,,გავლენის აგენტი’’ და ,,სასარგებლო იდიოტი’’ - კვირის პალიტრა

,,გავლენის აგენტი’’ და ,,სასარგებლო იდიოტი’’

"სააკაშვილი შეგნებულად მოქმედებდა რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ, თუ მხოლოდ კრეტინი მარიონეტი იყო?! "

არსებობს ასეთი ფენომენი - "გავლენის აგენტი", ანუ როდესაც საჯაროდ ძალიან "გაბედულად" მოქმედებ მტრის წინააღმდეგ, ამით მოიპოვებ გარკვეულ გავლენას და ნდობას შენს "ბანაკში". სინამდვილეში მტრის მხარეზე ხარ. საჭიროა გადავხედოთ ეკონომიკას, როგორ გადასცეს რუსებს ყველაფერი და წილში ჩაუჯდნენ ფულის ხვეტაში ჩვენს ხარჯზე. აქედან პასუხი - ჩვენიანია თუ მათი..!’’, წერს ჩემი წინა წერილის კომენტარებში ,,Gocha’’-ს სახელით რეგისტრირებული მკითხველი. მე არ ვიცი რა პროფესიისაა ეს ადამიანი, მაგრამ მოკლე კომენტარში ზუსტად და ღრმად არის წამოწეული მნიშვნელოვანი თემები.

სპეციალურ ლიტერატურაში ,,გავლენის აგენტი’’ განიმარტება, როგორც გარკვეული (როგორც წესი, მაღალი) სტატუსის მქონე ადამიანი, რომელიც იყენებს თავის მდგომარეობას საზოგადოებრივ აზრზე ან მმართველ ელიტაზე ისეთი გავლენის მოსახდენად, რომელიც სასარგებლო იქნება იმ ქვეყნისათვის, რომლის სპეცსამსახურები მუშაობენ ამ აგენტთან. გავლენის აგენტები სამი სახეობისაა: პირდაპირ მართული აგენტები, ვინც დავერბოვებულია* უცხო სპეცსამსახურის მიერ და შეგნებულად ასრულებს მიღებულ დავალებებს; მეორე -ე.წ. ,,სანდო კონტაქტი’’ (,,trusted contact’’, ინგლ.), ანუ ადამიანი, რომელიც არ არის დავერბოვებული, არ ასრულებს უცხო ქვეყნის ბრძანებებს, მაგრამ მიაჩნია, რომ შესაბამისი კურსი (ვთქვათ პროდასავლური, ან ანტიდასავლური) სასარგებლოა და საჭიროა მისი სამშობლოსათვის. იგი შეგნებულად ცდილობს ამ კურსის გატარებას და სხვებზე შესაბამისი გავლენის მოხდენას. ასეთი ადამიანი თვითონ ეძებს კონტაქტებს შესაბამისი ქვეყნების დიპლომატებთან და ექსპერტებთან, რომ შეაჯეროს თავისი მოქმედება, მიიღოს რჩევა და ა.შ.; გავლენის აგენტების მესამე სახეობას კი სპეცსამსახურები ,,სასარგებლო იდიოტს’’ (ინგლისურად ,,useful idiot’’) უწოდებენ. (დარწმუნებული ვარ რუსი ჩეკისტები უფრო ძლიერ სიტყვებს ხმარობენ). ეს ისეთი ადამიანები არიან, ვისაც წარმოდგენა არა აქვთ იმაზე, რომ სინამდვილეში უცხო, მით უფრო თავისი სამშობლოსათვის მტრულ სპეცსამსახურების მიერ არიან მანიპულირებული და ფაქტობრივად მათ ემსახურებიან. ასეთი პიროვნება სუბიექტურად შეიძლება გულანთებული პატრიოტიც იყოს და რომ გაიგოს და გააცნობიეროს, რომ მტრული სპეცსამსახურის ,,კრეტინი მარიონეტი’’, ან ე.წ. ,,სასარგებლო იდიოტი’’ იყო, შეიძლება თავიც მოიკლას.

 

2008 წლის აგვისტოს შემდეგ არ შემხვედრია არცერთი საღად მოაზროვნე და პატიოსანი ადამიანი, ვისაც არ ესმის, რომ სააკაშვილი თავის თანამზრახველებთან ერთად აკეთებდა (და ახლაც აკეთებს) ყველაფერს, რაც კი სჭირდება და სიამოვნებს კრემლის ჩეკისტურ რეჟიმს. ბევრს მიაჩნია, რომ სააკაშვილი თავიდანვე რუსეთის მთავრობის აგენტი იყო. ზოგს ჰგონია, რომ იგი კრემლის ჩეკისტების მიერ მანიპულირებული ,,კრეტინი მარიონეტია’’ და თვითონ არც კი ესმოდა, რას აკეთებინებდნენ. ზოგი კი, უკვე ციტირებული კომენტატორის მსგავსად, კითხულობს - ვინ არის სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილი - დავერბოვებული აგენტი, თუ ,,კრეტინი მარიონეტი’’ (ანუ ,,სასარგებლო იდიოტი’’)? მართლაც და ვინ არის დაგ ბენდოუს მიერ ,,იდიოტ ბავშვად’’ მონათლული ,,ჩვენი მაღალი’’?

საგულისხმოა, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დასავლეთში გამოქვეყნდა მრავალი პუბლიკაცია, რომელშიც აღინიშნა, რომ სააკაშვილი აკეთებდა ყველაფერს, რაც კი უნდოდა კრემლს.

,,მიხეილ სააკაშვილმა პუტინს შეუწყო ხელი’’ (,,Mikheil Saakashvili played into Vladimir Putin's hands’’) - ასე დაასათაურა 2008 წლის 12 აგვისტოს გამოქვეყნებული წერილი ცნობილმა ჟურნალისტმა და ანალიტიკოსმა მაიკლ ევანსმა. ევანსის აზრით ,, სააკაშვილის მხრიდან სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონზე კონტროლის დამყარების მცდელობა იყო ზედმეტად სარისკო, იყო უგუნური დროის შერჩევის მხრივ და ემყარებოდა ფუნდამენტურად არასწორ გათვლას. საქართველოს ლიდერს ეგონა, რომ დასავლეთი მის მხარეზე იყო, მაგრამ პუტინმა ჭკუაში აჯობა და ახლა ყველა კარტი პუტინის ხელშია’’. ავტორი დასძენს, რომ სააკაშვილის მოქმედება იყო ცრურწმენაზე დამყარებული სამხედრო ავანტიურა, რომელიც მან წამოიწყო იმ იმედით, რომ რუსეთი არ ჩაერეოდა, ხოლო თუ მაინც ჩაერეოდა, მაშინ ამერიკა და საქართველოს სხვა ნატოელი მეგობრები გვერდში დაუდგებოდნენ მას და შეაკავებდნენ რუსეთს. ევანსი აღნიშნავს სააკაშვილის უხეშ სამხედრო შეცდომას - რომ მან არ იზრუნა როკის გვირაბის გადაკეტვაზე. (ირაკლი ალადაშვილისგან განსხვავებით ევანს არ შეეძლო სცოდნოდა, რომ სააკაშვილმა შეუცვალა სამხედრო ნაწილებს მოქმედების მიმართულება და ცხინვალისკენ შეაბრუნა ისინი, ვინაიდან 8 აგვისტოს (ანუ 08.08.08-ში) ცხინვალის ცენტრში გამარჯვების აღლუმს გეგმავდა და ამ პიარაქციით ფიქრობდა რუსული არმიის შეჩერებას). სხვა მრავალი დასავლეთელი პოლიტოლოგის და მოღვაწის მსგავსად მაიკლ ევანსიც აღნიშნავს, რომ თავისი ავანტიურით სააკაშვილმა მისცა პუტინს საქართველოს ოკუპაციის საშუალება. მსგავსი პუბლიკაციების რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მათი ერთად გამოცემისათვის რამდენიმე ტომი იქნება საჭირო. 2011 წლის 27 აგვისტოს, სოხუმის დაცემის დღეს, პარლამენტში ვახსენე ამერიკელ მოღვაწეთა აზრი სააკაშვილის ავანტიურაზე. ისიც ვთქვი, რომ კრემლის ჩეკისტური რეჟიმის მხრიდან მანიპულირებულმა სააკაშვილმა თავისი ავანტიურით ლანგარზე მიართვა პუტინს საქართველოს ოკუპაციისა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რაკეტებისა და სამხედრო ბაზების განთავსების საშუალება. სწორედ მაშინ დამესხა თავს ,,განრისხებული’’ (სინამდვილეში კი დავალებამიღებული) კაკო ბობოხიძე უწმაწური გინებით და მუშტების ქნევით. მკითხველს მინდა შევთავაზო ნახოს იუთუბში ამ ეპიზოდის არა ფრაგმენტულად, არამედ სრულყოფილად ამსახველი მასალა. იქ ჩემი სიტყვაც კარგად ისმის და ისიც ჩანს, რომ ბობოხიძის თავდასხმის დროს თავს არ ვატრიალებ და არც ვიხედები მისკენ. ,,ხედავ რა ხდება! სიმართლის არათუ აღიარება, არამედ მოსმენაც კი აღარ სურთ’’, მითხრეს იმავე საღამოს ერთერთ მიღებაზე ნატოს წევრ სახელმწიფოთა ელჩებმა. საინფორმაციო სააგენტოები კი წერდნენ, რომ მამრაძემ საქართველოს დააბრალა ომის დაწყება და ამან განარისხა მთელი დარბაზი და ბობოხიძე და ის და მამრაძე ,,ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს’’. შეგახსენებთ, რომ ის პარლამენტი, არჩევნების დღიდან, სააკაშვილის ,,რეზინის შტამპი’’ რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილი ვერ განახორციელებდა საბედისწერო ავანტიურას 2008 წლის აგვისტოში.

2011 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა თავის პოლიტიკურ განცხადებაში ვანო მერაბიშვილს მიმართა: ,,გახსოვს ვანო, სააკაშვილმა დიდი ხვეწნის შემდეგ რომ დამიყოლია, ბოკერიასთან მივსულიყავი რომ მისთვის გადამეფიქრებინა ქვეყნისთვის ერთი ძალიან სარისკო და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება.

ეს ხდებოდა 2008 წლის აგვისტომდე წელიწადნახევრით ადრე (ანუ დაახლოებით 2007 წლის მარტში, პ.მ.). მაშინაც იგივე სცენარი განიხილებოდა, რაც თქვენ 2008 წლის აგვისტოში განახორციელეთ.

ბოკერია დაჟინებით ითხოვდა ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში და იმედი ჰქონდა, რომ რუსი სამხედროები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად შეუშვებდნენ.

მე მაშინ შევძელი ბოკერია დამერწმუნებინა, რომ არ შეიძლებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა.

სააკაშვილთან ერთად შენც ესწრებოდი ამ შეხვედრას და მე მახსოვს შენი აღფრთოვანება, რომელსაც შენ გამოხატავდი ჩემი მისამართით. ორმოც წუთში ბოკერიას დავუმტკიცე, რომ ის, რის გაკეთებასაც ის გეგმავდა, წმინდაწყლის პროვოკაცია და ავანტიურა იყო. ბოკერიამ უკან დაიხია და დასახულ გეგმაზე უარი თქვა, მაგრამ უცებ სააკაშვილმა თქვა: - ხომ შეიძლება თვითონ რუსებმა შემოგვთავაზონ ამის გაკეთება, მაშინ რა ვქნათო?

- სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს, რომც გაჩუქოთ ეს ტერიტორია, ხელი არ ახლოთ არაფერს – მეთქი, გავაფრთხილე.

მაშინ კი შევძელი დროებით შემეჩერებინა ის საბედისწერო გადაწყვეტილება, მაგრამ მოგვიანებით მაინც იგივე სცენარით იმოქმედეთ და რა შედეგიც მივიღეთ 2008 წლის აგვისტოში, სახეზეა.’’

ვთხოვ მკითხველს დაფიქრდეს, საიდან უნდა მოსვლოდა 2007 წლის გაზაფხულზე სააკაშვილს მარაზმატული აზრი, რომ თვითონ რუსებმა შეიძლება შემოგვთავაზონ ამის გაკეთება, ანუ ცხინვალში სამხედრო ძალის გამოყენება?

ივანიშვილის ცნობილი განცხადების ამ ფრაგმენტს ხშირად ვციტირებ მისი დიდი მნიშვნელობის გამო.

2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილის ,,საინფორმაციო ღრუდან’’ ისევ წამოვიდა უპასუხისმგებლო განცხადებების ნიაღვარი. გთავაზობთ ორ მოკლე ფრაგმენტს:

,,ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ 5 იანვრის [საპრეზიდენტო] არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში, ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს”...

,,რუსებსაც წამოსცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებთ. ეს მათ წამოსცდათ’’.

სააკაშვილის მსგავსი განცხადებების ციტირების შემდეგ მკითხველს ყოველთვის ვახსენებ, რომ რუსი ჩეკისტები, სხვა სპეცსამსახურების მუშაკთა მსგავსად, ,,წამოცდენების’’ და საზოგადოდ დეზინფორმაციის გავრცელების ოსტატები არიან.

დაინტერესებულ მკითხველს ვთავაზობ წაიკითხოს ბლოგზე ადრე განთავსებული ჩემი წერილები და ჩემი წიგნი ,,ავანტიურა 08.08.08’’ (პალიტრა L, თბილისი, 2012). აქ კი ვიკმარებ ცნობილი მეცნიერის და საქართველოს ბრწყინვალე მცოდნის ლინკოლნ მიტჩელის აზრს. შარშან ივლისში მიტჩელმა გამოაქვეყნა წერილი სათაურით ,,ვინ ემსახურება სინამდვილეში რუსეთის ინტერესებს თბილისში’’ (,,Who Is Really Doing Russia's Bidding in Tbilisi’’). მოვიყვან ამ საინტერესო და მნიშვნელოვანი წერილის ერთ ფრაგმენტს: ,,წარმოიდგინეთ, რომ 2003 წლის შემოდგომაზე რუსეთის მთავრობა მოახერხებდა იმას, რომ გამოეგზავნა აგენტი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტი გახდებოდა და საიდუმლოდ მოემსახურებოდა რუსეთის მთავრობის ინტერესებს. ასეთი რამ ცხადია არ მომხდარა, მაგრამ რომ მომხარიყო, ასეთ პრეზიდენტს მისი უფროსები კრემლიდან დაავალებდენენ საქართველოს ტერიტორიების დაკარგვას და გადაცემას რუსეთისათვის, იმის საიმედოდ უზრუნველყოფას, რომ საქართველო ვეღარ შესულიყო ნატოში, რომ საქართველოს ეკონომიკა დასუსტებულიყო, ქვეყანა კი პოლარიზებული ყოფილიყო. ასეთ პრეზიდენტს იმასაც დაავალებდნენ, რომ შეესუსტებინა ნდობა ამერიკისადმი რეგიონში და აეძულებინა აშშ, რაც შეიძლება მეტი ფული დაეხარჯა საქართველოში. სააკაშვილი, ცხადია, არ არის რუსეთის საიდუმლო აგენტი, მაგრამ ეს ყველაფერი მართლაც მოხდა საქართველოში მისი პრეზიდენტობის წლებში.

როდესაც სააკაშვილი გააკეთებს მორიგ განცხადებას, რომ რუსეთი მისი დაუძინებელი მტერია, გამჭრიახ დასავლეთელ პოლიტიკოსებს უნდა ეყოთ სიბრძნე იკითხონ - რად სჭირდება რუსეთს მეგობრები საქართველოში მაშინ, როდესაც სააკაშვილისნაირი მტრები ჰყავს?’’.

მიტჩელის ეს დასკვნა მთლიანად ეთანხმება გამოჩენილი ამერიკელი მეცნიერის უოლტერ რასელ მიდის ცნობილ აზრს, რომ სააკაშვილმა გაუკეთა საქართველოს ის, რასაც საქართველოს ყველაზე საშინელი მტერიც კი ვერ გაუკეთებდა. მიტჩელის მსგავსად მიდიც გულისხმობს ამაში არა მხოლოდ 2008 წლის ავანტიურას, არამედ ყველა სფეროში სააკაშვილის უგუნური მოქმედების შედეგებს.

2008  წლიდან მოყოლებული ვაცხადებ, რომ სააკაშვილმა თავის თანამზრახველებთან ერთად შეუსრულა კრემლის ჩეკისტურ რეჟიმს ყველაფერი, რაც ჩეკისტებს სწადდათ და იმაზე უკეთესად, ვიდრე ამას კრემლის საიდუმლო აგენტები შეძლებდნენ. მრავალი პუბლიკაცია და საჯარო გამოსვლა მივუძღვენი ამ ვითარების ანალიზს. მაგრამ მთელი ჩემი ცოდნის საფუძველზე ვაცხადებ, რომ 2008 წლის შემოდგომადე სააკაშვილი არ იყო რუსეთის დავერბოვებული აგენტი, არ ემსახურებოდა შეგნებულად რუსეთის ინტერესებს. ბოკერიასა და რამდენიმე სხვა თანაგუნდელ-თანამზრახველის მსგავსად ის მიეკუთვნებოდა გავლენის აგენტების მესამე კატეგორიას და იყო ე.წ. ,,სასარგებლო იდიოტი’’ კრემლის ჩეკისტური რეჟიმისათვის. სხვა საქმეა, რომ სააკაშვილის უშუალო გარემოცვაში უეჭველად იყვნენ ნამდვილი აგენტები, ვინც შესანიშნავად იცოდა ვის და რატომ ემსახურებოდა; ვისაც კარგად ჰქონდა შესწავლილი სააკაშვილის ფსიქიკა და იცოდა, რომ ,,სასარგებლო იდიოტის’’ ნდობის მოსაპოვებლად და კარიერის გასაკეთებლად საკმარისი იყო რუსეთის მთავრობის ლანძღვა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ოპერაციით დაბრუნების მხარდაჭერა და საზოგადოდ სააკაშვილის ნებისმიერი ახირებული გადაწუვეტილებისა და სურვილის უპირობო მხარდაჭერა და შესრულება.

ეს ვითარება მკვეთრად შეიცვალა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ. აღსანიშნავია საინტერესო გარემოება: პუტინის გარემოცვას კარგად ესმოდა, რომ უკეთეს ,,მტერს’’ საქართველოში ვერ იშოვიდნენ და რომ ასეთ ,,მტრებზე’’ უკეთეს მეგობრებსაც ვერ ნახავდნენ ჩვენს ქვეყანაში. მაგრამ რუსეთის თვიმპყრობელი-პრეზიდენტი პუტინი სუბიექტურად ვერ იტანდა სააკაშვილს იმის გამო, რომ მან რამდენჯერმე მოატყუა პუტინი და, გარდა ამისა, ზოგიერთი პირადი ფაქტორის გამოც. მოსკოვში მცხოვრები გავლენიანი ქართველები ეძებდნენ კონტაქტებს პუტინთან და არწმუნებდნენ, რომ სააკაშვილს მოაშორებდნენ, ხოლო მის ნაცვლად ისეთ ადამიანს დასვამდნენ, ვინც პუტინს პრობლემას არ შეუქმნიდა და არასოდეს მოატყუებდა. (ცხადია ამას ყველაფერს რუსეთის მთავრობის აქტიური მხარდაჭერის შემთხვევაში მოახერხებდნენ). მკითხველს ემახსოვრება, რომ მაშინ ჩვენს საზოგადოებაში ბევრს ლაპარაკობდნენ იმაზე, რომ სააკაშვილის დღეები დათვლილია; რომ კრემლში უკვე არჩევენ პრეზიდენტობის ახალ კანდიდატს; მოსკოვში მცხოვრები ზოგიერთი გავლენიანი ქართველი აფრთხილებდა მაშინ თავის ასევე გავლენიან მეგობრებს საქართველოში, რომ კრემლი საბოლოოდ ჩამოყალიბდა ბურჯანაძეზე და ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ, ვინც საკუთარ მომავალზე ფიქრობს და ა.შ. სწორედ იმ პერიოდში მომივიდა ინფორმაცია, რომ მერაბიშვილი დაელაპარაკა სააკაშვილს და უთხრა, რომ ,,კაროჩე, ახლა რუსებს თუ არ დავებაზრებით, ვერ გავძლებთ’’ და იქვე შესთავაზა თავისი კონტაქტების გამოყენება.

მერაბიშვილის ,,რუსულ’’ კონტაქტებზე ბევრი დაიწერა. (გთხოვთ გაიხსენოთ ,,ფანდარასტ 007’’-ის ანუ ვოვა სანაკოევის კოლორიტული მონაყოლი იმაზე, როგორ ჩამოვიდა იგი საქართველოში ფე-ეს-ბეს დავალებით; როგორ აბურთავა პატარა ბავშვებივით ,,ხერხემალი’’ და მისი მოადგილე მესხელი; შეასრულა მიღებული დავალება და დაბრუნდა რუსეთში). ცოტა ხნის წინათ ,,რეპორტიორისათვის’’ მიცემულ ინტერვიუში მამუკა არეშიძემ მოიყვანა რამდენიმე არგუმენტი იმისა, რომ მერაბიშვილი თანამშრომლობდა რუსეთის სპეცსამსახურებთან. ინტერვიუს ბოლოს არეშიძე აცხადებს: ,,ვანო მერაბიშვილი რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა! ამას „ნაციონალების" ერთ-ერთი მთავარი მედროშე თეა თუთბერიძე ადასტურებს. ახლა, თვითონ არკვიონ ერთმანეთში, ვინ ვინ იყო და რა საქმინაობას ეწეოდნენ.  ამ შემთხვევაში, მე თეა თუთბერიძეს ვეთანხმები." მერაბიშვილის ,,საქმიანობის’’ გარდა ვრცელდებოდა ხმები სააკაშვილის ბიძის თემურ ალასანიას აქტიურობაზე. 2009 წლის თებერვალში ერთერთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის თავკაცმა მითხრა, რომ კრემლში საბოლოოდ გაიმარჯვა ,,პრაგმატულმა მიდგომამ’’ და პუტინის გარემოცვამ დაუმტკიცა პუტინს, რომ სააკაშვილი და მისი თანაგუნდელები ყველაზე ,,სასარგებლო იდიოტები’’ არიან, სხვა პოტენციურ კანდიდატებთან შედარებით. რამდენიმე სანდო ადამიანმა ისიც მითხრა, რომ ,,სასარგებლო იდიოტები’’ ,,მუცელზე ხოხავდნენ’’ და ეხვეწებოდნენ პუტინის გარემოცვას დაეტოვებინათ ისინი ხელისუფლებაში, თან პირდებოდნენ, რომ მომავალში უფრო სასარგებლოები იქნებოდნენ. (გამოთქმას ,,სასარგებლო იდიოტი’’ ყველგან ვიყენებ, როგორც სპეციალურ ლიტერატურაში დამკვიდრებულ ტერმინს და არა სალანძღავ სიტყვას).

იმ მომენტიდან ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ,,სასარგებლო იდიოტების’’ სტატუსი ამაღლდა. ახლა ისინი უკვე შეგნებულად მოქმედებდნენ. რად ღირს თუნდაც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების კოლორიტული ისტორია! სააკაშვილის ნებით საქართველო იყო ერთადერთი სახელმწიფო, ამ ორგანიზაციის 150-ზე მეტ წევრს შორის, რომელიც ეწინააღმდეგებოდა რუსეთის გაწევრიანებას და, მიუხედავად დასავლეთთან დაპირისპირებისა, სააკაშვილმა იქამდე გაწელა ეს საკითხი, სანამ პუტინს აწყობდა ეს. ,,На хрена нам ВТО’’ (,,რა ჩემ ფეხებად გვჭირდება მსო’’) საჯაროდ აცხადებდა პუტინი. ბოლოს, 2011 წლის შემოდგომაზე, სააკაშვილი დათანხმდა და ხელი მოაწერა იმას, რასაც რუსეთის მთავრობა ოფიციალურად არასოდეს ითხოვდა: საქართველო დათანხმდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან საბაჟო პუნქტების გახსნას და რუსეთის მთავრობა კმაყოფილებით აღნიშნავდა, რომ ამით სააკაშვილმა ფაქტობრივად აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა!

საინტერესოა აგრეთვე რუსეთისათვის ეკონომიკის გადაცემის საკითხი. ,,საჭიროა გადავხედოთ ეკონომიკას, როგორ გადასცეს რუსებს ყველაფერი და წილში ჩაუჯდნენ ფულის ხვეტაში ჩვენს ხარჯზე. აქედან პასუხი ჩვენიანია თუ მათი..!’’ წერს კომენტარის ავტორი Gocha. პასუხი ნათელია, მაგრამ აქაც უნდა გამოვყოთ ეტაპები. 2008 წლის აგვისტომდე სააკაშვილი და მისი გარემოცვა ეძებდნენ ისეთ ინვესტორებს, ვინც დათანმხდებოდა, რომ მთავრობა წილში ჩაუჯდებოდა და აწარმოებდა ორმაგ, ,,შავ’’ ბუღალტერიას. ცხადია, ასეთ კომპანიებს პოულობდნენ არა დასავლეთში, არამედ რუსეთში, ყაზახეთში, არაბეთში და ა.შ. ჩვენს მას-მედიაში არაერთხელ აღნიშნულა, რომ სააკაშვილის რეჟიმს ბოლო მომენტში ჩაუშლია ტენდერები, რომლებშიც იმარჯვებდნენ ცნობილი დასავლური კომპანიები და ეს გაუკეთებია მხოლოდ იმისათვის, რომ შემოეყვანა რუსული კომპანია, რომელიც ზოგჯერ სხვა ქვეყნის აბრასაც ეფარებოდა. ასეთი პოლიტიკის შემსრულებლებს შორის განსაკუთრებით ხშირად ასახელებდნენ ბენდუქიძეს და სააკაშვილის ბიძას თემურ ალასანიას. ბევრი რამ გამიგია ამასთან დაკავშირებით, მაგრამ არასოდეს მქონია ამ საკითხის დოკუმენტური, მეცნიერული შესწავლის საშუალება. თუმცა აქაც შედეგები სახეზეა და ისიც ცხადია, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ვითარება ამ სფეროშიც მკვეთრად შეიცვალა. ვთხოვ ყველას დაფიქრდეს, რას ნიშნავს ის, რომ შარშან, წინასაარჩევნო პერიოდში, რუსეთის უმსხვილესი ენერგოკომპანიის მფლობელობაში მყოფ თელასში, მენეჯერად დაინიშნა ნაცისტების ცნობილი ,,შტურმავიკი’’ არსოშვილი, რომელმაც დანიშვნის დღიდანვე დაიწყო ძველი კადრების წმენდა და ნაცისტებისათვის ერთგული ადამიანების მიყვანა და დასაქმება? ან, როგორ გავიგოთ ინფორმაცია, რომ საქართველოს რკინიგზა გასაყიდად გაჰქონდათ (ცხადია 2012 წლის ოქტომბრამდე) ლონდონის ბირჟაზე და დასავლეთში იბეჭდებოდა აღშფოთებული და შეშფოთებული წერილები იმაზე, რომ ასეთ შემთხვევაში ამ რკინიგზას იყიდდა ერთადერთი სახელმწიფო, რუსეთი, რომელსაც უკვე ნაყიდი აქვს სომხეთის რკინიგზა და რომლის ტანკები ქართული რკინიგზის ზოგიერთი მონაკვეთიდან სულ 20-30კილომეტრითაა დაშორებული. ავტორები სამართლიანად აღნიშნავდნენ, რომ ასეთ პირობებში მსოფლიოს არცერთ ქვეყანას რუსეთის გარდა ქართული რკინიგზის შეძენის არავითარი სურვილი არ გაუჩნდებოდა. რამდენადაც ვიცი, ისევ ამერიკელებმა შეძლეს ამ პროცესის შეჩერება ისევე, როგორც 2-3 წლით ადრე რუსეთიდან საქართველოზე გამავალი გაზსადენის ისევ რუსეთისათვის მიყიდვა.

ვამტკიცებ რა, რომ 2008 წლის აგვისტომდე სააკაშვილი და მისი ზოგიერთი თანამზრახველი არ იყო რუსეთის ჩეკისტური რეჟიმის დავერბოვებული აგენტი და მხოლოდ ,,სასარგებლო იდიოტის’’ ფუნქციას ასრულებდა, იმასაც აღვნიშნავ, რომ არც სააკაშვილი და არც მისი თანამზრახველები არ იყვნენ ,,უგნური მოყვარეები’’, რომლებსაც, როგორც ცნობილია, ,,ჭკვიანი მტერი’’ ჯობია. სააკაშვილი არის პათოლოგიურად ეგოცენტრული, განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანი და მისი მოტივაცია იყო არა სამშობლოს სიყვარული და სამსახური, არამედ საკუთარი განდიდება და საქართველოს ისტორიაში დავით აღმაშენებლის გვერდით ადგილის დამკვიდრება. სწორედ ამიტომ გეგმავდა და საჯაროდაც აცხადებდა, რომ საქართელოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგებოდა მისი პრეზიდენტობის დროს; რომ საქართველო გაწევრიანდებოდა ნატოში ისევ მისი პრეზიდენტობის დროს და ა.შ. მის გარშემო იყო სულ რამდენიმე, ისევ განდიდების მანიით და ე.წ. ,,დამღუპველი თვითდაჯერებით’’ (,,fatal conceit’’, ინგლ.) შეპყრობილი ადამიანი. დანარჩენები კი კვერს უკრავდნენ და მლიქველობდნენ მხოლოდ პირადი კარიერისა და მატერიალური კეთილდღეობის გულისათვის. ბევრი მათგანი წლების განმავლობაში სააკაშვილს გიჟად მოიხსენებდა და უფრო მაგარ სალანძღავ სიტყვებსაც არ იშურებდა მისთვის, მაგრამ ,,დანიშვნის’’ შემდეგ სხვანაირად ამღერდა.

ჩვენ ვერ გავარღვევთ მანკიერ მოჯადოებულ წრეს, რომელზედაც, უკვე 20 წელიწადზე მეტია, მთელი ერი დადის, თუ ზუსტად, ობიქტურად არ დავადგენთ იმას, ვის რა აქვს ჩადენილი ჩვენი ერისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ და საჯაროდ არ შევაფასებთ ამას.

პეტრე მამრაძე, 23 აგვისტო, 2013 წელი

 

*,,დავერბოვებული’’ მოდის გერმანული werben -იდან, რუსული არ გეგონოთ.