"მინდა "ნაცები" გავახარო და ვუთხრა, რომ უგულავას ბედს ბევრი მათგანი გაიზიარებს" - კვირის პალიტრა

"მინდა "ნაცები" გავახარო და ვუთხრა, რომ უგულავას ბედს ბევრი მათგანი გაიზიარებს"

"იქ, სადაც, პრემიერი ღარიბაშვილია, ქვეყნის მმართველი კი გაურკვეველი იხტიოლოგი, ლელა კაკულიაც კი ვერ გამოიცნობს რა მოხდება ხვალ"

”ახლა არ მოგწონთ კობა ბექაურის ჩვენება, ხოო?”

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის უფროსი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს - სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვას ედავებიან.

საქმე ეხება 2007 წლის 7 დეკემბერს "სითი პარკსა" და თბილისის მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას. ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უგულავამ ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით გაფლანგა სახელმწიფო კუთვნილი 1 086 718 ლარი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თბილისის ყოფილ მერს 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება...

"ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება მათ მიმართ პოლიტკურ ანგარიშსწორებას ეწევა. "საქართველოში სელექციური მართლმსაჯულება კი არ არის, საქართველში ცინიკური მართლმსაჯულებაა და ეს მოდის ერთადერთი ადამიანისგან, მისი სახელია ბიძინა ივანიშვილი" - განაცხადა თავად უგულავამ.

გოგა ხაჩიძე(პარლამენტარი, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”):

- სასაცილოა ბრალდების ის ნაწილი, რასაც ისინი უგულავას უყენებენ, რადგან იმ აქტს უგულავა კი არა, მერიის იურიდული სამსახურები ადგენენ, შემდეგ კი, ექსპერტიზას იუსტიციის სამინისტრო ატარებს...

ხელისუფლებაში ნარმანიასთან დაკავშირებით რეალური პრობლემები აქვთ და ამის გადასაფარად მთავარი კონკურენტის საარჩევნო შტაბის უფროსს უყენებენ ბრალს.

- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თქმით, იგი ქვეყნის დატოვებას აპირებდა...

- იცით, უგულავა ქვეყნის დატოვებას უპრობლემოდ ახერხებდა და ახერხებს კიდეც. ხშირად ჰქონდა სხვადასხვა ქვეყანაში საქმიანი ვიზიტები და თუ სადმე წასვლ უნდოდა, როგორმე მოახერხებდა. ერთ მაგალითს მოგიყვანთ - წარმოიდგინეთ, რა ამბავი ატყდებოდა, 2012 წლის არჩევნებზე ივანიშვილისთვის, ღარიბაშვილის ან კალაძისთვის რომ ბრალი წაგვეყენებინა?..

- როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს?..

- იქ, სადაც პრემიერი ღარიბაშვილია, ქვეყნის მმართველი კი, გაურკვეველი იხტიოლოგი, რომელიც ზვიგენებსა და ზებრების მოშენებით არის დაკავებული, ვერა კაციშვილი, წინასწარმეტყველი ქალბატონი ლელა კაკულიაც კი ვერ გამოიცნობს, რა მოხდება ხვალ.

ზაზა პაპუაშვილი (პარლამენტარი, ”ქართული ოცნება”):

- მინდა "ნაცები" გავახარო და ვუთხრა, რომ უგულავას ბედს ბევრი მათგანი გაიზიარებს, ბრალის წაყენებას ვგულისხმობ. საოცარია, რომ ისინი უსამართლობაზე, მორალზე და სინდისზე ლაპარაკობენ, რადგან მათ ასეთი თვისებები არ აქვთ... ეს გაკოტრებულ-დამარცხებული ადამიანების ჟივილ-ხივილია. მესმის მათი, ძნელია შეეგუო ამ ყველაფერს, მაგრამ მოუწევთ.

”ახლა არ მოგწონთ კობა ბექაურის ჩვენება, ხოო?” - ასე გამოეხმაურა თავის ფეისბუქგვერდზე შალვა რამიშვილი გიგი უგულავას ირონიულ განცხადებას - ჩემს საქმეში მთავარი მოწმე კორუმპირებული ჩინოვნიკი კობა ბექაურიაო...

- დიახ, ასე მივმართე მათ, რადგან უბრალოდ უნამუსობაა კობა ბექაურის სანდოობაზე ან არასანდოობაზე, ”ნაციოალური მოძრაობა”, კონკრეტულად კი, გიგი უგულავა ლაპარაკობდეს. უგულავა იყო ადამიანი, რომელმაც პირადად დაუმაგრა კამერა ბექაურს და მოხსნა მას შემდეგ, რაც პროვოკაცია მომიწყვეს. ამიტომ, მათგან წარმოუდგენელია იმის მოსმენა, რომ ბექაურის ნდობა შეუძლებელია... პირადად მე, ბექაურს ყველაფერი ვაპატიე, მივუტევე დიდსულოვნად ჩემს ეთერში, რადგან ვიცი, რომ ეს ყველაფერი მისი ინიციატივით არ მომხდარა და მის ზურგს უკან სააკაშვილი, მერაბიშვილი და უგულავა იდგნენ...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)