"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი", ანუ "ვარდმა - ცოცხი, ცოცხმა - ქინძი. ქინძმა - გირჩი შობა!" - კვირის პალიტრა

"ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი", ანუ "ვარდმა - ცოცხი, ცოცხმა - ქინძი. ქინძმა - გირჩი შობა!"

"ახლა გასაგებია, რატომ წამოვიდნენ "ნაციონალებიდან" - კი გაგიტყდება ქინძობა, როცა გირჩობა გინდა!"

"ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსულმა ოთხეულმა - გოგა ხაჩიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, პალიკო კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ "ახალი პოლიტიკური ცენტრი" რომ შექმნეს, ეს უკვე კარგა ხნის ამბავია, თუმცა ახალი ამბავი ის არის, რომ ამ ცენტრს პოლიტიკისთვის ცოტა არ იყოს უცნაური სახელი "გირჩი" დაარქვეს, რამაც სრულიად ინტერნეტსივრცე გაახალისა, შესაძლოა ეს სახელის შთაგონება ავტორებს სწორედ ამიტომაც ეწვიათ, უცნაურ სახელს აუცილებლად მოჰყვებოდა რეზონანსი.

ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციას "გირჩი" რომ დარქვეს, ქუთაისში რეგიონალური ოფისის გახსნისას გახდა ცნობილი. პარტიაში განმარტავენ, რომ პარტიის ასეთი სახელი იმიტომ შეარჩიეს, რომ გირჩი მწვანესთან და სიახლესთან ასოცირდება.

კრეატიულობით ცნობილი გოგა ხაჩძის თქმით: გირჩი განახლების სიმბოლოა, რომელსაც მრავალმხრივი განშტოება აქვს, მაგრამ ერთი ერთობლიობაა. ყველგან არის გირჩი - ქალაქშიც, სოფელშიც..."

ახალ სახელს სახალისო კომენტარებიც მოჰყვა, მაგალითად "ფესბუკზე" გოგა ხაჩიძეს სწერენ: "კოალას მიიღებთ პარტიაში?" რაზეც იქვე ერთ-ერთი "ფეისბუკმომხმარებელი" ასე პასუხობს: "მხოლოდ ციყვებიოო!"

გთავაზობთ რამდენიმე სახალისო "ფეისბუქსტატუსს"

მერაბ მეტრეველი, ჟურნალისტი:

"ნაციონალების" მოტრფიალეებს "ნაცებს" ეძახიან, "ოცნებისას" – "ქოცებს" და ამ "გირჩის" მომავალ ფანებს რა უნდა დავუძახოთ - ციყვები?..

ახლა გასაგებია, რატომ წამოვიდნენ "ნაციონალებიდან" - კი გაგიტყდება ქინძობა, როცა გირჩობა გინდა!"

არჩილ გამზარდია, ექსპერტი:

"ვარდმა - ცოცხი, ცოცხმა - ქინძი. ქინძმა - გირჩი შობა!!!

("თხამ ვენახი შეჭამას" მსგავსად)... საარჩევნოდ, სავარაუდოდ, შეიკვრებიან, "გირჩები", ალასა, შეიძლება პრეზიდენტიც და კიდევ უახლოეს პერიოდში რომ ორიოდე პარტია დაარსდება ყოფილი ნაციონალებისგან, ისინი და ... გამოვლენ საარჩევნოდ ერთიანად"

ირაკლი გაფრინდაშვილი:

"არაფერი წმინდა არ დატოვეთ, ერთი გირჩის მურაბა მიყვარდა და დამრჩა ნაძვის მტვერი ..."