"საბურთალოზე ჟვანია გარდაცვლილი ვნახე, მანამდე რა მოხდა, მხოლოდ მკვლელმა იცის" - კვირის პალიტრა

"საბურთალოზე ჟვანია გარდაცვლილი ვნახე, მანამდე რა მოხდა, მხოლოდ მკვლელმა იცის"

"გამოძიების დასრულების შემდეგ ბევრ რამეზე ვისაუბრებთ"

"არჩევნებში დამარცხება  ჩემთვის შვება იყო"

"თუ მათ ამ ფირების გადაღება დაავალა მინისტრმა, ის არის დასაჭერი და თუ პრეზიდენტმაც იცოდა,

ისიც უნდა დაიჭირონ"

"ჩემი შეშინება ასე ადვილი არ არის და ნურავინ იფიქრებს, ბარამიძე მეგობარს სიკვდილის პირისპირ მიატოვებდა"

"ვინმეს იმის უფლებას მივცემდი, გადაეღოთ, რას ვაკეთებ ჩემს ცოლთან საძინებელში?"

ახალი ხელისუფლება საზოგადოებას დაჰპირდა, რომ  მალე გახდება ცნობილი, რა მოხდა 2005 წლის 3 თებერვალს. საზოგადოება ინტერესით ელოდება, ვინ უღალატა პრემიერ-მინისტრს, ძველმა თუ ახალმა მეგობრებმა, თუ ყველამ ერთად? ამის შესახებ კომენტარი ზურაბ ჟვანიას მეგობარსა და თანაგუნდელ გიორგი ბარამიძეს ვთხოვეთ, რომელიც ჟვანიას მკვლელობის ერთ-ერთ თანამონაწილედაც კი სახელდება.

- გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი შავნაბადაზე პრეზიდენტისა და შს მინისტრის თვალწინ მოკლეს. შემდეგ ცხედარი საბურთალოზე ტელევიზორის ყუთით გადაიტანეს. ამ საქმეში თქვენი სახელიც ფიგურირებს.

- როგორ უნდა დაიჯეროს ადამიანმა ვიღაცების ნაბოდვარი, რომ ჟვანია მოკლეს და მერე ყუთით სადღაც ბარამიძემ მიიტანა. ეს რომ მონაბოდია, მთავარმა პროკურორმაც დაასაბუთა. გამოძიების დასრულებას მოუთმენლად ველოდები, შემდეგ ბევრ რამეზე შეგვიძლია ვისაუბროთ.

- კბილაშვილმა "ასავალ-დასავალის" ინფორმაცია არ დაადასტურა, თუმცა არც ის უთქვამს, რომ ჟვანია უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

- არც ჩვენი ხელისუფლებიდან უმტკიცებია ვინმეს, ჟვანია უბედური შემთხვევის გამო დაიღუპაო. გამოძიება მუშაობდა, რომ დაედგინა, რა მოხდა იმ დღეს.

- როგორ არ უთქვამთ, ჟვანიას გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში მერაბიშვილმა საჯაროდ განაცხადა, საქმე უბედურ შემთხვევასთან გვაქვსო. სააკაშვილსაც არაერთხელ უთქვამს ეს.

- ისინი მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ და მეტი ინფორმაცია ჰქონდათ, ამიტომ აძლევდნენ თავს უფლებას, ასეთ დეტალებზე ესაუბრათ. მე თუ მკითხავთ, მსგავსი განცხადებების გაკეთება არასწორი იყო, რისთვისაც დასავლეთისგან საყვედური არაერთხელ მიგვიღია.

- სახლში, სადაც გარდაცვლილები იპოვეს, უსუფოვის ცალი ფეხსაცმელი არ იყო. ეჭვს ბადებს ჯერ ექსპერტ ლევან სამხარაულის მკვლელობის ამბავი, შემდეგ კი მკვლელის თვითმკვლელობა, რომელმაც ორი იარაღით მოიკლა თავი. ბუნდოვანია ფედერალური საგამოძიებო ბიუროს დასკვნაც, რომ ორგანიზმში აღმოჩენილი მომწამლავი ნივთიერება სასიკვდილო არ იყო. ეს კითხვები არასდროს დაგისვამთ პრეზიდენტისთვის ან მერაბიშვილისთვის?

- ამის გამო მივედი დასკვნის გასაცნობად. არასდროს მიმტკიცებია, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, თუმცა არც იმის საფუძვლიანი ეჭვი მქონია, რომ ვინმესთვის ხელი დამედო. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ვერსიას კატეგორიულად გამოვრიცხავ. საბურთალოზე ჟვანია გარდაცვლილი ვნახე, მანამდე რა მოხდა, ეს მხოლოდ მკვლელმა იცის. თუმცა ის საკითხები, რაც ეჭვს ბადებს, შეიძლება სულაც არ უკავშირდებოდეს მკვლელობის ვერსიას.

- აქვს თუ არა არსებობის უფლება იმ ვერსიას, რომ სააკაშვილის მთავრობაში გავლენიანმა პირმა, გიორგი ბარამიძემ სიმართლე იცის ჟვანიას გარდაცვალებაზე?

- რატომ უნდა დამემალა ეს? რატომ უნდა მიმეცა ვინმესთვის უფლება, ჩემი საუკეთესო მეგობარი მოეკლა?

- თუ არ ჩაერთვებოდით ამ საქმეში, შესაძლოა თქვენც საფრთხე შეგქმნოდათ.

- ჩემი შეშინება ასე ადვილი არ არის და ნურავინ იფიქრებს, ბარამიძე მეგობარს სიკვდილის პირისპირ მიატოვებდა. ყველა ომში ვარ ნამყოფი, რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის გამართულა და არაერთხელ ჩამიგდია სიცოცხლე საფრთხეში. შიში ვერ გახდებოდა იმის მიზეზი, რომ პირში წყალი ჩამეგუბებინა და ჩემი მეგობრის მკვლელობა მეპატიებინა ვინმესთვის. ბოლოს და–ბოლოს, გავიქცეოდი სადმე, სადაც  ვიტყოდი, პრემიერ-მინისტრი თავისივე გუნდმა მოკლა-მეთქი. მე ხომ ვიცი, არავისთვის ხელი არ დამიფარებია. არასდროს ზურას საწინააღმდეგოდ არაფერი გამიკეთებია. მხოლოდ ჩემი სიმართლე ვიცი დაზუსტებით და სხვებზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. გუნდში იდეალური სიტუაცია იყო და ვერ წარმომიდგენია, ვინმეს ზურას სიკვდილი ნდომებოდა. ახალი ხელისუფლება იძიებს ამ საქმეს და ყველაფერი გახდება ნათელი, რა მოხდა იმ ღამით. ამის შემდეგ სად წამივა ის ხალხი, რომლებიც ცდილობენ, ზურას მეგობრებს ცილი დასწამონ და ამით პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ.

- საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პოლიტიკური დღის წესრიგი რადიკალურად შეიცვალა. დამარცხებამ ბევრს საბრალდებო სკამი ახლოს აჩვენა, ბევრი ამას ჰორიზონტზე ხედავს... ეს დამარცხება გია ბარამიძეს რას მოუტანს?

- არჩევნებში დამარცხება ჩემთვის შვება იყო. ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ისეთი რაღაცები მოხდა, ისეთი შეცდომები დავუშვით, რომელიც არ უნდა დაგვეშვა და რეალობას მოვწყდით... აგერ ბურთი და მოედანი, ახალმა ხელისუფლებამ გვაჩვენოს, ვის რა ბრალეულობა აქვს თუნდაც ჟვანიას საქმეში.

- მინდა წამების ამსახველ კადრებზეც გკითხოთ. თქვენ, როგორც შს ყოფილი მინისტრი, რა კომენტარს გააკეთებდით?

- რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამ სისაძაგლეზე? ჩვენ ვერ შევძელით ბევრი ნაძირალას გაკონტროლება, ვერ შევძელით ლპობის შეჩერება, რამაც შედეგიც მოგვიტანა. გამოიძიონ და დასაჯონ ყველა, ვინც ეს გააკეთა. ახალი ხელისუფლება ავრცელებს აზრს, რომ ჩვენ ვინმესთვის ხელის დაფარება გვინდა. არ შეიძლება ადამიანები მტკიცებულების გარეშე დაიჭირო. არავინ გარბის, ჯერ გამოიძიე და თუ დამნაშავეა, მერე სათანადოდ დასაჯე.

- ფაქტები მიანიშნებს თუ არა იმაზე, რომ ეს იყო სისტემური დანაშაული?

- ეს არ ყოფილა სისტემური დანაშაული. რამდენიმე ნაძირალამ, რომელთაც ჰქონდათ ტექნიკური შესაძლებლობები, იფიქრა, თუ დავალებული მაქვს რუსების აგენტების თვალთვალი, რატომ არ შეიძლება გადავიღო პოლიტიკოსი, რომელსაც შემდეგ დავაშანტაჟებო. არ ჯობია, პოლიტიკოსები ყურებით გყავდეს დაჭერილი? თუ მათ ამ ფირების გადაღება დაავალა მინისტრმა, ის არის დასაჭერი და თუ პრეზიდენტმაც იცოდა, ისიც უნდა დაიჭირონ. როგორ ფიქრობთ, "ნაციონალურ მოძრაობაში" ვინმესთან ისეთი ვალი მაქვს, რომ ამ იდიოტობას ჩავყლაპავდი? ვინმეს იმის უფლებას მივცემდი, რომ გადაეღოთ, რას ვაკეთებ ჩემს ცოლთან საძინებელში?

უტა ბიწაძე