"თალიბანს" ამხელა მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდა, ქვეყანას ერთ კვირაში ვერ დაიპყრობდა"
"ახლა ქაბულის ქუჩები სავსეა შეიარაღებული 9-10 წლის ბიჭებით... მათ მხოლოდ სიკვდილი უნახავთ და თუ საჭირო გახდება, თავადაც უყოყმანოდ დაიხოცებიან... ამჯერად ქალები სწავლისა და მუშაობისთვის არ გაუროზგავთ და არც სიკვდილით დაუსჯიათ, უბრალოდ, სახლებში გაუშვეს. აიკრძალა ყველა სახის მუსიკა, დაიხურა რადიოები და გადაცემები ქალებზე... გადაცემებში მხოლოდ მოლას ლოცვები ისმის, 90-იანი წლების ჩანაწერები. პასპორტში ქალის სახელის ნაცვლად იმ მამაკაცის სახელი იწერება, ვისი შვილი ან ცოლიც არის..."
ავღანელი დამოუკიდებელი ჟურნალისტი ნაჯიბულა ქურაიში ბრიტანეთის მოქალაქეა, მაგრამ რამდენიმე ხანია CNN-ის ჯგუფთან ერთად ქაბულში იმყოფება. მისი მომზადებული დოკუმენტური მასალები "თალიბანსა" და ავღანელთა ყოფაზე არაერთხელ იქცა განხილვის საგნად. "კვირის პალიტრა" მას ქაბულში დაუკავშირდა.
- ქაბულის მოსახლეობის უმეტესობა ცდილობს გააღწიოს ქვეყნიდან. ისინი, ვისაც აეროპორტში მისვლა ან სხვა ზომების მიღება დააგვიანდა, სახლებში ჩაიკეტნენ, ზოგს კი გამბედაობა ჰყოფნის და თალიბების შემოსვლას აპროტესტებს - თუ სიკვდილი გვემუქრება, ღირსეულად მაინც დავიხოცოთო. დაიხურა ბიზნესი, მაღაზიები, ტელერადიოგადაცემები. ქალები ქუჩაში აღარ გამოდიან. კი ამბობენ, რომ მათი უფლებები უნდა დაიცვან და მთავრობაშიც ეპატიჟებიან, მაგრამ შარიათის კანონების დაცვითო... ვიცოდი, რომ რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ "თალიბანი" აღზევებისთვის ემზადებოდა. CNN-ის ჯგუფის დახმარებით და ჩემი კავშირებით ერთ-ერთ ცნობილ სამხედრო ჟურნალისტ კლარის ვორდთან ერთად იმ პროვინციების დასახლებებში ჩავედით, რომელთაც 2001 წლის შემდეგ და უფრო ადრეც დაჯგუფება აკონტროლებდა. ისინი იქაურობას "თალიბანის ქვეყანას" უწოდებენ.
ავღანელი ვარ, ახლა ლონდონში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემს ფესვებთან კავშირი არასდროს გამიწყვეტია. პერიოდულად ჩავდივარ ჩემს ქვეყანაში და იქ არსებულ პრობლემებს ვაშუქებ. შესაძლებლობა მქონდა ინტერვიუ ჩამეწერა "თალიბანის" ერთ-ერთ მთავარ იდეოლოგთან, მოლა აბდულ მანა ნიაზისთან, რომელსაც ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ჰერათის პროვინციაში თავს დაესხნენ და რამდენიმე დღის წინ ქაბულის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ავღანეთი მალე დაუბრუნდებოდა ღირსეულ ცხოვრებას. კოალიციის ძალების გასვლის შემდეგ ყველა ელოდა ცვლილებებს, თუმცა ასე ელვისებურს - არა. ამერიკამ წლების განმავლობაში აქ რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარი ჩადო, მაგრამ ჩემს დოკუმენტურ ფილმებში კარგად ჩანს, რომ ქაბულისა და რამდენიმე პროვინციის გარდა, ავღანეთში არაფერი შეცვლილა. ამერიკელი მაღალჩინოსნები კი ხშირად აცხადებდნენ, რომ ავღანეთს დამოუკიდებლად ცხოვრების ყველა რესურსი აქვს და სამუდამოდ აქ ვერ დარჩებოდნენ. სწორედ ამას ელოდა "თალიბანიც". როდესაც დაჯგუფების ლიდერებს ვეკითხებოდი, წავიდოდნენ თუ არა ომის დასრულების შეთანხმებაზე, მოკლედ მპასუხობდნენ - "არა". ომი დასრულდება მაშინ, როდესაც ავღანეთს ამერიკელები დატოვებენო. ომი, რომელსაც მოგებული არა ჰყავს, არასდროს დასრულდება - ავღანეთში ახალი სამოქალაქო ომი გარდაუვალია.
- როგორ განვითარდება პროცესები?
- სავარაუდოდ, ძალიან მალე დაიწყება შიდა განხეთქილება. "თალიბანის" გარდა, აქ არის სხვადასხვა დაჯგუფებაც, მათ შორის აი-სი-სი. 20 წლის შემდეგ "თალიბანის" დაბრუნებაში ძალიან დიდია ხელისუფლების წვლილი. მოსახლეობა გააბოროტეს. საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობასა და ჰუმანიტარულ პროგრამებს თუ არ ჩავთვლით, სახელმწიფო არაფერს აკეთებდა მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. როგორც გითხარით, ამერიკის ხელმძღვანელობამ მილიარდობით დოლარი ჩადო ამ ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში, მაზარი-შარიფში კი მდინარეზე ნავით გადაგვიყვანეს, რადგან ხიდი არ იყო. საერთაშორისო ორგანიზაციის კონტროლის გარეშე გამართულად ერთი ჰოსპიტალიც არ მუშაობდა. მოსახლეობა ხედავდა, როგორ მდიდრდებოდა ელიტა, პროვინციებში კი "თალიბანის" მმართველობა იყო. ელიტა ამერიკელებთან ერთად ნარკოტიკის მწარმოებელ ქარხნებს ანადგურებდა, იმავდროულად კი მსხვილი პარტიების რეალიზაციაში მონაწილეობდა, ყაყაჩოს პლანტაციების პატრონებსა და თალიბებს ურიგდებოდა, რომ მათ ნარკოტიკის უსაფრთხო რეალიზაციისთვის დერეფნები გაეკეთებინათ საქონლის ბაზარზე გასატანად.
მაღალჩინოსნებმა სასახლეები აიშენეს, ძვირად ღირებული შეჯავშნილი ავტომანქანები ჰყავდათ. ახლა ყველაფრის დატოვებამ მოუწიათ. მათ არაერთმა ქვეყანამ მისცა თავშესაფარი. დაბალი ფენა კი, ვინც უცხოელების ბაზებში მუშაობდნენ, ან პროექტებში იყვნენ ჩართული, "თალიბანის" "კალაშნიკოვების" პირისპირ დარჩა. ამიტომ უერთდებოდნენ ტერორისტების რიგებს. "თალიბანს" ამხელა მხარდაჭერა რომ არ ჰქონოდა, ქვეყანას ერთ კვირაში ვერ დაიპყრობდა. როდესაც მეკითხებოდნენ, მოხდა თუ არა ავღანელ ახალ თაობაში მენტალური ცვლილება ამ ოცი წლის განმავლობაში, პასუხი არ მქონდა.
ახლა ქაბულის ქუჩები სავსეა შეიარაღებული 9-10 წლის ბიჭებით, "კალაშნიკოვებითა" და აკა-ემ-ებით დადიან. მოზრდილებს მსხვილკალიბრიანი იარაღი აქვთ... მათ მხოლოდ სიკვდილი უნახავთ და თუ საჭირო გახდება, თავადაც უყოყმანოდ დაიხოცებიან. ადრინდელთან შედარებით, "თალიბანი" ახლა უფრო ლმობიერია, ოღონდ არავინ იცის, რამდენი ხნით. ქაბულში ქალები შედარებით თავისუფლებით სარგებლობდნენ, ამიერიდან კი ჩადრით სიარულს აიძულებენ. ამიტომ დედაქალაქის მაღაზიებში ჩადრი გაძვირდა. ამჯერად ქალები სწავლისა და მუშაობისთვის არ გაუროზგავთ და არც სიკვდილით დაუსჯიათ, უბრალოდ, სახლებში გაუშვეს. აიკრძალა ყველა სახის მუსიკა, დაიხურა რადიოები და გადაცემები ქალებზე. ტელეეთერებიდან თურქული სერიალები გააქრეს. გადაცემებში მხოლოდ მოლას ლოცვები ისმის, 90-იანი წლების ჩანაწერები. ქალებს უფლებები აღარ ექნებათ. პასპორტში ქალის სახელის ნაცვლად იმ მამაკაცის სახელი იწერება, ვისი შვილი ან ცოლიც არის. მათ ქუჩაში გამოსვლის უფლება დაუტოვეს, ოღონდ ოჯახის წევრი მამაკაცის თანხლებით.
მე ვნახე ერთი მამაკაცი, რომელსაც ოჯახი ამოუწყვიტეს, სამი მცირეწლოვანი შვილი და მეუღლე, ყუმბარა შეუგდეს, რადგან ცოლ-ქმარი თურმე საერთაშორისო ორგანიზიციაში მუშაობდა.
კითხვაზე, რა იქნება ხვალ, ასეთი პასუხი შემიძლია გაგცეთ: ერთი თვით ადრე, სანამ "თალიბანი" ქვეყნის სათავეში მოვიდოდა, CNN-ის ჯგუფთან ერთად ბალხის პროვინციაში ვიყავი, რომელსაც "თალიბანი" აკონტროლებდა. ჩემს კოლეგას აინტერესებდა, რა ხდებოდა ბარაკში, სადაც კლინიკა ჰქონდათ მოწყობილი. ასეთი სურათი დაგვხვდა: მაგიდასთან იჯდა ექიმი, რვეულით, კალმითა და ორიოდ სამედიცინო ატრიბუტით და ფერმკრთალ ბავშვებს სინჯავდა. პაშმა-გალის დასახლებაში, კლინიკის შესასვლელთან, მოტოციკლი დაეჯახა ბავშვს, რომელიც დედას და პატარა დას ჩამორჩა. შეიარაღებული მძღოლი შეჩერდა და პისტოლეტი დაუმიზნა საბრალოს, თუმცა, რომ ნახა გოგონა მძიმედ დაშავებული არ იყო, მოტოციკლს შეახტა და წავიდა. ჩემს კოლეგებს მუხლები მოეკვეთათ, ავღანელებს კი წარბიც არ შეუხრიათ. გოგონას ჩადრიანი დედა მივარდა, ხელში აიტაცა. კლინიკის ექიმმა გოგონა ზერელედ გასინჯა და გულგრილად დაუბრუნა დედას, არაფერი სჭირსო. მას ამდენი წლის განმავლობაში ბევრად უარესი უნახავს, თან უამრავი პაციენტი ელოდებოდა. დასახლებებში გრუნტიან გზას АК-47-ითა და ყუმბარსატყორცნებით შეიარაღებული კაცები "თალიბანის" დროშების ფრიალით მიუყვებოდნენ. როდესაც მათ კანონზე, ცივილიზაციაზე, ამერიკაზე ვესაუბრებოდით, გვპასუხობდნენ, რომ ნებისმიერი მსხვერპლისთვის მზად არიან, ეს მათი წმინდა ვალია და ჯიჰადს გააგრძელებენ.
90-იან წლებამდე ქალებს მამაკაც ექიმთან მისვლის უფლება არ ჰქონდათ, ახლა ეს წესი შეცვლილია. კლინიკაში ექიმი ქალებიც ვნახეთ, რომლებიც სახეს არ იფარავდნენ. ვნახეთ სკოლა, სადაც გოგონები და ბიჭები ცალკე ისხდნენ. გოგონებს გარკვეულ ასაკამდე აქვთ სწავლის უფლება. მათ ყურანს ასწავლიან, შემდეგ კი ათხოვებენ. აი, ასეთია ავღანეთის მომავალი.