მიწა - კვირის პალიტრა

მიწა

დოკუმენტური მოთხრობა

ეს ამბავი აფხაზეთში მოხდა. მასში აღწერილი ყველა ამბავი დოკუმენტურია და თვითმხილველთა მიერ არის მოთხრობილი. სოფელ ახალდაბას, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში წმენდდნენ ქართველებისგან, კარგა ხანს აფხაზები ვერ ეკარებოდნენ იქ მოწყობილი გენოციდის შედეგად გავრცელებული ინფექციური დაავადებების გამო. ფაქტების ერთი ნაწილი თავად შევკრიბე ოჩამჩირის დაცემის დღეებში.

ლია ტოკლიკიშვილი

სოფელს ოთხი დღე ოთხი მხრიდან უტევდა მტერი. მერე დევნილები დიდხანს მუნჯებივით დადიოდნენ და ერთმანეთთანაც არ იხსენებდნენ იმ დღეებს. ზოგს სოფელში დარჩენილი ნათესავების გამო არ უნდოდა ლაპარაკი, ზოგი გადატანილს დაემუნჯებინა, უმეტესობა სირცხვილს, რაც დროთა განმავლობაში ყველას გაუჩნდა.

რაც ერქვა, ერქვა სოფელს. იმ დღეებში მასავით ასობით სოფელი დაეცა. ყველა ლამაზი იყო. რა თქმა უნდა, ლამაზი იქნებოდა ზღვის პირზე, მწვანე მთების ძირში, სოხუმისკენ მიმავალ შარაზე გადამდგარი, ფართოეზოებიანი, ყვითელი ბაღებით გაჭედილი, ზამთარ-ზაფხულ სამზადებიდან ამომავალი კვამლით გაგუდული კოხტა დასახლებები, სადაც ადამიანებს არასდროს სჭირდებოდათ ერთმანეთთან მისასვლელად განსაკუთრებული მიზეზი.

სოფელში მხოლოდ ქართველები ცხოვრობდნენ, გადაღმა სოფელში მხოლოდ აფხაზები. საერთოდ, ამ მხარეში იშვიათად ნახავდით სოფელს, რომელიც ქართველებითაც იქნებოდა დასახლებული და აფხაზებითაც. ქართულ და აფხაზურ სოფლებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა ერთმანეთში არასდროს არეულან. თითქოს ზღვრის შენარჩუნება ადათით ჰქონდათ გადაცემული და, ამ ადათით, აფხაზები თავიანთ მიწას ამაგრებდნენ, ქართველები - თავიანთსას. ასე იყო ომამდე ოცი წლით ადრე, ერთი წლით ადრე და ერთი დღით ადრე...

ომმა სოფლიდან წასვლა ვერავის აიძულა. რამდენჯერმე ბავშვები გაიყვანეს, მაგრამ იმდენჯერ მიბრუნდა და მობრუნდა დაწყევლილი ომი, რომ ბოლოს ხალხი მიეჩვია კიდეც მას. ომი თითქოს დიდს არაფერს აშავებდა. მარტო პირველ დღეებში მოიტანა ელდა, როგორც მთიდან წამოსული ლავა, ისე გადაესხა და დაადუღა სოფელი. ეს მაშინ მოხდა, როცა მათ გზაზე თბილისიდან მომავალმა სამხედრო ტექნიკამ და ჯარმა გაიარეს. ტექნიკა გასრიალებულ ასფალტს თხრიდა, ჯარისკაცები აგვისტოს ცხელ ხილს კრეფდნენ ხეებზე. მეთაურებს მკაცრი სახეები ჰქონდათ, რიგითებს –- დაღლილი, მაგრამ მაინც ხალისიანად დაჰყურებდნენ რკინის მაღალი მანქანებიდან უკან ჩამოტოვებულ ეზოებს, რომლებშიც ხალხი მწვანე ღობეებს გულამოვარდნილი მოსწყდომოდა და მაამებლური, თუმცა შიშიანი ღიმილით მიაცილებდა ჯარს.

ავთანდილ ცირდავას მოხუცი არ ეთქმოდა. სამოცს რამდენიმე წლით გადაცილებული იყო. ამ სოფელში გააჩინა დედამ, ამ სახლში, რომელსაც წინ მოზრდილი ეზო, უკან კი ციტრუსების დიდი ბაღი ერტყა.  თუმცა ცირდავა ქალაქში ნაცხოვრებიც იყო, ავტონომიური რესპუბლიკის მაღალი თანამდებობებიც გამოევლო, მაინც ხშირად ამბობდა, - ჩემი სახლის, ქალისა და შვილების უფროსობაზე დიდი თანამდებობა არასდროს მქონიაო. ავთო ცირდავაც თავის ეზოში იდგა, როცა ჯარმა ჩაიარა. დიდხანს დინჯად და მშვიდად უყურებდა სოფლის ცენტრისკენ მიმავალ ჯარს, მერე ჩუმად ჩაილაპარაკა, მაგრამ ისე, რომ მარტო მის გვერდით ჩამომდგარმა ცოლმა და შვილებმა კი არა, რამდენიმე მეზობელმაც კარგად გაიგონა: - დიდი ამბები მოხდება აქ! მერე შინ შევიდა, კედლიდან სანადირო თოფი ჩამოიღო, მეზობელ კაცებს გასძახა და მათთან ერთად სოფლის ცენტრისკენ გაემართა.

ჯარი სოფლის ცენტრში მდგარ კულტურის სახლთან გაჩერდა. სოფელიც და კლუბიც, როგორც მას სოფელში ეძახიან, საბჭოთა წლებში ააშენეს, ავადსახსენებელი ბერიას დროს, რომელსაც სულაც არ მოიხსენიებდნენ აქ ავად. ბერიას აქ ქალაქის გაშენება უნდოდა, ქალაქისთვის დაპროექტდა დასახლება, გაიჭრა ერთმანეთის პარალელური გრძელი და ფართო ქუჩები, რომლებსაც შედარებით პატარა ქუჩები კვეთდნენ. საბოლოოდ, ქალაქი ვერ აშენდა, თუმცა, ახლომახლო სოფლებში მცხოვრებ აფხაზებს ახალდაბადებულმა პატარა ქართულმა დასახლებამ კიდევ ერთხელ გაახსენა ქართველების მიმართ ძველი ქიშპი და კიდევ უფრო გაუძლიერა ზიზღი მეგრელი ბერიასადმი, რომელსაც აფხაზიც ქართველივით მოსისხლე მტრად მიიჩნევდა...

ჯარის მეთაურმა სოფლის თავკაცები მოიკითხა. კითხვა არც სჭირდებოდა, ავთანდილ ცირდავა ისედაც ყველაზე წინ იდგა. კოლხური შუქიანი თვალებით უყურებდა მეთაურებს, რომლებიც ძუნწად იძლეოდნენ განკარგულებებს. მათი დავალებით, ქართული სოფლები თავად იქაურებს უნდა დაეცვათ. ჯარი იარაღს უტოვებდა სოფლის კაცებს, რომლებიც ასე, ერთ საათში ოჩამჩირის ბატალიონის შენაერთად გააფორმეს, გააფრთხილეს, რომ აფხაზური სოფლებიდან თუ ვინმე გამოჩნდებოდა, ეძლეოდათ იარაღის გამოყენების უფლება. შენაერთის წევრების სია შეადგინეს და გზის გასაგრძელებლად მოემზადნენ.

ავთანდილ ცირდავამ ჯარს სოფელში სახელდახელოდ შეგროვილი პროდუქტები გადასცა, ყველაზე მეტი თავისი რესტორნიდან ჰქონდა გამოტანილი. ჯარისკაცებმა ტანკების უკან მომავალი მსუბუქი ავტომანქანა პროდუქტებით დატვირთეს და სოფლიდან გასვლა დაიწყეს.

ცირდავამ შენაერთს სოფლის სამი გასასვლელიდან ერთადერთის ჩაკეტვა უბრძანა: - ერთ საათში ადიუბჟის გასასვლელთან შევიკრიბებით. ბარიკადების აგებას ვიწყებთ, -გააფრთხილა კაცები და თვითონაც, როგორც სხვები, შეკრების დაწყებამდე შინისკენ გაემართა. ნახევარი გზაც არ ჰქონდა გავლილი, რომ ზურგს უკან ჰორიზონტი წითლად გადანათდა. ადიუბჟისა და სოხუმისკენ, ყოველ საღამოს ამ მხარეს მზეც ზუსტად ასე ანათებდა, სანამ ზღვისკენ გადავიდოდა, მაგრამ ახლა ეს სხვა წითელი იყო, რომელსაც დამწვარი ხეების ტკაცუნი, ხალხის ღრიალი, საქონლის ბღავილი და ძაღლების გადარეული ყეფა მიჰყვებოდა. ცირდავა კვესელავას ღობესთან გაჩერდა და რკინის ბოძს მიეწება. თვალწინ ადიუბჟა დაუდგა, რამდენჯერ გადასულა ფეხით თავის ნათლულებთან და მეგობრებთან. ახლა ალბათ უკვე შუა სოფელში არიან... მიწას მილურსმული - აფხაზებისგან მოღწეული სროლისა და კივილის მიხედვი^თ ადგენდა ჯარის მდებარეობას.„ახლა საავადმყოფოსთან იქნებიანო, - გაიფიქრა და გულზე თითქოს ყინული ჩამოუსვეს. საავადმყოფოს მთავარი ექიმი მისი საუკეთესო მეგობრის, ბარგანჯიას, ცოლი იყო. სწორედ ამ ბარგანჯიამ გადაურჩინა რამდენიმე წლის წინ შვილიშვილი, რომელიც თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კვდებოდა. უკანასკნელი იმედი წამალი იყო, რომელსაც თბილისში ვერ შოულობდნენ. ბავშვს საათები დათვლილი ჰქონდა. ოჯახს უკვე შეცხადებული ჰყავდა გოგონა, რომ ავთანდილის ცოლს, ნადეჟდას, ციცინო ბარგანჯია გაახსენდა. ტელეფონს ეცა და ადიუბჟაში კივილით დაურეკა, - ბადიში მიკვდებაო. მან მოსკოვში ნაცნობ-მეგობრები შეძრა და მეორე დღეს თვითმფრინავის პირველსავე რეისს გამოტანებულ წამალს ავთანდილ ცირდავა აეროპორტში დახვდა.

...ბოძთან მდგარ ავთანდილს თითქოს ფეხზე რაღაც შეეხო. სანამ დაიხედავდა, თავისი ძაღლის კუდის ქიცინი იცნო. გაუხარდა. ბოძს მოშორდა და სახლისკენ ნელა წავიდა. არ ჩქარობდა. ფიქრის დამთავრება არ უნდოდა. იცოდა, რომ ფიქრის შეწყვეტა ბარგანჯიას მიერ გადარჩენილ შვილიშვილთან სიცოცხლეს გაუმწარებდა. და უცებ, თითქოს სინდისმა აქამდე უქმად მყოფი ხელები აიღო და პირი მოსწმინდაო, ცირდავას გაახსენდა, რომ ბარგანჯიებმა შარშან ეშერაში ორსართულიანი სახლის მშენებლობა დაამთავრეს. თავი დაიიმედა, რომ წასვლას მოასწრებდნენ, რომ კივილში, რომელიც ზურგზე სახრესავით უჭერდა, მათი ხმა არ ერია. ადიუბჟას ქართულმა შვეულმფრენებმა გადაუფრინეს და ყუმბარები ჩამოყარეს. ავთანდილ ცირდავა უკვე თავის ეზოში შედიოდა. ქართველების სახლებიც ადიუბჟასავით შეხტნენ და აკანკალდნენ, კედლებმა და მინებმა ზრიალი გაიღეს და აქედან მისცეს ხმა აფხაზური ოდების ძახილს.

- მოჭო მოცოდ, ძღაბი!–- აფხაზებისკენ პირმოქცეულ ნადეჟდას თავსაფარი მოეძრო და ფეხშიშველა მირბოდა თავისი ბაღის ბოლოსკენ, იქით, საითაც ადიუბჟა იწვოდა და გულში ხელის ცემით ბარგანჯიას ტიროდა.

მთელი ღამე სოფელი ბარიკადებს აშენებდა. სოფლის მხარეს გაშლილი ბაღებიდან, რომელსაც აქაურები ბალღამს ეძახდნენ, ხეები ამოჰქონდათ. ტომრებს სილითა და ნაფოტით ტენიდნენ და სოფლის შესასვლელთან ერთმანეთზე აწყობდნენ. სოფელი მდიდარი იყო, თავიანთ მცველებთან, რომლებმაც მთელი წელი დღე და ღამე ბარიკადებზე გაატარეს, ყველა ოჯახს მორიგეობით საჭმელი აჰქონდა. ბარიკადების წინ დაცლილი, ნახევრად დამწვარი აფხაზური სოფელი იწვა, საიდანაც იშვიათად თუ ჩამოვიდოდა გზაზე ერთიანად შავებში ჩაცმული გაძვალტყავებული ქალი ან ბავშვი, რომლებიც აქეთ, ქართველების სოფლისკენ, არასდროს იყურებოდნენ. ცირდავამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან საფრთხე სწორედ ამ გარინდებული, გაქვავებული სოფლიდან წამოვიდოდა და, თუმცა მთელი წელი სოფლის მეორე შესასვლელსაც ამაგრებდნენ - ათარის მხარეს –- ღამე ჩაშავებულ, ყოველ დილას კი თვალსაწიერზე გადაშლილ ადიუბჟას, განსაკუთრებული სიფრთხილით უყურებდნენ.

აფხაზების შეტევა სოფელში ჯარის შესვლიდან ერთი წლის შემდეგ, 16 სექტემბერს, დაიწყო. სოფელთან ბარიკადები აღარ იდგა, ერთი თვის წინ მოშალეს. 27 ივლისის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც ქართველებისა და აფხაზების პრეზიდენტებს შორის დაიდო, იმავე დღეს დაიგზავნა ფრონტის ყველა ხაზზე და ჯარს იარაღის ჩაბარება დაევალა. სოფელში ოჩამჩირის შტაბის უფროსი ამოვიდა, ხალხი შეკრიბა, ხელშეკრულება გააცნო, ომი დამთავრდაო, განაცხადა და იკითხა:

- ვინ წავა ათარაში აფხაზებთან შესახვედრად? ნაბრძანები გვაქვს, ფრონტის ყველა ხაზზე პირადად მოხდეს მხარეებს შორის მოლაპარაკება.

სოფელმა ცირდავას გადახედა, რომელსაც უკვე წინ გადაედგა ნაბიჯი.

- მე წავალ, - თქვა და აყაყანებული კაცები ჩააჩუმა, - მარტო წავალ, სისხლი ბევრია დაღვრილი, ადიუბჟა ყელში აქვთ გაჩრილი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ერთის წასვლა ჯობია.

თავისი "ჟიგული" დაქოქა. ერთ-ერთი მეზობელი თითქმის ძალით ჩაუჯდა მანქანაში.

მოსაღამოვდა. კლუბთან, სადაც შტაბი იყო მოწყობილი, ხალხი არ იშლებოდა. დაღამდა. ცირდავა არ ჩანდა. გათენდა. ასობით ყური ათარის მხრიდან ძრავის ხმის გაგონებას დაძაბული ელოდა. მოშუადღევდა. სოფელს მანქანის ხმა შემოესმა. ცირდავას მანქანა იყო. აწითლებული სახე და ჩაშავებული თვალები ჰქონდა. აფხაზებმა ათარაში ხარი დაგვიკლეს და მთელი ღამე შერიგების სადღეგრძელოს ვსვამდითო, - თქვა. სოფელს უხაროდა. მხოლოდ რამდენიმე შუახნის კაცი იყო ჩუმად. ცირდავა ისე ლაპარაკობდა, თითქოს მხოლოდ მათ მიმართავსო. მიხვდა, რატომ იყვნენ ჩუმად ხანდაზმულები. თვითონაც გაჩუმება ამჯობინა. დაღლა მოიმიზეზა და შინ წავიდა.

მას შემდეგ ცირდავა, მისი 30 წლის ვაჟი, სიძე და უფროსი შვილიშვილი, რომლებმაც მთელი წელი ბარიკადებზე გაატარეს, სოფლის საქმეებში იშვიათად ერეოდნენ. მარტო ერთხელ, 27 ივლისის შემდეგ, 3-4 დღე იქნებოდა გასული ათარაში ხარის დაკვლიდან, ოჩამჩირის შტაბიდან მოსულებმა კიდევ ერთხელ მოსთხოვეს ცირდავას რაზმის შეკრება, ერთი წლის წინ დარიგებული იარაღი ჩაიბარეს, ცირდავას ხელი მოაწერინეს და სოფელს გამოეთხოვნენ. იმავე ღამეს ცირდავა და მისი სიძე მანქანაში ჩასხდნენ და სადღაც წავიდნენ. სოფელში მითქმა-მოთქმა დაიწყო, ცირდავამ აფხაზებისთვის ბარჟებით საიდუმლოდ შემოტანილ იარაღში მთელი რესტორანი მისცა და სოფლისთვის ავტომატები შეიძინაო. ამას უფრო ქალები ლაპარაკობდნენ, კაცები ხმას არ იღებდნენ. ისე კი, მოუხშირეს ცირდავების ვაზით დაბურულ ეზოში ახალ მოსავლამდე შემორჩენილი ადესის დასაჭაშნიკებლად სიარულს.

ასე იყო თუ ისე, შეტევის დაწყების დღეს სოფელს იარაღი ჰქონდა. შეტევა გამთენიისას დაიწყო. ჯერ რამდენიმე კილომეტრში მდებარე სოხუმს დაარტყეს გრადებითა და ქვემეხებით. სოფელი ფეხზე წამოაგდო გამაყრუებელმა ხმებმა. მერე ათარის მხრიდან ხალხი მოცვივდა, აფხაზები სოფელს მოადგნენო.

ავთანდილ ცირდავა ლოგინში იწვა, როცა ქვემეხების ხმა გაისმა. მამა ესიზმრებოდა, თითქოს ეზოში იდგა, წელს ზემოთ შიშველი, და ბარავდა. ბარის ყოველ დაკვრაზე მიწიდან ადამიანები ამოდიოდნენ და მოხუცს მხიარულად ესალმებოდნენ, მიწას ბარს დაჰკრავდა თუ არა, ახალი ადამიანი ამოდიოდა ზემოთ. მოხუცი სტუმარს ღვთის კაცად თვლიდა და ეზოს წინ გადაჭიმულ სუფრასთან ეპატიჟებოდა, სადაც ყოველი ახალი მოსულის გამოჩენაზე მხიარულ ყიჟინას სცემდნენ და თოფებს ცლიდნენ.

გამაყრუებელი აფეთქების ხმამ გამოაფხიზლა. სიზმრიდან გამოყოლილი დენთის სუნი იგრძნო. გუმანმა ყველაფერი სწორად უკარნახა. ნელა, ზლაზვნით გადმოყარა ფეხები ლოგინიდან, თითქოს ეზარება ყველაფერი, რაც ამის შემდეგ უნდა მოხდესო. მერე კი უცებ, თითქოს ბზიკმა ზედ გულის ხორცზე უკბინა, წამოხტა, ეზოში გასძახა, " დავიწყეთ სარდაფიდან ავტომატების ამოტანაო და ბიჭებს თვითონაც უკან მიჰყვა.

სახლიდან სახლში გადარბოდნენ და თითო ოჯახს თითო ავტომატს უტოვებდნენ. დანარჩენებს უბარებდნენ, ვისაც რა მოგხვდებათ ხელში წალდი, ცული, დანა აიღეთ და ათარის მხარეს შემოგვიერთდითო.

ავთანდილ ცირდავას სიძე და უფროსი შვილიშვილი მიჰყვებოდნენ. ბიჭს ავტომატი არ შეხვდა, მაგრამ მაინც გაბედულად მისდევდა მამასა და ბაბუას. ავთანდილს ცივი იარაღით გამოსულები მეორე და მესამე ფლანგზე დასაყენებლად სჭირდებოდა, რათა, თუ ვინიცობაა, პირველ პოზიციას გაარღვევდა რომელიმე თავდამსხმელი, ქალებამდე და ბავშვებამდე ვერ მიეღწიათ. მხოლოდ ავთანდილმა გაიგო სიძის ნათქვამი, რომელიც შვილს ეუბნებოდა:

- ბაბა, უიარაღოდ, მარტო ამ წალდითა და დანით რას გახდები, შინ დარჩი და ქალებს მიხედე.

ავთანდილს, რომელსაც აქამდე ერთი ხმამაღალი სიტყვა არ ჰქონდა ნათქვამი სიძისთვის, სისხლი სახეში მოაწვა:

- რა კაცი იქნება, რომ დარჩეს და ქალებთან სახლში ჩაიკეტოს!

მერე ორივეს გაუსწრო და, წინ წასულმა, ბრტყლად იგრძნო მთელი ზურგის გასწვრივ, რომ შვილიშვილი უფრო ახლოს მოჰყვებოდა, ვიდრე სიძე და სოფლის სხვა კაცები. გულზე თბილმა და ძლიერმა ტალღამ გადაუარა და ძალის მომატება იგრძნო. ათარამდე რამდენიმე წუთში ჩავიდნენ.

პირველი, რაც ცირდავას გაუკვირდა, ის იყო, რომ სოფლის შესასვლელთან, ათარელი აფხაზების ნაცვლად, რუსებისა და ჩრდილოკავკასიელების რამდენიმე რიგი დაინახა. აფხაზები ყველაზე უკან, მეხუთე თუ მეექვსე რიგში იდგნენ და რუსებსა და ჩეჩნებს მოჰყვებოდნენ ქართულ სოფელზე. ცირდავას მწარედ გაეცინა და ყელში მოაწვა ათარაში დაკლული ხარისა და დალეული ღვინის გემო. აქამდე არასდროს სძულებია ადამიანი, აფხაზი მით უმეტეს. სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე გაუჩნდა ეს გრძნობა და თავის ღმერთთანაც ამ გრძნობით შერცხვენილი წავიდა...

რაზმს სოფლის შემოსასვლელში გზის ორივე მხარეს ჩასაფრება უბრძანა და თვითონ პირველივე სახლის ღობესთან მოიწყო საფარი. ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ მტერი რამდენიმე მეტრზე შემოეშვა სოფელში და მერე ქუჩის ყველა ეზოდან ერთდროულად დაერტყა. დამარცხებაზე ან გამარჯვებაზე არ ფიქრობდა. მხოლოდ ის იცოდა, რომ რუსები სოფლის შესასვლელთან რაც შეიძლება დიდხანს უნდა შეეყოვნებინა. იქამდე, სანამ ოჩამჩირიდან კიტოვანი ან ზღვის მხრიდან ქობალია არ მოიყვანდნენ დამხმარე ძალას. სიძე და მეზობელი ყურაშვილი ოჩამჩირის შტაბში გაუშვა, ცოცხალი ძალისა და იარაღის გამოგზავნას ითხოვდა. სოფელი ოჩამჩირესა და სოხუმს შორის იყო, ორივე ქალაქიდან თითქმის თანაბრად დაშორებული, ორივესთან სულ ახლოს. "კიტოვანი და ქობალია წამოვლენ, " გულში ფიქრობდა, " ჩვენთვის თუ არა, სოხუმის დასახმარებლად ხომ წამოვლენ. ამ გზას როგორ ასცდებიან, ცოტა უნდა გავუძლოთ".

- ბაბუ, ხომ არ გეშინია? - გუნებაზე მოსულმა გასძახა შვილიშვილს, რომელიც შიდა ქუჩების დასაკავებლად მიდიოდა სხვებთან ერთად. ბიჭმა უარის ნიშნად თავი გააქნია.

- კუდით ქვას ვასროლინებთ ამ უჯიშოებს. აბა, ეზოში ხომ არ გადავუშვებთ გადამთიელს!

ბიჭებს ემშვიდობებოდა, რომ ზურგს უკან ბალახის შრიალი შემოესმა. ყველანი გადახსნილი ავტომატებით ელდანაკრავივით შეტრიალდნენ. კაცის სიმაღლეზე აზრდილი სიმინდებიდან ლერი ქირია გამოვიდა, ადიუბჟის პოზიციიდან ჩამოსულიყო.

- აფხაზები ადიუბჟიდანაც შემოდიან, "დაჩების" მხრიდანაც და ზღვიდანაც... სოფელი ალყაშია. ოჩამჩირესთანაც და სოხუმთანაც გზა მოჭრილია. ოჩამჩირე ნახევრად აღებულია, კიტოვანმა და ქობალიამ ქალაქი უბრძოლველად დატოვეს.

ავთანდილ ცირდავამ პირში სიმწარე იგრძნო. გვერდზე გადააფურთხა და უკვე მის საფართან ჩამოსულ რუსს იარაღი შიგ სახეში დაახალა. სხვა საფრებიდანაც სროლა ატყდა.

საათი გავიდა, რაც სოფლის ოთხივე შემოსასვლელთან სროლის ხმა შეწყდა. გადარჩენილი რაზმელები ცირდავამ ახალ პოზიციაზე გადაიყვანა. ათარის მხრიდან რუსები მხოლოდ რამდენიმე მეტრზე შემოვიდნენ სოფელში. 16 სექტემბერს ვერც "დაჩების" მხრიდან წაიწიეს წინ. ადიუბჟიდან შემომავალი ბენდელიანის ქუჩა 17-ში გამთენიისას აიღეს. ათარის პოზიციაზე მყოფ ცირდავას შეატყობინეს, რომ პირველი მსხვერპლი ბენდელიანზე იყო. აქ სკოლის დირექტორი ლერი მიქაია დაიჭირეს, მის მიერ მოკლული ორი აფხაზის გვამთან დააყენეს, ჯერ სურათი გადაუღეს და მერე დასახვრეტად ღობეზე მიაგდეს. სახლში მიქაიას ოჯახი იმალებოდა. როცა სამალავიდან დედამ დაინახა, რაც ხდებოდა, გარეთ გამოვარდა და შვილს გადაეფარა. კაზაკმა ავტომატი დაუშვა და ქალისკენ წავიდა. რომ მიუახლოვდა, ჩექმიდან დანა ამოიღო და ყელში გამოუსვა. ლერი არ დახვრიტეს. მის მიერ მოკლული აფხაზები ზურგზე ააკიდებინეს და ადიუბჟის შტაბამდე ათრევინეს.

ცირდავა მიხვდა, რომ სოფლისთვის ბრძოლა დამთავრებული იყო. ბრძოლის გაგრძელების ბრძანებას ვეღარ გასცემდა. ყველას თვითონ უნდა გაეკეთებინა თავისი არჩევანი. სოფელზე შეტევის დაწყებიდან მეოთხე დღე თენდებოდა. რაზმს სოფლის სიღრმეში შესვლა უბრძანა. ყველა მიხვდა, რომ ცირდავას კაცები თავიანთი სახლებისკენ მიჰყავდა. ბრძანება ისე გასცა, რომ ყველას თავ-თავისი ქუჩისკენ წასვლა უწევდა. მეთაური მათ აქ შორდებოდა. მისი უკანასკნელი ბრძანება ყველამ ზუსტად გაიგო - თქვენი სახლების ჭიშკრებთან დადექითო.

თავის ეზოში შესულ ავთანდილ ცირდავას იქ ჯერ კიდევ სიმშვიდე დახვდა. ჯანღიანი დილა შემოდიოდა. ვაზის ქვეშ გავლილს, ნამი დაეწვეთა. ესიამოვნა. თითქოს ეზომ შეახსენა, რომ რაღაც სხვაც ხდებოდა ამქვეყნად ომის გარდა. პარმაღზე ფეხი ძველი ჩვეულებით გაიწმინდა და წინა ოთახში შევიდა, ცოლს ორ შვილიშვილთან ერთად ტახტზე გაუხდელად მისძინებოდა. ფრთხილად გააღვიძა. ხმადაბლა დაიწყეს ლაპარაკი.

- უნდა გაიყვანო ბავშვები. არხზე გადადით. მე აქედან ცოცხალი არ წავალ. ეზოში არ გადმოვუშვებ გადამთიელს. სანამ სამშვიდობოს არ გახვალთ, ეზოში ვერავინ შემოვა.

ნადეჟდა ცირდავა ქმრის ხნისა იყო, სოფლის კულტურის სახლის დირექტორი, დინჯი, გონიერი ქალი. შვილიშვილები გააღვიძა. ქვაბში წინასწარ მომზადებული ფაფა ჩაასხა, ჩანთაში წინა საღამოს გამომცხვარი პური ჩაალაგა. უხმოდ ირჯებოდა. ავთანდილი ბაღში ჩავიდა და ორიოდე წუთში სახლში გიჟივით შემოვარდა.

- კანკავას სახლამდე ტანკებით არიან შემოსული. აბა, შენ იცი, ბავშვები უნდა გადაარჩინო!

ნადეჟდას იმ წუთში ქმრის გარდაუვალ სიკვდილზე არ უფიქრია. ორივე ხელზე ჩამოკიდებული ბავშვები, მათი არხისკენ გაყვანის მიზანი ყველა დანარჩენს ავიწყებდა. მერე გაახსენდა, ძალიან გვიან, სამშვიდობოზე მყოფს, რომ ღობესთან ჩასაფრებულმა ავთომ მიაძახა, - ჟენია, იჩქარეო და ხმა ცოტა სუსტი ჰქონდა. ჟენიას ახალგაზრდობაში ეძახდა, მერეც, წლების შემდეგაც, მაგრამ იშვიათად. მაშინ, როცა რამე თბილის თქმა უნდოდა ცოლისთვის. მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. თავქუდმოგლეჯილი გარბოდა და მიარბენინებდა შვილიშვილებს. არხი მეზობლის ბაღის ბოლოში გადიოდა და ზაფხულში შრებოდა. შემოდგომაზე წვიმები ავსებდა და მისი წყლით სოფლის ამ კიდურზე მოსახლე ოჯახები ბაღებს რწყავდნენ. ჯერ წვიმები არ დაწყებულიყო და არხი დამპალი ფოთლებითა და შლამით იყო სავსე. ბავშვები ხელებს არ უშვებდნენ მის კაბას. როცა ფაფის ქვაბი და პურებიანი ჩანთა ხელში აიღო, ბავშვებს უთხრა, ხელები კაბაზე ჩამკიდეთ მაგრად და თუ კაბა გამეხა, ბლუზაზე ჩამეჭიდეთო. ყურაშვილების ეზომდე შეუსვენებლად ირბინეს, ეზო-ეზო გადადიოდნენ. როგორც ავთომ უთხრა, ყურაშვილების ეზოში გადავა და არხში ჩაწვება. ჯერ ბავშვებს ჩააწვენს, ზემოდან ფოთლებსა და ბალახს დააყრის. დაღამებამდე აქ დარჩებიან და მერე როგორმე გაძვრებიან სოფლიდან. "ავთო გაგვიყვანს!" " გაიფიქრა.

ყურაშვილების ეზოში მავთულის ღობიდან გადაძვრნენ. ღობეზე კაბა ჩამოეხა. ქვედატანი ოდნავ გვერდზე შემოიტრიალა და თავი რომ ასწია, გაშეშდა. ჭიშკართან თავზე მწვანელენტებგაკრული ჯარისკაცები იდგნენ. სანამ რამეს მოიფიქრებდა, ჭიშკრიდან ტყვიების ჯერი წამოვიდა და, თუმცა ეს აქამდე არასდროს გაუკეთებია, ინსტინქტმა მიწაზე დაამხო, ან იქნებ თვითონ მიწამ, როგორც ყველაფრის თავმა და ბოლომ, ზურგზე დაინარცხა. დაემხო და ბავშვები ქვეშ მოიქცია. თავად ქალს ზევიდან სახლიდან გადმოყოლილი ძაღლი დააწვა. ოთხივე გატრუნული იწვა.

ბავშვები, ქალი და ძაღლი, რომლის ბალანი მიწაზე ლოყამიჭყლეტილ ნადეჟდას პირში ეჩრებოდა... ძაღლის ცხელი მუცელი, რომელიც მძიმედ და მთელი შიგნეულით სუნთქავდა, ზურგს უთბობდა და ერთგული ჭერივით იფარავდა.

ჭიშკრიდან ნაღმი ისროლეს. ძაღლმა ორჯერ საწყლად ამოიწკმუტუნა და გაჩუმდა. ზემოდან ცხელი, მოტკბო და სქელი სითხე წამოვიდა და ძაღლის ქვეშ მოქცეულ ადამიანებს დაედინა. ნადეჟდა მიხვდა, რომ ნაღმი ძაღლს თავში მოხვდა, რადგან სისხლი წინიდან ესხმებოდათ, ძაღლის ქვეშ გუბდებოდა და ქალსა და ბავშვებს პირში ჩასდიოდათ. ნადეჟდამ იფიქრა, რომ შეიძლება სისხლს ბავშვები გაეგუდა. ხელით ბიჭის პირი მოძებნა და ზედ დააფარა. მეორე ხელით ყურები დაუცო. ბიჭს ჩუმად, მაგრამ ბრძანებით უჩურჩულა: შენს დას პირი და ყურები თითებით დაუცე! გოგო პატარა იყო. იმდენად პატარა, რომ ვერც კი გაიგებდა, რა იყო დაცობა.

დროს ვერ ითვლიდა. რამდენი საათი გავიდა, რაც ასე იწვნენ... შეიძლება, ერთი ან ორი. შეიძლება საათიც არ გასულა. ეზოდან ჯარისკაცები წეღანვე სადღაც გაიკრიფნენ. ნადეჟდა ამას იმით მიხვდა, რომ მათ ვიღაცამ მეორე ეზოდან აფხაზურად დაუძახა:

- ბანგლო, ბარა, ბანგლო! მოდი, ბიჭო, აქეთ გადმოდითო.

საითაც ჯარისკაცები გაიკრიფნენ, სროლა გახშირდა. ნადეჟდას გულმა რეჩხი უყო, რადგან სროლა მათი სახლის მხრიდან ისმოდა. ჯარისკაცები ვიღაცას აფხაზურად უყვიროდნენ, - იარაღი დაყარეო. ნადეჟდას ცოტა აფხაზური ესმოდა. ამ მხარეში ყველას ესმოდა ერთმანეთის ენა. აფხაზს ქართულიც და მეგრულიც, ქართველს - აფხაზური.

ენები ადამიანებივით დაუმეგობრდნენ ერთმანეთს, მაგრამ ადამიანებმა, როგორც თავიანთ სოფლებს შუა, ენებს შორისაც მკაცრი ზღვარი გაავლეს. არც ერთი აფხაზი ქართულად არ ლაპარაკობდა, თუმცა ყველას ესმოდა ქართული, არც ქართველები ლაპარაკობდნენ თუნდაც საყველპურო აფხაზურს, თუმცა მათაც ესმოდათ ცოტა აფხაზური. ერთმანეთთან სალაპარაკოდ მეგრული აირჩიეს, რადგან მეგრელს აფხაზი ქართველად არ თვლიდა.

ნადეჟდამ კიდევ ცოტა ხანს მოიცადა მკვდარი ძაღლის ქვეშ. რაც ჯარისკაცების ხმა მიწყდა, მას შემდეგ უკვე ხუთჯერ დაითვალა ასი. მაინც არ ენდობოდა საკუთარ სათვალავს, ყურს უგდებდა, უნდოდა, დარწმუნებულიყო, რომ ჯარისკაცები ნამდვილად წავიდნენ. მერე მკვდარი ძაღლი ოდნავ ასწია და თვალები მიწის პირზე ჭიშკრისკენ დაკვირვებით ჩაატარა. მიწა ცარიელი და მშვიდი იყო. ძაღლის ლეშს უფრო ძლიერად მიაწვა ქვემოდან და ადვილად გადააგდო გვერდზე.

მთლიანად სისხლში მოსვრილი წამოდგა ფეხზე. ბავშვები მძიმედ სუნთქავდნენ. წებოვანი წითლით აზელილ თმაში გოგოს მიწა და ბალახი შეზელოდა. არც ერთი არ ტიროდა. ბებია ფეხზე ამდგარი დაინახეს თუ არა, ისევ აქეთ-იქით ამოუდგნენ და კაბაში ჩაავლეს ხელები. მიწაზე დამხობილი ქვაბიდან დაღვრილ ფაფას ინდაურები მიესივნენ. ქალმა პურები მოკრიფა. მიწა ფრთხილად მოაცილა პურს და ისევ ჩანთაში ჩაალაგა.

უცებ ქვემოდან, თითქოს მიწიდან, თავისი სახელი შემოესმა. ხომ არ მომეყურაო, გაიფიქრა. ხმას კარგად მიუგდო ყური და რამდენიმე ნაბიჯზე არხი დაინახა. ხმაც იცნო. მეზობელი გივი ფრუიძე იყო. არხზე გადაფარებული თუნუქი აეწია და ხელს უქნევდა, აქეთ წამოდითო. ბავშვებმა უფრო მაგრად ჩაავლეს ხელი კაბაში და მკვდარ ძაღლს, მიწაზე დაღვრილ ფაფასა და სისხლიან ბალახს სირბილით გაეცალნენ.

არხი მოკუნტული, ერთმანეთზე მიჭეჭყილი ადამიანებით იყო სავსე. 15-20 კაცი იქნებოდა. ყურაშვილის გოგოები, ფრუიძის შვილიშვილები, დაჭრილი მეომარი ჯეირან ჩაკვეტაძე. თითქმის მთელი ქუჩა არხში იწვა. ნადეჟდა და ბავშვები ქვემოთ ჩაუშვეს და ციტრუსებით დაფარულ არხის ამ მონაკვეთს ისევ თუნუქი დააფარეს. ხალხი ხმაგაკმენდილი და გასუსული იჯდა ხავსიან შლამში. იცოდნენ, რომ დაღამებამდე უნდა მოეცადათ, მერე კი არხს უნდა გაჰყოლოდნენ და მეორე ეზოში გადასულიყვნენ. იქ თუ არაფერი შეუშლიდათ ხელს, გზას შემდეგ ეზოებზე გააგრძელებდნენ. ასე შეიძლება გაეღწიათ კიდეც სოფლიდან.

გაგრძელება შემდეგ ნომერში