მსოფლიო შოკირებულია ბორის ნემცოვის მკვლელობით - კვირის პალიტრა

მსოფლიო შოკირებულია ბორის ნემცოვის მკვლელობით

ნემცოვის მკვლელობას მსოფლიოში გამოხმაურება მოჰყვა.

"ბორის ნემცოვის მკვლელობა ადასტურებს უგნურებას, რომელიც რუსეთში არსებობს."

ბორის ნემცოვის მკვლელობას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეხმაურება. როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს "ტვიტერის" გვერდზე წერია, ობამამ მომხდარს "საზარელი მკვლელობა" უწოდა. "ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის მთავრობას დაიწყოს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და სწრაფი გამოძიება და დამნაშავე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს", - წერია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს "ტვიტერის" გვერდზე. ნემცოვის მკვლელობის ფაქტს გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერიც.

"შოკირებული ვარ მოსკოვის ცენტრში რუსეთის ყოფილი ვიცე პრემიერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის გამო. ბორის ნემცოვმა თავისი ცხოვრება მიუძღვნა უფრო დემოკრატიული, აყვავებული და ღია რუსეთის მშენებლობას. ის რუსეთს და მთელ მსოფლიოს დააკლდება", - წერია ჯონ კერის განცხადებაში.

ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი მწუხარებას გამოთქვამს რუსი პოლიტიკოსის მკვლელობის გამო და "ტვიტერზე" საკუთარ გვერდზე იმფოტოსაც აქვეყნებს, სადაც ნემცოვთან ერთად არის გადაღებული. "ტვიტერითვე" ეხმაურება მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, რომელიც წერს, რომ შოკირებულია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მკვლელობით და იმედოვნებს, რომ ადრე თუ გვიან მკვლელობა გამოძიებული იქნება.

ამავე სოციალური ქსელით ეხმაურება მკვლელობას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარ რინკევიჩი, რომელიც წერს, რომ: "ბორის ნემცოვის მკვლელობა ადასტურებს უგნურებას, რომელიც რუსეთში არსებობს." მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ გამოძიება მიუკერძოებლად წარიმართება.

მომხდარს გამოეხმაურა საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. მისი თქმით, ნემცოვი რამდენიმე დღის წინ კიევში, სასტუმრო "ფერმონტში" ნახა . "მითხრა იმ მარშის შესახებ, რომლის ჩატარებასაც მოსკოვში გეგმავდა. ვკითხე, ეშინოდა თუ არა თავისი უსაფრთხოების რუსეთში, განსაკუთრებით ახლა. მიპასუხა, რომ პუტინი თავისი გაგებით ცხოვრობს და არ ჰგონია, რომ დიდი ხნით ჩასვან ციხეში. მე შევაწყვეტინე და ვუთხარი, რომ უფრო მეტად მოწამვლის უნდა ეშინოდეს წითელღვინიანი ბოკლით, რომელიც ხელში ეჭირა და არა დაჭერის, მაგრამ როდესაც მის გამომეტყველებას შევხედე, მივხვდი, რომ უადგილოდ ვიხუმრე. შემდეგ, კიდევ დიდხანს ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ დაასრულებს პუტინი და ორივე შევთანხმდით, რომ მის ქცევაში მილოშევიჩის უამრავი პარალელია, რომელიც ომმა გახადა პოპულარული და მანვე დაღუპა. დღესვე გამახსენდა, რომ მილოშევიჩის დროს ასევე კლავდნენ ოპოზიციონერებს. ბორის ნემცოვი ძალიან მამაცი ადამიანი იყო და მასშტაბური."

არსებული ინფორმაციით, ბორის ნემცოვი სეირნობისას მოკლეს. მას თან ახალგაზრდა უკრაინელი ქალი ახლდა, რომელიც წუხელ უკვე დაიკითხა.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

წაიკითხეთ ასევე: ბორის ნემცოვი მოკლეს - "პუტინის რეჟიმის პირობებში ქართულ-რუსული ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივა არ არსებობს"