"რუსთავი 2"-სთვის მმართველის დანიშვნის საფუძველი ქართული კანონმდებლობით გამყარებული არ არის"
"ნიკა გვარამიაზე ან ვინმე სხვაზე უკვე ნაკლები რამაა დამოკიდებული, ახლა თვითონ ჟურნალისტებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება"
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დროებით მმართველებად დავით დვალი და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტომ კი დროებითი მმართველის უფლებამოსილებები და სასამართლოს განჩინებით დადგენილი შეზღუდვები დღეს სამეწარმეო რეესტრში უკვე ასახა. "რუსთავი 2"-ის უკვე ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით კი, ის ტელეკომპანიის შენობის დატოვებას არ აპირებს.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, დაუსაბუთებელი და გაუგებარია, თუ რაზე დაყრდნობით მიიღო მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დროებითი მმართველი დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება.
ანა ნაცვლიშვილი:
"გაუგებარია რა კანონმდებლობით რეგულირდება ამ მმართველის ან დანიშვნა ან უფლებამოსილება. დაახლოებით ასეთი ტიპის ინსტიტუტს იცნობს გაკოტების შესახებ კანონი, მაგრამ ასეთ ნორმას სამოქალაქო კოდექსი არ იცნობს და შესაბამისად, გაურკვეველია გაკოტრების შესახებ კანონი ვრცელდება ამ დროებით მმართველზე, რაიმე სხვა თუ საერთოდ არაფერი არ ვრცელდება მასზე... ერთადერთი რაზეც მოსამართლე უთითებს, არის აშშ-ისა და საქართველოს კანონმდებლობა.
გასაგებია, რომ კოდექსში იყო მუხლი, რომელიც მოსამართლეს ძალიან ფართო უფლებამოსილებას ანიჭებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად და ზომების გასატარებლად, ფორმალურად ეს საფუძველი არსებობდა, მაგრამ "რუსთავი 2"-ისთვის უშუალოდ მმართველის დანიშვნა და ამდენი უფლებამოსილების მინიჭება რას ეფუძვნებოდა, ქართული კანონმდებლობით გამყარებული არ არის. გამყარებულია აშშ-ის კანონმდებლობით, მაგრამ ქართულ რეალობაში და საქართველოს მოსამართლის მიერ მიღებული განჩინებისთვის საკმარისი არ არის".
ექსპერტ გია ხუხაშვილის თქმით, დავით დვალის ტელევიზიაში დაბრუნება სამართლიანობის აღდგენაა.
გია ხუხაშვილი:
"დღევანდელ ვითარებასთან დაკავშირებით წინააღმდეგობრივი განცდა მაქვს. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ დათო დვალის დაბრუნებას ტელევიზიაში ყოველთვის მივესალმებოდი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ისტორიას საკმაოდ კარგად იცნობს, მაგრამ ამ ფორმით მის დაბრუნებაზე გარკვეული სიმძიმის გრძნობა მაქვს. ყოველთვის ვამბობდი, რომ დავით დვალის ტელევიზიაში დაბრუნება იქნებოდა სამართლიანობის აღდგენა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ქონება წაართვეს, არამედ იმიტომაც, რომ ვიცი მისი პრინციპების შესახებ, რომ ის ნამდვლად არ მოექცევა პოლიტიკური გავლენის ქვეშ.
მაგრამ თვითონ ფორმა, რა ფორმითაც ეს ხდება, ჩემთვის ცოტა არ იყოს მიუღებელია და მიმაჩნია, რომ დათოსთვისაც და ჯარჯისთვისაც ეს ყველაფერი მძიმეა და მათ მდგომარეობაშიც შევდივარ. დამერწმუნეთ, რომ მათთვის ეს ყველაფერი, რაც დღეს ხდება, ადვილი გადასაწყვეტი არ არის, თუმცა ეს მაინც მათი გადაწყვეტილებაა.
რაც შეეხება ჟურნალისტებს, ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ რა პოზიცია ექნებათ ჟურნელისტების კორპუსს და როგორ მოიქცევიან ისინი. ნიკა გვარამიაზე ან ვინმე სხვაზე უკვე ნაკლები რამაა დამოკიდებული, ახლა თვითონ ჟურნალისტებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება - იღებენ ამ ცვლილებებს თუ, ფაქტობრივად ,ტელევიზია შეაჩერებს მაუწყებლობას".
მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა