"ერდოღანმა დაიტრაბახა, რომ მას პუტინზე უფრო მეტი ანტისხეულები აქვს" - რა მოხდა სოჭში გამართული შეხვედრისას
"ვლადიმერ პუტინმა ორკვირიანი თვითიზოლაცია შეწყვიტა, რათა პირადად შეხვედროდა რეჯეფ ერდოღანს სოჭში, მაგრამ თურქ ლიდერზე, როგორც ჩანს, მან თავისი ანტიკოვიდური იმუნიტეტით და Спутник V-ით რევაქცინაციის შეთავაზებით შთაბეჭდილება ვერ მოახდინა", - აღნიშნავს ამერიკული სააგენტო Bloomberg-ის კორესპონდენტი ფირატ კოზოკი სტატიაში სათაურით - "ერდოღანმა დაიტრაბახა, რომ მას პუტინზე უფრო მეტი ანტისხეულები აქვს". იხილეთ ვიდეო
"ეგ ძალიან დაბალი დონეა", - უპასუხა რეჯეფ ერდოღანმა ვლადიმერ პუტინს მას შემდეგ, რაც რუსმა ლიდერმა თავის თურქ კოლეგას ანტისხეულების დონე აცნობა ("სადღაც 15-16 ერთეული"). პუტინმა სტუმარს თავის გარემოცვაში გავრცელებულ კორონავირუსის ინფექციაზე მოუყვა, რის გამოც იგი იძულებული გახდა, პირად შეხვედრებზე უარი ეთქვა და ვიდეოკონფერენციებზე გადასულიყო.
"ჩემი ანტისხეულების დონე, მაგალითად, 1000 ერთეულია", - უთხრა ვლადიმერ პუტინს რეჯეფ ერდოღანმა.
პუტინმა ჩათვალა, რომ განსხვავებას მნიშვნელობა არ აქვს, თანაც ანტისხეულების რაოდენობას ყველა სხვადასხვანაირად ითვლის: "სპეციალისტებმა თქვეს, რომ მე მაღალი დონე მაქვს. ამას წინათ მთელი დღე ინფიცირებულ ადამიანთან გავატარე და ვირუსი არ გადმომდებია, ავად არ გავმხდარვარ... ასე რომ, რევაქცინაციისათვის მოემზადეთ და გირჩევთ Спутник V-ით აიცრათ, უკეთესია", - უთხრა თურქ კოლეგას რუსეთის პრეზიდენტმა - მას მხედველობაში ჰქონდა რუსული წარმოების ვაქცინა, რომლითაც თვითონ არის აცრილი.
"არა, მე უკვე "ფაიზერით" ვარ რევაქცინირებული", - უარი განაცხადა ერდოღანმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა ამერიკული ვაქცინა, კომპანიების Pfizer Inc.-ისა და Biontech-ის მიერ შექმნილი.
მიმდინარე წლის აპრილში თურქეთმა მოიწონა მოსახლეობის აცრებისათვის რუსული ვაქცინის Спутник V-ის გამოყენება, მაგრამ, როგორც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრედინ ქოჯამ განაცხადა, რუსული ვაქცინით ამჟამად ნაკლებად სარგებლობენ, რადგან მოსკოვმა მეორე აცრისათვის საკმარისი რაოდენობა ვერ მიაწოდა.
"კარგი, თუ ასეა, ეს საკითხი შემდეგისთვის გადავდოთ", - თქვა პუტინმა, სტუმარს ხელი ჩამოართვა და დაემშვიდობა". (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ