კანონი კრძალავს გათავისუფლებული მოსამართლის ხელახლა გამწესებას?! - კვირის პალიტრა

კანონი კრძალავს გათავისუფლებული მოსამართლის ხელახლა გამწესებას?!

პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძე წარადგინა - დაირღვა თუ - არა კრიტერიუმები და კანონი?!

"ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ბევრად მისაღები ფიგურა იქნებოდა"

დაუჭერს მხარს პარლამენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ექსრესპუბლიკელ კანდიდატს?!

თითქმის ორთვიანი ხმაურიანი განხილვებისა და დავის შემდეგ, პრეზიდენტმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად ნინო გვენეტაძე დაასახელა, რომელიც გიორგი მარგველაშვილს აღნიშნულ პოსტზე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ წარუდგინა. შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ნინო გვენეტაძე, დავით სულაქველიძე და მერაბ ტურავა პირველები იყვნენ, რომელთაც 2005 წლის 21 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი და იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე მოსამართლეებზე განხორციელებულ ზეწოლაში დაადანაშაულეს, რის გამოც ისინი მოსამართლის პოსტიდან გაათავისუფლეს. მოგვიანებით, ნინო გვენეტაძე "რესპუბლიკური პარტიის" წევრი გახდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მტკიცებით, კანდიდატის დასახელების კრიტერიუმი სწორედ ამ ნაწილში დაირღვა - ზაქარია ქუცნაშვილიც პრეზიდენტმა იმ მიზეზით "დაიწუნა", რომ ის პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია. თუმცა თავად "რესპუბლიკელების" მტკიცებით, ნინო გვენეტაძემ პარტიის რიგები 2012 წელს დატოვა და შესაბამისად, პრეზიდენტის შეთანხმებაც არ დარღვეულა. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის უკვე ყოფილი კანდიდატი ევა გოცირიძე კი ”კვირის პალიტრასთან” სკნადალურ განცხადებას აკეთებს, რომლის მიხედვითაც კანონი ნინო გვენეტაძეს ამ თანამდებობის დაკავების უფლებას, სავარაუდოდ, არ აძლევს.

გიგლა აგულაშვილი, დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიის წევრი: "ნინო გვენეტაძე "რესპუბლიკური პარტიის" წევრი 2012 წლის არჩევნებამდე იყო, ანუ მაშინ, როცა ჩვენ ოპოზიციურ პარტიას წარმოვადგენდით. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, მან პარტიის რიგები დატოვა და საქმიანობიდან გამომდინარე, ნეიტრალურ პოზიციაზე ყოფნა ამჯობინა. ვფიქრობ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ნინო გვენეტაძის დანიშვნა სამართლიანობის ზეიმის ერთგვარი სიმბოლოც იქნება. მოგეხსენებათ, ის იმ სამ მოსამართლეს შორის აღმოჩნდა, რომელიც წინა ხელისუფლების რეჟიმს არ დაექვემდებარა და 2005 წელს სასამართლოდან გაათავისუფლეს. "რესპუბლიკელები" ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს აუცილებლად დავუჭერთ.

ნინო გვენეტაძეს მხარს საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილიც ღიად უჭერს მხარს, მეორე ნაწილი კი, წინასწარი შეფასებებისგან თავს იკავებს. "კვირის პალიტრასთან" საუბრისას გიორგი კახიანი კოლეგებს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რადგან ნინო გვენეტაძეს პროფესსიონალ კადრად მიიჩნევს: "ჩემი აზრით, ნინო გვენეტაძის სახელი სამართლიანობისათვის მებრძოლი მოსამართლეა, ამიტომ მას მას მხარს აუცილებლად დავუჭერ. კოლეგებსაც იგივეს ვურჩევ, რადგან ნინო გვენეტაძე პროფესიონალი და პრინციპული ადამიანია".

ნინო გვენეტაძის კანდიდატურა მისაღებია უკვე ყოფილი კონკურენტების ნაწილისთვისაც.

ევა გოცირიძე: "ნინო გვენეტაძეს დიდი ხანია ვიცნობ, მან საკმაოდ შთამბეჭდავი ცხოვრების გზა გაიარა. ამიტომ ვფიქრობ, ღირსეული კანდიდატურა შეირჩა და მეც, მას წარმატებებს ვუსურვებ, თუმცა კანონი კრძალავს დისციპლინარული გადაცდომისთვის გათავისუფლებული მოსამართლის ხელახლა გამწესებას, ეს როგორ გამორჩათ პრეზიდენტის იურისტებს საკვირველია..."

ირაკლი კაკაბაძე: "მოგეხსენებათ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა ჩემი მეუღლე, ანა დოლიძეც დაასახელეს, ამიტომ ბუნებრივია, სუბიექტური ვარ და მიმაჩნია, რომ ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ბევრად მისაღები ფიგურა იქნებოდა. თუმცა ნინო გვენეტაძეს წარმატებებს ვუსურვებ და მის პროფესიონალიზმშიც ეჭვი არ მეპარება."

მართალია, გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოების წინაშე "ვალი მოიხადა" და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატიც დაასახელა, მაგრამ ახლა ჯერი პარლამენტზეა, სადაც ნინო გვენეტაძეს მინიმუმ 76 დეპუტატის მხარდაჭერის მოპოვება მოუწევს. რამდენად აღმოჩნდება ის უმრავლესობისთვისაც მისაღები კანდიდატი, უახლოესი საპარლამენტო განხილვები გვაჩვენებს.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)