"ბარამიძეს ბუსას მუშტი დიდხანს ემახსოვრება"
"ყოჩაღ, ბუსას ვაჟკაცობას!"
"ბუსამ ბარამიძეს განაჩენი გამოუტანა! ასეთ დროს ნებისმიერი თავმოყვარე ახალგაზრდა ბუსას მსგავსად მოიქცეოდა"
გასულ კვირას მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმში, ზურაბ ჟვანიას შვილი ბესარიონ (ბუსა) ჟვანია საპარლამენტო უმცირესობის წევრ გია ბარამიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ბარამიძე ბუსას ბათუმის ერთ-ერთი სასტუმროს ჰოლში შეხვედრია. ამბობენ, რომ თავდაპირველად ბარამიძე გამოლაპარაკებია ბიჭს, უთქვამს, რომ მამამისისთვის არასოდეს უღალატია. ბუსა გაცეცხლებულა, თქვენ მამა მომიკალითო და ბარამიძეს ფიზიკურად გასწორებია. ბარამიძე გავრცელებულ ინფორმაციას სოციალური ქსელით გამოეხმაურა და ბუსასთან ფიზიკური დაპირისპირება უარყო: "ზურას ოჯახის წევრებთან დაპირისპირება არასდროს მქონია და არც მექნება".
ჩვენ ბუსა ჟვანიას დავუკავშირდით, თუმცა მან და მისი ოჯახის წევრებმა ინციდენტზე საჯაროდ საუბრისგან თავი შეიკავეს. ზურაბ ჟვანიას ძმამ, გოგლა ჟვანიამ კი ჩვენს კითხვაზე ასეთი პასუხი გაგვცა: "ფაქტს ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ. ამ თემაზე საუბარი არ მინდა".
ხათუნა ხოფერია, ზურაბ ჟვანიას მეგობარი, ყოფილი პარლამენტარი: - ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე ზურას ოჯახს დავუკავშირდი, თუმცა, რადგან მათ ამ ინციდენტზე ღიად საუბარი არ სურთ, მეც თავს შევიკავებ. ვინმესთვის ფიზიკურად გასწორება სიამოვნებას არ მანიჭებს, თუმცა მოთმინებასაც საზღვარი აქვს!
ბარამიძეს ზურას ოჯახთან ურთიერთობა წლების განმავლობაში არ ჰქონია, არადა, ზურა მისი უახლოესი მეგობარი და ხელის გამმართავი იყო, ნებისმიერ რთულ სიტუაციაში ბარამიძის გვერდით იდგა. ზურას ასეთ დამოკიდებულებას ბარამიძემ ხაზი გადაუსვა, მის ოჯახთან მისასვლელი პირი აღარ ჰქონდა.
ბუსა 10 წლის იყო, როდესაც ზურა დაიღუპა და მას შემდეგ, ბარამიძე ბავშვთან დასალაპარაკებლად არასოდეს მისულა. ახლა კი, როდესაც ბუსა უკვე თავმოყვარე ვაჟკაცია და ცდილობ, მამამისთან მეგობრობაზე რაღაცები დაუმტკიცო, სხვა რეაქციას რატომ ელოდები?
თუ ზურას სულთან თავს დამნაშავედ გრძნობ და შეცდომის გამოსწორების სურვილი გაქვს, ოჯახში რატომ არ მიდიხარ და თავის მართლებას ქუჩაში რატომ იწყებ? თანაც ზურას ერთადერთ ვაჟთან მაინც იმას ამტკიცებ, მართალი ვარო...
ასე მოქცევა მხოლოდ ბარამიძეს შეეძლო. ასეთ დროს ნებისმიერი თავმოყვარე ახალგაზრდა ბუსას მსგავსად მოიქცეოდა, მის საქციელს აბსოლუტურად ვამართლებ.
ბუსასთვის ღირსება მამამისის ხსოვნის დაცვაა და ეს ბარამიძეს კარგად უნდა სცოდნოდა! ის იმდენად ვაჟკაცი ახალგაზრდაა, რომ არა მხოლოდ მამის ხსოვნა დაიცვა, ბარამიძეს განაჩენი გამოუტანა და გაასამართლა! დარწმუნებული ვარ, ბარამიძეს ბუსას მუშტი დიდხანს ემახსოვრება. ყოჩაღ, ბუსას ვაჟკაცობას!".