"მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ ისედაც რთულ ვითარებაში მეტი დაძაბულობა შეიტანა" - კვირის პალიტრა

"მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ ისედაც რთულ ვითარებაში მეტი დაძაბულობა შეიტანა"

პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაზე სპეციალური განცხადება გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი პრემიერ–მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ, სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში.

მარგველაშვილის თქმით, ბოლო დღეებში განვითარებულმა პროცესებმა შექმნა კონსტიტუციური წესრიგის დარღვევისა და სამოქალაქო დაპირისპირების წინაპირობები.

"ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა ყველა მოქალაქის მოვალეობაა, პირველ რიგში - საქართველოს ხელისუფლების. სამწუხაროდ, მთავრობის მეთაურის დღევანდელმა გამოსვლამ სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად მეტი დაძაბულობა შეიტანა ისედაც რთულ ვითარებაში. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს მძაფრი ნაბიჯებისგან და მოთოკოს ემოციები, გავუფრთხილდეთ სამოქალაქო მშვიდობას. მოვუწოდებ მოსამართლეს, არ მიიღოს ნაჩქარევი და ხისტი გადაწყვეტილება, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას. არსებული ვითრებიდან გამომდინარე, ახლა ვიწყებ კონსულტაციებს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დიპლომატიურ კორპუსთან, რათა შევინარჩუნოთ სამოქალაქო სტაბილურობა მშვიდობა და კონსტიტუციური წესრიგი ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"