"გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე ორი წელიწადი იბრძოდნენ მარგველაშვილის მრჩევლობისთვის" - კვირის პალიტრა

"გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე ორი წელიწადი იბრძოდნენ მარგველაშვილის მრჩევლობისთვის"

"თუ მოხერხდება, რომ ერთი კომპანია არ იქნება მონოპოლისტი ბაზარზე და იქნებიან განსხვავებული კომპანიები, ამაში კარგის მეტი არაფერია"

"რუსული გაზით მთელი ევროპა მარაგდება და საქართველომ რომ იყიდოს, ამაში არავითარი კრიმინალი არ არის" - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნული საკითხის აჟიტირებაში  "ნაციონალური მოძრაობა" დაადანაშაულა. მისივე თქმით, თავის დროზე "თელასი" რუსულ კომპანიაზე სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს გასხვისდა.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, არაფერი არ ხდება და საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ხანია, გადის გაზის მილი, საიდანაც სომხეთს მიეწოდება გაზის მარაგი და საქართველო გარკვეულ გადასახადს იღებს.

"იმაში, რომ ბაზარი შეიძლება დივერსიფიცირებული იყოს და ჩვენ ბიზნესმენებს მივცეთ უფლება გაზი დამატებით იყიდონ იქ, სადაც მოესურვებათ, ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჩვენ უნდა მივცეთ არჩევის საშუალება. ჩვენ ვცდილობთ, მეც აქტიურად ვარ ჩართული იმაში, რომ ირანული გაზიც შემოვიდეს საქართველოში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"მადლიერი ვართ აზერბაიჯანული მხარის, "სოკარის", მაგრამ თუ მოხერხდება, რომ ერთი კომპანია არ იქნება მონოპოლისტი ბაზარზე და იქნებიან განსხვავებული კომპანიები, ამაში კარგის მეტი არაფერია", - განაცხადა ყოფილმა პრემიერმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას,  პრეზიდენტ მარგველაშვილს, სვარაუდოდ დაცინვით, თანამედროვეობის ყველაზე დიდი პოლიტიკოსი უწოდა. მანვე ახსენა ე.წ. ფსევდოოპოზიციური პარტიები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს არსებობდნენ.

"დღეს "ახალი მემარჯვენეები" ისევე ფილიალად მოიხსენიებიან "ნაციონალური მოძრაობის", როგორც - "ლეიბორისტები". გამყრელიძე ალბათ განიცდის, რომ ჩიხრაძემ დატოვა პარტია, რადგან თანამედროვეობის ყველაზე დიდი პოლიტიკოსის მრჩევლად წავიდა "ახალი მემარჯვენეების" ახალი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე. გია ხუხაშვილი და ხათუნა ლაგაზიძე ორი წელიწადია, ელოდებოდნენ და იბრძოდნენ ამ პოსტისთვის და უეცრად ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც ჩემთვისაც კი მოულოდნელი გახდა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით