"დასასჯელი ბევრია!" - კვირის პალიტრა

"დასასჯელი ბევრია!"

"ჟვანიას საქმე იხილავს დღის სინათლეს"

"იმას, რაც იყო, საპროცესო შეთანხმება კი არა,  საპროცესო იძულება ერქვა"

"პროკურატურაში კადრების შეცვლა აუცილებელია"

"არ შეიძლება დანაშაული (ნამდვილი თუ მოგონილი) გახდეს ბიუჯეტის შევსების, წყარო"

"ძველმა ხელისუფლებამ გააძევა ქურდები და ყაჩაღები,  მათი ადგილი კი თავად  დაიკავა"

"საქმეებს ძველი კადრებით ვერ გადავხედავთ..."

ჟურნალისტის და რესპონდენტის 10-წლიანი ურთიერთობის მანძილზე, მას არასოდეს დაუგვიანია ინტერვიუზე, ამას საგანგებოდ აღვნიშნავ იმიტომ, რომ პუნქტუალურობით ბევრი ქართველი პოლიტიკოსი ვერ დაიკვეხნის. არადა, ეს თვისება პასუხისმგებლობის გრძნობას უკავშირდება, პასუხისმგებლობის გრძნობა კი მომავალი გენერალური პროკურორისთვის, არჩილ კბილაშვილისთვის მეტად მნიშვნელოვანია.

- შევეცდები, არ გავხდე შენი კრიტიკის ობიექტი, - მეუბნება არჩილ კბილაშვილი და საუბარს ვიწყებთ.

- როგორც ჩანს, იურისტობა ჩემი მოწოდება იყო. მე-4 თუ მე-5 კლასში ვიყავი, სახლის გაყოფის ტრაქტატი რომ შევადგინე - მამაჩემს გამოვეყავი; ერთსართულიანი სახლი გვქონდა, ეგრეთ წოდებული "ბელეტაჟი" და  მამა სარდაფში გავამწესე. მაშინ თქვა ბაბუამ, ეს ბიჭი იურისტი გამოვაო.

- მამა რომ სარდაფში გაისტუმრეთ, ეგ არაფერი?

- ბაბუას გაყოფის პროცესი მოეწონა, შედეგისთვის ყურადღება არ მიუქცევია. მე-8 კლასიდან იურისტობაზე ვოცნებობდი, მაგრამ მეგონა, ეს ოცნებად დამრჩებოდა. სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან იმ პერიოდში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად ორი რამ იყო საჭირო - ან ოქროს მედალი, ან მუშაობის ორწლიანი სტაჟი, მე კი არც ერთი არ მქონდა, მაგრამ ზუსტად იმ წელს, როცა სკოლა დავამთავრე, ეს წესი გაუქმდა.

ბაღდათიდან ვარ. ისე განვლო ბავშვობის წლებმა, თბილისში  ექსკურსიაზე ერთხელ ვიყავი ნამყოფი. მეორედ თბილისში მაშინ ჩამოვედი, როდესაც უნივერსიტეტში საბუთები შევიტანე. სამი გამოცდა უნდა ჩამებარებინა. პირველი გამოცდა ქართულ წერაში მქონდა და ჩემდა გასაკვირად, ხუთიანი მივიღე. თავისუფალი თემა დავწერე, სათაურით - "ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა..." ასე დავიწყე: "კონსტანტინე გამსახურდია ამბობდა, ადამიანის სული ერთ რამეში ჰგავს ზეასროლილ ტყვიას - იგი მაღლა აიჭრება და იმავე ნიადაგს უბრუნდება, საიდანაც ატყორცნესო." …მოკლედ, რომანტიკული თემა იყო, მე-10 კლასელის რომანტიკული ნააზრევი. Mმე და კობა დავითაშვილი ერთად ვაბარებდით გამოცდებს და კობამაც ფრიადი დაიმსახურა. მან დაწერა "ვაჭრობა მე-19 საუკუნის ქართულ მწერლობაში".

ისტორიაშიც  ხუთიანი მივიღე. მახსოვს, კომისიის თავმჯდომარემ კითხვა დამისვა, რა არის მაიაკოვსკში ყველაზე მნიშვნელოვანიო. ვიფიქრე, რა უნდა იყოს ამისთანა მნიშვნელოვანი-მეთქი, კინაღამ "ჩამჭრეს"... თურმე კომისიის თავმჯდომარეს წყალთაშუას რესტორანი ჰქონია მხედველობაში. აქ ყველაფერი კარგად დამთავრდა, მაგრამ ბოლო გამოცდაში - რუსულ კარნახში - ორი მივიღე.

12 ქულა კი იყო საკმარისი, მაგრამ ორიანის გამო ვიფიქრე, რომ ვერ ჩავირიცხებოდი.10 დღის შედეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ნიშანი გადასწორდა, რადგან მსგავსი ნიშნები - ორი 5 და ერთი 2 არავის ჰქონდა. ასე მოვხვდი იურიდიულ ფაკულტეტზე.

- თქვენი პირველი საქმე...

- უნივერსიტეტი 1993 წელს დავამთავრე; 1994-95 წლებში საკონსტიტუციო საბჭო შეიქმნა, კომისიის მდივანი ავთანდილ დემეტრაშვილი გახლდათ. მაშინ კონსტიტუციების დაწერის ბუმი იყო, ყველა პარტიას კონსტიტუციის თავისი ვარიანტი ჰქონდა. ამ დროს შეიქმნა მოქალაქეთა კავშირი. ამ პარტიას ჰქონდა ამბიცია, რომ  ყოფილიყო ხელისუფლებაში. ზურაბ ჟვანია მაშინ პარტიის გენერალური მდივანი გახლდათ. ავთო დემეტრაშვილმა შემომთავაზა, იქნებ "მოქალაქეთა კავშირს" დაეხმარო კონსტიტუციის დაწერაშიო. მაშინ გავიცანი ზურაბ ჟვანია, მოქალაქეთა კავშირს მოვუმზადე კონსტიტუციის მისეული ვერსია. ეს იყო პირველი საქმე. ზურაბმა მაშინ შემომთავაზა, მოდი, "მოქალაქეთა კავშირის" წევრი გახდი, ახალგაზრდული ფრთაც გვაქვსო, მაგრამ მაშინ 22-23 წლის ვიყავი, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდი და მიმაჩნდა, რომ პარტიული საქმიანობის დაწყება ჩემთვის ძალიან ადრე იყო. კარგად გავიცანი შევარდნაძეც.

1995 წელს, როცა შევარდნაძე პრეზიდენტად აირჩიეს, პეტრე მამრაძემ დამირეკა და გადმომცა შევარდნაძის თხოვნა, კანცელარიაში იურიდიული სამსახურის უფროსი გავმხდარიყავი. ძალიან მცირე ხელფასი იყო და უარი ვთქვი. ასე გავუშვი ხელიდან პირველი შანსი - ჩავმდგარიყავი სახელმწიფო სამსახურში, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან აშკარაა, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე - 23 წლის ბიჭს პოლიტიკაში არაფერი ესაქმება, ადამიანი პოლიტიკაში მოწიფულ ასაკში უნდა მოვიდეს. ადრე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ პოლიტიკაში მოსულ ადამიანს გადალახული უნდა ჰქონდეს სექსუალური ლტოლვის ფიზიოლოგიური ეტაპი და  უნდა ჰქონდეს მეტ-ნაკლებად მოწესრიგებული მატერიალური მდგომარეობა. არ შეიძლება სხვის ბედს წყვეტდეს ადამიანი, ვისაც საკუთარი ვერ მოუწესრიგებია, არ შეიძლება, იყო მოსამართლე და საოჯახო სამართლის დავებს იხილავდე, როცა თავად არ იცი, რა არის ოჯახი, არ შეიძლება სამეწარმეო დავას იხილავდე, როცა არაფერი გაგეგება მეწარმეობისა.

- თქვენი ოჯახის შესახებ მოგვიყევით...

- მყავს მეუღლე სოფიო ცისკაძე, იურისტი. სამი შვილი გვყავს: 9 წლის სანდრო, 4 წლის სალომე და 2 წლის ვასილი. ერთი წელი დაგვჭირდა, რომ ერთმანეთი დაგვენახა და შეგვეფასებინა. ქორწინებას, როგორც წესი, რომანტიკული გარსი ეცლება ხოლმე და უცბად აღმოჩნდება, რომ არც ის არის პრინცესა და არც შენ ხარ თეთრ რაშზე ამხედრებული რაინდი: ხვრინავ, ეწევი და სვამ კიდეც, სიდედრს დედას არ ეძახი, გამოხედვა გაქვს ცუდი და ასე შემდეგ,  თუმცა, მფრინავი თეფში ჩვენს ოჯახში ჯერ არავის შეუნიშნავს. ნოდარ დუმბაძისა არ იყოს, არც ჩემს ცოლს გასძრობია შემთხვევით ტუფლი ფეხიდან.

ჩემმა ოთხი წლის შვილმა მითხრა, ვიცი, ვინც უნდა გახდეო. ვინ-მეთქი? ვინ და - პარლამენტიო.…მეორემ შეუსწორა, პარლამენტი კი არა, გენერალური პროკურორიო, და რას ნიშნავს გენერალური პროკურორიო, მკითხეს. რას და, სათამაშოების ქარხნის დირექტორობას-მეთქი. არ დამიჯერეს...…ჩემი მეუღლე  სულ მსაყვედურობდა საარჩევნო კამპანიის პერიოდში (მოგეხსენებათ რამდენიმე თვე წასული ვიყავი), შენ უკვე აიხდინე შენი ქართული ოცნებაო - სახლში შენ არ მოდიხარ და ეს ბავშვები მე დამიტოვეო!

- რას ნიშნავს თქვენთვის გენერალური პროკურორობა?

- მზა რეცეპტი არ მაქვს, რას ნიშნავს ეს თანამდებობა ჩემთვის, მაგრამ ვიცი, რა უნდა ვაკეთო და რა არ უნდა ვაკეთო.

- რა არ უნდა აკეთოთ?

- უპირველეს ყოვლისა, არ უნდა გავხდე აღმასრულებელი ხელისუფლების დანაყოფი, მისი პოლიტიკური ნების შემსრულებელი.

ზუსტად ვიცი, რომ სასამართლოზე ზეწოლა დაუშვებელია. დღემდე ყველა განაჩენი წინასწარ იყო გამოტანილი და ამიტომ ყველა სასამართლო პროცესი - ფორმალობა. მინდა, დავაიმედო ბრალდებულები, რომ პროკურატურა მათ ბედს აღარ გადაწყვეტს. ჩვენში რაც უნდა ეთქვა ბრალდებულს, რა არგუმენტიც უნდა მოეყვანა თავის დასაცავად, ადვოკატს რა  მტკიცებულებებიც უნდა წარმოედგინა, არავის აინტერესებდა. ხშირად პროკურორი დარწმუნებული იყო ადამიანის უდანაშაულობაში, მაგრამ ამბობდა, მე ვერაფერს ვიზამო.…ამას არ დავუშვებ. საერთოდ, სისტემა იყო ასეთი - თუ მიზანში იყო ვინმე ამოღებული, აზრი არ ჰქონდა მტკიცებულებების წარდგენას. ვიცი, რომ ასე არ უნდა მოვიქცე. ასევე, აუცილებელია, ერთმანეთისაგან გავმიჯნო საზოგადოებრივი აზრი და რეალური სამართალდარღვევა.

- რას გულისხმობთ?

- შესაძლოა, საზოგადოებაში არსებობდეს აზრი ამა თუ იმ პირის დამნაშავეობის შესახებ, მაგრამ კონკრეტული ინფორმაციის გარეშე. მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გამო არავის დასჯას არ ვაპირებ.

მე არც ერთი დღე არ მიმუშავია პროკურატურაში, მაგრამ ამას დავძლევ. ის, რომ გენერალური პროკურორის პოსტზე არა პროკურორი, არამედ მოწინააღმდეგე პოლიტიკურ ბანაკში მყოფი ადამიანი ინიშნება, ნიშნავს, რომ საზოგადოებას სხვა მოთხოვნები აქვს. საკადრო პოლიტიკას მნიშვნელოვნად გადავხედავ, რაც ხელმძღვანელი და საშუალო რგოლებიდან თანამდებობის პირთა გათავისუფლებას ნიშნავს. ეს მომავალი პროკურატურის მუშაობის  სტრატეგიის ნაწილია. მართალია, პირდაპირი გაგებით რევოლუცია  არ მომხდარა, მაგრამ რაც მოხდა, თავისი მნიშვნელობით რევოლუციის ტოლფასია. დამჭირდება ერთი კვირა, რომ ეს საკადრო ვერტიკალი შევცვალო. საქმეებს ძველი კადრებით ვერ გადავხედავთ. კაცი, რომელიც პროკურატურაში დაჩაგრეს, ბუნებრივია, თავისი განცხადებით თავისივე დამჩაგვრელ პროკურორთან არ უნდა მოხვდეს, ამიტომ კადრების შეცვლა აუცილებელია. ამავდროულად,

მინდა გამოვაცხადო ერთგვარი მორატორიუმი ორი ან სამი კვირით იმისათვის, რომ ყველა მიმდინარე საქმე, რომელიც სასამართლოს არსებითად განსახილველად აქვს გადაცემული, შეჩერდეს.

სახელმწიფო წლების წინ გამოტანილი განაჩენების გადახედვას აპირებს და აწმყოში უკანონოდ ვინმეს პასუხისგებაში მიცემა დაუშვებელია. დღევანდელი სასამართლოს განსახილველ საქმეებზე გამოძიება 3, 4, 5 თვის წინ არის დაწყებული. თავისთავად, ხელწერა ისეთივე იქნება, როგორიც იყო, ამიტომ გადავწყვიტე, შეჩერდეს განხილვები, შევისწავლოთ ყველა სასამართლოში არსებული საქმე და თუ დავინახავთ, რომ ბრალდება დაუსაბუთებელია, უკან გავითხოვოთ ან  შევწყვიტოთ სისხლისსამართლებრივი დევნა.

- საპროცესო გარიგება ძალაში დარჩება?

- იმას, რაც იყო, საპროცესო შეთანხმება კი არა,  საპროცესო იძულება ერქვა. შეთანხმება ნიშნავს, როცა ორი მხარე მიდის კომპრომისზე, საპროცესო გარიგების ის მავნე  პრაქტიკა კი, რაც არსებობდა, შეთანხმებასა და კომპრომისს გამორიცხავდა. თუ ადამიანი პროკურატურის შეთავაზებულ პირობებს არ მიიღებდა, ათჯერ უფრო მკაცრი სასჯელი გარანტირებული ჰქონდა, ამიტომ ხალხი აღიარებდა იმას, რაც სინამდვილეში არ მომხდარა. ეს მავნე პრაქტიკა უნდა გამოსწორდეს სასამართლოს დამოუკიდებლობით.

საპროცესო გარიგება, როგორც სამართლებრივი ფორმა სასჯელისა, არ არის ცუდი, უბრალოდ, მას ძალიან ცუდად იყენებდნენ. ძალიან მნიშვნელოვანია ჯარიმების ოდენობის საკითხიც. აქამდე  საპროცესო გარიგება ვიღაცისთვის 2 მილიონი ღირდა, ვიღაცისთვის - 2 ათასი.  საპროცესო გარიგება დანაშაულის მიხედვით უნდა განისაზღვროს და ჯარიმების რაოდენობაც ზღვრული უნდა იყოს. არ შეიძლება, დანაშაული (ნამდვილი თუ მოგონილი) ბიუჯეტის შევსების წყარო გახდეს, ამას ყაჩაღობა ჰქვია. ძველმა ხელისუფლებამ გააძევა ქურდები და ყაჩაღები, მათი ადგილი კი თავად  დაიკავა. საპროცესო შეთანხმება დარჩება, დაკონკრეტდება და დანაშაულის კატეგორიების მიხედვით განისაზღვრება.

მინდა აღვნიშნო დაზარალებულის საქმიდან ჩამოშორების საკითხი. მოგეხსენებათ, დღეს დაზარალებული საქმეში მხარე აღარ არის და მას  არავითარი უფლებები არ გააჩნია. დაზარალებული, ასე ვთქვათ, აწუხებდა პროკურორს. ის პროკურატურისათვის გახდა დისკომფორტის მიზეზი, ამიტომაც მარტივად გადაჭრეს ეს საკითხი - დაზარალებულები საქმეს ჩამოაშორეს. ნებისმიერ საქმეში დაზარალებული უნდა დადგეს პროკურორის პირისპირ.

- არის საქმეები, რომელთა მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი დიდია. მაგალითად, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება. დაიწყება თუ არა ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ბურუსით მოცული საქმის ხელახალი გამოძიება?

-  ჟვანიას საქმე იხილავს დღის სინათლეს.

არა მარტო სკანდალური და საყოველთაოდ ცნობილი საქმეების გადახედვა დაიწყება, არამედ ყველა იმ ადამიანს გაუჩნდება სამართლის პოვნის შანსი, ვინც თვლის, რომ დანაშაულის, ძალადობისა და უსამართლობის მსხვერპლი გახდა.

გადაიხედება უკანონო განაჩენები, დაიწყება სისხლისსამართლებრივი დევნა ყველა კონკრეტულ დანაშაულებრივ ფაქტზე.

- პროკურატურიდან ძველი კადრების დათხოვნას აპირებთ. შეძლებთ მათ სწრაფად შეცვლას ღირსეული ადამიანებით?

- არ არის სავალდებულო, იმ ადამიანებს, ვინც პროკურატურაში დაიწყებს მუშაობას, პროკურატურაში მუშაობის გამოცდილება ჰქონდეს. ვინც პატიოსნებით, ადამიანურობით და საქმისადმი ერთგულებით გამოირჩევა და მიაჩნია, რომ პროკურატურის სისტემაში შეძლებს მუშაობას, ყველას კანდიდატურას განვიხილავთ. ვიცი, რომ შეიძლება ოპტიმალური არ იყოს ეს ვარიანტი, მაგრამ მარსიდან ვერავის ჩამოვიყვანთ.

პროკურატურიდან კადრების დათხოვნა არ არის დევნა, ეს არის საზოგადოების მოთხოვნა. იმ არაჯანსაღ პროცესში მსხვერპლად იქცნენ არა მარტო პროკურატურის თანამშრომლები, არამედ ადვოკატები და მოსამართლეებიც. სამწუხაროდ, ამ პროცესმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ადვოკატთა კორპუსის დაკნინებას. მათი ფუნქცია გახდა ოჯახსა და პროკურატურას შორის ამბის მიტან-მოტანა და არა - ადამიანის დაცვა. წესიერი ადვოკატები, მაგალითად, შალვა შავგულიძე, საშიშროებადაც კი იქცნენ ბრალდებულებისათვის. მათი პროფესიონალიზმი, პატიოსნება, საქმისადმი ერთგულება და უბრალოდ, პროცესებში მონაწილეობა იქცა ბრალდებულისათვის კიდევ ერთ დამამძიმებელ გარემოებად.

ამ სისტემის თავისებური მსხვერპლია მოსამართლეც. სამსახურიდან წასვლა ადვილი არ არის. იმ ყოფაში, რაც ჩვენ გვქონდა, ამას მხოლოდ გმირები ახერხებდნენ, თუმცა სხვის ხარჯზე საკუთარი კეთილდღეობის შენება არ შეიძლება. ვფიქრობ, იმ ადამიანებთან მუშაობა შეიძლება, რომლებიც ამ სისტემის პირობებში ახერხებდნენ მაქსიმალური შეღავათი გაეწიათ ადამიანებისთვის, მაგრამ რეფორმა აუცილებელია როგორც პროკურატურაში, ასევე - სასამართლოში. კორუფცია მხოლოდ აღებ-მიცემობას არ ნიშნავს. კორუფცია ფორმის შერყვნას, მის დარღვევასაც გულისხმობს და ამაზე თვალის დახუჭვის უფლება არ გვაქვს.

ძველი კადრებით ამ ყველაფრის გამოსწორება შეუძლებელია. უნდა დაისაჯოს პროკურორი, რომელმაც უკანონო დადგენილებას მოაწერა ხელი, უნდა დაისაჯონ გამყალბებლები, მაგრამ ის შემსრულებლები, რომელთა საქმიანობას მძიმე შედეგები არ მოჰყოლია, ასცდებიან მართლმსაჯულებას.

მიუხედავად იმისა, რომ დასასჯელი ბევრია, ჩემი  ქმედებები არ იქნება რევანშისტული, მაგრამ კანონის წინაშე პასუხისმგებლობას გვერდს ვერ ავუვლით... და კიდევ ერთი - პროკურატურის ახალი კადრების შერჩევისას ძალიან მნიშვნელოვანი იქნება არა მარტო პროფესიონალიზმი, არამედ ადამიანური ფაქტორიც. პროკურატურა აღარ იქნება საზოგადოების წინააღმდეგ მომუშავე რეპრესიული მანქანა, რომელსაც ბოლო პერიოდში, სამწუხაროდ, ასეთი სახე ჰქონდა.