"უნდა იყოს ცხვირ-პირის დანაყვები და თუ გაისვრიან და გაისროლონ, რა ვქნათ?" - სააკაშვილ-ბოკერია-გვარამიას რევოლუციური გეგმები - კვირის პალიტრა

"უნდა იყოს ცხვირ-პირის დანაყვები და თუ გაისვრიან და გაისროლონ, რა ვქნათ?" - სააკაშვილ-ბოკერია-გვარამიას რევოლუციური გეგმები

"მანდ უნდა ააშენოთ რკინის კონსტრუქცია ფიზიკურად, მე ვუთხარი, ნიკა, შეიძლება ატყდეს სროლა და მაგისთვისაც მზად უნდა იყო-მეთქი"

უკრაინულმა გამოცემამ uareview.in.ua-მ გაავრცელა მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას საუბრის აუდიო ჩანაწერები. გავრცელებული აუდიომასალის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას "რუსთავი 2"-ის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ეკითხება და იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებაზე მიდგება საქმე, რევოლუციურ სცენარს სთავაზობს. საუბრის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი გვარამიას ბარიკადების აღმართვისკენ მოუწოდებს. სააკაშვილი გვარამიას ეუბნება, რომ "იშოვონ ბოევიკები" და ეს ყველაფერი საბოლოოდ აუცილებლად სროლით დასრულდება.

(იხილეთ ასევე: "ვიდრე კანცელარიაში არ შეუვარდებიან, არ დააკავებენ გვარამიას და მის "შნირებს?!" - როგორ ეხმაურებინა "ფეისბუკზე" სკანდალურ ჩანაწერებს?!)

რაც შეეხება "სააკაშვილ-ბოკერიას საუბარს, სააკაშვილი აქაც ბარიკადების მშენებლობაზე ლაპარაკობს. ჩანაწერის თანახმად, სააკაშვილი დაინტერესდა უცხოელების რეაქციით, რაზეც ბოკერია პასუხობს, რომ დიდ განცხადებას აკეთებს სახელმწიფო დეპარტამენტი ამ თემაზე. სააკაშვილი ამბობს, რომ "რუსთავი2"-ის ჟურნალისტები დაბნეულები არიან, მაგრამ ისინი გვარამიამ უნდა გაამხნევოს.

ვიდეო: შოკისმომგვრელი აუდიო ჩანაწერი: უკრაინული საიტი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ნიკა გვარამიას რევოლუციისკენ მოუწოდებს

მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა გვარამიას საუბრის ფრაგმენტი:

სააკაშვილი: უნდა წახვიდეთ რევოლუციაზე, გამაგრდეთ, ბარიკადები გააკეთონ, მოიმარაგოთ წყალი, ესა, ისა და იყოს მრავალკვირიანი სთენდოფი, გარშემო უნდა დაამწყვდიოთ დიდი ბარიკადები, ეხლავე დაიწყეთ მომზადება ჩვეულებრივი ციხე-სიმაგრე გააკეთეთ, კარვები გარშემო, ის კონცერტი აუცილებლად უნდა მოაწყოთ და ა.შ. ეხლა უნდა დაიწყოთ მშენებლობა... 1500-2000 კაცს ჩვეულებრივად ვიშოვით რომ გაამაგრონ, როგორც კი გამაგრდებით ერთი კვირა, ვსო ძალიან გაუჭირდებათ.

გვარამია: მე შემოსავალი გამიჭირდება, მაგრამ რაღაცას ვიზავთ,

სააკაშვილი: რა შემოსავალი? რევოლუცია ჩვეულებრივი ომია.

გვარამია: შენ ფიქრობ, რომ ორ კვირაში ეგეთი "რაზმასკა" იქნება?

სააკაშვილი: კონცერტი 23-ში სად არის?

გვარამია: თავისუფლების მოედანზე,

სააკაშვილი: ხოდა 22-ში მიიღებენ გადაწყვეტილებას, კონცერტს ეგ არ დაუშვებს, ჰოდა, 22-ში უნდა იყოს გარშემო კონსტრუქცია და ეგ კონცერტი მაინც უნდა იყოს, იქ უნდა იყოს ხალხი, აქ უნდა იყოს ხალხი და ასე რა... იშოვეთ "ბოევიკები", რომლებიც დაიცავენ, თორემ საბოლოო ჯამში ეს სროლით დამთავრდება

მიხეილ სააკაშვილისა და  გიგა ბოკერიას საუბრის ფრაგმენტი:

საააშვილი: მანდ უნდა ააშენოთ რკინის კონსტრუქცია ფიზიკურად, მე ვუთხარი, ნიკა, შეიძლება ატყდეს სროლა და მაგისთვისაც მზად უნდა იყო-მეთქი, ვაიმე, ვაიმე, ვაიმეო, ეხლა ეგრეა და რა ვქნა... საჭიროა ახლა ფიზიკური დაპირისპირება უნდა ვაჩვენოთ რომ ეს შეგვიძლია, თუ ეგ არ შეგვიძლია კაპიკია ჩვენი ფასი, სხვანაირად ვერ მივიქცევთ ყურადღებას.

ბოკერია: ყურადღებაზე არაა, ბრძოლისუნარიანობა უნდა ვაჩვენოთ...

სააკაშვილი: უნდა იყოს ცხვირ-პირის დანაყვები და თუ გაისვრიან და გაისროლონ, რა ვქნათ?

როგორც ბოკერიამ და გვარამიამ განაცხადეს, ამგვარი საუბარი ექსპრეზიდენტ სააკაშვილთან ნამდვილად შედგა.

როგორც გიგა ბოკერიამ "ტელეიმედთან" განაცხადა, ჩანაწერი ორ რამეს ადასტურებს: "ერთი იმას, რომ უკანონო მოსმენები გრძელდება და ძალიან თავხედურად მერე ამას ჩვენ გვაჩვენებენ. მეორე, მე მგონი კონკრეტული მუქარაც იყო ნიკა გვარამიას მიმართ, რომ გამოგიქვეყნებთო სააკაშვილთან საუბარსო. ანუ ეს ადასტურებს იმ ამბავსაც, რომ ის შიკრიკი, ვინც გააგზავნა მთავრობამ იმ მუქარებით გვარამიასთან, რომ ნამდვილი შიკრიკი იყო მთავრობის, იმიტომ, რომ ეს კონკრეტული მუქარა შეასრულა. გამოძიებამ ისეთი აბსურდული ფაბრიკაცია გამოიყენა გამოიძიების დასაწყებად, რომ ამ საუბარს გამოიყენებს თუ არა ახლა ამის პროგნოზირება ჩემთვის რთულია. თუმცა, ხაზს ვუსვამ მთავარ საკითხს, რომ მე პირადად ჩემს თანაგუნდელებს ახალი სათქმელი ამ თვალსაზრისით არფერი არ გვაქვს, იმიტომ, რომ ეს გახლავთ ჩვენი საჯარო პოზიცია, არაერთხელ ნათქვამი მედიისთვის, რომ ჩვენთვის წითელი ხაზი არის "რუსთავი 2"-ის ჩახშობის მცდელობა და ამ მცდელობას ჩვენ აღვუდგებით ფიზიკურად წინ. ჩვენში არ ვგულისმობ მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას, ვგულისხმობ საზოგადოების სერიოზულ ნაწილს", - განაცხადა ბოკერიამ.

გავრცელებულ აუდიომასალას "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია "ფეისბუქში" გამოეხმაურა. "როგორ იყო, არ გისმენს მთავრობა, მოგელანდა ყველაფერიო? არ მოსულა არავინ შენ მოიგონეო? big brother is watching/listening/etc us smile emoticon. . პს ვაიბერია ეს, btw", - წერს ნიკა გვარამია.