტკივილით, ის არ უშინდებოდა მეუღლის საყვარლებთან პირისპირ შეხვედრას.
სხვა ნარკობარონების ცოლებისგან განსხვავებით, რომელთა მისია მხოლოდ სექსუალურად ჩაცმა და ჩრდილში ყოფნაა, აისპურო საზოგადოებაში ხშირად ჩნდებოდა, მისი გადაწყვეტილებით ხდებოდნენ კლანის წევრები და სწორედ მისი თანხმობის შემდეგ შეიძლებოდა ნარკობარონთან შეხვედრაც დაგეგმილიყო.
"მან დაამტკიცა, რომ ამ სამყაროში ქალს შეუძლია ძალაუფლების მოპოვება", - ამბობს სან-დიეგოს უნივერსიტეტის ექსპერტი სესილია მენდესი.
"როცა კოკაინის ბიზნესში ხარ, ან მოგკლავენ ან დაგიჭერენ. საბოლოოდ, მისი სამყაროც ჩამოინგრა", - ამბობს ამერიკელი სპეცრაზმელი დერეკ მალცი, რომელიც ნაკოტიკებთან ბრძოლის ბიუროს ხელმძღვანელობდა.
ემა აისპურო მომავალ მეუღლეს 17 წლის ასაკში შეხვდა, ისინი მალევე დაქორწინდნენ და ნარკოკარტელის მომავალ "დედოფალს" ტყუპიც შეეძინა.
მოდურად ჩაცმის მოყვარული ქალბატონი მეუღლის ერთგული იყო. ის არც ერთ სასამართლო პროცესს არ ტოვებდა, სადაც "ნარკოკარტელის ბოსის" საქმე განიხილებოდა. სასამართლოზე მისული აისპუროს ჩაცმის სტილი ყველასთვის შესამჩნევი იყო. ბრილიანტის სამკაულებით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლითა და წითელი პომადით დამშვენებული "ნარკოკარტელის დედოფალი", მეუღლის სასამართლო პროცესებს ბოლომდე ესწრებოდა, შესვენებებზე კი კაფეში, მეგობრებთან ერთად გაჰყავდა დრო. როგორც ექსპერტები ამბობენ, ის ძვირად ღირებულ ნივთებსა და ცნობილი ბრენდების სამოსსა თუ ნივთს ატარებდა. თუმცა გლამურული ცხოვრების უკან საკმაოდ რთული ყოველდღიურობა იმალებოდა.
2006 წელს მექსიკის მთავრობამ ბრძოლა გამოუცხადა კრიმინალს და ნარკოდანაშაულს. სპეცოპერაციებისას დაიღუპა ათასობით ადამიანი, მათ შორის - გუსმანის კლანის წევრები და საყვარლები.
მისი ერთ-ერთი საყვარელის ცხედარი მანქანის საბარგულში იპოვეს.
ერთგულების ფასი
როგორც ცნობილია, ემა აისპუროს მეუღლე ძალიან უყვარდა. ის ყველა საკითხში უჭერდა მხარს გუსმანს. ამბობდა კიდე, "ის ჩემიაო", თუმცა აღმოჩნდა, რომ ნარკობიზნესის დედოფალს მეუღლე წლების განმავლობაში ღალატობდა.
ერთ-ერთ სასამართლოზე მოდურად გამოწყობილ აისპუროს მეუღლის მსგავსი ხავერდის პიჯაკი ეცვა. ექსპერტების თქმით, ერთნაირი პიჯაკი მათ ერთიანობას გამოხატავდა. მოულოდნელად დასაკითხად დარბაზში ლუსერო სანჩეს ლოპესი - გუსმანის საყვარელი შემოიყვანეს.
სამართალდამცავებმა ის ამერიკა-მექსიკის საზღვართან დააკავეს. ქალი ნარკოტიკების ბიზნესში იყო ჩართული და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
ორი შვილის დედამ ვერ გაუძლო სამართალდამცავთა წნეხს და თანამშრომლობას დათანხმდა. მოწმედ გამოსულმა ქალმა ისაუბრა ნარკოკარტელის ბოსისა და მის მრავალწლიან ურთიერთობაზე, ასევე, გუსმანის საქმიანობაზე. ის სამართალდამცავთა მთავარი მოწმე იყო.
ემა აისპურო, რომელიც მეუღლის ერთგულებაში დარწმუნებული იყო, სასამართლო პროცესზე მშვიდად უსმენდა გუსმანის საყვარლის ნაამბობს.
"ეს მისთვის ყველაზე დიდი შეურაცხყოფა იყო, აქამდე, თურმე, სულელად თვლიდნენ" - განაცხადა ერთ-ერთმა ექსპერტმა.
დაკითხვის შემდეგ სანჩესი კამერაში დააბრუნეს აისპურო კი სასადილოდ წავიდა. წლების შემდეგ კი ვითარება შეიცვალა და მოდის მოყვარული "ნარკოკარტელის დედოფალი" სამარტოო საკანში აღმოჩნდა. (წყარო)