მეგის ქარდავას შურისძიება?! - როგორ აღმოჩნდა შემზარავი ვიდეომასალა უკრაინულ საიტზე
"რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ფირი მხოლოდ დასაწყისია - სააკაშვილს კიდევ არაერთ სიურპრიზს მოუწყობენ"
17 ოქტომბერს უკრაინულმა ვებგვერდმა Tube.ua-მ სათაურით "როგორ აწამებენ რეფორმატორები ადამიანებს ჩვენების მიღების მიზნით", სავარაუდოდ, წინა ხელისუფლების დროს სამეგრელოში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეომასალა გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ვიდეოში ასახულია მამაკაცზე სექსუალური ძალადობის ფაქტები, რის შემდეგაც დაკავებული გამომძიებელს "აღიარებით" ჩვენებას აძლევს. ვებგვერდს არა აქვს მითითებული წყარო, რომელმაც ვიდეომასალა მიაწოდა. უკრაინულ საიტზე თითქმის 5-წუთიანი მასალა ქართულ ვებგვერდებზეც სწრაფად გავრცელდა და საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. საზოგადოების წარმომადგენლები სვამენ კითხვას: როგორ აღმოჩნდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალა უკრაინულ ვებგვერდზე. "კვირის პალიტრა" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი სესიაშვილს დაუკავშირდა:
- მოგეხსენებათ, შს სამინისტრომ სამეგრელოს სამალავებიდან ორი ტიპის, საზოგადოებისთვის ცნობილი პირების პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერები და წამების ფაქტების ამსახველი კადრები ამოიღო. მაშინ პროცესში ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჰამერბერგიც აქტიურად მონაწილეობდა და რეკომენდაციებსაც მისგან ვიღებდით. სწორედ ჰამერბერგმა გვირჩია, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაგვენადგურებინა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ჩანაწერები კი შეგვენახა, რადგან ისინი საქმეში მტკიცებულებებს წარმოადგენდა. ყველა პირი, ვინც გავრცელებულ ვიდეოფირში ფიგურირებს, სასჯელს იხდის.
- თუ ვიდეოჩანაწერები ჰამერბერგის რეკომენდაციით შეინახეთ, იმის ვალდებულებაც აიღეთ, რომ ისინი შს სამინისტროს არქივს არ გასცდებოდა. როგორ აღმოჩნდა ვიდეომასალა უკრაინულ ვებგვერდზე?
- გავრცელებული ფირი დაზარალებულების ადვოკატებს გადაეცა, რადგან სამართლებრივად ჩანაწერები მათი საქმის ნაწილი და მტკიცებულება გახლდათ. ვერ გეტყვით, უკრაინულ საიტზე როგორ აღმოჩნდა, მაგრამ ფაქტია, რომ შს სამინისტროს გარდა, მასალა სხვებსაც ჰქონდათ. მათ გავრცელებაში ხელისუფლებისკენ ხელს ვერავინ გამოიშვერს, ეს ჩვენს ინტერესში ნამდვილად არ შედიოდა.
ქართველმა საზოგადოებამ დიდი ხანია იცის, რომ გაუპატიურება და მსგავსი მეთოდებით აღიარებითი ჩვენების მოპოვება წინა ხელისუფლების ხელწერა იყო.
მსგავსი სისტემური დანაშაულის წყალობით პოულობდნენ "ჯაშუშებსა" და "ტერორისტებს", მეტიც, ჯერ ადამიანზე ავრცელებდნენ ინფორმაციას და ტერორისტული აქტის სცენარს ამის შემდეგ დგამდნენ. სასურველი ჩვენების მისაღებად კი მწამებლები და გამაუპატიურებლები ჰყავდათ დაქირავებული და "სამუშაოსთვის" ფულს უხდიდნენ. 2012 წელს ხელისუფლება რომ არ შეცვლილიყო, დანაშაულებრივი სისტემა კიდევ უფრო დიდი მასშტაბით იმუშავებდა - ეს წინა ხელისუფლების იდეოლოგია და მართვის სტილი გახლდათ. პოლიტიკურ ოპონენტებსაც ანალოგიური მეთოდებით უსწორდებოდნენ.
რამდენიმე ჩემს კოლეგას გაუპატიურებით ღიად დაემუქრნენ. ზოგს მის თვალწინ მეუღლისა და შვილის გაუპატიურებით აშინებდნენ. ამის ამსახველი ჩანაწერებიც არსებობს.
ექსპერტი ვახტანგ მაისაია ფირის გავრცელებას "ნაციონალურ მოძრაობასა" და გუნდის ყოფილ წევრებს, "მასტერასა" (კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი გია დგებუაძე) და მეგის ქარდავას უკავშირებს. მისი განცხადებით, ყოფილმა მაღალჩინოსნებმა ქვეყნიდან გატანილი ჩანაწერების ორიგინალები უკრაინაში სააკაშვილის ერთ-ერთ მთავარ ოპონენტს, უკრაინელ ოლიგარქ კოლომოისკის მიჰყიდეს.
ვახტანგ მაისაია: "საპარლამენტო არჩევნების მეორე დღესვე მეგის ქარდავამ და "მასტერამ" ადამიანების წამებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების ორიგინალები ქვეყნიდან გაიტანეს. ორივე მათგანი სისტემური დანაშაულის ორგანიზატორი და შემსრულებელია და, ბუნებრივია, იმასაც ხვდებოდნენ, რომ ჩადენილი სისასტიკისა და დანაშაულის გამო ახალი ხელისუფლების პირობებში ციხეში მრავალი წლით ამოყოფდნენ თავს. როგორც ამბობენ, ბოლო პერიოდში ქვეყნიდან გაქცეული მეგის ქარდავა და "მასტერა" "ნაციონალურ მოძრაობას" დაუპირისპირდნენ - იმის გამო, რომ პარტია მათ სათანადო ყურადღებას არ აქცევდა, შესაძლოა, ქარდავამ და "მასტერამ" თანაგუნდელებზე შურისძიება გადაწყვიტეს. "მასტერა" ჰოლანდიის ციხეში ზის და ქართული მხარე მის ექსტრადიციას ი|თხოვს, მეგის ქარდავა კი თავისუფლად დაიარება. როგორც ვიცი, რამდენიმე დღის წინ უკრაინელი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი ევროპაში იმყოფებოდა, სადაც სწორედ ქარდავას შეხვდა და მისგან სააკაშვილის საწინააღმდეგო კომპრომატები შეიძინა. კოლომოისკის უკრაინაში ტელევიზია და უამრავი საინფორმაციო სააგენტო აქვს. ასე რომ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ფირი მხოლოდ დასაწყისია - სააკაშვილს კიდევ არაერთ სიურპრიზს მოუწყობენ. ვფიქრობ, უკრაინელებიც მალე მიხვდებიან, სააკაშვილი და მისი ჯგუფი რეალურად რა ძალას წარმოადგენენ. სააკაშვილი უკრაინაში ისედაც რთულ ვითარებაშია - ცოტა ხნის წინ ის ადგილობრივ მოსახლეობას დაუპირისპირდა და მუშტის ქნევით დაემუქრა კიდეც. გავრცელებული ფირის გარეშეც კარგად ვიცი, რა ხდებოდა "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში, რადგან სისტემური დანაშაული პირადად მეც შემეხო.
საკუთარი თვალით ვნახე, როგორ დააბეს ციხეში ადამიანი და მას ძაღლივით ყეფას აიძულებდნენ. ამ ფაქტს ჩემ გარდა უამრავი ადამიანი დაადასტურებს, თუმცა ეს მხოლოდ მსუბუქი მაგალითია იმისა, რაც წლების განმავლობაში ციხეებში რეალურად ხდებოდა".
უკრაინულ საიტზე ჩანაწერის გავრცელების ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სსკ-ს 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
რუსუდან შელია